ეგვიპტეს რომ „ქოცი“ ფარაონები ჰყოლოდა, პირამიდები კი არა, ჩეჩმაც არ დარჩებოდა კაცობრიობას…

ადე, სერგო და უდეპეშე ამჯერად პუტინს, რომ თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ან ნუ შეწუხდები, ეგდე მშვიდად, ხელისუფლებაში ათასი შენნაირია და ეგ დეპეშა უკვე გაგზავნილიც ექნებათ.

 

კონსერვაოტორიის თავზე რუსეთის დროშა ააფრიალეს და ეს ფრიალი იმით ახსნეს, რომ საერთაშოირისო კონკურსი აქვთ და იქ რუსეთის წარმომადგენელიც მონაწილეობს. ვის დაკრულზეც თამაშობს კონსერვატორიის რექტორატი _ დღესავით ნათელია, დღესავით ნათელია ისიც, რომ ამქვეყნად საკუთარ როლს და დანიშნულებას მხოლოდ ამა თუ იმ ინსტრუმენტზე დაკვრაში ხედავენ და წარმოდგენა არ აქვთ ისეთ ცნებებზე, როგორიცაა სამშობლო, მისი ოკუპაცია, ოკუპანტი. თავის ვალდებულებად მხოლოდ ნოტების გარჩევას მიიჩნევენ და არა მტერ-მოყვრის გარჩევას. და ეს იმის პარალელურად, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კვლავ ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.

ცოტაც და მთელი საერთაშორისო საზოგადოება თავს „არამკითხე მოამბედ“ იგრძნობს, _ რუს ტურისტებს აქ ფეხქვეშ ეგებიან, ახლა კონკურსებშიც ეპატიჟებიან და დროშების აფრიალებით ელაქუცებიან _ აქ რუსეთის დროშა ამაყად ფრიალებს (ცხადია, ვიდრე მადლიანმა მარჯვენამ არ ჩამოაგდო), იქ, იმ გერგიევს ეპატიჟებიან, რომელიც კონცერტებს მართავდა ქართველების დამარცხების აღსანიშნავად, მანამდე პარიზში იღებდა ჰაეროვან კოცნებს ქართველისგან; იქ საზღვრებს წევენ და არავინ _ საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის გარდა, არ აპროტესტებს; „ადა და კამპანია“ „ტუფლებს“ ცვეთს მოსკოვში წამდაუწუმ სირბილით და გაუგონარ სისულელეს როშავს, _ ნატო, საქართველო, რუსეთის ფორმატის სახით და მერის არჩევნებშიც კი იმ მესიჯს აბრახუნებს, რაც თბილისის მერის გადასაწყვეტი არც ასეა, არც ისე _ ცხინვალისა და სოხუმის დაბრუნებას ვგულისხმობ.

რუსეთის დროშა კონსერვატორიის თავზე… ისმის კითხვა, _ გაბედავდა კონსერვატორიის რექტორი ან ვინმე ამას წინა ხელისუფლების დროს? პასუხი ერთია, _ გაბედავდა და მის კისერს თავზე ჩამომხობილი ვიოლინოც დაამშვენებდა. ახლა ბედავენ. რატომ? ამის პასუხიც ისევე ცალსახაა, როგორც წინა კითხვაზე.

რუსეთის დროშა კონსერვატორიის თავზე _ ეს ამ ხელისუფლების სახეა, ისევე ის, რაც ამ დღეებში მოხდა წალენჯიხაში _ „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატი, რომელიც ზედ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ იდგა, მოიპარეს! მოიპარეს, 2 ათასი ლარი წაიღეს და გატეხილი აპარატი იქვე, რამდენიმე მეტრში, სკვერში დააგდეს. დიახ, არაფერი ისე ნათლად არ აჩვენებს ამ ხელისუფლების სახეს, როგორც ოკუპანტის დროშა კონსერვატორიის თავზე და სკვერში მიგდებული გატეხილი „ფეიბოქსი“.

