ზვიგენის პატრონმა თხარა, თხარა და საპროტესტო ტალღა გამოთხარა

ენმ საპროტესტო რეჟიმზე გადადის

ზვიგენის პატრონმა იმდენი თხარა, კატა არა, მაგრამ კატაზე უარესი გამოთხარა _ საპროტესტო ტალღა.

 

მერე რა, რომ ჯერ ხალხი ცოტა იყო. იმ მოვლენების შემდეგ, რაც მერიის წინ განვითარდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო და საპროტესტო რეჟიმზე გადავიდა. საპროტესტო რეჟიმი, ყოველდღიური ბრძოლა ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებით, იმ გადაწყვეტილების შესაჩერებლად, რომელიც თბილისის საკრებულომ გამოიტანა და 1 ლარად მიაყიდა თბილისის გულში მიწა ივანიშვილს.

დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი საზოგადოება კარგა ხანია ელოდა ამ დღეს, ითხოვდა პერმანენტულ ბრძოლას და არა 2-საათიან თუ თუნდაც ერთდღიან აქციებს. სწორედ ხანმოკლე აქციების მიმართ უარყოფით განწყობას უნდა დაბრალდეს ისიც, რომ 2 ოქტომბერს, მერიის წინ არ იყო ხალხის ის რაოდენობა, რასაც უდავოდ იმსახურებდა ივანიშვილის მიერ ივანიშვილის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. დიახ, ივანიშვილისა და არა ვინმე ალიბეგაშვილის, ნარმანიასი, ან კალაძის.  მიწების ასე უტიფრად და ცინიკურად მიტაცება იმსახურებდა არა ათასი თუ ორი ათასი კაცის გამოსვლას ქუჩაში, არამედ ასი ამდენის. სხვა რაღამ უნდა შეგილახოს ღირსება, სხვა რაღამ უნდა გაგაცოფოს, თუ არა იმან, რომ ქველმოქმედის მანტიით მოსული მილიარდერი, დაპირებული უფასო ფულის დარიგების ნაცვლად, თავად ურცხვად, უფასოდ ეპოტინება სახელმწიფოს, ყველა ჩვენგანის ქონებას. ქველმოქმედის მანტიით მოსული მილიარდერი აღმოჩნდა ლურჯად გადაღებილი მელი  მოძღვრად. კარგი იქნება, თუ იგი ამ იგავის ფინალს ჩააანალიზებს და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დაეთანხმება სულხან-საბას, თუ მასაც ნიცშეს გზას გაუყენებს და კამათს დაუწყებს.

უკვე აღვნიშნე, რომ 2 ოქტომბრის აქციაზე მიუსვლელობის მიზეზი საზოგადოების ნაწილში იყო სწორედ ერთდღიანი, ხანმოკლე აქციების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება. ივანიშვილმა აქციის დარბევით, აქციის მონაწილეთა ცემით და დაკავებით მოახერხა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიყვანა საპროტესტო, ყოველდღიური ბრძოლის რეჟიმში, რაც, მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს ნაწილი, რომელსაც არ ეპიტნავებოდა ხანმოკლე აქციები, როგორც არაფრის მომცემი, ხვალ, ზეგ და მაზეგ ამ საპროტესტო ტალღას შემოუერთდება.

ცხადია, საზოგადოების გულგრილობას ვერც ეს მიზეზი ამართლებს (მხოლოდ ხსნის) და ვერც, მით უმეტეს, ის თავსხმა წვიმა, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა 2 ოქტომბრის აქცია. ბევრმა სწორედ წვიმა მოიმიზეზა აქციაზე მიუსვლელობის მიზეზად. უფრო სწორად, მათ დიდ ნაწილს  ქუჩაში პროტესტის გამოხატვა ეზარებოდა და წვიმა მოიმიზეზ-მოიდოს-მარილა! წვიმა არგუმენტი არაა. თუ არგუმენტად გეჩვენებათ, მარტივად შეგახსენებთ, რაღაც არ მახსოვს, რომ 2003 წელს „კუპალნიკებით“ მენახეთ წინასარევოლუციო აქციებზე და, რატომღაც, არც ის მახსენდება, რომ ვინმე დამდნარიყო იმ წვიმაში.

როგორც ჩანს, საზოგადოებამ წვიმაც დაივიწყა და ისიც, რომ 2 დღეში და თუნდაც ერთ კვირაში ხელისუფლება არც მაშინ შეცვლილა. ეს რომ ახსოვდეთ, ბევრი არ მოინდომებდა ახლა მოვლენების ელვის სისწრაფით განვითარებას _ „გავედი-შევცვალეს“ მოტივებზე. არც იმას იტყოდნენ, რომ ახლა გამარჯვების იმედი არაა და ამიტომ აზრი არ აქვს გამოსვლას. არც მაშინ არ იცოდა არავინ, ის მოვლენები ხავერდოვნად  და ვარდებით დასრულდებოდა, სისხლისღვრით თუ, უბრალოდ, „დაიღალნენ-დაიშალნენ“-ით! და რაც მთავარია, არც სხვების ყურებას არ დაიწყებდნენ, _ გავიდნენ და მეც გავალო. როცა ქუჩაში ასი ათასი კაცი გავა, შეგიძლია პლედი დაიხურო და ჩაი სვა, _ ჟოლოს, ალუბლის თუ მაყვლის მურაბით. რატომ? იმიტომ, რომ ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოჩენის შემდეგ ორი იმდენი მედროვე იყნოსავს მოსალოდნელ ცვლილებებს, იმ ასი ათასს წინ გადაასწრებს და ბარიკადებზე შეხტება ანჟელა დევისივით. ეს ყველაფერი კარგი იქნება, თავად ბიძინა ივანიშვილმაც ჩააანალიზოს.

