არჩევნები _ საქართველო თავის მოსატყუებლად ემზადება

„საკუთარი თავის მოტყუებისკენ თავად ადამიანია მიდრეკილი“, _ ფრიდრიხ ნიცშეს ეს სიტყვები სრულად შეესაბამება საქართველოს დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს. უფრო კონკრეტულად კი წინაარჩევნო პერიოდს, როდესაც ამომრჩეველი ემზადება, მორიგჯერ მოიტყუოს თავი, პოლიტიკოსები კი დაბეჯითებით ცდილობენ, ცალკე საკუთარი თავი მოატყუონ და ცალკე _ ამომრჩეველი.

 

ამთავითვე ცხადია, ვინ დარჩება ამ ტყუილების კასკადიდან დამარცხებული _ ის, ვინც ბევრია, _ ანუ ხალხი. შესაძლოა, აქვე დაგვესვა წერტილი და გვეთქვა, _ ახია მათზე, თუმცა მაინც განვიხილოთ არსებული წინასაარჩევნო ვითარება.

 

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე მეტი დარჩა. ამ დროისთვის განსაკუთრებული საარჩევნო ტემპერატურა არ იგრძნობა. პარტიები თითქოს საკუთარ საქმეს აკეთებენ, „ამომრჩეველს“ ხვდებიან და აქაც თავს იტყუებენ, რადგანაც ისინი, გარანტირებულად, მხოლოდ საკუთარ მომხრეებთან ატარებენ შეხვედრებს და იმდენადაც კი არ ირჯებიან, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კარზე დააკაკუნონ. „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ მიერ სექტემბრის პირველ დეკადაში ქვეყნის 6 რეგიონსა და თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად მიეწოდა, კითხვაზე: მიუხედავად იმისა, 21 ოქტომბერს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ხვალ რომ იმართებოდეს ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები, ზოგადად, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? 44,6% აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია

(„ქრონიკა+“ წინამდებარე მასალაში შეგნებულად ვიკავებთ თავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გამოქვეყნებისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით ყველა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი შემცირებულია),

თვითმმართველობის არჩევნებს კი ერთი უპირატესობა აქვს, _ მასში საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული კანდიდატის სტატუსით და შესაბამისად, როგორც აქტივობა, ასევე ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალი უნდა იყოს.

თუ ამ დრომდე პარტიების აქტივობას გადავხედავთ, მმართველი პარტია ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაშია, რომელსაც მერობის კანდიდატების წარდგენაზე მხარდამჭერების მობილიზაცია სხვა რეგიონებიდან უხდებოდა. ამდენად, ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ თავს იტყუებს, როდესაც ფიქრობს, რომ მას დიდი მხარდაჭერა აქვს და, რეალურად, მისი „მყარი“ რეიტინგი, მხოლოდ და მხოლოდ, სახელისუფლებო რესურსსა და საჯარო მოსამსახურეებზე დგას. რაც შეეხება „მეოცნებე“ რიგით ამომრჩეველს, მათი რაოდენობა რეალურად შემცირებულია, რასაც, პირველ რიგში, „აუხდენელი ოცნებები“, არაეფექტიანი მართვა და ცხოვრების დონის გაუარესება განაპირობებს.

კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რესპონდენტების 49%-ისთვის ოჯახის ეკონომიკური დონე გაუარესდა (იხ. სლაიდი 1). ხელისუფლება, რატომღაც, ვერ ამჩნევს რეგიონიდან რეგიონში ვოიაჟში ჩართული მხარდამჭერების განწყობას, როდესაც ისინი ხედავან, რომ „იქ“ _ მერების წარდგენაზე _ ადგილობრივი ხალხი არ იყო და მათ მოუწიათ ჩასვლა, ისევე როგორც საკუთარ რეგიონში იხილეს სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი მხარდამჭერების „ანტურაჟი“. შესაბამისად, რეგიონულ ვოიაჟში ჩართული მასა, მათი ოჯახის წევრებითა და ახლობლებით, არის ის ვირუსი, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებას ანტივირუსი არ გააჩნია. სწორედ ისინი ავრცელებენ რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ცუდ დღეშია და თუ ამის მიუხედავად, მაინც, მმართველ პარტიას უჭერენ მხარს, ამის მიზეზი მათი სოციალური სტატუსი და ეკონომიკური მდგომარეობის შენაჩუნების სურვილია. რეალურად, ისინიც თავს იტყუებენ, რომ არიან მხარდამჭერები, მაგრამ არა პარტია „ქართული ოცნების“, არამედ საკუთარი კომფორტის.