მაგრამ ვის სცალია ამ ყველაფერზე სანაღვლოდ, როდესაც ქალაქს დღესასწაული აქვს საზეიმო, ის დღესასწაული, რომელიც არანაირ სასწაულს რომ არ უკავშირდება და რომლის არსი ქალაქის მწვადის სუნით გაჟღენთვაა. კომუნისტები ნამდვილ დღესასწაულებს სპობდნენ და ახალ, თითლიბაზურ დღესასწაულებს იგონებდნენ, რომლის სათავესთან ხან კახპა როზა ლუქსემბურგი იდგა, ხანაც არც არავინ. დღეს საერთოდ გაუგებარია ამ დღესასწაულის არსიც და აღნიშვნის აუცილებლობაც. არაფერია ცუდი, რომ შემოდგომით, ერთ დათქმულ დღეს, ყველა რეგიონმა ნობათი ჩამოიტანოს თბილისში, მაგრამ ეს რა კავშირშია თბილისთან? უფრო სწორად, რატომაა თბილისობა? ან ეს „იარმურკა“ მთელ ქალაქში რომ არ იყოს განფენილი და ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი, არ შეიძლება, თუ თბილ წყლებში ჩახარშულ ხოხობს ეწყინება? ან ეს ყვავილების დღესასწაული რაღა „მკვდარზე ვენოკია“ ამ ოქტომბერში, როცა ლამის ყველა ყვავილი მიმჭკნარია ბუნებაში? ან თბილისთან რა არსობრივი კავშირი აქვს? ან ამ ყვავილებს, ან მთელი ქალაქის მაყლად ქცევას, ან ალაგ-ალაგ ცეკვა-თამაშ-სიმღერას, მწვადაობის „პატანცოვკა“ კუნტრუშს რომ უფრო ჰგავს? ან ტანგო როდის აქეთაა თბილისთან რამენაირად ასოცირებული? ან გოლფი? უკაცრავად, ვახტანგ გორგასალი ეცეკვა ხოხობს ტანგოს და მე გამომეპარა, თუ გოლფის თამაშია ამ ქალაქის ტრადიცია? ამ ქალაქის ტრადიციაა, თუ უკაცრავად და ბიძინას მოდის ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა-ჩა-წყობა, გოლფის სათამაშო სტადიონს რომ ჰპირდება ქალაქს? ან ბატუტი როდის აქეთაა ტფილისის სევდა და კაეშანი? ბატუტზე კუნტრუშით ამის წინა და ბიძინას შემდეგ პრემიერს ვიხსენებთ? ან უკაცრავად და პატარა პრინცი რა შუაშია, ან მისი მოგზაურობა, დიუმასავით მაგანაც იმოგზაურა აქ და მე გამომრჩა? ან როდის აქეთ გახდა პატარა უფლისწული პატარა პრინცი? უფლისწული გეგოიმებათ და პრინცი გეპეროებათ?

რატომ არ ჰყოფნის არც ერთ ხელისუფლებას სითამამე, რომ ეს ვითომ ტრადიციად შემოსაღებული ტაშ-მწვად-ფანდური მოსპოს?! თუ მაინცდამაინც უნდა, თბილისობა იყოს როგორც დედაქალაქის დღე, ნება იბოძოს, შამფურები განზე გაწიოს და თავად ჩაუყაროს თბილოსობის ახლებურად აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი. ამის სანაცვლოდ, ყველა, რატომღაც, მის „შერემონტებას“ ცდილობს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მკვდრისთვის გაკეთებული მაკიაჟი. ამ ყველაფრიდან ვინ ნახულობს ხეირს? ისინი, ვინც შეკვეთას იღებენ და სოლიდურ თანხებს ამ ტაშფანდურისთვის? ანუ რა გამოდის, _ ახალ წელთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ ხალტურით შემოსავლის მიღების შანსს. ცხადია, გამოჩნდება არაერთი, ვინც იტყვის, ხალხს უხარია და შენ ვინ გეკითხებაო? გიხაროდეთ რაც გინდათ, მაგრამ თქვენი ჯიბით გიხაროდეთ და ჩემი გადახდილი გადასახადებით სიხარულს მოეშვით. აგერ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მომავალი წლის ბიუჯეტში ისედაც მრავალმილიონიანი დაფინანსება კიდევ 5,6 მილიონი ლარით გაუზარდეს და ეს მაშინ, როცა თავდაცვის დაფინანსება 46 მილიონი ლარით მცირდება! თუ მტერი შემოგვესია, ია ანთაძე დაგვიცავს ხმლით და ფიალას ვასო დაეწაფება, მაღლაფერიძე, თუ როგორ იქნება ჩვენი საქმე?