დღეს რომ უხაროდა თავსხმა წვიმა, გაიხსენოს, რომ სწორედ წვიმაში დაიწყო მაშინაც, რაც დაიწყო, თუ წვიმა არაფერს ახსენებს, იქნებ, ქოლგებმა, ამ რევოლუციურმა რეკვიზიტმა უთხრას რამე… ისედაც საცობებით მოგუდულ ქალაქში 2 ოქტომბერს კიდევ უფრო მეტი და ხანგრძლივი საცობები იყო, იგრძნობოდა მათი შექმნის ხელოვნურობაც და ლარიანი დიდოსტატის მარჯვენაც. დღეს შექმნი საცობს, ხვალ, ზეგ, მაგრამ როდემდე დააცობ? ამაოა გარჯა ძალაუფლების სიყვარულისა. ჯინი აქ არაა და მაინც (ჩ)ამოვა…

თუ მასაც საზოგადოების ნაწილივით მეხსიერება არ ღალატობს, წესით და რიგით, არც იმით უნდა იკეთებდეს გულს, რომ აქციების პირველ დღეს ცოტა ხალხი იყო. მაშინაც ასე იწყებოდა… და როცა ტალღა აზვირთდება, ვეღარც მერიაში კლდეკარის ერისთავივით გამაგრებული ნარმანია გიშველის და ვეღარც კახი და ვეღარც მიტაცებულ ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი კვახი. და რაც მთავარია, როცა ბრძანებას იძლევი ძალის გამოყენებაზე და ის პოლიციელები, რომლებიც მანამდე მშვიდად აწესრიგებდნენ აქციას, უცებ მხეცდებიან და გადადიან ცემაზე, დარბევასა და აქციის მონაწილეების დაკავებაზე, ელემენტარულად უნდა გახსოვდეს, რომ სწორედ ცემაა ის, რაც ისტორიულად კარგად აქვთ დაცდილი „ნაცებს“. რომელი ერთი გაგახსენო, _ ქვების წვიმა თუ ბათუმში ნაცემი გივი თარგამაძე? მაგ ბატალური სერიების შემდეგ სერიებში რა ხდებოდა და რაც მთავარია, ფინალში რაც მოხდა, გახსოვთ? თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ისევე შეგრჩებათ, როგორც ჩიორას ცემა ბიბლიოთეკასთან?

დღეს რომ პოლიცია გემორჩილებათ და თქვენი მითითებით ხალხს სცემს და აკავებს, ნურც ეგ დაგაიმედებთ დიდად. 2 ოქტომბრის აქციას ისინიც რიგით, მორიგ აქციად აღიქვამდნენ და ელემენტარულად დაემორჩილნენ უკანონო ბრძანებას, ვერ და არ გარისკეს შეწინააღმდეგება სამსახურის დაკარგვის შიშით, მაგრამ მერწმუნეთ, კრიტიკულ მომენტში, თქვენი გულისთვის, არც სისხლში გაისვრიან ხელებს და არც ჰაერში გაისვრიან. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ისევ და ისევ 2 ოქტომბრის აქცია. საცობების გამოისობით აქციაზე რომ მივედი, შარტავას ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო, უხვად იყვნენ პოლიციელები, მაგრამ აგრესია მე იქ არავის მხრიდან არ შემინიშნავს და არც მათი კატეგორიული მოთხოვნები მომისმენია გადაკეტილი გზის გახსნასთან დაკავშირებით. აქცია იმ დაძაბვამდე რამდენიმე წუთით ადრე დავტოვე ბოლომდე გალუმპულმა და შემდეგ დაიწყო, ის რაც დაიწყო და იმ რამდენიმე წუთში მოასწრეს „არაერთგზის მოწოდება“?  თუ გადაკეტვა ასეთი მიუღებელი იყო, ან მანამდე რატომ გადააკეტინეს, ან 2 საათი რას ელოდნენ? ასე რომ, ცრუობს თქვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ჯერ იმას ვერ აკონკრეტებდა, რის გამო დააკავეს ხალხი აქციაზე და შემდეგ იმას ამტკიცებდა, რომ  „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს“.

ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ის, რომ თითქოს აქციის მონაწილეები მერიაში შეჭრას ლამობდნენ. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნარმანიამ აქციის მონაწილეების მოთხოვნას არ უპასუხა. და რაც მთავარია, მერიაში შესვლას (და არა შეჭრას) ცდილობდა 4 დეპუტატი და არა ის ხალხი, ვინც მერიის შესასვლელთან იყო მიმწყდარი, სწორედ იმ მოთხოვნით, რომ შეეშვათ დეპუტატები.

დღეს ეს ტყუილები გაგივათ, ისევე როგორც გაგდით ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ გასვლასაც აქვს თავისი გასვლის დრო. დღეს აქციას ძალის გამოყენებით დაშლით, მაგრამ დადგება დრო, როცა ეგ ძალა უძლური აღმოჩნდება ხალხის ძალასთან. დღეს 6 კაცს დააკავებ, ისე სცემ, რომ საავადმყოფოში გადასაყვანი გაგიხდება, მაგრამ როცა ხალხის რიცხვს ნულები მიეწერება, ეგ თქვენი ძალა განულდება და მერე გინდა ნიცშეს ეკამათეთ და გინდა ჯო დასენს ეკაიფეთ. მერე ვეღარც 1 ლარად ნაყიდ სახელმწიფოს გაცვლით ცხენში და არც ზებრა იქცევა მერნად, რომელიც გადაგატარებთ ბედის სამზღვარს…

რეზო შატაკიშვილი