ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გამკაცრებას გეგმავს

რა საფრთხეს შეიცავს კანონპროექტი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეებისთვის?

 

ბოლო დროს, მომრავლებული ფინანსური პირამიდების ჩამოქცევისა და საფინანსო კომპანიების სკანდალური დახურვის შემდეგ, სწორედ ფინანსური რისკების შემცირებისა და მისი კოორდინებულად მართვისთვის, საფინანსო ბაზრის გაჯანსაღება უკვე საკანონმდებლო დონეზე იგეგმება. აქტიურად საუბრობენ ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც არაპროფილური აქტივების ფლობისა და საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილზე ზედამხედველობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. საკანონმდებლო ინიციატივა მომავალი წლის პირველი იანვრიდან ზედამხედველობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ, მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარებიან, რადგან საბოლოოდ უნდა განისაზღვროს თამაშის წესები, თუ ვის აქვს უფლება, მოსახლეობისგან თანხები მიიღოს.

აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ხშირ შემთხვევაში ისინი მსგავს რეაქციას დაგვიანებულსაც კი უწოდებენ, რადგან ყველას გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საფინანსო კომპანია „საქართველოსთან“ მიმართებით, რომლის მოქმედების სქემაც ფინანსურ პირამიდად მოინათლა. პირამიდა პირამიდად, ხალხი კი თავიანთი დანაზოგისა და ანაბრების გარეშე დარჩა, მართალია, კომპანიის მფლობელ მერაბ ფერაძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ეს ფაქტი ფინანსურად დაზარალებული მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი არ არის, რადგან უცნობია მათ მიერ საფინანსო კომპანიაში შეტანილი თანხის ბედი. დაზარალებულებში ტრიალებს მოსაზრება, რომ ფერაძე მარტო არ მოქმედებდა და მის ზურგს უკან გავლენიანი პირები დგანან, რადგან ფერაძე ამხელა აფერის წამოწყებას მარტო ვერ გაბედავდა. საფინანსო კომპანიის ირგვლივ მოვლენები კვლავ ვითარდება, თუმცა დაზარალებულთა სასარგებლოდ _ არა. მეტიც: ზაფხულში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ  მეანაბრეებს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაჰპირდა, რომ ციხეში შევიდოდა და ფერაძესთან საკითხს ისე მოაგვარებდა, რომ ფერაძე მათ თანხებს გადაუხდიდა, თუმცა მანამდე ის ციხიდან უნდა გამოსულიყო. ამ ინფორმაციამ მეანაბრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათ დაევალათ, რომ მოემზადებინათ სიები, თუ ვინ და რამდენს ითხოვდა. თავიდან იყო საუბარი, რომ ფერაძე 30%-ზე მეტს არ აანაზღაურებდა, შემდეგ ითქვა, რომ 100 000 ლარზე მეტი ვისაც ჰქონდა, მათ არ აუნაზღაურდებოდათ თანხა, შემდეგ იმაზე, რომ მხოლოდ 30 000 ლარს გადაუხდიდა… მოლოდინი ძალიან დიდი იყო, რადგან საქმეში დეპუტატები, ფრაქციის, უმრავლესობის ხელმძღვანელი, მინისტრები იყვნენ ჩარეულნი, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფერაძეს ციხიდან 2-3 კვირით არავინ გაათავისუფლებდა ფულის დასაბრუნებლად (მით უფრო, რომ ფერაძე ანალოგიური დანაშაულისთვის რუსეთში იძებნება და საქართველოს შეაფარა თავი). ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ეს იყო მორიგი დაპირება და როგორც სხვა შემთხვევებში, დაზარალებულები ისევ პირში ჩალაგამოვლებულები დატოვეს, ამჯერად უკვე პარლამენტის მხრიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, საფინანსო კომპანიის მეანაბრეთა შორის აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელმოწერის შესაგროვებლად იმ მიზნით, რომ ფერაძე ციხიდან გამოვიდეს. ამასთან, ფერაძეს სარჩელი აქვს შეტანილი სებ-ის წინააღმდეგ და სურს, დაზარალებულთა დახმარებით სებ-ისგან მოითხოვოს ზიანისა და ზარალის ანაზღაურება. როგორც ჩანს, რეალურად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დეპუტატების მხრიდან აქტიურობა და ჩართულობა, პრაქტიკულად, ამოიწურა და სწორედ ამიტომ დადგა საფინანსო კომპანიების კონტროლზე კანონპროექტის მიღების საკითხიც.

