ლევან ალაფიშვილი: „2014 წლის არჩევნებზე სიები სპეცსამსახურებს დაუკომპლექტებიათ“

საქართველოს რეალობა _ პარტიის, პოლიტიკისა და სპეცსამსახურების შერწყმა!

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საქართველოში 21 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, იურისტი _ ლევან ალაფიშვილი:

 

_ ბატონო ლევან, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ და ვუცქერთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს, გზავნილებს, დევიზებს, სააგიტაციო რგოლებს… თქვენი აზრით, პოლიტიკოსების მხრიდან, რამდენად სწორი გზავნილებია გაკეთებული ამომრჩევლის მიმართ? ვგულისხმობ იმას, რომ კონკრეტული სუბიექტებისგან ისეთი სახის დაპირება გვესმის, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ასპარეზზე; სავიზო რეჟიმის გადახედვა; ეკლესიის ქონება და ა. შ.

_ ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველი: მართალია, რომ ამ არჩევნებზე ძირითადი აქცენტი დედაქალაქს უავშირდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და ქალაქებში არის მერიები და საკრებულოები და ამ არჩევნებში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, საერთო გზავნილი გააკეთონ, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში. ასე რომ, საერთო სივრცისადმი, ყველა ამომრჩევლისადმი, დიდი ნაწილისთვის არის მიმართული და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ამით აიხსნება. ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტისთვის ამის გაკეთება დიდ ხარჯებს იწვევს. ამავე საკითხს ებმის პოლიტიკური კულტურა. თქვენ მიერ სწორად დასმული კითხვა არ არის მთავარი არც ამომრჩევლისთვის და არც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ არ არის მკაფიოდ წარმოდგენილი და გამიჯნული (ამას ჩვენი მთავრობებიც ხელს უწყობდნენ), რა არის ადგილობრივი და რა _ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია. ამ კონტექსტში თუკი გადავავლებთ თვალს არა მხოლოდ ლოზუნგებს, არამედ პროგრამებს, ვნახავთ, რომ ბევრი საკითხი არ გახლავთ თვითმმართველობის კომპეტენცია. ეს არაერთი სუბიექტის პროგრამაში ჩანს, თუ ყველასი არა. ამ შემთხვევაში, ის მავნე ტრადიცია, რაც გრძელდება, გაუმიჯნაობა ცენტრალურთან, ასახულია თვითმმართველობაში და შესაბამისად, თვითმმართველობა ბრჭყალებშიც შეგვიძლია მოვიხმოთ, იმიტომ, რომ რეალურად ამომრჩევლისთვის ასეა _ ცენტრალიზებული ხელისუფლების ქვედა რგოლს ირჩევს მის წარმოდგენაში. ეს არის მთავარი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს და მეორე საკითხი, რომელიც სამოქალაქო კულტურას უკავშირდება, მაგრამ პრიმიტიულად ავხსნათ. იყიდება ის, რაც მოთხოვნადია. ასე რომ არ იყოს, სხვა შემთხვევაში ეს არც პოლიტიკასა და არც არჩევნებზე არ იმუშავებდა. ჩვენ გვინდა, მაგალითად, მოვისმინოთ, რომ ვიღაც სოციალურად იმაზე მეტად დაგვეხმარება, ვიდრე მისი კომპეტენციაა; იმაზე მეტად იზრუნებს ჩვენზე, ვიდრე მისი კომპეტენციაა… ბაზრის პრინციპია _ მოთხოვნა, მიწოდება. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა მოვისმინოთ და, შესაბამისად, გვეუბნებიან იმას, რაც გვინდა, რომ მოვისმინოთ! ლოზუნგებიცა და პოლიტიკური დაპირებებიც ასე იყიდება! სამომავლოდ, თუკი ამის კულტურა გვექნება, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, ბუნებრივია, ასეთი დაპირებებისა და პოლიტიკური სუბიექტების ადგილი იმ საზოგადოებაში აღარ იქნება, მით უმეტეს, იმ არჩევნებში. იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობა, ვიღაც რომელიღაც ქალაქში რომ იყრის კენჭს და დაჰპირდება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითად, დევნილების პრობლემას მოაგვარებს, ამაზე, ბუნებრივია, გაიცინებს და შესაბამისად, პოლიტიკური ასპარეზიდანაც გააქრობენ. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა გვაქვს, ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი სახეა და გაუმიჯნავი სურათით არის წარმოდგენილი ის პოლიტიკური პროცესი, რასაც გაუმიჯნავი არჩევნები და, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია.

