”ჩემგან ითხოვდნენ პირად მონაცემებს, ვინ იყო გეი და ვინ -ტრანსი, ითხოვდნენ ფირებს და პროვოკაციებს… ,,

ცნობილმა ტრანსგენდერმა გიორგი ჩხარტიშვილმა („მაცაცო“) საქართველო უკვე დატოვა.

მის სახელს საქართველოში არაერთი სკანდალი უკავშირდება, მათ შორის, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის საკონსტიტუციო სარჩელი, რუსული სპეცსამსახურების გეგმის მხილება და ჩაშლა.

გიორგი ჩხარტიშვილი ბერლინშია და „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე; იმ პროვოკაციებზე, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებზე უნდა მოეწყო; „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებსა და ქ. თბილისის პროკურატურაში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე.

 

_ გიორგი, შენ წახვედი საქართველოდან, წახვედი სამუდამოდ. გაშანტაჟებდა თუ არა სუს-ი და რაში გამოიხატებოდა შენზე ზეწოლები?

_ მე ნამდვილად დავტოვე საქართველო, ეს ძალიან სწრაფად და ექსპრომტად გავაკეთე იმიტომ, რომ უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდებოდა ის ქმედებები, რასაც სახელმწიფო ჩემ მიმართ ახდენდა, ეს იყო ჩემზე პირდაპირი ზეწოლა, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე და მათ შორის იყო ისიც, რომ ჩემგან მიეღოთ გარკვეული ინფორმაციები, ასევე ჩემი დახმარებით მოეხდინათ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებზე ზეწოლა და გადაბირება. ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ვარ ცნობილი ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც პოლიტიკურ ასპექტებსაც შეიცავს.

პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის მეშვეობით (ვინმე დათო, რომელიც ავლაბრის ტერიტორიაზე მუშაობდა) 2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი, ირაკლი ნოზაძე დამიკავშირდა, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს. დათომ ხელწერილის დაწერა და თანამშრომლობა შემომთავაზა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან. მითხრა, რომ მას სურდა, ამ ადამიანებს შევხვედროდი. ჩვენ შორის მართლაც შედგა შეხვედრა სამების საკათედრო ტაძრის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ პატარა ავტოსადგომია. შავი ფერის ავტომანქანით მოსული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, სადაც მათ პირდაპირ მითხრეს, ძალიან კონკრეტულად, რომ ან ვითანამშრომლებდი მათთან, მათთვის სასურველ ინფორმაციებს მივაწვდიდი, ან არადა, ჩემ მიმართ მოხდებოდა დევნა, დაკავება და ძალიან დიდი ხნით დამიჭერდნენ. ეს ყველაფერი მოვისმინე. მათ ძალიან დეტალურად ამიხსნეს მომავლის პერსპექტივა, ერთი სიტყვით, მაიძულეს, რომ ხელი მომეწერა შეთანხმებაზე, ხელწერილზე, სადაც დავწერდი, რომ მე ვიყავი მათი თანამშრომელი და მათთან ვითანამშრომლებდი. ხელწერილის დეტალური ტექსტი, რა თქმა უნდა, მაქვს. ეს იყო თაბახის ფურცელზე ჩემი ხელით ნამდვილად ავტომანქანაში დაწერილი ხელწერილი, რომ მათთან ვითანამშრომლებდი. მომანიჭეს აგენტურული სახელი „ფანტომი“. 17 მაისის თემა შენთან ძალიან კარგად გავხსენი, თუმცაღა მინდა გითხრა, ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაში ვიყავი ამ ხელწერილის საფუძველზე. მაიძულებდნენ, მათ სასარგებლოდ გადამებირებინა „ლგბტ“ თემის აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ და ინფორმაცია ჰქონდათ გარკვეულ საკითხებზე. ჩემს კომპიუტერში ორი ადამიანის ხელწერილი ინახება, როგორ მოაწერეს მათ ხელი ჩემი თანდასწრებით და ხელწერილის ტექსტიც კი მაქვს დაკოპირებული. მათ დამაფინანსეს, რომ ბათუმში ჩავსულიყავი და ერთ-ერთი აქტივისტისთვის ხელწერილი ჩამომერთმია. არ ვიცი, რატომ დასჭირდათ, რომ ჩემი მეშვეობით გაეკეთებინათ, მაგრამ ეს მე გამაკეთებინეს.

