თბილისი _ სიკვდილით სავსე ქალაქი

წინასაარჩევნო კამპანიისას სლოგანი, პარტიის იქნება თუ კონკრეტული კანდიდატისა, უნდა პასუხობდეს ზოგადად სლოგანის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს _ უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური, ემოციური და ასახავდეს ძირითად დაპირებას. კარგად შერჩეული სლოგანი მოსახლეობამ უნდა აიტაცოს და მოარულ ფრაზადაც იქცეს. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეს მოთხოვნები ამ არჩევნებზე ლეიბორისტების არაოფიციალურმა სლოგანმა „გუგავა მოვა“ უფრო დააკმაყოფილა, ვიდრე იგივე ლეიბორისტების ოფიციალურმა („არ შევარჩინოთ, დავიწყოთ შეცვლა“), ან სხვა პარტიებისა და კანდიდატების მთელი სერიოზულობით გაცხადებულმა სლოგანებმა.

 

თუ სპეციალისტებს ვერწმუნებით, სლოგანის შერჩევა დიდწილად განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის წარმატებას არჩევნებში, მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით და ჩავაანალიზებთ, ხშირად პარტიების მიერ არჩეული სლოგანი მათი არათუ უბრალოდ წარმატების, არამედ ბედის განმსაზღვრელი _ მათივე ბედისწერა ხდება.

ასე მაგალითად, თავის დროზე, „ნაციონალების“ სლოგანი იყო „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. ეს სლოგანი ფრთიან ფრაზადაც იქცა და დღემდეც, აგერ უკვე მერამდენე წელია, დაფრინავს. ალბათ იმიტომაც, რომ ამ სლოგანში მხოლოდ მათი მთავარი საარჩევნო დაპირება კი არ გაჟღერდა, საერთოდ მათი მიდგომა განსხეულდა. საქმე ის არის, რომ „ნაციონალები“ ლაპარაკს არ მიიჩნევდნენ საქმედ და მათი შეხედულებით მთავარი იყო საქმის კეთება და არა ხალხთან ლაპარაკი. იმედოვნებდნენ, რომ საქმენი მათი წარმოაჩენდნენ მათ. ცოცხი რომ გადაბრუნდა, მერეღა მიხვდნენ, რომ ლაპარაკიც საქმე ყოფილა და თურმე როდესაც რაღაცას აკეთებ, ხალხს გასაგებად უნდა განუმარტო, რას აკეთებ და რისთვის აკეთებ. სხვა შემთხვევაში, ხდება ის, რაც მოხდა კიდეც _ ვიდრე ეს ხალხი დაინახავს დამთავრებულ საქმეს და მეტიც, იგრძნობს იმ გაკეთებული საქმის სიკეთეს, ნერვიულობს, ღიზიანდება, ბრაზდება და მოსახლეობაში აგრესია გროვდება, მერე კი ამ აგრესიას ვეღარ შველის ის ნაკეთები საქმეები. მაშინ, როდესაც დუმხარ შენ და დეტალურად არ აყენებ საქმის კურსში მოსახლეობას, ყაყანებს შენი მტერი თუ ოპონენტი, მოსახლეობაში თესს გაურკვევლობას, ათასგვარ შიშს და გინიორწყლებს ყველაფერს. პედრო ალმოდოვარი რომ „ნაციონალების“ გულშემატკივარი ყოფილიყო, აუცილებლად ურჩევდა: „დაელაპარაკეთ მათ“. მოსახლეობასთან რომ საკმარისი კომუნიკაცია არ ჰქონდათ, ამას აღიარებდნენ კიდეც „ნაციონალები“ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. მე თუ მკითხავთ, მათ არათუ საკმარისი კომუნიკაცია არ გააჩნდათ, პიარი არც უვარგოდათ, მიუხედავად იმისა, რომ იყო მითი მათ განუსაზღვრელ პიარშესაძლებლობებზე. ეს ისეთივე მითი იყო, როგორც მოჭმული ძუძუები, დაჭრილი თირკმლები და ახალაიას „ბალკონზე“ დაბმული  მგლები. რა დიდ პიარგაქანებაზეა საუბარი, როდესაც ნაკეთებ საქმეებზეც ვერ აწვდიდნენ მოსახლეობას ინფორმაციას ხეირიანად და ვერ და არ ანეიტრალებდნენ მათ წინააღმდეგ კუსტარულად აგორებულ ბინძურ კამპანიებსაც კი. მე თუ მკითხავთ, პიარი მათ კი არა, „ქოცებს“ უვარგათ, არაფერს აკეთებენ და მაინც თავი მოაქვთ და მოსახლეობას რაღაცებს აჯერებენ.

