ხატია ლაშქარაშვილი: „საბავშვო ბაღები საარჩევნო შტაბებად და კანტორებად გადაიქცა!“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლამდელი _ ჩვენი მომავალი“ დედაქალაქის საბავშვო ბაღებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ორგანიზაციის მესვეურები აცხადებენ, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უქონლობა, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და არაპროფესიონალი კადრის პოლიტიკური ნიშნით დასაქმება, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სტრუქტურა საერთოდ დაინგრეს.

 

საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „სკოლამდელი _ ჩვენი მომავლის“ დამფუძნებელი _ ხატია ლაშქარაშვილი:

 

_ ძალიან სავალალო მდგომარეობაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბავშვების რაოდენობა გადაჭარბებულია, კანონი არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს _ ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგია, იმასაც არ იცავს საბავშვო ბაგა-ბაღი და ამის ხელშემწყობი თვითონ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავაა. სკოლამდელი ბავშვების შესახებ კანონი კი დაამტკიცეს, მაგრამ იქ მითითებულია, რომ ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლიდან, რომ ბაგაში ჯგუფში იყოს 25 ბავშვი და ბაღში _ 35. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დირექტორთან შეუთანხმებლად არეგისტრირებს საბავშვო ბაღებში ბავშვებს, ადგილზე მისულ დირექტორებს ამ წელს თითქმის 3-ჯერ მეტი რაოდენობის ბავშვი დახვდათ, არადა, საბავშვო ბაგა-ბაღები ყველა აშენებულია სტანდარტულად ბავშვების გარკვეულ რაოდენობაზე. მეტი ბავშვების ყოფნა შენობის ამორტიზაციას იწვევს, ერთხელაც იქნება, ზოგიერთი სინკარებით აშენებული ძველი ბაღი ამხელა დაწოლას ვერ გაუძლებს და სავალალო შედეგს მივიღებთ. ახლა თორდინავამ იმიტომ მიიღო ბაღში ამდენი ბავშვი, რომ არ უნდა, საარჩევნოდ ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. ვინც კი ბაღს მიაკითხა, ყველა დაარეგისტრირეს იმის იმედით, რომ ზოგი ბავშვი ბაღს ვერ ეჩვევა. თუმცა ბავშვის შეგუებას, საშუალოდ, ერთი თვე მაინც სჭირდება.

_ ამბობთ, რომ ბაღები ქაოსურად იმართება?