_ გთხოვდნენ თუ არა ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მომუშავე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან, მათ გადაღებას და ჩაწერას?

_ მთხოვდნენ არა მარტო გადაღებას და ჩაწერას, არამედ მათზე ინფორმაციისა და სახელობითი სიის მიწოდებას. ასეთი სია შორენა თეთრუაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებსაც მივაწოდე. საპატრიარქოში მეორე სართულზე, ასასვლელიდან ხელმარჯვნივ მეორე ოთახში, სადაც იდგა ხისფერი გრძელი მაგიდა ძალიან ძვირფასი სკამებით, ამ ოთახის მოპირდაპირე მხარეს იყო შორენა თეთრუაშვილის კაბინეტი. პირადად ამ ოთახში ვხვდებოდით ყოველდღიურად, სადაც შორენა ასევე მთხოვდა არატრადიციული ორიენტაციის პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების, საჯარო ფიგურების მონაცემებს…

_ შორენას თემას აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ ახლა თქვენ მითხარით, რამდენკაციანი სია მიაწოდე სუს-ს და მათში შედიოდნენ თუ არა პარლამენტის, სამინისტროებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები?

_ იძულებითი ფორმით სუს-ს ინფორმაცია მივაწოდე მხოლოდ პარლამენტარებისა და გამგეობებში მომუშავე საჯარო მოხელეების შესახებ. ინფორმაცია მქონდა ჩემივე „ლგბტ“ თემიდან. მათ შორის მივაწოდე ინფორმაცია (ასახელებს კონკრეტულ თანამდებობის პირს), რომელსაც დაჟინებით ითხოვდნენ ჩემგან. ისედაც იცოდნენ, მაგრამ ჩემგან უფრო მეტი დეტალი სჭირდებოდათ და ნამდვილად მივაწოდე. ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მონაცემებს ითხოვდნენ. ეს იყო იუსტიციის მაიორის წოდების მქონე პირი, უბრალოდ, ფოტოებით ამოვიცანი და ვუთხარი, _ კი, ნამდვილად ეს იყო-მეთქი. იმ ადამიანის სახელი არ ვიცოდი და, შესაბამისად, ეს მოხდა… რაც შეეხება სახელობით სიას, ამის გარდა ჩემგან ითხოვდნენ ვიდეომასალას. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩემს სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ისინი შეეცადნენ, რომ ჩემგან ამოეღოთ კომპიუტერული ტექნიკა და მასალები, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს ჩემს სახლში ნამდვილად არ იყო არანაირი მასალები, რომ წაეღოთ. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ მასალებს მთხოვდნენ, რაც შეგნებულად არ გადავეცი… შემდეგ ჩემთან სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და გარკვეული ფირები წაიღეს, მაგრამ არა ის, რაც მნიშვნელოვანი იყო…

_ გიორგი, ინახებოდა თუ არა შენთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები და იყვნენ თუ არა ამ ფირებზე ცნობილი ადამიანები?

_ რა თქმა უნდა, ფირზე იყვნენ ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები. ამას ყოველთვის საჯაროდ ვამბობდი და პირდაპირ მივანიშნებდი, რომ არსებობს ამა და ამ შინაარსის ფირები და მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამას ითხოვდნენ ჩემგან წლების განმავლობაში. უბრალოდ, შეგნებულად არ ვაწვდიდი. ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა…

_ გთხოვდნენ თუ არა ინფორმაციას არატრადიციული ორიენტაციის სასულიერო პირებზე?

_ სასულიერო პირებზე სუს-ს ჩემგან ინფორმაცია არასოდეს მოუთხოვია, მაგრამ უშუალოდ ჩემგან, რა თქმა უნდა, შორენა თეთრუაშვილი გარკვეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვდა.

_ როდის და რა ვითარებაში გაიცანი შორენა თეთრუაშვილი?

