ზურაბ ხარატიშვილი: ,,ამ არჩევნებზე უკიდურესად უთანასწორო და არაკონკურენტული გარემოა”

ნიუტონის მესამე კანონი პოლიტიკაში

 

რამდენად კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს 21 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია? არის თუ არა მზად არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია და რამდენად საჭიროებს გადახედვას საარჩევნო კოდექსი?

ამ საკითხებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი:

 

_ ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. თქვენ, როგორც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მზად საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე ჩასატარებლად?

_ ყოველი არჩევნები სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც, ხოლო „ზედმეტი კითხვების გარეშე“ მის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოების დაურღვევლად შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის „მოაბამს თავს“ არჩევნებს, თუკი მის შედეგად ხელისუფლება არ იცვლება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია, გარკვეულწილად, სახელმწიფო სტრუქტურებს ეყრდნობა _ კანონიერადაც და არაფორმალურადაც. ცესკოს რეალური ამოცანაა, მაქსიმალურად გაზარდოს პირველი და შეამციროს მეორე. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე რგოლმა _ საუბნო, საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად და სრულფასოვნად შეაჯამა შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება სრული სიურპრიზი აღმოჩნდა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის, ხოლო საოლქო კომისიებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა.

_ ამჟამინდელ საარჩევნო ადმინისტრაციაზე რას იტყვით?

_ დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაცია სრული ანარეკლია არსებული ხელისუფლების: დაკომპლექტებულია ნეპოტიზმისა და პარტიული აქტივის საფუძველზე. დიდი ალბათობით, საუბნო და საოლქო კომისიებს გაუჭირდებათ თავიანთი ფუნქციის შესრულება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კრიტიკულ სიტუაციაში.

_ თქვენც აღნიშნეთ და სხვებიც საუბრობენ იმაზე, რომ თითქმის ყველა დონის კომისიაში წევრები მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობის საფუძველზე არიან შერჩეულნი და მათ დავალებებს ასრულებენ. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და ასე ხდება ამჟამადაც. არსებობს თუ არა ამ ვითარებიდან გამოსავალი?

_ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს _ ფუნდამენტურად არის შესაცვლელი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მთლიანად იყო კონცენტრირებული მისი უმთავრეს საკითხის _ სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გარშემო, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებდა. ეს პროცესი, ავად თუ კარგად, უკვე დასრულების ფაზაშია და ამ არჩევნების შემდგომ საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვა პრიორიტეტული საკითხი გახდება ოპოზიციისთვის.

_ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საარჩევნო კოდექსი საკმაოდ ლოიალურია არჩევნების გამყალბებელთა მიმართ. ისინი არჩევნების გაყალბებას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფას დანაშაულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს სწორედ ასე დაინახოს პრობლემა. თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე?

_ „არჩევნების გაყალბება“ არ არის იურიდიული ტერმინი და მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საარჩევნო პროცესში კანონმდებლობის დარღვევისთვის დაწესებულია პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლის, რომელიც პირს ეკისრება კონკრეტული ქმედებისთვის. ბევრი საკითხი დასახვეწია, თუმცა, ჩემი აზრით, „არჩევნების ზედმეტი კითხვების გარეშე“ ჩასატარებლად პოლიტიკური კულტურა და ტრადიციების ჩამოყალიბებაა პრიორიტეტული, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება ვერ იქნება საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი, როდესაც საკითხი ხელისუფლების წყაროს ეხება.

_ ოპოზიციაში გაისმა მოწოდება, რომ პარტიები ერთად დაუპირისპირდებოდნენ შესაძლო გაყალბებას. არსებობს თუ არა რეალურად ეს პოლიტიკური ნება და არის თუ არა დასახული კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები?

_ ყველა საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის კონკურენტია, ამიტომ მათ შორის კოორდინაციის ნაკლებობა ბუნებრივია, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუძლებელი მოახერხა და ოპოზიციის სრული სპექტრი გააერთიანა ჯერ კონსტიტუციის საკითხზე, ხოლო ახლა იგივე პროცესი მიმდინარეობს „არჩევნები ზედმეტი კითხვების გარეშე“ თემაზეც. ამ უკანასკნელის გარშემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე, სავარაუდოდ, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

_ რამდენად წაადგება არჩევნებს მასში მონაწილეობის სავალდებულობა და თავის არიდების შემთხვევაში მაღალი ადმინისტრაციული სახდელის დაწესება? რატომ არ აწყობს ინტერფრაქციულ ჯგუფს ამ საკითხების ინიცირება?

_ ვფიქრობ, რომ ის, ვინც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მაღალი ადმინისტრაციული სახდელის დაწესებას ითხოვს, ნაკლებად ფიქრობს მის აღსრულებაზე. ყოველ არჩევნებზე ერთიდან ერთნახევრამდე მილიონ ამომრჩეველზე იქნება აღნიშნული სახდელი დასაკისრებელი, რაც წარმოუდგენელია როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით.

_ როგორ მიგაჩნიათ, რა არის საარჩევნო კოდექსში ყველაზე პრობლემური საკითხები და მათ გასანეიტრალებლად რა უნდა გაკეთდეს თუნდაც ამომრჩევლისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის საფუძველზე?

_ საარჩევნო სისტემის შემდეგ პრიორიტეტი ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, უფრო მეტად დაჩქარდეს და გამჭვირვალე გახდეს ბიულეტენების დათვლის პროცესი. დასახვეწია წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო აგიტაციისა და დაფინანსების საკითხები და ა. შ.

_ დაბოლოს, რას ელით 21 ოქტომბრის არჩევნებიდან?

_ ამ არჩევნებზე უკიდურესად უთანასწორო და არაკონკურენტული გარემოა. არ მახსენდება არჩევნები, როდესაც ოპოზიციის მიერ მობილიზებული ფინანსური რესურსი ჯამურადაც კი ასეთ დაბალ ნიშნულზე ყოფილიყო სახელისუფლებო ძალებთან შედარებით. ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის პოლიტიკური ფინანსების დეფიციტს ოპოზიციური ძალებისთვის მათი უკიდურესი დაუძლურების მიზნით, თუმცა ამით კლასიკურ შეცდომას უშვებს, რადგან „ფინანსური გვალვა“ გზას უკვალავს მისივე შემცვლელს, რომელიც ოპოზიციური ძალების მობილიზებას შედარებით ადვილად და მცირე რესურსებით შეძლებს.

_ რას გულისხმობთ?

_ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, ნებისმიერ სხეულზე ზემოქმედებისას მასში წარმოიშობა იმავე სიდიდისა და საპირისპირო მიმართულების ძალა. ასეა პოლიტიკაშიც _ ძლიერი ზეწოლა და თვითგადარჩენის ინსტინქტი 21 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ოპოზიციის მოტივაციას გაზრდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დასაწყებად.

არმაზ მეტრეველი