_ არსებობს ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგია, რომელიც გამოცემულია 2011 წელს, მაგრამ არ უნდათ, რადგან წინა ხელისუფლების დროს არის გამოცემული. 2007 წელს, კონკურსი რომ ჩატარდა და ბაღებში მივედით, საერთოდ არაფერი არსებობდა, ჩამონგრეული იყო ყველაფერი, კარები არ იხსნებოდა. რომ ამბობენ ხოლმე, ბაღები გაიყიდაო, ვინ მოითბო ხელი ამ გაყიდვით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბაღები ცარიელი იყო, არ იყო ინფრასტრუქტურა, კვება, გათბობა, არაფერი არ იყო და აქედან გამომდინარე, ბავშვებიც არ დადიოდნენ ბაღში. სადაც მე ვმუშაობდი, ის ბაღი 12-ჯგუფიანი გახლდათ და 8 ჯგუფი მუშაობდა. მერე ნელ-ნელა შეიქმნა ინფრასტრუქტურა, კვება მოწესრიგდა, სააღმზრდელო პროგრამა შეიქმნა, რასაც ახლა სწავლობენ ბაღში, იმ დირექტორების გაკეთებულია, რომელიც თორდინავამ მოხსნა. არც სტრატეგია არსებობდა, რაიმე მარეგულირებელი წესი და მერე შეიქმნა, იქ თანამშრომლების უფლება-მოვალეობებიც არის გაწერილი, აბსოლუტურად ყველაფერი, როგორი გარემო უნდა იყოს, უსაფრთხოება, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, სწორედ ამის მიხედვით იყო, რომ ბავშვს 1200 კალორია უნდა მიეღო დღეში. იმავე სტრატეგიაში წერია, რომ ბაგაში უნდა იყოს 25 ბავშვი და ბაღში უნდა იყოს 35. რადგან კანონი არ არის მიღებული, ეს მაინც დაიცავი! არსებობს ნორმა, რომ ერთ ბავშვზე უნდა იყოს გათვალისწინებული 1,5 კვ.მ. ფართი, 3 კვ.მ. კიდევ ეზოს ფართი. დღეს არაფერი არ არის განსაზღვრული და ამიტომ ვამბობ, რომ სანამ კანონი ამოქმედდება, სტრატეგიით მაინც იმოქმედონ. ეს სისტემა თავის ნებაზეა მიშვებული და სანამ თორდინავა ბაღის დირექტორების წმენდას დაიწყებდა და მასობრივად მოხსნიდა 50-მდე ბაღში დირექტორებს, მაშინ ჩვენ შესამოწმებლად მონიტორინგზე კვირაში ორჯერ დადიოდა საკრებულოს რევიზია, მერიის აუდიტის სამსახური. არც ერთი შემმოწმებელი ორგანო არ გაჩერებულა, იმდენი ხანი გვამოწმებდნენ, ახლა საერთოდ არ მიდის მონიტორინგის სამსახური, ბევრი ბაღის თანამშრომლისგან ვიცი. 40-მდე გაგვაზრდევინეს ბავშვთა რაოდენობა და თითო ჯგუფში რომ 5-5 ბავშვს დაამატებ, უკვე სამზარეულოში გაკლდება ადამიანი, რომ დროზე მოესწროს ყველაფერი. როდესაც პრაქტიკოსი დირექტორები ვეხვეწებოდით, წამობრძანდით ადგილზე და ნახეთო, არაფრით არ მოვიდა არავინ. მუშაობის პროცესში არავინ არის ჩართული, თვითონ სააგენტოშიც იმდენად არაპროფესიონალები არიან, რომ თან დაინიშნენ და თან საქმეს სწავლობდნენ, ამ თანდათანობაში ბევრი რამე გაუფუჭდათ თვალსა და ხელს შუა.

_ ახალი ბაღებიც ხომ შენდება, იქ როგორი მდგომარეობაა?

_ რაც შეეხება ახალ აშენებულ ბაღებს, საერთოდ არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული. ტენდერებში გამარჯვებული კომპანია რესტორანში ეპატიჟებოდა ნარმანიასა და თორდინავას. სავარაუდოდ, იქ ინაწილებდნენ მშენებლობიდან მორჩენილ თანხებს. ამიტომაცაა, რომ ახალაშენებულ ბაღებს გისოსები არ აქვს და ბავშვებიც ადვილად ვარდებიან მეორე სართულიდან. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შენობის უსაფრთხოებასთან ერთად დაცული არ არის კადრების უსაფრთხოებაც. ყველა _ დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული დარაჯამდე, „ოცნების“ აქტივისტი ინიშნება, არავინ ითვალისწინებს განათლებას, გამოცდილებასა და კვალიფიკაციას. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება რომ შემოდის, კანონი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ევაკუაციის დროს ფანჯრებზე არ უნდა იყოს გისოსები. სააგენტომ ეს სათავისოდ გამოიყენა და ახლად აშენებულ არც ერთ ბაღს არ გაუკეთა გისოსები. როგორც გავიგე, ახლა აკეთებენ, იმ შემთხვევის შემდეგ, რაც ბავშვი გადმოვარდა. არადა, ჩვენ რომ ბაღები ჩავიბარეთ კომუნისტების დროს, იმ ბაღებს გისოსები ჰქონდა, ძველ ბაღებს ზოგს შემორჩენილიც აქვს, თუნდაც გისოსები არ გააკეთო და ფანჯრების საკეტები გააკეთონ ისე, რომ მაღლიდან იხსნებოდეს, საკმარისია, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ჩვეულებრივი გამოსახსენელი ფანჯარა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ფიქსატორიანები. თუ რამე იაფიანია, ყველაფერს იმით აკეთებენ. ახლად აშენებული ბაღები ყველა ერთი დიდი სივრცით არის. ისეთი ხმაურია იმ დარბაზში, ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არავინ ფიქრობს. ეს დეტალები მიუთითებს, რომ არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული სააგენტო. სააგენტო რომ ჩამოყალიბდა, 15 კაცი მუშაობდა. ყველა რაიონს თავისი კოორდინატორი ჰყავდა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი იყო და ორი მოადგილე ჰყადა, ახლა 180 კაცამდე მუშაობს და რას აკეთებენ, რა განყოფილებებია, კაცმა არ იცის. იურიდიული და სამშენებლო განყოფილებები გააკეთეს, ამ სამშენებლო განყოფილებაში ერთი პროფესიონალი იყო და ისიც მოხსნა, დანარჩენი ისეთები დატოვა, რომლებმაც პრაქტიკა იქ გაიარეს და მშენებლობები იქ ისწავლეს. სწორედ ამან მოიტანა ის, რომ არ გაითვალისწინეს, ფანჯრების ისეთი სტრუქტურა ყოფილიყო, სადაც ბავშვს საფრთხე არ შეექმნებოდა.