_ რაც შეეხება შორენას, როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ ჩემი ნათლობის გრანდიოზული პიარსცენა დაგეგმა, რომ გარკვეული სვლები ჩატარებულიყო საზოგადოებასთან ჩემს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. უფრო გასაგები რომ იყოს, იცით, როგორი თემა იყო? ფაქტობრივად, ამით სუს-მა და საპატრიარქომ საზოგადოებისთვის სცადა დაენახვებინა, არა ის, რომ გეიმ თუ ტრანსგენდერმა ორიენტაცია შეიცვალა, ეს შესაძლებელია და ძალიან კარგი რაღაც მოხდა, არამედ ამით მათ პოლიტიკური სვლა გააკეთეს, რომ შემდეგ საზოგადოებასთან ჩემი ინტეგრაცია მომხდარიყო, დავფინანსდებოდი „ლგბტ“ ორგანიზაციიდან, რომ ჩემს ორგანიზაციას ისინი გარკვეულ ფინანსურ სახსრებს მისცემდნენ, საპატრიარქო პიარაქციებს მპირდებოდა. ეს იყო ტელევიზია, შორენა თეთრუაშვილი პირდაპირ მიმითითებდა „მაესტროზე“, რომ მას „მაესტროს“ საინფორმაციო სისტემაში ვიღაც მეგობარი ჰყავს, რომელიც კარგად დამეხმარებდა ამ საკითხზე. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოება მეუბნებოდა, რომ ისინი ორგანიზაციას მომცემდნენ ყველა ფინანსური რესურსით, რომ ეს სტრუქტურა ჩამომეყალიბებინა საზოგადოებაში ჩემი ინტეგრაციისთვის და სხვა თვალით შემოეხედათ, ასე ვთქვათ, არა რადიკალისთვის. ამიტომ მომნათლეს. რეალურად, ჩემი მიზანი სულაც არ ყოფილა ნათლობის ინსცენირება, მაგრამ ეს დაიგეგმა, იქ იყო შორენა თეთრუაშვილი, ამის ფოტომასალაც მაქვს და შემიძლია მოგაწოდოთ. შევხვდი ასევე პატრიარქს, რაც შორენა თეთრუაშვილის ინიციატივა იყო, რაღაც ფორმალობიდან გამომდინარე, სადაც ფოტოგადაღებაც მოხდა შორენას თაოსნობით… როცა პატრიარქს შევხვდი და კურთხევა მივიღე, რომ უნდა გავქრისტიანებულიყავი და სენისგან განვკურნებულიყავი, ამის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა, უფრო სწორად, თავისი მდივნის, ვინმე იას მეშვეობით, ყოველდღიურად დაიწყო ჩემთან სატელეფონო რეკვა. საპატრიარქოში მამა ზურა ოთხოზორიას მეშვეობით მიბარებდნენ. მივდიოდი, სადაც პატრიარქის მდივან-რეფერენტი მხვდებოდა, ყოველთვის მაძლევდა 500 ლარს, ეს ხდებოდა, დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში, სადაც მე მათი მხრიდან ფინანსურ სარგებელს ვღებულობდი…

_ სანაცვლოდ რას ითხოვდა შორენა თეთრუაშვილი?

_ ფაქტობრივად, შორენა 500 ლარს მაძლევდა ყოველ მეორე დღეს. ამაზე ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გეიმაც იცოდა, როცა ერთად ვმგზავრობდით. ეს თანხა მამაოს მეშვეობით მომაწოდა, იქ დაინახეს და მათაც შეუძლიათ ამის დადასტურებაც. შორენა ჩემგან უშუალოდ ითხოვდა ოთხ რამეს:

