მაკო გნოლიძე „ქართველებო, გზა დამილოცეთ!“

თოჯინების თვითნასწავლი ოსტატი პირველ გამოფენას დედის ხსოვნას მიუძღვნის.

უკვე 4 წელია, 45 წლის მაკო გნოლიძე თოჯინების ოსტატია. ინტერნეტში უკრაინელი მეთოჯინის ნამუშევრები შემთხვევით ნახა, თვითონაც თოჯინების დამზადება გადაწყვიტა და ამოცანას მართლაც მშვენივრად გაართვა თავი.

 

ამბობენ, რომ თოჯინა ყოველთვის გამოხატავს ავტორის განწყობას, ემოციას, სწორედ ამიტომაა, რომ მაკოს თოჯინები მუდამ იღიმიან და ყველა მათგანს კეთილი სახე აქვს.

ხელოვანისთვის განსაკუთრებულად საყვარელი მაინც პირველი ნამუშევარია, რომელმაც ავტორს დიდი ემოცია მოუტანა. მისი ნამუშევრების პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან, მათი ემოციების მიხედვით კი ადვილად გამოსაცნობია, გამოვიდა თუ არა თოჯინა.

ბავშვობიდან ხატვას, ძერწვასა და ქარგვას მიჩვეული ოსტატი თოჯინებს საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა სიამოვნების მისანიჭებლად ქმნის. უახლოეს მომავალში მაკო გნოლიძე თოჯინებთან ერთად პრაღაში გაემგზავრება, სადაც თოჯინების საერთაშორისო გამოფენა იმართება და სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო მეთოჯინეები მოიყრიან თავს.

 

_ მაკო, საკმაოდ რთულია გყავდეს ოჯახი, შვილები, თან საყვარელ საქმესაც აკეთებდე. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ გგონია, მაქსიმალისტი ხარ?

_ ეს ფარდობითი ცნებაა. ყველაფერში მაქსიმალისტობა, ალბათ, არ გამომივა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, სრულყოფილებამდე მივიყვანო ის, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ სულსა და გულს ვდებ ამ ყველაფერში. უგულოდ გაკეთებული საქმე არ მიყვარს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ჩემი ყოველი დილა შვილებზე ზრუნვით თენდება. ერათადერთი, რაც ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მათი ჯანმრთელობა. არაფერს ახალს არ ვამბობ, ეს ყველა დედისთვის ასეა. მერეა ოჯახის საქმე, თოჯინები და სხვა დანარჩენი. ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ ბავშვები უზრუნველები და ბედნიერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. როცა თოჯინებს ვქმნი, სულ იმას ვფიქრობ, რომ ადამიანებს მათი ნახვით სიამოვნება მივანიჭო. თუკი თოჯინა თუნდაც ერთ ადამიანში დადებით ემოციას გამოიწვევს, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა და ბედნიერებაა. დამიჯერეთ, ხალხის გაცისკროვნებული თვალები თოჯინის ავტორისთვის უმაღლესი ჯილდოს ტოლფასია.

_ თუ გყავს ისეთი გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ და მისი თოჯინაც შეგიქმნია?

_ ჩემი საყვარელი წიგნის გმირია პეპი. ბავშვობიდან მიყვარს და თოჯინაც კი გავაკეთე მისი. მგონი, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მე წარმომედგინა: ცელქი, მხიარული, დამოუკიდებელი და, ამავე დროს, ძალიან მოსიყვარულე, სევდიანიც.

საკუთარ თავს სწორედ მას ვამსგავსებ, ძალიან ცელქი ვიყავი ბავშვობიდან. ახლაც მეცინება, ისეთ რამეს ჩავდიოდი. სულ ვამბობ, კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილები სიცელქით მე არ მგვანან.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?