_ ბავშვების კვება თუ არის მოწესრიგებული?

_ რაც შეეხება სააგენტოს მიერ ნაქებ კვებას, პრაქტიკულად, ბავშვი არასოდეს იღებს ბაღში 1580 კ/კალორიას და თანაც არავინ ამოწმებს იმ კომპანიას, შპს „ელფის“, რომელსაც დღეს კვების პროდუქტები შეაქვს ბაღებში _ რამდენად ვარგისიანია, არის თუ არა გენმოდიფიცირებული და ა. შ. სამწუხაროდ, კალორიას წევენ მაკარონისა და ვერმიშელის ხარჯზე. აუცილებელია შეამოწმონ კვებაში გაღებული თანხა რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება, და კიდევ _ სად მიდის „პამოი“? მაღალჩინოსნების ღორის ფერმებში ხომ არა?! განათლებით არც თორდინავაა სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი და არც მოადგილეები, დანარჩენი თანამშრომლები ვინც ჰყავთ, რაიონის კოორდინატორები, ისინიც ახლოს არ არიან სკოლამდელ აღზრდასთან. მთავარია, უმაღლესი განათლება ჰქონდეს, ინჟინერი იქნება თუ ქიმიკოსი, მნიშვნელობა არ აქვს. ამ სფეროში რაღაც ნამუშევარი ხომ უნდა ჰქონდეთ, ან რაღაც თემები დაეცვათ?! ერთადერთი, ნარმანიასა და თორდინავას ჰქონდათ ორგანიზაცია, რომელმაც ბაღებში კვლევა 2010 წელს ჩაატარა და მაშინ დადეს დასკვნა, რომ ბაღები იდეალურ მდგომარეობაში იყო. თორდინავა როგორც კი ხელმძღვანელად დაინიშნა, მერე მიწასთან გაასწორა, თითქოს აბსოლუტურად არაფერი ვარგოდა და ყველაფერი მან შექმნა. კვებაზე ვსაუბრობთ და თუნდაც კანონი ავიღოთ კვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბავშვმა დღის განმავლობაში 1580 კალორია უნდა მიიღოს. ის კანონი არსებობდა კომუნისტების დროს და შევარდნაძეს ჰქონდა ხელი მოწერილი, ახლა გადმოიღეს ეს კანონი და ღარიბაშვილს მოაწერინეს ხელი. ისიც კი არ არის შეცვლილი, რომ რძის ბოთლის ტარა უკან უნდა დააბრუნო. მსგავსი ტერმინოლოგიით არის ეს კანონი შექმნილი, თანამედროვეობას საერთოდ არ პასუხობს. ჯგუფში რომ 40-45 ბავშვია, იმას, სულ მცირე, 8 მაგიდა სჭირდება, რომ 5-5 ბავშვი დასვა. ბაგაში თავისი ხელით ბავშვები ვერ ჭამენ, ყველას სჭირდება მიხმარება, 2 მასწავლებელია, რომ ამბობენ, კვება გამოვასწორეთო, კვება კი არ გამოასწორეს, მგონი, საეროდ არ იღებენ ეს ბავშვები კვებას. მასწავლებელი ერთ მაგიდასთან სანამ აჭმევს და მეორე მაგიდასთან გადავა, მე-7 და მე-8 მაგიდაზე პატარები არიან და უკვე სძინავთ. ეს დაძინებული ბავშვები მიჰყავთ საძინებელში, სადაც 20 საწოლი დგას და 40 ბავშვს აწვენენ. აქ არც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმაა დაცული. ღმერთმა იცის, ხელებს აბანინებენ თუ არა, ასწრებენ თუ არა. საერთოდ, ამ სფეროში განუკითხაობაა. მშობელს უფლება არ აქვს, ნებისმიერ დროს შევიდეს და ნახოს, ოთახებში კამერები, უმრავლეს შემთხვევაში, არ არის, მხოლოდ დერეფნებშია დამონტაჟებული. რა თქმა უნდა, მშობელს ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის და მათ ყურამდე ამ ამბავს ვინ მიიტანს? საერთოდ არ ხდება ბაღში ასაკის შესაბამისი უნარების ჩამოყალიბება. ვითომ გამოსავალი რომ იპოვა სააგენტომ და ახლა ბავშვის გადმოვარდნის შემდეგ დაამატა კადრები ბაღებში, იმ ოთახებში ის ბავშვებიც ვერ ეტევიან და ახლა 5 დიდი ადამიანიც რომ დაუმატეს, გამოდის, რომ ჯგუფში 70 ადამიანია, სუნთქვა არ უნდათ?!