ინფორმაციას საპატრიარქოში ლგბტ წევრების შესახებ და მათთან დაკავშირებულ ცნობებს; ასევე თანამშრომლობას, თუ ვინ შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმისთვის, რომ რაღაც საუბრები ჩაეწერათ და ა. შ. პირდაპირ არ მეუბნებოდა, მაგრამ მიმანიშნებდა, რომ მას სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც ჩანაწერების უზრუნველყოფისთვის გამოიყენებდა; მესამე ნაწილი იყო ერთსქესიანთა ქორწინება, _  კატეგორიულად ითხოვდა, რომ ეს სარჩელი უნდა შეტანილიყო და უნდა მომხდარიყო ამ სარჩელის გამოყენება და ა. შ. შემდეგ არ მინდა, რომ რაიმე დეტალი გამომეპაროს, ამიტომ ვიტყვი: მამა ანდრიაც ითხოვდა ჩემგან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილიყო სარჩელი ადამიანსა და ცხოველს შორის სექსუალური კავშირის დაკანონებასთან დაკავშირებით (ზოოფოლია). ამას მკაფიოდ ითხოვდნენ ჩემგან და არაერთგზის. მამა ანდრიას მის მანქანაში, ლურჯ „ოპელში“ ვხვდებოდი, რომელიც ავლაბარში მოდიოდა. ასევე მთავაზობდნენ სხვადასხვა თემაზე სარჩელის აღძვრას, გამოსვლებსა და პროვოკაციებს, რაზედაც არ დავეთანხმე და სწორედ ამიტომ დავშორდი საპატრიარქოსთან. შემდეგ შორენა თეთრუაშვილი ჩემგან ძალიან კონკრეტულად ითხოვდა, თუ რა გეგმით შეიძლებოდა ლგბტ თემის განადგურება საქართველოში. ამ გეგმას აყალიბებდნენ ძალიან კონკრეტულად. ამის შემდეგ შორენა თეთრუაშვილი ჩემგან ითხოვდა უკვე „ლგბტ“ წარმომადგენლების სიას. მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, ასევე მივაწოდე აუდიოფირები და მასალები. შორენა თეთრუაშვილს ყველა ის ფირი და ვიდეომასალა აქვს, რომელიც მქონდა. სწორედ შორენასთან ინახებოდა ჩემი ფირები. როდესაც შორენამ ჩემგან ყველაფერი მიიღო, რაც სჭირდებოდა, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სანაგვეზე მომისროლა და ამის შემდეგ საერთოდ ურთიერთობაც კი გაწყვიტა ჩემთან.

_ თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ… ჰქონდა თუ არა შორენა თეთრუაშვილს ინფორმაცია იმ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც შენ შეიტანე და რომელსაც უნდა მოჰყოლოდა გამოსვლები, ქუჩის პროვოკაციები და ეს პროვოკაცია უნდა დასრულებულიყო ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოყვანით? შენი ინფორმაციით, ამ საქმეში ჩართული იყვნენ ღარიბაშვილის ნათესავები და, მათ შორის, სარჩელის თანხა ზვიად ჯანყარაშვილმა გადაიხადა. იყო თუ არა ამ მოვლენების საქმის კურსში შორენა თეთრუაშვილი?

_ შორენა თეთრუაშვილი აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში იყო. მასთან კაბინეტში ვიყავი და ყველა ვერსიასა და მიმართულებას, ყველა საკონსტიტუციო სარჩელს განვიხილავდი, მათ შორის ამასაც… არ ვიცი, რომელი პოლიტიკური გუნდის თამაშს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ეს ადამიანი საქმეში იყო ჩართული. ისინი გარკვეული ქმედებების შესრულებას მაიძულებდნენ. გახსოვთ, ალბათ, ჩემთვის უსაფრთხოების ზომების მოთხოვნის საკითხი, როდესაც საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, ჩემთვის დაცვა დაენიშნათ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შორენა თეთრუაშვილს მოვთხოვე, რომ მოგაწვდით ფირებს… აქ ლაპარაკი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციოდან არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა. ზუსტად მაგ დღეს შორენა თეთრუაშვილს ვუთხარი, რომ ფირებს მოგცემთ და თქვენ მხოლოდ ამის შემდეგ მომეცით უსაფრთხოება. შორენა თეთრუაშვილმა მითხრა, _ შენ გექნება უსაფრთხოება, მომეცი ფირები. შორენა თეთრუაშვილს ფირები მივეცი. სანამ მივცემდი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. იმავე დღეს მივეცი შორენას ფირები და უსაფრთხოება არ დამენიშნა. ანუ ამაშიც მომატყუა შორენამ. თუმცაღა უსაფრთხოება მაინც მაქსიმალურად მქონდა დაცული, იმიტომ, რომ მე სახელმწიფოსგან სერიოზული უსაფრთხოების გარანტიებს ვღებულობდი, მაგრამ საფრთხე მაინც ძალიან დიდი იყო…

_ მას შემდეგ, რაც შენ „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში დაასახელე ნუგზარ ფოფხაძე და სხვა პირები ღარიბაშვილის გარემოცვიდან, იყო თუ არა მუქარა, ან იყო თუ არა შემოთვლები იგივე შენი მეგობარი ია ფარულავას მეშვეობით?

