„ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნა: საქართველოს კონსტიტუცია არ ვარგა

კომბალი საქართველოში, უფრო და უფრო აქტუალური თემა გახდება

 

საოცნებო ტყუილი კვლავ მოკლეფეხება აღმოჩნდა. რა არ იღონა ხელისუფლებამ, რომ „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნა ოდნავ მაინც შერბილებული ყოფილიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჯანი ბუკიკიომ, როგორც იტყვიან, „ცელი გამოუსვა“ მეოცნებებს.

 

როგორც გვახსოვს, ორი კვირის წინანდელ პირველად დასკვნაში „ვენეციის კომისიამ“ საკუთარი უკმაყოფილება, კონსენსუსის არარსებობასთან დაკავშირებით მკაფიოდ დააფიქსირა, მაგრამ ამაზე შედარებით ცოტა ისაუბრა, ვიდრე მანამდელ დასკვნებში. „ქართულმა ოცნებამ“ კი, არიქა, გვეშველა, „ვენეციის კომისია“ ისეთი ძალით აღარ გვირახუნებს თავშიო და გადაწყვიტეს, კრიტიკული დასკვნა სათავისოდ მოთარგმნონ და საზოგადოებას უთხრან, რომ ვენეციამ პოზიტიური შეფასება მისცა მათ ერთპარტიულ კონსტიტუციას. ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო არხები დღე და ღამე გაიძახოდენენ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარი კონსტიტუცია შევქმენით და „ვენეციის კომისიაც“ ტაშს გვიკრავსო. მართალია, ასეთი მამალი ტყუილის გაყიდვა მაშინაც კი ძალიან რთულია, როცა სამ „ნაციონალურ“ ტელევიზიას აკონტროლებ, მაგრამ ვიღაცას ხომ მაინც შეიყვანდნენ შეცდომაში. ასჯერ, რომ ტყუილს მოისმენ ადამიანი ტელევიზიით და მხოლოდ ერთხელ _ სიმართლეს, ძნელია, მტყუან-მართალში გარკვევა.

მაგრამ, როგორც ვნახეთ, საბოოლოო დასკვნაში „ვენეციის კომისიამ“ და მისმა პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ დიდი ცელი მოიმარჯვეს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას „ენის“ ქვეშ გამოუსვეს. არადა, სხვას ვერაფერს დაარქმევ ბუკიკიოს სიტყვებს: „ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის დიდი პრობლემა“. როგორც ეტყობა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დააჯერა „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტი, რომ სოცდეკები, „მწვანეები“ და კონსერვატორები, ფურცლის გარდა, კიდევ არსებობენ სადმე, რეალური პარტიები არიან და ხელისუფლებას მათთან ერთად, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი აქვს.

მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ავტოკრატიისკენ დაიწყო სვლა, თან დიდი ნაბიჯებით. ეს ასევე ნიშნავს, რომ „ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არის სრულიად მარტო. მას არ ჰყავს არც ერთი პარტნიორი პოლიტიკურ სპექტრში, მას არ ჰყავს არც ერთი პარტნიორი არასამთავრობო სექტორში. ან თუ ჰყავს თავისივე შექმნილი რამდენიმე ენ-ჯე-ო, ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს გამოვიდეს და თქვას, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსტიტუცია კარგია და დემოკრატიულიაო. ყველას თვითლუსტრაციის ეშინია და ამიტომაც „ოცნება“ იმ ორგანიზაციებმაც კი მიატოვეს, რომელთა შექმნაში ხელისუფლებამ ფული დახარჯა.