ნათელია, მმართველი პარტია ფიქრობს, რომ მას მთავარი ბრძოლა თბილისში აქვს გასამართი და რეგიონებში არჩევნებს სუს-ი მოიგებს, რომელიც ყველა რეგიონში რეალურად განაგებს სიტუაციას, მაგრამ ეს ცრუ მოლოდინებია. თითქმის ყველა რეგიონში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის ოცნების შტაბების ცალკეულმა ხელმძღვანელებმა უკვე გამოიჩინეს სიხარბე და სახელფასო ფონდი ან სრულად ჩაიდეს ჯიბეში, ან მნიშვნელოვნად შეამცირეს და როგორც იტყვიან, საკუთარი სარგებლით „გაწერეს“. ამდენად, ეს გარემოებაც უნდა მიუმატოს საკუთარ ნეგატივში „ოცნებამ“… ისევე, როგორც საყურადღებოა კვლევის შემდეგი მონაცემი: თუ რესპონდენტების 13,6% (ჯამურად) აცხადებს, რომ, ალბათ, არ მისცემს ხმას არჩევნებში ან/და არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას, 66,6% ან უარს აცხადებს პასუხზე, მისცემს ხმას თუ არა არჩევნებზე, ან არ იცის. მთლიანობაში, ეს 70%-ზე მეტი ამომრჩეველი ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოა, რადგანაც მისი პასუხი არ შეიცვას „რიხსა და იმედს“ და ადამიანების პოლიტიკური პროცესებისადმი ინდიფერენტულობის მაჩვენებელია. ამათგან საფრთხე სწორედ რომ მმართველ პარტიას ემუქრება, რადგანაც „ერთმა ნაპერწკალმაც“ კი შესაძლებელია, ამ ადამიანებს პოზიცია შეაცვლევინოს და ნამდვილად არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ (სლაიდი 2).

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა _ უმუშევრობა _ მისთვის, შესაძლოა, აქილევსის ქუსლად იქცეს. იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნოდ საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი იტყუებს თავს, რომ ამ არჩევნების შემდეგ დასაქმდება და საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსი ატყუებს მათ და შესაბამისად, თავსაც იტყუებს, რომ დაასაქმებს, ეს პრობლემა, საბოლოოდ, აუცილებლად ამოხეთქავს. ისევე როგორც მაღალმა კომუნალურმა გადასახადებმა, სულაც არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ, ცივ ზამთარში, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. ზამთარში კი თბილი კაბინეტების დატოვება თანამდებობის პირებისთვის საკმაოდ რთული და პოლიტიკურად ფატალური შედეგის მომტანი გახდება (სლაიდი 3).

იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიაც ატარებს კვლევებს, რამდენად ითვალისწინებს მას სხვა საკითხია, წინამდებარე კვლევის ავტორები კი აცხადებენ, რომ „ზოგადად, თუ გავითვალისწინებთ სხვა პოლიტიკური კვლევების გამოცდილებას, წინამდებარე კვლევის შედეგები ჯდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთიან სურათში: მოგვარებული და მოსაგვარებელი პრობლემები იდენტურია; დაახლოებით ერთნაირი შეფასებებით გვხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები; სოფელში ახალგაზრდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია; პოლიტიკური აქტივობა მაღალია, ოღონდ პიროვნულ დონეზე (პირადი საუბრები)“. სოციოლოგებისთვის კარგად არის გასაგები, რას ნიშნავს „პირადი საუბრები“. სწორედ ეს „პირადი საუბრები“ აგროვებს კრიტიკულ მასას.

ცალკე საკითხია „ოცნების“ საშინელი საკადრო პოლიტიკა, რომელმაც თავისი პოლიტიკური, მორალური თუ ზნეობრივი კატეგორიებით (რასაც პოლიტიკა ნაკლებად სცნობს) საკუთარ მომხრეებს, შერჩეულ და შემდგომ შეცვლილ კანდიდატებს, წინა საკრებულოებში ეფექტიანად მომუშავე თანაგუნდელებს კარი დაუკეტა და ახალი კანდიდატების უმეტესობა სუს-ის არქივებში დაცული კომპრომატების საფუძველზე შეარჩია. „ოცნება“ ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ასეთი ასობით ადამიანის უკან მისი მხარდამჭერები დგანან, ისვე როგორც ამომრჩეველი უყურებს და ხვდება კადრების შერჩევის შინაარსს და სავარაუდოც არის, რომ საკმაოდ სენსიტიური რეაგირება მოახდინოს პროცესზე.