_ მუქარები ჩემ მიმართ დღემდე ხორციელდებოდა, მუქარას ახორციელებდნენ უბნის ინსპექტორები, რომლებიც ჩემთან ყოველდღე დადიოდნენ. ახლა უკვე აღარაფრის მეშინია და შემიძლია, ძალიან ღიად ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც არსებობდა. პოლიციის თანამშრომლები ჩემთან ყოველდღე სისტემატურად დადიოდნენ, ჩემს დაშინებას ცდილობდნენ, სახლში შემოჭრაც სცადეს, ამ საქმეზე ექსპერტიზის ფოტოებიც დაიდო, ფოტოებიც მიდევს კარზე. როგორი ანაბეჭდები აიღეს, რა გააკეთეს და დღემდე გამოუძიებელია, ჩემს მოკვლასაც ცდილობდნენ, დამჭრეს, ორი ჭრილობა მაქვს გულის არეში მიყენებული. ეს ფაქტი ტელევიზიით გახმაურდა, ანუ ჩემ მიმართ, ფაქტობრივად, ზეწოლა ხდებოდა. რა თქმა უნდა, რეკვები იყო, მიმოწერა ახლაც მიმდინარეობს…

_ ვინ გწერდა?

_ ძალიან ბევრი, ის ნაცნობები, ვინც ამ საქმეში ზოგადად იყვნენ ჩართულები, იგივე ია ფარულავა, ნებისმიერი ადამიანი, რომ ასეთი რაღაცები, ზოგადად, ხდება და უნდა გაჩერდე, არ შეიძლება ასე და ამას სხვა შედეგი მოჰყვება, ამას სხვანაირად მიუდგებიან და ა. შ. ჩემ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს… ადვოკატი არის ნათია კორკოტაძე. ალბათ, ნათია გააკეთებს ინტერვიუს, რომ სამართლებრივად ეს აბსურდია, თაღლითობის არანაირი ნიშანი არ არის. კი ბატონო, იქ მინუსებია, მაგრამ წმინდა სამოქალაქო დავაა, რაც იმიტომ გააკეთეს, რომ ჩემ მიმართ დევნა მომხდარიყო. ეს გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ნოზაძეს აღარ მივაწოდე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები და მივაწოდე საპატრიარქოს. ანუ ირაკლის რომ უარი ვუთხარი, ამაზე იყვნენ გაგიჟებულები და ჩემ მიმართ დევნა დაიწყეს, თორემ… მარტივად რომ გითხრათ, ფაქტობრივ გარემოებებში რომ ჩავიდეთ, როდესაც გამოძიებამდე არ იყო მისული, ეს კომპანიები ჩემ წინააღმდეგ საჩივრებს წერდნენ პოლიციაში, ირაკლი ნოზაძე აბსოლუტურად ყველა განყოფილებაში რეკავდა და ეუბნებოდა, რომ ჩვენი ადამიანია, გამოუშვით, არაფერი გააკეთოთო.

_ ირაკლი ნოზაძე მისი ნამდვილი სახელი და გვარია, თუ, უბრალოდ, სხვა სახელით და გვარით ურთიერთობდა შენთან?

_ ვიცი, რომ ეს ადამიანი ირაკლი ნოზაძეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში მუშაობდა, ეს არის 2015-2016 წლების პერიოდი, 2017 წლის იანვრამდე, მერე ვიღაც უსაფრთხოების ოპერი მუშაობდა ჩემთან. თქვენ იცით, რომ მე ოპერატიული მუშაკები დამდევდნენ, ამის ვიდეოებიც და ფოტოებიც მაქვს დადებული, თქვენ არაერთი კომენტარი გაქვთ ამ ფოტოებზე, რომელიც მე გადავუღე, ანუ ჩემზე კონტროლი ყოველთვის ხორციელდებოდა. ჩემგან ძალიან მარტივ რაღაცას ითხოვდნენ, ზოგადად, ყველა, გაერთიანებულად… ითხოვდნენ პირველი: პირად მონაცემებს, ვინ იყო გეი და ვინ იყო ტრანსი, ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდათ, ითხოვდნენ ფირებს და ითხოვდნენ რას? _ პროვოკაციებს… აი, ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნები, რასაც სახელმწიფო და ეკლესია ითხოვდა…

_ მათ იცოდნენ თქვენი ურთიერთობა „ქრონიკა+“-თან. არ გთხოვდნენ ინფორმაციებს „ქრონიკა+“-ზე?

