„მასწავლებელმა გვითხრა, რომ კლიპის გადასაღებად მოვყავდით“

როგორ ატყუებენ მოსწავლეებს საარჩევნო პროპაგანდაში მონაწილეობის მისაღებად

 

ლენინს რომ ბავშვები უყვარდა, საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. ბავშვების სიყვარულით თუ საარჩევნო პროპაგანდაში მათი ჩართვით ლენინს „ქართული ოცნებაც“ არ ჩამორჩება. ეს კარგად გამოჩნდა გორში მმართველი პარტიის ქალაქის მერობის კანდიდატების წარდგენაზე.

 

პარტიამ მობილიზება გაუკეთა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლიდან მაღალი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე მიყვანილ, დაახლოებით, 500-მდე მოსწავლეს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა და კეპი ეხურა. მოზარდების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის დროს ისინი სკოლებიდან სპეციალურად გაგზავნილი ავტომობილებითა და სამარშრუტო ტაქსებით ჩაიყვანეს გორში. სკოლაში უთხრეს, რომ კლიპს იღებდნენ და რგოლში მონაწილეობისთვის მიჰყავდათ. „დროშები მოგვცეს, რომ დავარიგოთ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს. ვიღაც კაცმა მომცა ეს დროშები, ყველას ურიგებდა“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ. გარდა გორისა, მმართველმა პარტიამ მოსწავლეები სხვადასხვა სოფლიდან ჩამოიყვანა. „მანქანები მოვიდნენ და წამოვყევით, მგონი, მთელი სკოლა აქ ვართ. სწავლა ჩაიშალა და აქ მოგვიყვანეს. მე ზერტიდან ვარ“, _ ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოსწავლე.

ატენის სკოლის მოსწავლეებსაც ეგონათ, რომ კლიპის გადასაღებად მიდიოდნენ: „მასწავლებელმა გვითხრა, რომ კლიპის გადასაღებად მოვყავდით. რა კლიპი უნდა გადაგვიღონ, არ ვიცით“, _ აღნიშნეს მოსწავლეებმა. როგორც ირკვევა, „ქართული ოცნების“ მიერ მოზარდების საარჩევნო შეხვედრებში მოტყუებით ჩართვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მმართველმა პარტიამ რამდენიმე რეგიონში შეხვედრებში მოსწავლეების მისაყვანად ანალოგიური მეთოდი გამოიყენა.

მალხაზ მიქელაძე