სხვათა შორის, „ნაციონალების“ მომდევნო სლოგანში უკვე შეიგრძნობოდა სამომავლო მარცხის შიშნარევი სურნელი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, _ ამბობდნენ ისინი და თითქოს გრძნობდნენ, რომ ბევრი საქმე იყო მოსასწრები და არ დააცლიდნენ და ასეც მოხდა.

რეალურად, იგივე განმეორდა „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც, ოღონდ აქ საქმე სლოგანამდე არც მისულა და ეს ყველაფერი თვითონ პარტიის სახელწოდებამ აიღო თავის თავზე. „ქართულმა ოცნებამ“ უხვად გასცა დაპირებები, ხალხი წავიდა ფუჭ და ფუყე ოცნებებში და ეს ყველაფერი: განახევრებული ტარიფები, განულებული კრედიტები, „უფასო ფული“ და კაი ცხოვრება _ დარჩა ოცნებად. რაც არ უნდა ეჩვენებოდეს ადიკო ივანიშვილს, რომ ყველა ოცნება ახდა, ეს ყველა ოცნება აუხდენელია და არც ამხდარა. ოცნება დარჩა ოცნებად.

მოკლედ, სლოგანი სულაც არაა ხელწამოსაკრავი. რა ვითარებაა დღეს ამ მხრივ? ჩვენ მიერ უკვე განხილული სლოგანების მსგავსად, პარტიებისა და კანდიდატების ახლანდელი სლოგანებიც იმაზე მეტ ფარულ თუ ღია ინფორმაციას იტევს, რასაც წესით უნდა იტევდეს სლოგანი. სლოგანი უნდა იყოს სხარტი, ემოციური, გამოხატავდეს ძირითად დაპირებას და იყოს, რაც მთავარია, მკაფიო და არაორაზროვანი. ჩვენ კი ერთს გვეუბნებიან და მეორეს გულისხმობენ. მეტიც, თვითონ რომც არ გულისხმობდნენ და რომც არ ჰქონდეთ ცნობიერად ნაფიქრი ამაზე, თვითონ მათი ნათქვამი გულისხმობს იმ მეორეს, სხვას.

შალვა ნათელაშვილი გვეუბნება: „გუგავა მოვა!“ _ რა არის ეს, მართლაც დაპირება, რომ თუ ვინმე დაგვჩაგრავს, გუგავა მოვა, თუ მისი აუხდენელი ოცნება და სურვილი _ გუგავა მოვიდეს მერად?

აგერ კუკავა გვეუბნება, რომ დავამარცხოთ ლიბერალური სენი და „დავიბრუნოთ თბილისი, დავიბრუნოთ საქართველო“. გაუგებარია, ვისგან ვიბრუნებთ თბილისს? ქართული „ოცნებისგან“ თუ უცხოტომელებისგან, რომლებიც აქ, თბილისში სამუშაოდ, სასწავლებლად თუ საცხოვრებლად არიან? თბილისში ამირა ზის და მისგან ვიბრუნებთ თბილისს? და რა მოხდება, თუ კუკავა ავირჩიეთ, როგორ მოხდება ეს დაბრუნება _ თბილისიდან ყველა თურქს, არაბს, ინდოელს, ჩინელს და აფროამერიკელს გავყრით დედაწულიანად? თუ ეს არც უგულისხმია, დღევანდელი არ მოსწონს და ძველებურ თბილისს გვპირდება? ძველებურიც ათასნაირია და რომელს გვპირდება _ კინტოებიანს და დუქნებიანს? საბჭოთა თბილისს? 90-იანი წლების თბილისს გვიბრუნებს, შევარდნაძისდროინდელს თუ მიშას დროინდელს? მოდი და გაიგე, ვისგან იბრუნებს თბილისს და როგორ თბილისს გვიბრუნებს!