_ „ქრონიკა+“-ზე მთხოვდნენ და მაიძულებდნენ აუდიოჩანაწერებით მოსვლას. ძალიან ბევრჯერ მაიძულებდნენ. მათ შორის, მავალებდნენ გამეგო, სად ინახავდი ინფორმაციას, სად ხდებოდა შენი ჩაწერა, კამერა საით იყო მიმართული და ა. შ. შენთან მიმართებით, რა თქმა უნდა, დეტალებზე, მამუშავებდნენ. მე მხოლოდ ერთადერთხელ ვიყავი შენთან მოსული სპეციალური აუდიოჩამწერი აპარატით, სხვა შემთხვევაში შენთან აღარ მოვსულვარ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მოვედი, შენთან ისეთ თემებზე არ მისაუბრია, რაც მათთვის საინტერესო იყო. სხვა შემთხვევაში ვეუბნებოდი, რომ ელისო არ მხვდება და ელისოს ვერ ვხვდები, თუმცაღა მაიძულებდნენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დათო დააკავეს… ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ…

_ დათოს დაკავების მერეც იყო?

_ დათოს დაკავების შემდეგ, ხო… მე ამის მერე აღარ მოვსულვარ და ვუთხარი, რომ აღარ მხვდებოდი და ვერ მოხდებოდა შენთან შეხვედრა. მერე მხოლოდ ერთხელ ვიყავი შენთან ჩამწერი კამერით მოსული. რა თქმა უნდა, ვერაფერი ამოიღეს. ამაზე ძალიან განაწყენდნენ, „ოხოხოხოს“ იძახდნენ და არ ვიცი… სხვათა შორის, შენი ოფისის ქვემოთ მელოდებოდნენ მანქანით, როცა წამიყვანეს და ასეთი სიტუაცია იყო… ამას შენ ვერ გეუბნებდი, იმიტომ, რომ ჩემი ყველაფერი ისმინებოდა, ჩემს სახლში ვიდეოკამერა ეყენათ, ყველაფერი იყო გაკეთებული. ახლა გეტყვი, რატომ გადავწყვიტე წამოსვლა, ანუ რატომ გადაწყდა…

_ მოდი, დავაზუსტოთ, რას ითხოვდნენ შენგან ჩემი შვილის დაჭერამდე და დაჭერის შემდეგ?

_ არა, ვიდეოკამერით მოვედი დაჭერამდე, მაგრამ დაჭერის შემდეგ უკვე მთხოვდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი შენთან შეხვედრაზე. ამიტომ მეც მოგწერე, _ ელისო შევხვდეთ, ელისო შევხვდეთ… მოსვლას მთხოვდნენ, მაგრამ შენთან არ მოვსულვარ, ფიზიკურად არ მოვსულვარ…

_ გასაგებია… და რა ინფორმაციას ითხოვდნენ ჩემზე, მაგალითად, რა აინტერესებდათ კონკრეტულად?

_ უნდა მესაუბრა და კამერებთან დაკავშირებით გამეგო, ასევე უნდა გამეგო დათოსთან დაკავშირებით მტკიცებულებები და შენი აზრი ზოგადად მიმდინარე პროცესზე, იგივეს მთხოვდნენ გამეგო ჩემი ადვოკატისგან, ნათია კორკოტაძისგან, რომელიც ჩემს საქმეშიც ადვოკატია და ითხოვდნენ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათია დამემუშავებინა. მინდა გითხრა ყველაზე მთავარი დეტალი, ნათიასა და დათოს საქმეს რომ შევეხო, ზუსტად მაგ პერიოდში თბილისის პროკურატურაში ვიყავი, ეს არის სასამართლოს გვერდით, სადაც ადვოკატთან ერთად არ შემიშვეს. რომ ვუთხარი, ნათიასთან ერთად მოვდივარ-მეთქი, მითხრეს, რომ არა, ნათიასთან ერთად არ მოხვიდეო და მე პროკურატურაში შეხვედრაზე ვიყავი ადვოკატ ირმა დალაქიშვილთან ერთად, სადაც მათ მითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა და მათთან მეთანამშრომლა.

