აკაკი მარღიშვილი: „მნიშვნელოვანია, სიყვარულით გააკეთო ის საქმე, რისთვისაც ამ ქვეყანას მოევლინე“

მას იცნობენ, როგორც მხატვარს, განსაკუთრებული ხედვის მქონე ახალგაზრდას, ადამიანს, რომელიც თავისი ქალაქის გამოცოცხლებაზე ზრუნავს.

ოდესმე თუ ქალაქ გორში გაგივლიათ და ცენტრალურ უბანში მოხატული კედელი შეგინიშნავთ, ჭიამაიებით გადახატული ზებრა ან მიწისქვეშა გადასასვლელი, იცოდეთ, რომ ეს აკაკის ნამუშევარია.

 

თვითნასწავლი მხატვარი „3 დე“ მოცულობით გამოსახულებებს ფურცელზე აცოცხლებს და საზოგადოებას წარუდგენს. გარდა ამისა, ნახატსა და ტექსტს ისე აერთიანებს, რომ ერთმანეთის დამოუკიდებლად და ერთად მთავარ სათქმელს ამოიკითხავთ და დაინახავთ კიდეც.

25 წლის აკაკი მარღიშვილი გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ხატვის ნიჭი გენეტიკით მამისგან ერგო და 5 წლიდან ხატავს. ყველაზე მეტად   ხატვის პროცესი სიამოვნებს, როდესაც იმას შეიგრძნობს, რისი გადმოცემაც საზოგადოებისთვის უნდა. მშობლებთან ერთად ცხოვრობს და მათ ოჯახის გაძღოლაში ეხმარება. ნახატებზე შეკვეთებს იღებს და მიუხედავად იმისა, რომ დაკვეთით ხატვა დიდად არ მოსწონს, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამის გაკეთება მაინც უწევს.

ცდილობს, ახლებურად ან თავისებურად აჩვენოს საზოგადოებას საკუთარი თვალით დანახული სილამაზე, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. კითხვაზე, თუ როგორია მნახველთა მხრიდან ინტერესი ან რეაქცია, თავმდაბლობით პასუხობს: „როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ, ძირითადად, მოსწონთ ჩემი შემოქმედება“.

ფიქრობს, რომ მისი ნამუშევრების ყველაზე ობიექტური შემფასებელი მაინც მამამისია, ვისგანაც ხატვის ნიჭი ერგო წილად. გამორჩეულად უყვარს იმპრესიონიზმი და კლოდ მონე, რადგან დარწმუნებულია, რომ მისნაირ ფერებს ვერავინ გაიმეორებს.

არაფერი ენანება იმ ადამიანისთვის, ვინც მისთვის ძვირფასია, ვინც უყვარს და ვისაც სჭირდება. აკაკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  სიყვარულით გააკეთო ის საქმე, რისთვისაც გაჩნდი და ამ ქვეყანას მოევლინე. სწორედ ამიტომ, ადამიანში ყველაზე მეტად შინაგან სისუფთავეს, ერთგულებასა და უბრალოებას აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფერზე ნანობს განვლილი ცხოვრებიდან, მაინც ნაღვლობს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, თავის დროზე, უნდა მიეღო, მაგრამ ასე არ გააკეთა.

აფასებს გულწრფელობასა და შინაგან სისუფთავეს, აღიზიანებს მლიქვნელობა და ფარისევლობა.

სოფლის მეურნეობით დაკავებულ მხატვარ ბიჭს ძალიან უყვარს თავისუფალ დროს მარტო სეირნობა და არც დილაუთენია ადგომაზე ამბობს უარს, რომ სათევზაოდ წავიდეს.

კითხვაზე, არის თუ არა მაქსიმალისტი, პასუხობს: „არ ვარ მაქსიმალისტი, არავის ვეჯიბრები, უბრალოდ, ვცდილობ, სიამოვნება მივიღო იმით, რასაც ვაკეთებ“.

მიუხედავად იმისა, ყოველი ახალი დღე თევზაობით იწყება, სეირნობით თუ ხატვით, აკაკისთვის ბედნიერების საწყისია, რათა კიდევ ერთი დღე გაატაროს თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად. არც ოცნება აქვს ეგოისტური და მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენირებული, უნდა, რომ მის ირგვლივ მყოფები ბედნიერები იყვნენ. თუ ჰკითხავთ, ვინ არის მისთვის მისაბაძი მაგალითი, ამაყად გიპასუხებთ, რომ ეს მამამისია, ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს, ვისგანაც ხატვის ნიჭი ერგო მემკვიდრეობით და რომელიც, უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანია!

ფიქრობს, რომ „ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცევა, თუმცა მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი ვიპოვე, რადგან არჩევანის თავისუფლება და საკუთარი აზრის ქონის უფლება მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ იქ უნდა ვიყო, სადაც ახლა ვარ. ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია ამ ცხოვრებაში, რაც სწორად, რელიგიურად ცხოვრება და რაღა თქმა უნდა, ცხონებაა“.

25 წლის აკაკი იბრძვის ლამაზი მომავლისთვის და გულწრფელად სურს, ყველა ქართველს ისეთივე ეროვნული სიამაყე ჰქონდეს, როგორიც პიროვნული, ამ შემთხვევაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

ჰგონია, რომ საქართველოში დიდი წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს, მცირესი _ კი. პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებს, ერთგულებაა. ამ ცნებაში მოიაზრებს ყველას, ვინც ერთგულებას იმსახურებს, პირველ რიგში, ეს ოჯახია, რომელზეც ყველაზე ხშირად ფიქრობს ხოლმე. რაც შეეხება სიყვარულს, ახალგაზრდა მხატვრის ცხოვრებაში, ჯერჯერობით, არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მის სიყვარულს იმსახურებს.

როგორც თითქმის ყველა ხელოვანს, მასაც მომავლის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. ის ყოველთვის შემოქმედებითად მუშაობს საკუთარ თავზე, რომ „გაიზარდოს“, ამ მუშაობასა და ზოგადად ცხოვრებაში კი ყველზე დიდი იმედი მაინც საკუთარი თავის აქვს.  მიაჩნია, რომ კაცობრიობის ხსნა ერთმანეთის სიყვარულშია და მაინც, ის რაც ყოველთვის ახსოვს, სიკვდლია, გამონათქვამიც შესაბამისი _ გახსოვდეს სიკვდილი!

მისი გზავნილი საზოგადოებისთვის შემდეგია: მცდელობა მაინც გვქონდეს უკეთესობისაკენ შეცვლის!

ნინო ტაბაღუა