_ სააღმზრდელო მუშაობაშიც ყოფილა პრობლემები…

_ რა თქმა უნდა, ბაღებში ჩამოშლილია სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა. მთელი დღე პედაგოგი ბავშვების დამშვიდებას უნდება და რა დროს განათლდება?! სამწუხაროდ, ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების ადგილებიც თავიაანთი აქტივისტებისთვის გამოიყენეს და არც კი დაუხედიათ ხშირ შემთხვევაში მათი განათლებისთვის, ისე დანიშნეს ამ ადგილებზე. ერთ-ერთი ბაღის ლოგოპედი ამბობს: მე სპეციალობით ლოგოპედი არ ვარ, მაგრამ დედა და ბებია მყავდნენ ლოგოპედებიო. ამ დროს, ფსიქოლოგებითა და ლოგოპედებით თავს იწონებს თორდინავა, რომ გადაამზადა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყველა ბაღში დაუშვეს ფსიქოლოგი და ლოგოპედი, პედაგოგი. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის ფსიქოლოგია გამოყოფილი, რომელმაც მათი პრობლემები უნდა შეისწავლოს და ჯგუფში სასწავლო თუ სააღმზრდელო პროგრამაში ჩართულობა განახორციელოს. მაგალითად, 215-ე, მე-6, 83-ე ბაღები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საპილოტეები იყო და ამ ბაღებში გადამზადდა ყველა პედაგოგი. ამ ბავშვებისთვის იწერება სპეციალური სასწავლო გეგმა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს სკოლამდელ აღზრდაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ახლა მსგავსი არაფერი აქვთ, ტრენინგიც კი არ გაუვლიათ, ჯერ საქართველოში სკოლამდელი აღზრდის კადრები ჭირს. 4 წელიწადია, ილიას უნივერსიტეტმა ეს ფაკულტეტი გახსნა, ისიც მეორადი. ისედაც არ არსებობს სასწავლებელი, რომ ბაღის მასწავლებელი გამოვიდეს, მაგრამ პედაგოგები თვითონაც აღარ არიან დაინტერესებულები, რომ გადამზადება და სპეციალური კურსები გაიარონ, იმიტომ, რომ არავინ სთხოვს, რა უნდა გააკეთოს ბაღში და აკეთებს თუ არა ხარისხიანად თავის საქმეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხშირად, ასეთ ბავშვებს იგნორირებას უკეთებენ. ბევრი დირექტორია, რომელიც საერთოდ არ იღებს შშმ ბავშვს იმის გამო, რომ მიხედვა არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს, ევროპას გაუთანაბრდეს და პირობები შექმნას, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. მარტო პანდუსების გაკეთება ხომ არ არის მთავარი შშმ ადამიანებისთვის?! ასეთი ბავშვებისთვის სპეციალური ხელის დასაბანი და უნიტაზი უნდა იყოს, არც ერთ ბაღში მსგავსი არაფერი დგას. მხოლოდ ახლად აშენებულ ბაღებშია გათვალისწინებული. ამ დროს, სულ 160 ბაღია და აქედან 15-ია ახალი.