_ პროკურორის სახელი და გვარი გახსოვს?

_ არ მახსოვს, მაგრამ იქ ხომ საშვით გავიარე, მე-2 სართულზე იყო მე-6 კაბინეტი, თუ არ ვცდები. ნებისმიერ დროს ჩემი იქ შესვლა-გამოსვლა შეგიძლიათ გადაამოწმოთ ადვოკატ ირმა დალიქიშვილთან ერთად…

_ ადვოკატი ირმა დალაქიშვილი ამ საუბარს ესწრებოდა, როცა პროკურატურა თქვენგან თანამშრომლობას ითხოვდა?

_ კი, ირმა დალაქიშვილი ჩემთან ერთად იყო ამ საუბარზე…

_ ნათია კორკოტაძესთან დაკავშირებით რას ითხოვდნენ?

_ ნათიასთან დაკავშირებით არაფერს ითხოვდნენ, უბრალოდ, თანამშრომლობა შემომთავაზეს… იქ მარტო პროკურორ-გამომძიებელი არ იყო, იქ იყო კიდევ სამი ადამიანი. მითხრეს, რომ უნდა მომხდარიყო ინფორმაციების მოწოდება შენ რას ფიქრობდი, ნათია რას ფიქრობდა და დათოს საქმეში რა ხდებოდა. რა სტრატეგია გქონდათ, ამაზე იყო მიწოლა. თუ ამ დავალებას შევასრულებდი, ამის საფუძველზე საპროცესო შეთანხმებაზეც მელაპარაკებოდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩემი სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაკეთება. მერე მომთხოვეს, რომ უდავოდ მეცნო მტკიცებულებები. _ არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ-მეთქი! თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი და გამოვედით.

_ აპარატურის დაყენებას არ გთხოვდნენ ჩემს ოფისში? მაგალითად, მოსასმენი აპარატურის სადმე დამაგრებას და ასე შემდეგ?

_ არასოდეს ეს არ მოუთხოვიათ, ელისო. შენთან როდესაც მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემს ტელეფონს უსმენდნენ და ჩემს ტელეფონში იყო მოსასმენი აპარატი, ამიტომ ტელეფონს ყოველთვის გარეთ ვტოვებდი. როცა შენ პირველად გვხვდებოდი, გახსოვს, ალბათ, რომ გითხარი, მოდი, ტელეფონი გარეთ გავიტანოთ და ისე ვისაუბროთ, მელაპარაკე რაც გინდა და როგორც გინდა, მე შენ გელაპარაკებოდი რეალურად, რა პრობლემებიც მქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შენთან იმდენად ნდობაში ვიყავი, თავისუფლად შემეძლო შემომეტანა ტელეფონი ისე, რომ ეჭვიც არ გაგიჩნდებოდა ჩემს ჩაწერებზე, მაგრამ პრინციპულად გამქონდა ტელეფონი და გარეთ ვტოვებდი იმიტომ, რომ ეს არ მომხდარიყო…

_ ანუ მეუბნები, რომ ჩემი შვილის დაკავების შემდეგ მათ აინტერესებდათ, როგორი იყო ნათია კორკოტაძის სტრატეგია დათოს საქმესთან დაკავშირებით?..

_ და შენიც…

_ ჩვენ ამაზე საჯარო განცხადებებს ვაკეთებდით და კიდევ დამატებით რა ინფორმაციას ითხოვდნენ?

_ არ ვიცი, ელისო, უბრალოდ, ამ შეკითხვებს მე მისვამდნენ, _ რას ფიქრობს, რას გეგმავს, რა ხდება მაგათ საქმეში, ასეთ ზოგად შეკითხვებს მისვამდნენ, მე არ მეუბნებდნენ, კონკრეტულად რა აინტერესებდათ. ასეთი შეკითხვა ჩემამდე არ მოსულა, ჩემთან საკითხი ასე არ დაუსვამთ. კარგად ხვდები, რომ ფსიქოლოგიური დამუშავება ასე ხდებოდა… მაგრამ, უბრალოდ, არ გამოუვიდათ.

