„ოცნების“ გამარჯვებაში მონაწილე ქართული ეკლესია და არქიმანდრიტის წყევლები

ყველამ იცის, რომ რელიგიურ გრძნობებზე თამაში ცეცხლთან თამაშია, მაგრამ არავინ ამბობს უარს ამ ცეცხლთან თამაშზე, ოღონდ კი გამარჯვების ცეცხლი მოიპოვოს და თავისი ჩირაღდანი ააჩირაღდნოს. რელიგიურ გრძნობებს ყველა ეთამაშება, მაგრამ ცეცხლთან მიახლოების დისტანცია მაინც სხვადასხვაა განსხვავებული პოლიტიკური ძალისა თუ ხელისუფლების პირობებში.

 

თავის მხრივ, არც ეკლესია ამბობდა უარს ცდუნებაზე, ჩართული ყოფილიყო პოლიტიკურ ბატალიებში, განსაკუთრებით საარჩევნო ბატალიებში და ისინიც, თავის მხრივ, არანაკლები აზარტით ეთამაშებოდნენ ამ ცეცხლს _ საკუთარი მრევლის რელიგიურ გრძნობებს.

რაც არ უნდა უნიათოები ეძახონ „ნაცებმა“ „ქოცებს“, სწორედ ქოცები არიან სწორუპოვრები რელიგიურ გრძნობებზე თამაშშიც და ეკლესიის სათავისოდ გამოყენებაშიც. ამ მხრივ, უნიათოები, მე თუ მკითხავთ, სწორედ „ნაცები“ არიან _ საპატრიარქოს ანებივრებდნენ და ბოლოს სწორედ გაძლიერებულმა ეკლესიამ ითამაშა წამყვანი როლი ხელისუფლებიდან მათ განდევნაში.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ფურცელზე რაც არ უნდა სეკულარული სახელმწიფო გვქონდეს, რეალურად დიდია რელიგიის გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმდენად დიდია დომინანტური ეკლესიის გავლენა, პოლიტიკური ძალები იძულებულნიც კი ხდებიან, ანგარიში გაუწიონ მას, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები (ცხადია, მატერიალური და არა სულიერი), რომ როგორმე მათი კეთილგანწყობა შეინარჩუნონ, კეთილგანწყობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, რომ ეკლესიამ მრევლი მათ წინააღმდეგ არ დარაზმოს. თუმცა, როგორც მოვლენებმა ცხადყო, მათი ეს მცდელობა სრულიად ამაო გამოდგა.

ეკლესიისთვის (უფრო სწორად, მისი მეთაურებისთვის), რომლისთვისაც, თავის დროზე, მიუღებელი იყო პირველი პრეზიდენტი გამსახურდია, ასევე მიუღებელი აღმოჩნდა მესამე პრეზიდენტი, განსხვავებით მისი წინამორბედის, შევარდნაძისგან, რომელიც სრულ სიამტკბილობაში ბრძანდებოდა საპატრიარქოსთან, იმდენად დიდ სიამტკბილობაში, რომ მათ ურთიერთობას მირონიც კი სდიოდა. მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერის ტალღაზე მოსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ ისტორიული შანსი გაუშვა, აელაგმა თავგასული მღვდელმთავრები და სიტუაცია ისე დაელაგებინა, როგორც თანამედროვე სეკულარულ სახელმწიფოს შეეფერება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პირველ წლებში საძირკველი იყო ჩასაყრელი ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტისთვის, გასაგები გახდება, რატომაც ვერ და არ გარისკა ამ ნაბიჯის გადადგმა იმ ხელისუფლებამ და ნაცვლად ამისა, დაფინანსების გაზრდით ცდილობდა მათი ამბიციების დაკმაყოფილებას. შედეგად რა მიიღეს? ეკლესია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწორედ ეს გაძლიერებული ეკლესია შეუბრუნდა მას საბოლოოდ და უდიდესი როლიც ითამაშა 2012 წელს „ნაციონალების“ დამარცხებაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმ მარცხს ყველა ცოცხების კადრებით ხსნიდა, ერთ-ერთი პირველი გიგი თევზაძე ალაპარაკდა, რომ „ოცნების“ გამარჯვებაში ლომის წილი ქართულ ეკლესიას მიუძღოდა. მოძღვართა უმეტესობა თავფეხიანად იყო ჩართული წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში, ვის „ოცნების“ პარტიული დროშა ჰქონდა გამოფენილი და ვინ პირდაპირ ამბიონიდან ქადაგებდა „ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ყურამდე, ანუ ფართო საზოგადოებამდე მაშინ მხოლოდ აგრესიული ქადაგებები მივიდა, სადაც მამაოები უხამსად ამკობდნენ „ნაციონალებს“ და მრევლს ღიად მოუწოდებდნენ 41-ის შემოხაზვას, თუმცა არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ ქვეყნის უმეტეს ტაძრებში იგივეს აკეთებდნენ სხვა მოძღვრებიც, აგრესიული ტონის გარეშე და მრევლს 41-ის შემოხაზვაზე აძლევდნენ კურთხევას.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ არჩევნების წინ სინოდმა განჩინებაც კი მიიღო, სადაც სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ სინოდის ამ განჩინებას მღვდელმთავრებისთვის არც არჩევნებამდე შეუშლია ხელი და არც არჩევნების მათ სასარგებლოდ გადაგორების შემდეგ. ყველას კარგად ახსოვს მეუფე იაკობის როგორც არჩევნებამდელი, ისე არჩევნების შემდგომი ქადაგებები სამების ტაძარში, სადაც ის ღიად და გახსნილად ეწეოდა წინა ხელისუფლების დადანაშაულებას და ახალი ხელისუფლების მოყვანაში მათი დამსახურებით თავმოწონებას. მეტიც, ის ღიად ახმოვანებდა მთავარ ქოცურ მესიჯბოქსს: „ქუჩაში დახვრეტები, ციხეებში გაუპატიურებები“…