ცხადია, „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია სრულად ეყრდნობა სახელისუფლებო რესურსს და, პირველ რიგში, სუს-ის აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში. თვით თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის უღიმღამო და არაფერისმთქმელი კამპანია ცხადყოფს, რომ „ოცნებას“ რეალურად არაფერი აქვს სათქმელი წარსულზე, ხოლო „მომავალი“ ამომრჩევლები ეჭვის თვალით უყურებენ. შედეგად, არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება სწორედ სახელისუფლებო რესურსი და „ოცნებასთან“ აფილირებულთა კონფორმიზმის შენარჩუნების სურვილი.

 

***

ოპოზიცია _ აქ საქმე კიდევ უფრო რთულად არის, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს, რაიმე ქმედითი და ღირებული მიეწოდებინათ ამომრჩევლისთვის. მათი უღიმღამო საარჩევნო კამპანია და ცალკეულ შემთხვევაში მოჩვენებითი აკადემიურობა კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ისინი ვერ ასრულებენ ეფექტიანი კატალიზატორის ფუნქციას და ვერც პრობლემები მიაქვთ გასაგებ და ემოციურად გასათავისებელ დონემდე ამომრჩეველთან. ის, რომ ოპოზიციამ, ასე თუ ისე, მოახერხა, შეთანხმებულიყო საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ მან შეძლო დაეთრგუნა საკუთარი უკიდეგანო ამბიციები.

საარჩევნო ბრძოლაში საკმაოდ სუსტად გამოიყურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დამარცხებებს შეგუებული პარტიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის შეთავაზება ამომრჩევლისთვის საკმაოდ გაბედული და მომგებიანი სვლა იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ მთლიანობაში პარტია „შეშინებულია“ მორიგი მარცხის მოლოდინში და მისი აქტივისტები დიდად არ იწუხებენ თავს პარტიისა და კანდიდატის გამარჯვებისთვის. ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია ორ ფრონტზე ბრძოლას გულისხმობს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებით მათი ამოცანაა, არჩევნებში მონაწილეობა და შესაძლებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ერთით მეტი მანდატის წართმევა _ მერობის კანდიდატების გამარჯვებაზე საუბარიც არ არის, ხოლო მეორე ფრონტი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, რადგან აქ ამოცანა სცდება პოლიტიკურ მიზნებს და „ევროპულ საქართველოზე“ პირად შურისძიებამდე დადის.

პარტიამ მთელ რიგ საარჩევნო ოლქში დაუშვა შეცდომა და „განახლების დოქტრინით“ გაანაწყენა ის ერთგული თანამებრძოლები, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ადგილობრივი ორგანიზაციები. რაც შეეხება უდუმაშვილის ფაქტორს, უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პარტიაში დიდი ზარზეიმით არ შეხვედრიან მის კანდიდატურას, თუმცა გარეგნულად ეს არავის შეუმჩნევია… მაგრამ კამპანიის მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ უდუმაშვილი მარტოა დარჩენილი და რამდენიმე პერსონის გარდა ყველა საკუთარი თავით არის დაკავებული, ან/და მოჩვენებითი „თანამებრძოლია“. ამდენად, თუ თბილისის მერობის კანდიდატს სურს, მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დაასრულოს არჩევნები და არა როგორც რიგითმა ოლიმპიელმა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს საკუთარი საარჩევნო სტრატეგია. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს თანამოაზრეთა და სპიკერების პრობლემა. სპიკერები კი დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი თემაა. ამჟამად ეკრანებზე მყოფი სპიკერების უმეტესობა ვერ ათვითცნობიერებს საკუთარ პოლიტიკურ უმწიფრობას. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ვიზავი მაინც „ევროპული საქართველოა“ და ზალიკოსა თუ სხვა კანდიდატების ბედი პარტიულ ელიტას ნაკლებად აღელვებს. პარტიის სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ გრიგოლ ვაშაძის დასახელება ქუთაისის მერობის კანდიდატად, თუმცა ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ეფექტიანად გამოყენება ვასაძეს, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება და არჩევნების ბედს, მხოლოდ და მხოლოდ, ვასაძისადმი კეთილგანწყობა და ქუთაისელი ამომრჩევლების სიმპათიები გადაწყვეტს და არა პარტიის მუშაობა, ან იმიჯი.