თუ რატომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, „ვენეციის კომისიამ“ ესეც შესანიშნავად იცის და ეს მიზეზიც მისთვის ყოვლად მიუღებელია. საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. „ვენეციის კომისია“ პრინციპულად ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით, ანუ 2020 წელს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა შექმნილიყო. ბუკიკიო იმაზეც მიუთითებს, რომ „ვენეციის კომისია“ ძალიან კმაყოფილი იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დოკუმენტი მიიღო. როგორც კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს იყო ყველაზე დიდი პოზიტივი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაბამისად, ეს პოზიტიური მოლოდინი ყველაზე დიდ იმედგაცრუებაში გადაიზარდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უცებ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება 2024 წლამდე გადაწყვიტა. სისტემის საკითხთან დაკავშირებით თავის უკმაყოფილებას ჯანი ბუკიკიო ყველა დასკვნასა და განცხადებაში აფიქსირებდა.

გამონაკლისი არ აღმოჩნდა საბოლოო დასკვნაც, სადაც იგი კვლავ წერს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ეს ორი თემა, კონსენსუსი და საარჩევნო სისტემა, იყო და ბოლომდე დარჩა „ვენეციის კომისიის“ მთავარ რეკომენდაციებად. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, კოსტიტუციაში ბევრი კარგი რამ ჩავწერეო, ეს კონსტიტუცია, სანამ არ შეიცვლება, დარჩება ერთპარტიულ დოკუმენტად, რომელსაც ევროსაბჭომ და „ვენეციის კომისიამ“ უარყოფითი შეფასება მისცა.

ვენეციის დასკვნები დასრულდა. ქართულ პოლიტიკაშიც მისით მანიპულირება შემცირდება, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ „ვენეციის კომისიის“ ეს უარყოფითი შეფასებები არაერთხელ გაიმეორონ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოსა და ყველა იმ საერთაშორისო სტრუქტურაში, სადაც საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხს გამადიდებელი შუშით ზომავენ.

ძალიან საეჭვოა, რომ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ორი კვირის წინ თბილისში ყოფნისას ღიად ლობირებდნენ საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას, ხელისუფლების ასეთი ერთპარტიული გადაწყვეტილებების შემდეგ, უკვე ევროპარლამენტში უარყოფითი შეფასებები არ გააკეთონ საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. მარჩიელობა რთულია, მაგრამ „ქართული ოცნება“ სერიოზული საერთაშორისო დელეგიტიმაციის საფრთხის წინაშე რომ დგას, ფაქტია.

ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ვეტომდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და იქნებ, მოახერხოთ და რამე უშველოთ საქმეს, რომელიც არაფერს კარგს არ მოგიტანთო. არადა, პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით ვითარების გამოსწორება მართლაც შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში უეცრად სახელმწიფოებრივი აზროვნება გაიღვიძებს და პოლიტიკური ნება გაჩნდება საიდანღაც.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უნდა მიმართოს, სადაც კანონმდებლებს უნდა შესთავაზოს საკონსტიტუციო ცვლილებების განსხვავებული ხედვები. სწორედ ეს მოტივირებული შენიშვნები შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადარჩენის შანსი. როგორც ცნობილია, პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ითხოვს ოპოზიციაც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ხელისუფლებაც. ოპოზიცია ვეტოს იმისთვის ითხოვს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ეწეროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ხოლო ხელისუფლება ვეტოს იმის გამო ითხოვს, რომ მარგველაშვილმა პარლამენტში შეიტანოს ხელისუფლებისთვის სასურველი ორი ინიციატივა, ბლოკების ერთჯერადად დატოვება 2020-ში და ბონუსების გაუქმება 2024-ში. ხელისუფლების ეს დღევანდელი ინიციატივა დიდი ხანია, ოპოზიციის კატეგორიულ მოთხოვნას წარმოადგენს, მაგრამ ხელისუფლება მასზე მხოლოდ კონსტიტუციის სამჯერ კენჭისყრის შემდეგ დათანხმდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ „ვენეციის კომისიის“ წინაშე წაიკეკლუცოს, როგორც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულმა მთავრობამ. თუმცა ყველამ და, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, „ვენეციის კომისიამ“ შესანიშნავად იცის, რომ მთავარი ცვლილება პროპორციულზე გადასვლაა და მხოლოდ ამის შემდეგ ბლოკები, ბონუსები და ა. შ.