 

„ქრონიკა+“ ესაუბრა ბიზნესსამართლის სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილს, რომელიც საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების უფლებებს იცავს:

_ დაზარალებულებმა სამართლებრივი გზით უნდა იარონ, თუ უნდათ, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ, სხვა შემთხვევაში, „შავი მოგვარებით“ სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნილი საკითხები არ და ვერც დარეგულირდება და ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს ხელისუფლების მიმართ.

ფერაძის ინიციატივა ციხიდან ისეთია, რომ მტრის ხატი შექმნას სებ-ისგან, რათა ხალხი გვერდით დაიყენოს და მათთან ერთად მოითხოვოს ზიანისა თუ ზარალის ანაზღაურება.

მსგავსი ტიპის „პირამიდებისგან“ თავის დასაღწევად სებ-ის ეს რეაქცია არ არის თანადროული და შესაძლოა, არაპროპორციულიც. ამ წლის, ჯერ კიდევ, მაისში პარლამენტში შევიდა მთავრობის ინიციატივა ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით და ამ ცვლილებებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დეპუტატებში, რადგან საუბარი იყო სებ-ის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრებისთვის იმუნიტეტის მიცემაზე, სალომბარდე მომსახურების ღირებულების გაზრდაზე, მათ შორის, ჰოლდინგური ტიპის საბანკო ჯგუფის კვალიფიკაციის შემოტანაზე და ამ ყველაფერმა ერთად დიდი აურზაური გამოიწვია პარლამენტში. საბოლოოდ, იმაზე შეჯერდნენ, რომ საქართველოს მთავრობამ ამ 5 ძითითადი საკითხიდან განსახილველად 1 დატოვა და ეს არის ფინანსური, ანუ საბანკო ჯგუფის კომპანიის, როგორც ჰოლდინგის შემოტანა.

რაც შეეხება ინიციატივას, რომ არასაფინანსო სექტორსა და ფინანსურ პირამიდებზე ზედამხედველობა უნდა გაამკაცრონ, აქ ორი საკითხია:

პირველი _ ფინანსური პირამიდებიდან გამომდინარე, ზოგადად, ნებისმიერი საგანმანათლებლო კუთხით რაიმე რგოლის, განცხადების შემოტანა, ან ტრენინგის სახით ინფორმაციის მიწოდება ძალიან კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რამდენად სამართლიანია, რომ სწორედ ამ საშუალებებით სებ-ი იცილებს და ირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც, რეალურად, საქართველოს ფინანსურ სექტორში დაგროვდა. ჩვენ გვახსოვს საფინანსო კომპანიები „კაპიტალი“, „საქართველო“ და ა. შ., რომლებიც დიდი უსიამოვნებების ფონზე დაიკეტა, აქედან გამომდინარე, ხომ არ გამოდის, რომ სებ-ი ამ საგანმანათლებლო საშუალებებით,  პრაქტიკულად, განერიდება სექტორს, რომ პასუხისმგებელი არ იყოს. რადგან ის ყველაფერი, რაც ამ ფინანსურმა კომპანიებმა განახორციელეს, ჩარევასა და რეგულირებას საჭიროებდა ზუსტად იმ პეროდში, როცა ასეთი საქმიანობა ხორციელდებოდა (განათლება იქნებოდა ეს თუ სხვა ნორმატიული აქტის მიღება) „პირამიდას“ სქემით მომუშავე კომპანიების მიერ. რეალურად, ეს საქმიანობა ყოველთვის უნდა იყოს სებ-ის დღის წესრიგში, მაგრამ რაც სებ-ის სტრატეგიული ვალდებულება იყო, ამისთვის მან პასუხი არ აგო! ვგულისხმობ პერიოდს, როცა პირამიდები 8 წლის მანძილზე არსებობდნენ და ხალხის თანხების მოზიდვა იზრდებოდა მოსახლეობის ფულადი შენატანების ხარჯზე. დღეს გავრცელებული ინფორმაცია და გაფრთხილებები არ არის მყისიერი და თანადროული, თან იმ კამპანიების პროპორციული, რა კამპანიაც მიდიოდა ამ ფინანსური პირამიდების მხრიდან, რადგან გვახსოვს, რომ მათ სატელევიზიო რეკლამებიც ჰქონდათ, საგაზეთოც, ჟურნალის, მობილურზე შეტყობინებებიც, ვიდეორგოლები რესტორნებსა და თავშეყრის სხვა ადგილებში. სებ-ის დღევანდელი კამპანია არ არის აღნიშნულის პროპორციული. ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ რომელიმე რაიონში მცხოვრები ადამიანი ეროვნული ბანკის ვებგვერდს შეამოწმებს და ინფორმაციას იქიდან მიიღებს. ასეთი ჩნდება კითხვის ნიშნები. ქართველი ხალხის მიმართ სისტემის პასუხისმგებლობა დგას, რომელიც უკვე მოწყვლად ჯგუფად იქცა. საინტერესოა, თავის დროზე, გამოცდილების საფუძველზე, სებ-მა რა ღონისძიებებს მიმართა, რომ ეს შემდეგ აღარ განმეორებულიყო?!