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას ტყუილის ჭრილში განვიხილავთ, ფაქტია, ისინი თავს იტყუებენ იმით, როცა სჯერათ, რომ ამ საარჩევნო სტრატეგიითა და ტაქტიკით შეძლებენ არჩევნებში გამარჯვებას, თავს იტყუებენ იმითაც, რომ მათი მთავარი ვიზავი „ევროპული საქართველოა“ და თავს იტყუებენ იმითაც, რომ გააზრებული აქვთ არჩევნების მიზანი. შედეგად, თავს იტყუებს მათი ამომრჩეველიც, რომელსაც გულის სიღრმეში არ სჯერა საბოლოო გამარჯვების, მაგრამ საკუთარ ხმას არასოდეს მისცემს სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. „ნაციონალების“ ამომრჩევლის მოტივაცია არის „იქნებ“: იქნებ, მაინც გავიმარჯვოთ; იქნებ, ჩემი ხმა იყოს გადამწყვეტი. ამ ასპექტით „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ნამდვილად ჯაბნიან სხვა პარტიების მხარდამჭერებს.

 

***

მოსწონს ვინმეს თუ არა, „ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, საკმაოდ მოკლე ვადებში მოახდინოს სტრუქტურული ფორმირება. იგი ორგანიზაციულად ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. მართალია, მის უმთავრეს პრობლემას ადგილებზე კადრების საკითხი წარმოადგენს, თუმცა პარტიამ ეს წინააღმდეგობაც მეტ-ნაკლები წარმატებით გადალახა და აშკარაა, რომ მისთვის პოლიტიკური მიზანი საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე ადგილის დამკვიდრებაა. ამავე დროს, სწორედ ამ არჩევნებზე უნდა შეძლოს პარტიამ ამომრჩეველთან საკუთარი იდენტიფიცირება და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყოს მზადება. მიუხედავად იმისა, რომ პარტია საკმაოდ კრეატიულად მიუდგა როგორც საკრებულოს სიას, ასევე ეფექტიანი მიგნება იყო დედაქალაქის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას დასახელება, ცხადია, რომ ამომრჩეველში საკმაოდ მაღალია პარტიის მიმარეთ უნდობლობის ფაქტორი, რაშიც ნეგატიური წვლილი ნამდვილად მიუძღვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ევროპულ საქართველოში“, სავარაუდოდ, კარგად ესმით, რომ თავის მართლების პოზიციაში ყოფნა და მუდმივად იმის უარყოფა, რომ ივანიშვილთან არიან გარიგებაში, არაფრის მომცემია. ამიტომაც მათ რამდენიმეშრიანი ტაქტიკა აირჩიეს, _ ვზრუნავთ ხალხზე, ვაკრიტიკებთ ივანიშვილსა და „ოცნებას“, გვაქვს რეალური საარჩევნო პროგრამა და ა. შ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ტაქტიკა ზუსტად ჯდება პარტიის სტრატეგიაში, _ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველოს“ ამავე სტრატეგიაში სრულად ჯდება სურვილი, აჯობონ (და არა დაამარცხონ) „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მიუხედავად ყოფილი თანაგუნდელების მოსალოდნელი ქილიკისა და კრიტიკისა, მათ აქვთ შანსი, ცალკეულ საკრებულოებში მოიპოვონ მანდატები და ეს უკვე ახლად შექმნილი პარტიისთვის შესაძლებელია, წარმატებადაც ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პარტიათა რეიტინგში „ევროპული საქართველო“ არცთუ ურიგო პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას _ მის მიერ ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პროგრამა ეფექტურობისა და, თუნდაც, თვალსაჩინოების, კრეატიულობის მხრივ ნამდვილად გამოირჩევა სხვა კანდიდატების პროგრამისგან, მაგრამ ქართველი ამომრჩევლისთვის მუდამ გაუგებარია „პროგრამული საფუძვლები“ და მას არა გონიერებითა და არგუმენტებით, არამედ ბრძოლაში უნდა გამარჯვება. შესაბამისად, ელენე ხოშტარია, ამ ეტაპზე, ამომრჩევლისთვის სწორედ რომ „ევროპასავითაა“ _ კარგია, მაგრამ შორია და ჩემი არ არის.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლების ინტელექტუალური ნაწილი ვერ გაიგებს მის პროგრამას და არ დაუჭერს მხარს. პირიქით, სწორედ ამ ნაწილის ხმებზე „ზის“ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი.