დიახ, ეკლესიის მესვეურთა აქტიურობა არც იმ მარცხის შემდეგ შენელებულა. ალბათ, ყველას გახსოვთ არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილის წყევლა. თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ:

„წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი გაქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას“.

ცოტაც დააკლდა და შექსპირულად დააყოლებდა: „ფეხქვეშ ბალახი ჭინჭრად გექცეს“.

იმდენი წყევლა მაწყევარმა არქიმანდრიტმა სააკაშვილი და „ნაციონალები“, რომ თვით საპატრიარქოც კი იძულებული გახდა, რამე ზომა მიეღო და მიიღო კიდეც _ ეპიტემია დაადო. როგორც საპატრიარქოს მაშინდელ განცხადებაში ვკითხულობთ, მსგავსი ქმედება (სააკაშვილის წყევლა) უკვე მეორედ განმეორებულა. „ორივე შემთხვევაში მას ეკლესიისა და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არ აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია“. ხედავთ?! ეჭვიც არ შეუტანიათ, რომ ამ მაწყევარს ქვეყნისა და ეკლესიის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, უბრალოდ, უფლება არ ჰქონია თვითნებობის და ეს ყოფილა სერიოზული დარღვევა და არა პოლიტიკაში უხეშად ჩარევა და წყევლა-კრულვა.

იგივე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი იყო ერთ-ერთი ის მღვდელმთავართაგანი, რომელმაც, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, ის დეპუტატები შეაჩვენა, რომლებიც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ. მაშინაც მთელი სოციალური ქსელი მოიარა მისმა წყევლამ, მაგრამ არც ეს წყევლა ყოფილა მისთვის ბოლო წყევლა და არც თავად ყოფილა მარტო წყევლისას, მის მსგავსად მამა კონსტანტინეც წყევლიდა იმ კანონის მხარდამჭერებს. მისი თქმით, მიღებული კანონი იყო ღალატი, რასაც ისინი ეძახდნენ დემოკრატიას, მაგრამ ყოფილა დემონოკრატია. „ქართული სამღვდელოება დაწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლის ტექსტს“, _ მრისხანებდა იგი.

სწორედ ბართლომე ფირცხალაიშვილი გახლდათ ის არქიმანდრიტი, რომელიც ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა და, ჯერ კიდევ, 2012 წლის 6 აპრილს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სტატუსი: „საოცარია? მთავრობა ძალიან გაიჭედა, არ იცის, რა ქნას. ბიძინა მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, მისი დაბადებაც განსაკუთრებული იყო. დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა მთავრობამ, რომ ბიძინა არის განსაკუთრებული და იდეალური ადამიანი“. ამის გარდა, მასვე ეკუთვნის წინასაარჩევნო წყევლაც: „ვინც ბიძინა ივანიშვილს შავ პიარს აუგორებს, იმას გაუშავდა სახე და ცხოვრება“.

რელიგიურ გრძნობებზე თამაშის მეტი რა თვალსაჩინო მაგალითი გინდა, როდესაც მღვდელმთავრები ღიად ეწევიან საარჩევნო აგიტაციას და მათთვის არასასურველი ძალის შავ პიარს _ წყლევლა-კრულვიანად?

მავანი იკითხავს, ამ ყველაფერში რელიგიურ გრძნობებზე თამაში სადააო? მანდაა! _ როდესაც ეკლესია მის ავტორიტეტს მრევლთან ამ ფორმით იყენებს.

მოკლედ, ფაქტია, რომ ხელისუფლებაც და, თავის მხრივ, ეკლესიაც უარს არ ამბობდნენ მრევლის რელიგიური გრძნობებით მანიპულაციაზე და ერთგვარი სამკუთხედი იკვრებოდა: „პოლიტიკური ძალა _ ეკლესია _ მრევლი, იგივე ამომრჩეველი“. ეკლესიამ თავისი გავლენა გამოიყენა ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალის მოსაყვანად, „ოცნებამ“ კი ეკლესია _ გასამარჯვებლად.