მოკლედ, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტი ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს და მაღალი ალბათობით, შემდეგი შინაარსის მოტივირებული შენიშვნებით მიმართავს პარლამენტს.

  1. პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან (ოპოზიციის მოთხოვნა);
  2. ბონუსების გაუქმება 2024 წლიდან (ხელისუფლების მოთხოვნა);
  3. ბლოკების შენარჩუნება 2020 წელს (ხელისუფლების მოთხოვნა);
  4. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, მხოლოდ ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის შემდეგ (ოპოზიციის მოთხოვნა).

 

როგორც ხედავთ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესები 50/50-ზეა გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რომ იდეალური კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი. ამაზე ობიექტურად შეჯერებული ყველას ინტერესი ძნელი მოსაფიქრებელია. მიუხედავად ამისა, ყველა დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს და პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო უმრავლესობით დაძლევს. _ რატომ?.. იმიტომ, რომ ამ ოთხ ინიციატივას შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან წერია. ეს კი ხელისუფლებისთვის ხელისუფლებასთან დამშვიდობების ტოლფასია. ბოლოს და ბოლოს, ამისთვის ითმინა „ოცნებამ“ „ვენეციის კომისიისგან“ ალიყურები, რომ ფინიშთან მისულმა დათმოს მაჟორიტარული სისტემა? ბუნებრივია, რომ არა. ხელისუფლება იმასაც ვერ გააკეთებს, რომ ეს ოთხი ინიციატივა დაშალოს და თავისთვის სასურველ ორს დაუჭიროს მხარი და ოპოზიციის ორ ინიციატივას _ არა.

ოთხივე საკითხი ერთიან პაკეტშია გაერთიანებული და საპარლამენტო უმრავლესობა ან ოთხივეს დაუჭერს მხარს, ან ოთხივეს ჩააგდებს, რაც მოხდება კიდეც, სავარაუდოდ. შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ხელისუფლება თავისსავე ინიციატივებს არ დაუჭერს მხარს, რითაც კიდევ ერთხელ დაანახებს მთელ მსოფლიოს თავის არაადეკვატურობას და არათანმიმდევრულობას.

 

ვეტოს დაძლევით საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება. ხელისუფლება უახლოეს დღეებში მოახდენს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას. ეს ის ორი საკითხი იქნება, რომელსაც ვეტოს დაძლევის დროს ჩააგდებენ. ანუ ბლოკების შენარჩუნება 2020-ში ერთჯერადად და ბონუსების გაუქმება 2024-დან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თემები ოპოზიციის მთხოვნა იყო და რჩება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად.

ბლოკების თემა ხელისუფლებამ საერთოდ ჰაერიდან მოიტანა. ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, გართმევთ ბლოკების შექმნის უფლებასო. შეგახსენებთ, ეს განცხადება იმ პარტიის ლიდერმა გააკეთა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. გასაგებია, რომ „ოცნებას“ დღეს ყველაზე მეტად ახალი ოპოზიციური ბლოკის შექმნის ეშინია, რომელიც მას დაამარცხებს და გამოსავლად საერთოდ ბლოკების აკრძალვა გადაწყვიტეს. ეს ქმედება იმას ჰგავს, ყაჩაღმა რამე ნივთი რომ წაგართვათ და მერე გითხრათ, დაგიბრუნებთ, ოღონდ მაგისთვის მადლობა მითხარი და ყველას უთხარი, რა კარგი ვარ, წართმეული რომ დაგიბრუნეო.

ბონუსების გაუქმებასაც, ანუ გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილებას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ოპოზიცია ითხოვდა. ხელისუფლებამ ყველა გადაუნაწილებელი მანდატის მითვისება რომ მოინდომა, მაგიტომ განუცხადა მთელმა ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი. ახლა კი „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თავად გამოვიდეს ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და თვითონ ითხოვს ბონუსების გაუქმებას. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ ბონუსების გაუქმებას ითხოვს 2024 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც „ოცნების“ გეგმით ძალაში შევა პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ასე რომ, ყველა კარგად ხედავთ და ხვდებით, რომ ეს ორი ინიციატივა ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის ინიციატივებია. უბრალოდ, ხელისუფლება მათი მითვისებით ცდილობს, როგორმე მათ მიერ დამახინჯებული ქართული დემოკრატიის სახის ოდნავ მაინც გამოსწორებას, მაგრამ უშედეგოდ.