ამ პარტიის შემთხვევაში ტყუილია, რომ „ისინი იბრძვიან“ გამარჯვებისთვის. რეალურად, ბრძოლა სწორედ რომ მეორე ადგილისთვის მიდის. პარტიის მხარდამჭერები კი თავს იმით იტყუებენ, რომ ქართველი ამომრჩეველი გონიერია და ინტელექტუალებსა და დასავლური ღირებულებების მომხრეებს დაუჭერს მხარს.

 

***

„პატრიოტთა ალიანსი“ _ ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. მიუხედავად პარტიის ლიდერების მხრიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკისა, ისინი ცდილობენ, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნონ და პოზიტიური მათ ქმედებებში ის არის, რომ ამ სურვილს არ მალავენ. „პატრიოტები“ ამომრჩეველს ამ იდეოლოგიურ „კოზირთან“ ერთად კარგად შეფუთულ სოციალურ პრობლემას სთავაზობენ. „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის წარმატების ხელისუფლებას არ ეშინია, რადგანაც დარწმუნებულია, რომ თემატურ საკითხებთან დაკავშირებით ის შეძლებს პარტიასთან თანამშრომლობას და მოკავშირედაც მიიჩნევს.

უნდა ითქვას, რომ პარტიის სტრატეგია ამ ბრძოლაში მიგნებული და ეფექტიანია _ მთავარი სამიზნე არის ხელისუფლება და კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებსაც კი ხელისუფლების კრიტიკის ქარცეცხლში აქცევს. ირმა ინაშვილის დასახელება თბილისის მერობის კანდიდატად ესეც საკმაოდ მიგნებული გადაწყვეტილებაა, რადგან ინაშვილი შეძლებს, საკუთარი და მთელი რიგი, ჯერაც მიუმხრობელი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან მიიყვანოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პარლამენტის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია სრულად ჯდება პარტიის საარჩევნო სტრატეგიაში და ის სცდება კონკრეტული _ დეკლარირებული მოთხოვნების ნუსხას და წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან ვაჭრობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ცხადია, პარტია თავს იტყუებს, როდესაც იმის განცდა აქვს, რომ ხელისუფლებას თუ „სასურველ“ რუსეთს ის მოკავშირედ მიაჩნია და საჭირო ვითარებაში მშრალზე არ დატოვებს, როგორც ეს მოხდა ინაშვილის არჩევნების დროს საგარეჯოში. ისევე, როგორც თავს იტყუებენ მისი ამომრჩევლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტია მისი გამოცდილებით, რესურსითა და „საგარეო“ თუ „საშინაო“ კავშირებით მათ რომელიმე პრობლემას მოუგვარებს.

თუმცა ცხადია, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების დაბნეულობისა და უშედეგო საქმიანობის ფონზე „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ეს არჩევნები, მთლიანობაში, წარუმატებელი არ იქნება.

 

***

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მათი მონაწილეობა არჩევნებში, მეტ-ნაკლებად, ნომინალურია, თუმცა საკმაოდ თამამი და გაბედული აღმოჩნდა რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო განაცხადი. ფაქტია, რომ მიმდინარე ეტაპზე ამ მოწოდბებს საზოგადოება საკმაოდ ფრთხილად უყურებს, თუმცა ისიც ნიშანდობლივია, რომ ამომრჩევლის თავშეკავება და „ყურის შეგუება“ საარჩევნო სლოგანების მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაბამის ნაყოფს გამოიღებს.

უსუფაშვილის „შენების პარტია“ შარტავას „ეროვნულ ფორუმთან“ ალიანსში მხოლოდ დეკლარირების დონეზე სთავაზობს ამომრჩეველს შენებას, თუმცა „როგორ“? იმ ძალებისგან, რომლებიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ახალისებდნენ ქვეყანაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაგნაციას, ამომჩევლისთვის გაუგებარი ხდება და თავად პოლიტიკური ძალის მიმართ უნდობლობისა და პოლიტიკური ანტიპათიის ხარისხს ზრდის.