არ შემიძლია, ამჯერადაც არ დავეთანხმო ქეთი დევდარიანს: „როცა შენ არ გადარდებს, რაში იხარაჯება გადასახადების გადამხდელთა (ანუ შენი) ფული და, ამავდროულად, გამუდმებით ზუიხარ იმ სერიალის დაუსრულებლობაზე, რომელშიც არც ფულს იხდი და არც დროს (თუ არ გინდა), ხარ ყეყეჩი. როგორც მეცნიერულ-ეკონომიკურ-ლოგიკურად, ისე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურად“.

რის გამო უზრდიან დაფინანსებას საზმაუს? კარგად მუშაობის გამო, თუ იმ რეიტინგის გამო, პლინტუს ქვემოთ რომაა? თუ ამ მილიონებით აპირებენ უსიცოცხლო საზმაუსთვის „გემოგლობინის“ აწევას? ისე უზრდიან დაფინანსებას, გეგონება, გადაღლისგან გარდაცვლილი მივა. სადო? იაპონურ საზმაუში კი არა, აქ, ჩვენს საზმაუში მუშაობდა და სწორედ აქ იმუშავა 159 საათი ზედმეტად. გეგონება, ეს ის არხი არაა, რომელმაც ელიავას ბაზრობის ხანძარი პირდაპირ ეთერში არც გააშუქა და მერე თავი უტიფრად იმართლა, _ კვირას ვისვენებთო. ახლა იმდენი დაუმატეს, შაბათსაც დაისვენებენ. კვირის დღეებში ხომ სულ ქოჩორზე ტრიალებენ…

დავუბრუნდეთ თბილისობის თემას. სწორედ ამ დღეებში ქადაგად დავარდნის მორიგი შემოტევა დაეწყო „ქართული ოცნების“ აღიარებულ ქურუმს _ გუგულა ძალოს (მაღრაძე), გამოვიდა და გვამცნო, _ სულ ტყუილად გახდა ვაშლების პროექტი ყბადაღებული თემა, ეს ნაბიჯი იმისკენაა გადადგმული, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი დამკვიდრდეს ჩვენს ახალგაზრდობაშიო. დღევანდელი თაობა, ჩემი შვილიშვილების ჩათვლით, საერთოდ არ ეკარება ხილ-ბოსტნეულს და „მაკდონალდსის“ მენიუზეა გადასულიო. სკოლის ბუფეტებშიც, ძირითადად, ლობიანი და ხაჭაპური იყიდება და ჰოდაო, ბავშვები ერთს რომ დაინახავენ, ვაშლს ჭამსო, მეორეც შეჭამსო.

თუ ეს ასეა, ძალო გუგულ, ეს ბავშვები რომ დაინახავენ, მთელი ქალაქი ანტისანიტარიულ პირობებში აშიშხინებულ მწვადებს ჭამს, რას შეჭამენ, მაინც ვაშლს? და კიდევ, ადრე იყო და გამოაცხადე, სალათის ფურცელი კონა ათი თეთრი ღირსო (მაშინ, როცა, მინიმუმ, ხუთმაგი ღირდა, თუ ათმაგი არა), ახლა კიდევ იმას ამტკიცებ, რომ მთელი ბავშვები „მაკდონალდსის“ მენიუზე სხედან. ეგ შენთვის და შენი შვილიშვილებისთვისაა ბიგმაკი, ჰამბურგერი, ჩიზბურგერი თუ მაკჩიქენი ყოველდღე ხელმისაწვდომი, თორემ, აბა, მოსახლეობის უმრავლესობას ჰკითხე, ეგ ფასები რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის და სულ რამდენჯერ ჰყავთ თავისი პატარა მანდ მიყვანილი?