ასეთი წარუმატებელი და ძალადობრივი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მხოლოდ „ვენეციის კომისიისა“ და ევროპარლამენტის უკმაყოფილებით არ შემოიფარგლება. უსამართლობა ყოველთვის იყო ქართველი ერის გაბრაზების მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ უკიდურესი ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული და კიდევ უამრავი სახის გაჭირვება გამოიარა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ათეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში იმის გამო გამოვიდეს, რომ მატერიალურად უჭირს, ან საცხოვრებელი პირობებითაა უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის გაუარესება და უკან-უკან სვლა ერთმნიშვნელოვნად ყველას უკმაყოფილებას იწვევს, ათიდან ცხრა ღიად აფიქსირებს თავის გაბრაზებას, მაგრამ ქუჩაში გამოსასვლელად ქართველ ერს უსამართლობასთან ბრძოლის იდეა სჭირდება. და ეს უსამართლობა „ოცნებისეულ“ კონსტიტუციაში ნათლად ჩანს. ხელისუფლებამ მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, მთლიანად თავის თავზე მოირგო საარჩევნო სისტემა. დაიტოვა თავისთვის გარანტირებული 73 მაჟორიტარული მანდატი და როგორი დაბალი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის მხრიდან, მაჟორიტარების მეშვეობით, ყოველთვის შეინარჩუნებს უმრავლესობას. ანუ ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი არჩევნებით საქართველოში ხელისუფლება აღარ შეიცვლება. როგორაც არ უნდა უნდოდეს ამომრჩეველს ხელისუფლების განახლება, არჩევნების გზით ეს ვეღარ მოხდება. ეს კი ერთმნიშვნელოვნად უსამართლობაა. როცა ყველა კარგად გაიაზრებს ამ უსამართლობას, ყველა ძალიან იოლად მიხვდება, რომ ქვეყნის გადასარჩენად საჭიროა ხელში კომბლის აღება და ხელისუფლების „ტრადიციული“ მეთოდით გაშვება პოლიტიკურ სანაგვეზე.

ამ კონსტიტუციით „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად გაამწვავა და ქვეყანა იმ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც მშვიდობიანი გამოსავალი აღარ დატოვა. სხვათა შორის, ყველა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში ხელისუფლების არასწორი ქმედებების შედეგად შეიქმნა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, ყველა ხელისუფლება თავისი წინამორბედის შეცდომებს რომ იმეორებს, ზუსტად იგივე ნაღმებს რომ ადგამს ფეხს და ანალოგიურ დასასრულს რომ უმზადებს საკუთარ თავს.

ოპოზიცია დიდი ხანია იმუქრება, რომ საქართველოში პოლიტიკური         პროცესების რევოლუციური გზით განვითარება გარდაუვალია. და რომ ეს ძალიან მალე მოხდება, ხოლო მოვლენების ასეთ ესკალაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება იქნება, რადგან ძალადობრივ პოლიტიკას მხოლოდ ხელისუფლება ატარებს ქვეყანაში. მაგრამ ერთია მუქარა და მეორეა ამ მუქარის რეალიზება. ოპოზიციამ ერთხელ უკვე გაუშვა ხელიდან პოლიტიკური პროცესების კონტროლის შესაძლებლობა.