_ ახლა დიდი ამბავია ატეხილი, რომ ბაღის დირექტორებს საარჩევნო სიების შედგენას სთხოვენ, ამის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ ზემოდან რომ არ ყოფილიყო დავალება, საკუთარი სურვილით ამას არავინ გააკეთებდა! რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, წინა ხელისუფლების დროს ეს ნამდვილად არ ყოფილა, თუ ვინმესთან იყო ასეთი დავალება და თუ ვინმე ასრულებდა, ალბათ, იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი მენეჯმენტის იმედი, რაღაცები არ გამოსდიოდა და ამის ფონზე უნდოდა ადგილის შენარჩუნება, მაგრამ მასობრივად მსგავსი დავალება, რომ სიები შეედგინათ, ან არჩევნებზე ხალხი მიეყვანათ, არ ყოფილა. ის კი არა, თუნდაც სააგენტო რომ მოითხოვდა თანამშრომელთა პირადი ნომრების გადაცემას, ჩვენ მათგან წერილობით ვიღებდით უფლებას, რომ პირადი მონაცემები გადაგვეცა. ახლა საარჩევნო შტაბებად და კანტორებად გადააქციეს საბავშვო ბაღები. უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები ხმამაღლა ვერც ამბობენ, რომ დავალება აქვთ მიცემული, იმიტომ, რომ განთავისუფლების ეშინიათ. როდესაც თორდინავა მოვიდა და მსგავსი დავალებები მოგვცა, იმ დირექტორებმა, რომლებიც გაგვათავისუფლეს, ამის შესრულებაზე უარი განვაცხადეთ, პარტიულად აქტიურები არასოდეს ვყოფილვართ და საერთოდ არ გვინდოდა პოლიტიკაში ჩარევა. სულ ამისთვის ვიბრძოდით, რომ ბაღები არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული. ბოლოს გამოიკვეთა კიდეც, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავით განთავისუფლებულები. 40 ბაღი ცოტა არ არის, რომ არ დაგემორჩილება და საარჩევნოდ სიებს არ შეგიდგენს, თან თორდინავა ამაზე ღიად აცხადებს, ვინც არ დამემორჩილა: ხედავთ, სად არიან, ნახეთ, სასამართლოც არ ინიშებაო. წელიწადნახევარია გასული ამ ამბიდან და სასამართლოში ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. მოქმედი დირექტორები თორდინავაზე ამბობენ, თავს გვევლება, მაგრამ შეუძლია, უცებ რაღაცაზე მოგვიდოს შარი და იმ წუთას მოგვხსნისო. საბავშვო ბაღის თემა ისეთი ფაქიზია, რომ ყოველ წუთში შეგიძლია მიზეზი მოიდო და ამიტომ, ადვილად თამაშობენ ამ საკითხით. ძალიან ბევრი შანტაჟი და დაშინება აქვთ, საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ თვითონ ეს სტრუქტურა საერთოდ ინგრევა!

 

„ქრონიკა+“ კომენტარის მოპოვებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან ცდილობდა, თუმცა მათ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომრებს 2-37-82-43, 2-37-82-45 არავინ პასუხობს.

თამარ ბატიაშვილი