_ სოსო გოგაშვილს იცნობ?

_ სოსო გოგაშვილს პირადად არ ვიცნობ, მას ვიცნობ ჩვენი საერთო მეგობრებისგან. სოსო გოგაშვილი მხოლოდ ერთადერთხელ იყო საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილთან შეხვედრაზე. მას ფიზიკურად, ვიზუალურად არ ვიცნობდი, ერთადერთხელ მაგ დღეს ვნახე და შემდეგ ამოვიცანი მხოლოდ შენს სტატიებში გამოქვეყნებული ფოტოდან, პირადად რომ ეს ადამიანი მცოდნოდა, გამორიცხულია, არ ვიცნობდი…

_ რა საქმეზე იყო გოგაშვილი შორენა თეთრუაშვილთან?

_ გოგაშვილი თეთრუაშვილთან შეხვედრაზე იყო 17 მაისის პროვოკაციასთან დაკავშირებით. შარშან იგეგმებოდა პროვოკაცია, როგორც იცით, სომხეთიდან უნდა ჩამოყვანილიყო რაღაც ჯგუფი, რომელთან ერთადაც მოხდებოდა გარკვეული სვლები და პროვოკაციული გეგმები. ამაზე დავწერეთ შარშანდელ 17 მაისთან დაკავშირებით. არც ერთმა საინფორმაციომ არ გაავრცელა, რომ იქ იგეგმებოდა პროვოკაციები, მხოლოდ შენ გაავრცელე და მხოლოდ ამით ჩაიშალა ეგ გეგმა, თორემ რეალურად ის გეგმა იგეგმებოდა. საპატრიარქოსაც ვაფრთხილებდი, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს-მეთქი, მაგრამ საპატრიარქოს ძალიან ბევრი პლუსი ჰქონდა ამაში. რეალურად, საპატრიარქო და სოსო გოგაშვილი, ანუ, ზოგადად, სუს-ი ერთად ცდილობდნენ სერიოზული პროვოკაციის მოწყობას. რას გეგმავდნენ, არ ვიცოდი, არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ისეთ კითხვებს მისვამდნენ და ისეთ საკითხებზე მსჯელობდნენ, კითხვები ისეთი თემატიკის იყო, რომ იქ ძალიან სერიოზული ამბები მოხდებოდა და შემდეგ ბევრი რაღაც შეიცვალა. მერე პარლამენტში რამდენიმე ჩემს მეგობარ მაშინდელ დეპუტატს ველაპარაკე. იმათ ძალიან სერიოზული რჩევები მომცეს და ბევრ უსიამოვნებას გადამარჩინეს…

ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული ზეწოლები დაიწყო, მემუქრებოდნენ მოკვლით იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უნდა დამეწერა, კიდევ ერთხელ უნდა შემეტანა სარჩელი, უარზე ვიყავი და ამიტომ მემუქრებოდნენ მოკვლით. ითხოვდნენ უკვე მერობის არჩევნებზე ჩემს ჩართვას, ჩემს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად წასვლას, ან განაცხადის გაკეთებას და მაგ ნაწილში სერიოზული აქციის მოწყობას ითხოვდნენ, ზაალ უდუმაშვილის შეხვედრებზე მისვლას და კითხვების დასმას მავალებდნენ, თანახმა იყო თუ არა მერიაში ტრანსების დასაქმებაზე? იყო თუ არა უდუმაშვილი თანახმა, თბილისში გეიაღლუმის მოწყობის მხარდამჭერი ყოფილიყო? ან სკვერების გამოყოფაზე თანახმა იყო? ასეთი კითხვები უნდა დამესვა მისთვის საჯარო შეხვედრების დროს. ეს მოთხოვნა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან, რაზედაც უარი განვაცხადე. იძულებული გავხდი, გამოვქცეულიყავი და გერმანიისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა.

 

გაგრძელება იქნება

 

ელისო კილაძე