_ შეიძლება აზრი ასე ჩამოვაყალიბოთ, რომ ეს გზავნილები პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არის გააზრებული და არა დაბალი პოლიტიკური კულტურის უქონლობა?

_ ვერ გავმიჯნავ, რომელი უფრო მეტია, მაგრამ ორივე ერთად რომ არის, ეს ფაქტია! წარმოიდგინეთ, როგორი არჩვენები იქნება: ვიღაცამ რომ ისაუბროს იმ კომპეტენციებზე, რომელიც თვითმმართველობას აქვს, ოღონდ შეზღუდულ კომპეტენციაზე. მაგალითად, წყალი გექნებათ 24 საათი, გაზი _ 24 საათი, ეზოების დასუფთავება _ 17 საათი, ესაა თვითმმართველობის შეზღუდული კომპეტენცია, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს წყვეტს. საერთო ეროვნულიდან რომ წამოვიდნენ, მერწმუნეთ, დღვანდელობაში აბსოლუტურად უცნაურად წარმოჩინდება ეს ყველაფერი. ამიტომ „პოლიტიკოსებიც“ ადეკვატურად რეაგირებენ და არ მსჯელობენ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება მოაგვაროს თვითმმართველობამ ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ა. შ., არამედ მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც, მაგალითად, ზუგდიდის თემა შეიძლება სულაც არ იყოს.

_ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ წრეებში ფართო განხილვის თემა იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რომელიმე პარტიის პროგრამაში თუ ნახეთ, რომ ამ საკითხს განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობენ? წესით, სწორედ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და განვითარების საკითხი უნდა იყოს ამ არჩევნებზე პრიორიტეტული…

_ რადგან პროგრამები პირობითად ჰქვია ქაღალდზე დატანილ რაღაც სურვილებს, ამიტომ პროგრამად არ მოვიხსენიებ და, მით უმეტეს, თითოეულ მათგანზე არ შევჩერდები. უბრალოდ, 7 ქალაქისთვის დამოუკიდებლობის წართმევის კონტექსტში აღვნიშნავ, რომ იმ ხელისუფლებამ, რომელმაც, დაახლოებით, 100 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვა თვითმმართველობა, ნახეთ, ლოზუნგად რა აქვს გამოტანილი, _ ძლიერი თვითმმართველობა! ამ დროს, რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ? _ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველი ნაბიჯი იყო, რომ გააუქმა სოფლის პროგრამა, რომლის მინიმალური ფინანსები და მათი მართვა სოფლისთვის იყო განკუთვნილი. წაართვა და სოფლის მოსახლეობას უთხრა, _ თქვენ არაფერი იცით, ჩვენ თქვენზე კარგად ვიცით, რა გაწუხებთ და ჩვენ გადაგიწყვეტთ ყველაფერსო. ამის მერე, გაზაფხულიდან მოყოლებული, ამ ინსტიტუციის საწინააღმდეგოდ მასირებული შეტევა დაიწყო სპეცსამსახურების ჩართულობით. კურიოზული სიტუაციებიც იყო, თელავის მერი ამბობდა, _ წინააღმდეგი ვარო (ოქმშია ეს დაფიქსირებული), თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებას მხარს ვერ დავუჭერო. იგივე ადამიანი გამოდის და მხარს უჭერს. პარლამენტის კომიტეტის წევრი ინტერვიუს აძლევდა თქვენს კოლეგას და ამბობდა, რომ ამ საკითხს სერიოზულადაც არ განვიხილავო და დაახლოებით ერთ თვეში საპირისპირო გადაწყვეტილება გააკეთა _ არათუ მხარი დაუჭირა, საჯაროდაც გამოვიდა და ამაზე ისაუბრა. მოცემულობა ეს არის და შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც ხალხს ჰპირდები, თვითმმართველობას გავაძლიერებო, ორი რამ შეიძლება იყოს: ერთი _ საერთოდ არ გაინტერესებს ხალხი და შენი ამომრჩეველი, მოატყუე და ეუბნები, გავაძლიერებო და მეორე _ მასას ძალიან არ ანაღვლებს ეს ყველაფერი და შესაბამისად, ამიტომ შეიძლება აკეთებდე ამას. ერთიც და მეორეც თანამედროვე დემოკრატიისთვის და სამოქალაქო კულტურისთვის შეუთავსებელია. იმედი მაქვს, რომ ხვალ ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა თვითმმართველობა, ახლა ხალხს თვითმმართველობის გაძლიერებას ჰპირდება! რაც შეეხება სხვებს, მათ წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი ადგილი ამას არ უკავია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხელისუფლება თავს ესხმოდა თვითმმართველობას, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტი ამ ყველაფრის წინააღმდეგნი იყვნენ. პრეზიდენტმა ვეტოც გამოიყენა, ხოლო ამ პოლიტიკურმა ძალებმა საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და თქვეს, რომ ისინი მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვგულისხმობ პარლამენტში წარმოდგენილ სამ პოლიტიკურ ძალას: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. სამივემ თქვა, ეს ჩემთვის მისასალმებელია და იმედი მაქვს, რომ ხელმოწერები დიდხანს არ დააყოვნებს და საკონსტიტუციო სარჩელიც წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოსო. სიმართლე გითხრათ, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარისი იყოს, უკეთესი იქნებოდა, ამ საკითხზე კომუნიკაცია ყოფილიყო ამომრჩეველთან და რეალურად იმ ქმედებების შესათავაზებლად, რასაც თვითმმართველობის გაძლირებისთვის გააკეთებენ. მაგრამ, ისევ და ისევ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ის პარტიებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მაქსიმალისტად ვრჩები, მაგრამ ამ მინიმალურ მოცემულობას ვიღებ, როგორც დადებითს.

_ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელს 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაჯდება. სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ფონზე, სადაც ამხელა თანხები იხარჯება, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რას იტყვით, ეს აისახება თვითმმართველობის გაძლიერებაზე?

_ სამწუხაროდ, არა! თუნდაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან: სოფლის მეურნეობის პროგრამის გაუქმება, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის წართმევა და სხვ., განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს ბოლო პერიოდი არ არის მხოლოდ 2017 წელი, არამედ 2014 წლის შემდგომი ხანაა, როდესაც საჯარო გახდა, რომ თვითმმართველობა ხელისუფლებამ ფიქციად აქცია და თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად ერეოდნენ სპეცსამსახურები. იმ დროს, ჯერ კიდევ, მმართველ კოალიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები ღიად საუბრობდნენ (რესპუბლიკელები, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“), რომ სპეცსამსახურები ერევიან იქ, სადაც მათი საქმე არ არის, ხოლო სულ ბოლოს, გასულ წელს, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქვეყნის მეორე პირმა, მაშინდელი კოალიციის ლიდერმა, ღიად თქვა, რით გამოიხატებოდა ეს ჩარევა. კერძოდ, თურმე, 2014 წლის არჩევნებზე სიები სპეცსამსახურებს დაუკომპლექტებიათ. ეს არის კატასტროფა! პარტიის, პოლიტიკისა და სპეცსამსახურების შერწყმა! ამის შემდეგ წამოვიდა მმართველობის ის სისტემა, რაც მივიღეთ. ერთი მხრივ, სპეცსამსახურებში შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები მუშაობდნენ და თავიანთი საქმე კარგად იციან, მაგრამ მათ არ იციან, რა არის საბიუჯეტო პროცესი, რა არის პრივატიზაცია და არც უნდა იცოდნენ. რადგან პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უთხრა, ეს თქვენი საქმეაო, შეხედეთ, როგორი სიტუაცია მივიღეთ _ სპეცსამსახურები აკეთებდნენ საქმეს თუ რაღაცას, ისე როგორც იციან, ან გაეგონათ, ხოლო თვითმმართველობა, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები უნდა მიეღო და საქმე ეკეთებინა, არც არაფერს აკეთებდა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა სხვაგან იყო. კომფორტულად გრძნობდა თავს, პასუხისმგებლობა მას არ ჰქონდა, გადაწყვეტილებას ის არ იღებდა და ჰქონდა ხელფასი, სპეცსამსახურები კიდევ ისე მართავდნენ, როგორც იცოდნენ. ეს არ გახლავთ თვითმმართველობა, ესაა მახინჯი სურათი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არის დავიწყებული.

თამარ ბატიაშვილი