კუკავას სლოგანს ლაითად ეკილოკავება „ნაციონალების“ სლოგანი „გადავარჩინოთ ჩვენი ქლაქი, ჩვენი თბილისი“. მაგრამ ეს სლოგანი ბევრად მკაფიო და გასაგებია: უდუმაშვილი გვეუბნება, რომ თბილისი გადასარჩენია (ე. ი. იღუპება, ან არის საფრთხე დაღუპვისა) და ამ შემთხვევაში ისიც გასაგებია, რას მიიჩნევენ გადასარჩენად _ იმას, რაც კეთდებოდა და რა გზასაც ადგა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გასაგებია მისი მიზანიც („თბილისი ვაქციო დასაქმებული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქად“), მაგრამ რაკი „ნაციონალების“ სლოგანზე მიდგა საქმე, ისიც უნდა ვთქვა, რომ ცოტა შინაურულად და კნინობით-ალერსობითად მეჩვენება როგორც მათი „ზალიკო მერად“, ისე ელისაშვილის „ალეკო მერად“. ბარემ, ელენე ხოშტარიასაც დაეწერა „ლიაკა მერად“ და რაღა გვიჭირდა? „ევროპული საქართველოს“ სლოგანები მოწოდება უფროა, ვიდრე რაიმე დაპირების გამოხატულება: „საქართველო წინ უნდა წავიდეს“, ან თხრობითია და მოუქნელი: „სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ შურისძიება და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ“, _ თუმცა შეუძლებელია, არ დაეთანხმო შინაარსში, როგორ მოუქნელადაც არ უნდა იყოს გადმოცემული იგი, რასაც ვერ ვიტყვით მათ „ოცნებაზე“ _ „შევცვალოთ მშვიდობიანად“. ერთი 2016-ში შეცვალეს რამე მშვიდობიანად და მეორე _ ახლა შეცვლიან.

აი, ელისაშვილი კომბალზე იყურება _ კომბლესავითაა და ყველას კბილების დამტვრევით ემუქრება, ვინც არჩევნებს გაყალბებს. მე ერთი ის მაინტერესებს, ამ მწვანე ნარგავების დაცვაზე გადაგებულმა კაცმა სად მოჭრა ხე, კომბალი რომ გამოთალა? ცოტაც და, ალბათ, ჩამოივლის და ყველას კბილების დაკრეჭას მოსთხოვს. ელისაშვილი იმასაც გვეუბნება, ხალხის გარდა უფროსი არ მეყოლებაო. არსენად ვირჩევთ თუ მერად? მოსული არაა და უკვე კონსტიტუციას სდრუზა კომბალი _ არც საკრებულოს იუფროსებს, არც ცენტრალურ ხელისუფლებას?

დავუბრუნდეთ სლოგანებს, აგერ, უსუფაშვილი გამოენთო და გვამცნო: „შენების დროა“. შენების დრო, როგორც ჩანს, ახლა მოსულა, მაშინ არ იყო, როდესაც ხელისუფლებაში იყო. მაშინ წერისა და „ნიუ-იორკ თაიმსში“ ბიძინას ხოტბა-დიდების გამოქვეყნების დრო იყო. „პოსლეზე“ ბევრი რამ გამიგია და „პრარაბობა“ _ აღარ…

ვაშაძის სლოგანი არც ძმარია, არც წყალი: „თბილისი ლიდერთა შორის“. თურმე, ნუ იტყვით და, თუ ვაშაძეს ავირჩევთ, ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი და სხვა ლიდერი ქალაქები მიჩოჩ-მოჩოჩდებიან და ადგილს დაუთმობენ თბილისს ლიდერთა შორის. რაკი ვაშაძე ვახსენეთ, ერთი რამ უნდა ვთქვათ: არასამთავრობოებმა სრულიად სამართლიანად ერთი ამბავი ატეხეს, „ოცნება“ ხალხის ფულით გაკეთებულ გზებსა და ინფრასტრუქტურას არეკლამებს და თავისი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებსო. კი მაგრამ, ვაშაძე რომ ისევ ჩვენი ფულით და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ნაშენები იუსტიციის სახლების კადრებს აბზრიალებს? „ოცნება“ ჩვენი ფულით, მაგრამ მათი ხელისუფლების დროს გაკეთებულს აბზრიალებს და ვაშაძე _ ასევე ჩვენი ფულით, მაგრამ სულ სხვა პარტიის დროს გაკეთებულს რომ აბზრიალებს? იუსტიციის სახლები მისი სამკვიდრო წილია თუ?