_ ასეთი ყოველთვის ჩემი ლამაზი და ჭკვიანი დედა იყო. ასე იქნება სულ. გარეგნობით და ხასიათითაც მას მამსგავსებენ. თუკი რამე ვიცი დღეს, თუკი რამე მეხერხება და რამეს წარმოვადგენ, დედის დამსახურებაა. ის დღეს ჩემ გვერდით აღარაა. უზომოდ მენატრება, თუმცა დღესაც ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით ყოფნას…

როდესაც ჩემი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას გავაკეთებ, მას აუცილებლად დედას მივუძღვნი.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემი საქმიანობა დღეს ჩემთვის ყველაფერია. ვისურვებდი, რომ ხელოვნების ამ დარგის, მეთოჯინეობის პოპულარიზაცია მაღალ დონეზე იყოს. მიხარია, რომ ნელ-ნელა მეთოჯინეთა რიგებში ახალ-ახალი სახეები ჩნდება. მიხარია, რომ ბევრს სურს ეზიაროს ამ ჯადოსნურ სამყაროს. მიხარია იმ ადამიანების დანახვა, ვინც ხელოვნებას პატივს სცემს და თოჯინები უყვარს.

პარალელურად ბავშვებს თოჯინების დამზადებას ვასწავლი და ჩემს ცოდნას ყოველთვის გადავცემ მოსწავლეებს, რომლებსაც არცთუ ისე ურიგო თოჯინები გამოსდით. ზოგი დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას და  სამომავლოდ მინდა, ერთობლივი გამოფენა მოვაწყო სახელწოდებით „მაკო და მეგობრები“. ისინი ხომ უკვე ჩემი მეგობრები არიან…

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: „ადამიანი იბადება ორჯერ: პირველად, როცა იგი მოევლინება სამყაროს და მეორედ, როცა ის აღმოაჩენს, თუ რისთვის დაიბადა“. ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირში ვიპოვე. წინსვლისა და განვითარების სურვილი ძალიან დიდია. არასდროს უნდა იყო კმაყოფილი საკუთარი თავით. მეც ვსწავლობ, ახალ ტექნოლოგიებს ვეუფლები. ახლა ბატიკას ვსწავლობ და მინდა, რომ ჩემი თოჯინები ჩემივე მოხატული ტანსაცმლით შევმოსო. ვმუშაობ შარნირული თოჯინის ტექნიკის შესწავლაზე. მინდა, რომ შევქმნა თოჯინა მოძრავი სახსრებით.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ დღევანდელ ცხოვრებაში თუკი რამის შეცვლაა ჩემზე დამოკიდებული,  სურვილი მექნებოდა, რომ მეტი დრო ეთმობოდეს კულტურასა და ხელოვნებას; მეტი ყურადღება ეთმობოდეს სპორტს, განათლებას. მინდა, რომ მომავალი თაობა არ კარგავდეს დროს კომპიუტერთან ჯდომაში და მაქსიმალურად იყოს ყველა ბავშვი და მოზარდი დაკავებული სპორტით, ხელოვნებით, განათლების მიღებით. ამას არც თუ ისე მცირე თანხები სჭირდება. გამიხარდება, თუკი ცოტა მაინც გაუმჯობესდება ხალხის მატერიალური მდგომარეობა.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ საქართველოში დღეს, მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს შანსი იმისა, რომ წარმატებული იყოს. მიხარია, როცა მესმის, რომ ვიღაცას ახალი გამოგონება აქვს ტექნიკაში, ვიღაცამ დიდი წარმატება მოიპოვა მეცნიერებაში. ქართველები ხომ ასე ცოტანი ვართ და უმეტესობა რაიმე კონკრეტული ნიჭითაა დაჯილდოებული. მივცეთ „ნიჭსა გზა ფართო“, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ვიამაყოთ ერთმანეთით!

_ რა გეგმები გაქვს?

_ უახლოეს მომავალში, კერძოდ, ნოემბრის ბოლოს, თოჯინებთან ერთად პრაღაში მივემგზავრები, სადაც თოჯინების საერთაშორისო გამოფენა იმართება. იქ წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მინდა, რომ ამ ათასობით მეთოჯინეთა შორის მეც ღირსეულად წარვდგე საქართველოს სახელით. შედეგებს აუცილებლად შეგატყობინებთ. ქართველებო, გზა დამილოცეთ!!!

ნინო ტაბაღუა