მაგრამ, როგორც ირკვევა, „ქართული ოცნება“ ისე დაწინაურდა, რომ რელიგიური ორგანიზაციები აღარც სჭირდება რელიგიურ გრძნობებზე სათამაშოდ. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დმანისის რაიონში ხდება. ირგანჩაის მოსახლეობა ღიად ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ თამაშობენ მათ რელიგიურ გრძნობებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მათ მიერ მხილებული პირები ფაქტს უარყოფენ და ყველაფერს მათ კონკურენტს, „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელს აბრალებენ, თითქოს მან ააგორა ეს ამბები, მაგრამ ფაქტია _ მომხდარი უკვე იქცა უწყებათშორისი კომისიის მსჯელობის საგნადაც და ეუთოს ყურადღებაც მიიპყრო.

„ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები ამომრჩეველს ყურანზე აფიცებენ, რომ არჩევნებზე აუცილებლად 41-ს შემოხაზავენ. მათ ზუსტად იციან, რომ მუსლიმი თუ ყურანზე, ან მასთან გაიგივებულ პურზე დაიფიცებს, ამ ფიცს აღარ გადავა, რაც არ უნდა მოხდეს. იციან ეს და ამიტომაც მათთვის მთავარი ამოცანა სწორედ ესაა _ როგორმე დააფიცონ. ამისთვის ისინი არც უხვ დაპირებებს ერიდებიან (როგორც, ვთქვათ, კონკრეტული პირისთვის მოპარული ცხვრების დაბრუნებაა) და არაც მუქარას _ თუ პურზე არ დაიფიცებენ, პურის გარეშე დარჩებიან და სოცდახმარებას მოუხსნიან.

არჩევნებზე ამ ილეთის გამოყენება ცალსახად სიახლეა და ქოცურ ნოუჰაუს წარმოადგენს. აქამდე არავის გაუბედავს, ყოველ შემთხვევაში, არ გახმაურებულა, რომ გაებედოს, რელიგიურ გრძნობებზე ასეთი პირდაპირი და უხეში თამაში. სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ილეთით ადამიანს აიძულებენ, გაამჟღავნოს ვის უჭერს მხარს. თუ არ დაიფიცებ, გასაგებია, რომ მათი მხარდამჭერი არ ხარ და შესაბამისადაც მოგექცევიან. ან სწორედ ამ „შესაბამისი მოქცევის“ შიშით მორწმუნე მუსლიმს იძულებულს ხდიან, დაიფიცოს და ამ დაფიცების შემდეგ თავს ვალდებულად რაცხს, ფიცი არ გატეხოს და შეასრულოს, რაც დაიფიცა, _ შემოხაზოს 41. ამ გზით სრულიად სხვა პარტიის მხარდამჭერი მათი მხარდამჭერი ხდება. ამ შემთხვევაში მოტყუებისა და პარტიის გადაგდების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს მინიმუმამდე დაყვანა ხორციელდება სწორედ რელიგიური გრძნობების გამოყენებით.

ხელისუფლების ამ ქმედებას, რომ ქვეყანა ახალ რელიგიურ ბუნტამდე მიიყვანოს, ფეხებითაც რომ დაკიდო არჩევნებში ამ ილეთის მომგონ-შემსრულებელი, ეშველება რამე? განა, ასეთი რა მნიშვნელოვანია იმ კონკრეტულ რაიონში „ოცნების“ გამარჯვება, რომ „ოცნება“ ასეთ ცეცხლს ეთამაშება?

უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებზე თამაშს არ ერიდებიან არც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. თუმცა მათი ეს თამაში, მაინცდამაინც, არჩევნებს არ უკავშირდება. მიზეზი უბრალოა _ მათ შემთხვევაში ეს უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვიღაც თავის პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს და სხვები ამას რელიგიურ გრძნობებზე თამაშად მიიჩნევენ. მაგალითად რესპუბლიკელების საარჩევნო კლიპებიც კმარა. ბევრმა ისინი სწორედ რელიგიურ გრძნობებზე თამაშში დაადანაშაულა, რაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ეს თუ თამაშია, მაშინ ეს რელიგიური უმცირესობების რელიგიურ გრძნობებზე თამაშად თუ შეფასდება, რადგან ისინი ამ თამაშით რელიგიურ უმრავლესობას აფრთხობენ და მხოლოდ რელიგიური უმცირესობების გულს თუ იგებენ. მათ გააჟღერეს თავისი მიდგომა საპატრიარქოს დაფინანსებასთან დაკავშირებით. ახლა მე თქვენ გეკითხებით, _ რა უფროა რელიგიურ გრძნობებზე თამაში, როცა ეკლესიისა და მრევლის განაწყენებას ერიდები და ამ მნიშვნელოვან თემას უყრუებ, გვერდს უვლი თუ ის, რომ სათქმელს პირდაპირ და დაუფარავად ამბობ? კუკუდამალობანაც თამაშია, სხვათა შორის…

მოკლედ, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, მონაგონია ნებისმიერი ქართული პოლიტიკური ძალის თამაში რელიგიურ გრძნობებზე. ეს ფაქტია, საკითხავი სხვა რამაა, რა დაუჯდება მათი ეს თამაში ქვეყანას? ან თვითონ მათ? ეს ყველაფერი რომ მხოლოდ პინგვინის გატრუსვით არ დამთავრდება, ფაქტია…

რეზო შატაკიშვილი