ლეიბორისტული პარტია მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს აშკარად არ არის ფორმაში და მოსალოდნელია, რომ მისი სტაბილური ამომრჩევლის არცთუ მცირე ნაწილი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი გახდება, ან არ მივა საარჩევნო უბნებთან.

სხვა პოლიტიკური ძალები კი მიმდინარე ორთაბრძოლაში ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს და კანტიკუნტად მიღწეული წარმატებები მათთვის პარტიული იმიჯისა და ელექტორატის შემდგომი ზრდის მოსაპოვებლად საკმარისი არ იქნება.

ეს პარტიები, ძირითადად, თავს იტყუებენ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწევენ, თუმცა ცხადია, რომ მათ ეს შინაგანად გათვითცნობიერებული აქვთ და რეალურად სახელმწიფო დაფინანსებისთვის იბრძვიან. მათი მხარდამჭერები კი იმით იტყუებენ თავს, რომ მათთვის მიცემული ხმა მხარდაჭერა ჰგონიათ, რეალურად კი ეს დაკარგული ხმებია.

 

***

წინასაარჩევნო ვითარების ერთიანი სურათის დასახატად აუცილებელია ალეკო ელისაშვილზე და, ზოგადად, დამოუკიდებელ კანდიდატებზეც ითქვას რამდენიმე სიტყვა. ელისაშვილისა დამთლიანად ოპოზიციის შეცდომად უნდა მივიჩნიოთ არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მისი მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ვითარებაში საუკეთესო მოდელი იქნებოდა, ელისაშვილს კენჭი ეყარა მაჟორიტარ კანდიდატად საკრებულოს თავმჯდომარეობის განაცხადით და მთელ ოპოზიციურ სპექტრს დაეჭირა მისთვის მხარი. ძირითადი აქცენტის გადატანა საკრებულოზე, მეტ-ნაკლებად, მოადუნებდა მერობის კანდიდატების ორთაბრძოლას და აქაც იყო შესაძლებელი პარტიულ მერკანტილიზმზე მაღლა დადგომა, ასევე, ერთიანი დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელება. ამ მოდელის დროს _ დედაქალაქში „ოცნების“ მერობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვაშიც _ საკრებულო იქნებოდა ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც „ოცნების“ მერეც მუდმივად კონტროლქვეშ იყოლიებდა, თუნდაც, იმპიჩმენტის საფრთხის გათვალისწინებით. ამ მოდელზე და შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი მაჟორიტარებისა და, შესაბამისად, გამარჯვების იმედი არ აქვთ, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ არგუმენტს, რომ ოპოზიცია, რეალურად, არ (ვერ) იბრძვის გამარჯვებისთვის.

ანალოგიური სურათია ცალკეულ საარჩევნო ოლქებში, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატები საკმაოდ სოლიდურად არიან წარმოდგენილნი და ოპოზიცია არც კი ფიქრობს მათ მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იციან საკუთარი კანდიდატების მოსალოდნელი ჩავარდნა-დამარცხების შესახებ.

 

***

დაბოლოს, სათუოა, თუმცა შესაძლებელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო ცალკეულმა პარტიებმა და კანდიდატებმა საკმაოდ წარმატებულად გამოიყენენონ. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ამის რესურსი, სურვილი და ინტელექტუალური თუ ფინანსური შესაძლებლობებიც არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მმართველი პარტია, რომელსაც ყველა დანარჩენ ერთად აღებულ პარტიაზე მეტი რესურსი აქვს.

ერთადერთ საჯარო რეკომენდაციად, ამ შემთხვევაში, კვლავ რჩება „ჯერაც გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის მიმხრობა. თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ, ტრადიციულად, ამ კონტინგენტიდან სოლიდური ხმა სწორედ რომ სახელისუფლებო პარტიას მიაქვს.

ერთადერთი გარდატეხა არსებულ ვითარებაში, მიუხედავად ხელისუფლების მიმართ არსებული საკმაოდ ბევრი ნეგატივისა, არის „ფაქტი“ და „ეფექტი“, რომელმაც შესაძლებელია, სრულად შეცვალოს ვითარება. ეს მაინც სურვილია და ამ ვითარებაში არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.

ნიცშესი არ იყოს, ჩვენ ხომ მაინც საკუთარი თავის მოტყუებისკენ ვართ მიდრეკილნი.

კოკა წერეთელი