„პატრიოტთა ალიანსის“ სლოგანზე კი აბა, რა მოგახსენოთ? _ ისინი უფასო სარეკლამო დროს სლოგანს კი არა, მოსახლეობას აქციების რეკლამას სთავაზობენ _ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ და შემოგვიერთდითო, ასახელებენ დროს, შეკრების ადგილს. ეს სლოგანს კი არა, მორბენალ სტრიქონში მიცემულ განცხადებას უფრო ჰგავს…

და მივადექით მთავარს _ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის სლოგანს. ორიოდე თვის წინ კახი კალაძეს მის საარჩევნო სლოგანად „ჩემი ოცნების თბილისი“ ესახებოდა, ხან თბილისი სტკიოდა, საბოლოოდ, როგორც ჩანს, ტკივილები დაუამდა, სლოგანიც დაიწმინდა და ასეთი სახე მიიღო: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. თუ ეს მიზანია და თუ ეს დაპირებაა, რას გვაპარებს კახი? თბილისი დღეს ცოცხალ-მკვდარი ქალაქია თუ სიკვდილით სავსე? ფაქტია, დღეს რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი იყოს, იგი „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ არ დაგვპირდებოდა. ელემენტარულია, ბავშვს რომ ველოსიპედი უკვე ჰყავს, ველოსიპედს აღარ ჰპირდებიან, ყოველ შემთხვევაში, ველოსოპედით ვეღარ დაახარბებენ მას… და თუ დღეს თბილისი არაა სიცოცხლით სავსე და ცოცხალ-მკვდარი ფართხალებს მტკვრის ნაპირზე ამოგდებული თევზივით, უკაცრავად და ვისი დამსახურებაა? ვინ იყო ხელისუფლებაში ეს ბოლო წლები? ვინ იჯდა მერად? ვინ უშლიდა თბილისის სიცოცხლით ავსებას?

და რით იყო სავსე თბილისი ეს ბოლო წლები? სიცოცხლით თუ სიკვდილით? როგორ გინდა თქვა, რომ თბილისი სიცოცხლით იყო სავსე, როდესაც კრიმინალი იყო და არის შესანიშნავ მდგომარეობაში და რაც არ უნდა ამაკიაჟონ სტატისტიკა, მკვლელობები ხდებოდა წამდაუწუმ, ხდებოდა დღისით, მზისით და ხდებოდა ღამით. ხდებოდა ქალაქის შუაგულში და გარეუბნებში. ადამიანებს ცხრილავდნენ ბავშვებით სავსე მოედანზე, ქუჩაში, ავტომობილებში; კლავდნენ ცეცხლსასროლი იარაღით, ცივი იარაღით და თქვენ წარმოიდგინეთ ელექტროსადენებითაც კი; კლავდნენ ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ _ წინასაარჩევნო კონცერტის სიახლოვეს, მის პარალელურად… საკუთარ სადარბაზოში მოკლული ბიზნესმენი ხარძიანი გაგახსენოთ, თუ საკუთარ „გარაჟში“ „თავმოკლული“ ეროსი კიწმარიშვილი? „სქაი ბართან“ მოკლული დაჩი დარჩია, თუ ფრიად საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თათუხაშვილი? აეროპორტში ძმისა და დედის დასახვედრად წასული და წყალში საეჭვოდ დამხრჩვალი ზურაბ ხუციშვილი? რომელი ერთი?

თუ ისინი გაგახსენოთ, რომლებიც ხელისუფლების მიერ ქუჩაში ბარაქიანად გამოყრილ კრიმინალებსა და თავად ხელისუფლებას გადაურჩნენ, სტიქიის დროს ისევ ხელისუფლების უთავბოლობით ან წყალმა იმსხვერპლა, ან თეთრმა ლომმა თუ ვეფხვმა  შეჭამა? ამას გულისხმობს კახი კალაძე, რომ თბილისი სიკვდილით სავსე ქალაქი აღარ იქნება?

რეზო შატაკიშვილი