მეორე _ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით აქამდე სიტუაცია არ რეგულირდებოდა და სწორედ რეგულირების მიზნით შემოიტანეს ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მეშვეობით. კანონპროექტი ჩასწორდა და დასარეგულირებელი დარჩა მხოლოდ ჰოლდინგურ კომპანიებთან დაკავშირებული საკითხი. ამან კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა, რადგან კანონპროექტის გაცნობა არსებითად ვერ მოხერხდა. ე. ი. სებ-ი ისეთი კერძო კომპანიების კონტროლის საქმიანობაში ერთვება, რომლებსაც მიიჩნევს, რომ საბანკო ჯგუფის კომპანიასთან აქვს რაიმე კავშირი _ ეს ძალიან ბუნდოვანი და საშიშია! აქამდე თუ ვხედავდით, რეგულირების რა ჩარჩოებზე იყო საუბარი, რომელიც არ მოგვწონდა, აი, ამ ახალმა ჩასწორებამ და თითქოსდა საკითხების დათმობამ უფრო მეტი ბუნდოვანება გამოიწვია და მეტი კითხვა გააჩინა. მე მეტად განმარტებითს და საანალიზოს გავხდიდი ამ საკითხს.

 

პაატა შეშელიძე _ ეკონომისტი:

_ აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეების შემცველია. სინამდვილეში, ადგილი ექნება კერძო მეწარმეების მიერ წარმოებული გარიგებების ტოტალურ მონიტორინგს, რაც ნიშნავს, რომ  სესხების აღების მიმართულებით დადებული ნებისმიერი გარიგება უნდა აღრიცხონ. ეს ყველაფერი არალოგიკურია, უნდათ, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია მონიტორინგის ქვეშ მოაქციონ. არადა, ყველა მსგავსი გარიგების ადმინისტრირება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

 

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ რეგულირების გამკაცრება მსოფლიო ტრენდია, რომელიც 2007-2008 წლების  გლობალური საფინანსო კრიზისის შემდეგ საფინანსო სექტორში მოღვაწე ყველა სეგმენტს შეეხო. მე პირადად დიდი იმედით არ ვუყურებ, რომ ასეთი რეგულაციები საფინანსო სექტორის მდგომარეობას გააუმჯობესებს. უფრო ვფიქრობ, რომ მომსახურების სერვისი გაძვირდება, ვიდრე გაუმჯობესდება, აღმოიფხვრება და დარეგულირდება ის, რომ საფინანსო სექტორის პასუხისმგებლობის დონე გაიზრდება მოვალეების მიმართ.

როგორც წესი, კლასიკურად, საფინანსო ზედამხედველობა ეხება იმ ინსტიტუტებს, რომლებიც იღებენ დეპოზიტებს და მათი მეშვეობით გასცემენ სესხებს და ახორციელებენ სხავადასხვა საფინანსო საქმიანობას. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, რადგან ამ მიმართულებით ბანკები სხვა ადამიანების აქტივებს მართავენ. ერთი მხრივ, გვახსოვს, ჩვენს ქვეყანაში არის ფაქტები იმისა, რომ არადეპოზიტური საფინანსო ინტიტუტები გაიქცნენ და ხალხი მოტყუებული დარჩა, თუმცა, მეორე მხრივ, პირადად მე არ ვუყურებ ამ მოვლენას დადებითად, რადგან მკაცრი რეგულაციების მომხრე არ ვარ.

 

საბოლოოდ, პროექტის მიხედვით, კანონს მომავალი წლის პირველი იანვრიდან მიეცემა ძალა და შესაბამისი ღონისძიებებიც ამ პერიოდიდან ამოქმედდება.

ნინო ტაბაღუა