ან ლობიანსა და ხაჭაპურს რას ერჩის ეს ჩვენი ქოც-ქურუმი? ხომ წარმოგიდგენიათ, ასე გადაბრუნებულად ხაჭაპურზე და ლობიანზე რომ რომელიმე „ნაცს“ ოდესმე სიტყვა დასცდენოდა, თმით ათრევდნენ ზუსტად ისე, როგორც ვარსქენმა შუშანიკი, ან დავარმა ნესტანი ათრია… ხომ გამოვარდებოდნენ და დასჭექდნენ, _ ქართველობას გვართმევენ, ხალხნოო, ხაჭაპურს გვართმევენ, ხალხნოო, ლობიანს ხელიდან გვაგდებინებენ, ხალხნოო!..

მაგრამ ახლა სხვა დროა, ლობიანის გულობიზა ვინ აწყენინებს მეცნიერული კომუნიზმისა და კომუნისტური მორალის ისეთ შესანიშნავ მკვლევარს, როგორც ჩვენი გუგულა ძალოა. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მაინტერესებს გუგულა ძალოს კომპეტენტური აზრი იმის შესახებ, თუ რატომ აღარ დებენ ქათმები კვერცხებს საქართველში? აგერ, საქსტატმა გვამცნო, რომ წელს, მეორე კვარტალში, საქართველოში ქათმებს, წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, 7 მილიონი კვერცხით ნაკლები დაუდევთ. რა ვქნა, მიშას ცალი ბარკალი აღარ ჰყოფნის და ახლა უკვე დაუდებელ კვერცხებს აცლის თირკმლებივით ქათმებს? თუ ბიძინაზე არიან ნაწყენები? აშკარად არც ერთია და არც _ მეორე, კომპეტენტური პასუხი გუგულა ძალოს ექნება! მე რომ გუგულა ძალოს გაქანება და დიაპაზონი ვიცი, იმასაც ვირტუოზულად „გააპრავებს“, საბავშვო ბაღის დირექტორები 100-200-კაციან სიებს რომ ადგენენ, ვინც ხმას მისცემს კალაძეს არჩევნებში. რაღა მონომახის ქუდი და რაღა ბაღის დირექტორის ქუდი, ესეც კარგი მძიმე ყოფილა, მოდი და შეაგროვე 200, გინდაც 100 კაცი, ვინც შენი ხათრის გამო კალაძეს ხმას მისცემს. ამის მერე ბავშვების გადმოვარდნა კი არა, რატომ ის არ გიკვირთ, თვითონ ბაღის დირექტორები რომ არ ცვივიან მწიფე ვაშლებივით. ვაშლების ხსენებაზე გამახსენდა, აგერ, ჯეჯელავამ გვამცნო, იმ სკოლებში, სადაც ვაშლები არ მიგვიტანია, თვითონ ბავშვებმა მიიტანეს და ჭამენო. ჯერ ცალი ვაშლით ბავშვის დანაყრებისა რა ვთქვი და ახლა კიდევ, ვაშლებიც ისევ ბავშვების მისატანი გახადეს. იმ სკოლებშიც კი, სადაც დააანონსეს, აგერ ირინა სარიშვილი წერდა: რა იყო, 51-ე სკოლისთვის არ გეყოთ ვაშლები? მოვიდა ბოვში მშიერიო.

ვაშლებიც ვერ „დაარიგენ“, ისიც ბავშვების მისატანი გახადეს და თან უხარიათ, ეტყობა, უნდათ, ის დაპირებული 40 ტუალეტიც ისევ ხალხმა ააშენოს. ეგვიპტეს რომ „ქოცი“ ფარაონები ჰყოლოდა, პირამიდები კი არა, ჩეჩმაც არ დარჩებოდა კაცობრიობას.

რეზო შატაკიშვილი