ყველას ერთად რომ მოეხერხებინა და ადგილობრივ არჩევნებში საერთო მერობის კანდიდატებზე შეჯერებულიყო, 21 ოქტომბერს, პრაქტიკულად, არჩევნების მეორე ტური გაიმართებოდა. ყველას გვახსოვს, რომ ბოლო ორ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ ვერც 2014 წლის ადგილობრივ და ვერც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ 50%-საც ვერ მიაღწია. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. წინა ადგილობრივ არჩევნებზე „ოცნებამ“ 44%, ხოლო ოპოზიციამ ერთად 56% მიიღო. საპარლამენტოზე კი ხელისუფლებამ 48% მიიღო, ოპოზიციამ ერთად კი _ 52%.

ორ არჩევნებზე ზედიზედ ოპოზიციის უპირატესობა ნათელია. გაერთიანების შემთხვევაში ხელისუფლება არჩევნებს გარდაუვლად წააგებს. ეს ესმის მთელ ოპოზიციასაც, მაგრამ ბევრი ამ ოპოზიციიდან, როგორც ჩანს, სულაც არაა ოპოზიცია. ზოგიერთი იმისთვის იბრძვის, რომ ოპოზიციაში პირველი იყოს; ზოგი იმისთვის იბრძვის, რომ ოპოზიციაში პირველი რომ უნდა იყოს, იმას აჯობოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ მთავარი ოპოზიცია თვითონაა; ზოგი იბრძვის იმისთვის, რომ ოპოზიციონერის იმიჯი შეინარჩუნოს, მაგრამ ყველა საკვანძო მომენტში ხელისუფლების ინტერესები გაატაროს და ოპოზიციური ერთობა ჩანასახშივე დაანგრიოს. ამას გარდა, ზოგი იბრძვის ეროვნული და კონსერვატიული ღირებულებებისთვის, ზოგიც კიდევ ლიბერალური ფასეულობებისთვის. ზოგს საერთოდ თავგზა აებნა და თვითმმართველობის არჩევნების წინ ბრძოლა საპატრიარქოს გამოუცხადა. მოკლედ, ოპოზიციაშიც ტრადიციული აჯაფსანდალია.

საბოლოო ჯამში, სწორედ ეს აჯაფსანდალია იმის მიზეზი, რატომაცაა დავით ნარმანია დღეს თბილისის მერი. ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გარშემო კონსოლიდაციას ვერ ახერხებს, ამით სარგებლობს და ამის იმედადაა „ქართული ოცნება“, რომელიც თავის ელექტორალურ კრიზისს თუ ვერ ხედავს, არჩევნების შედეგებით მაინც ხომ გრძნობს. საბოლოო ჯამში, სწორედ ოპოზიციური შეუთანხმებლობა გაიყვანს თბილისის მერად კახი კალაძესაც.

თუმცა კალაძეს კიდევ სხვა რესურსებიც აქვს. პირველი ესაა დიდძალი ფული არა მარტო თავისი, უპირველეს ყოვლისა, პარტიის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „კეთილი“ ბიზნესმენებისგან შემოწირული ფული. აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 8 მილიონ 600 ათასი ლარის შემოწირულობა (როგორ უცნაურად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობებს, ხელისუფლებაში რომ იყვნენ). ესაა მთელი შემოწირულობების 92%. შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“ _ პარტია, რომელთან დაკავშირებითაც ყოველდღე ახალ-ახალი ხმები ვრცელდება, „ოცნების“ სატელიტობასთან მიმართებით. ბოკერია და უგულავა ქართულ ბიზნესს 623 ათასი ლარით ყვარებია. ეს მთელი დაფინანსების 7.5%-ია და მხოლოდ 1.5% მოდის ყველა დანარჩენზე.

დაამატეთ ყოველივე ამას ხელისუფლებაზე მომუშავე „პირველი არხი“, „იმედი“ და „მაესტრო“, ასევე არ დაგავიწყდეთ არჩევნების წინ გათიშული „მე-2 არხი“ და ნახავთ, რომ კომბალი საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა გახდება.

მანამდე კი მაინც დაველოდოთ პრეზიდენტის ვეტოს და იმას, თუ როგორ ჩააგდებს ხელისუფლება თავისსავე ინიციატივებს.

დემნა ვეშაპიძე