საბიუჯეტო სახსრების მამაძაღლურად განაწილება

აქ წაიკითხავთ იმას, რასაც ხმამაღლა არავინ ამბობს

თქვენ ახლა წაიკითხავთ იმას, რასაც ძალიან ბევრი ფიქრობს, მათ შორის, პოლიტიკოსიც, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს. არ ამბობს იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ამის საჯაროდ, ხმამაღლა თქმა, რატომღაც, არამოდურია და რაც მთავარია, პოლიტიკურად წამგებიანია, რადგან საქმე ეხება სოციალურად დაუცველთა თითქმის ნახევარმილიონიან არმიას და მათი ხმების დაკარგვა არავის აწყობს.

 

არათუ მათ განაწყენებას, პირიქით, ყველა მათ გულის მოგებას ცდილობს და ეს ამ ადგილობრივ არჩევნებზეც კარგად გამოვლინდა, იგივე ევროპული საქართველოს საარჩევნო სტრატეგია პენსიების 50 ლარით გაზრდასთან ერთად, სწორედ სოციალურად დაუცველების გულის მოგებაზეა აგებული. თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს: ,,ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში 203 000 პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება 50 ლარით, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარება ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისთვის 150-დან 520 ლარამდე გაიზრდება“. ხოშტარიასვე განმარტებით, ეს არ იქნება პენსიების ზრდა, 50 ლარი იქნება დანამატი, რომელსაც პენსიონრები მიიღებენ და 70 ლარი, რომელსაც სოციალურად დაუცველები მიიღებენ დანამატის სახით.

ამ შემთხვევაში, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უწერია თუ არა გამარჯვება ელენე ხოშტარიას და ასრულება _ მის დაპირებებს. აქ არსებითია ის, რომ კვლავ აქტუალური და მოდურია იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც პოზიტიურზე მეტად ნეგატიურია.

დეკლარირებულად, სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) გაცემის მიზანი ქვეყანაში ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენციაა.

რეალურად კი ამ საარსებო შემწეობების ჩამორიგება ქვეყანაში არანაირად არ ამცირებს სიღატაკის დონეს, არც მის პრევენციას ახდენს და უმეტეს შემთხვევაში, არც ღატაკი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

სამაგიეროდ, ამ შემწეობების განაწილების ყოვლად მანკიერმა სისტემამ და ადგილზე სოციალური მომსახურების სააგენტოს თავგასული აგენტების აღვირახსნილობამ ქვეყანაში საშინელი უსამართლობის შეგრძნება გააჩინა და რაც მთავარია, სწორედ ამ შემწეობებმა ლომის წვლილი შეიტანა მოსახლეობის გაზარმაცებაში. თუ რას ვგულისხმობთ, დეტალურად მოგახსენებთ.

იმთავითვე, როდესაც დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება, საარსებო შემწეობის მაძიებელ პირთა რეგისტრაცია და მათი სოციალური მდგომარეობის შესწავლა და სარეიტინგო ქულების მინიჭება, ერთი მხრივ, თავი აიშვეს ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა, მეორე მხრივ, სოციალურმა აგენტებმა და მესამე მხრივ, _ უსირცხვილო თაღლითებმა. ეს პროცესი არც შემდეგ შეწყვეტილა და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ადგილობრივი ჩინოვნიკები და, მათთან ერთად, ადგილებზე გარკვეული გავლენების მქონე პირები დაფაცურდნენ თავიანთი გარემოცვის საკეთილდღეოდ. სწორედ მათი ზეწოლით, სოციალური აგენტები შეგნებულად აყალბებდნენ და აყალბებენ მონაცემებს და სოციალურად დაუცველის სტატუსს. შესაბამისად, საარსებო შემწეობას იღებენ პირები, რომლებიც არათუ სოციალურად დაუცველები არ ბრძანდებიან, კარგი წელმაგარი ოჯახებიც აქვთ. ამ გზით, ჩინოვნიკებმა და გავლენიანმა პირებმა დამატებითი შემოსვალები გაუჩინეს თავისიანებს და ხშირ შემთხვევაში არცთუ უანგაროდ. კერძოდ, ვიღაც მის ბაღს, ვენახს უვლის და სანაცვლოდ დაენიშნა სოციალური დახმარება, რომელსაც ის არანაირად არ იმსახურებდა. ვიღაც ბობოლა ბიუჯეტის ხარჯზე ქირაობს მოჯამაგირეს.

ეს რომ ასეა, კარგად მიმოიხედეთ, ყველას უხვად მოგეპოვებათ ნაცნობი, რომელსაც კართან ხშირად რამდენიმე მანქანა უყენია, ორსართულიანი სახლი უდგას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, წინ გამართული ხეხილის ბაღით, ვენახით და ამგვარ შემწეობებს იღებს. რაც მთავარია, ასეთი შემწეობის მიმღები პირები ხშირად დასაქმებულნიც არიან, არათუ კერძო სექტორში, თქვენ წარმოიდგინეთ, საბიუჯეტო სექტორშიც…

ცხადია, ამ პროცესით ადგილობრივი ბობოლები სარგებლობენ, აქ პარტიული სარგებელი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანი რაც უფრო დაუმსახურებლად იღებს ამგვარ თანხას, მით უფრო მადლიერი და დავალებულია სახელისუფლებო პარტიის მიმართ.

ამ პროცესში, ცხადია, თავად სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტებიც არ აკლებენ ხელს და ისინიც, თავის მხრივ, ყოველგვარი ზემოდან ზეწოლის გარეშე,  ზრუნავენ როგორც თავისიანებისთვის, ისე მათთვისაც ვისგანაც გამორჩენას _ ქრთამს ელიან. ამისთვის მხოლოდ შუბლის ძარღვის გაწყვეტაა საჭირო _ ისინი უმწეო მოხუცის სახლში ხედავენ ამ მოხუცის მზითვ  „შიფანერკას“, თუ ოდესღაც ჯეელობაში შეძენილ „სტენკას“ და ვიღაცასთან არ ხედავენ უცხოური მარკის ავტომობილს! მართლა ღატაკთან ხედავენ იმ შავ-თეთრ ტელევიზორს, ოჯახმა რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის ყმაწვილქალობისას შეიძინა და ვიღაცასთან არ ხედავენ პლაზმურ ტელევიზორს! ვიღაცასთან ფეხმოტეხილ ქათამს ხედავენ და ვიღაცასთან _ ვერც მეწველ ძროხას, ვერც 13 გოჭზე მაკე დედაღორს!

ვიღაცასთან კედლის იქით მარჩენალ შვილს ვერ ამჩნევენ, რაკი ცალკე ოჯახად წერია და ვიღაცასთან წლების წინათ გადაკარგულ შვილს ხედავენ უცებ! კარგად გაიხსენეთ, რამდენი მართლა ღატაკი ადამიანის გოდება მოგვისმენია ამ მოტივებზე!

როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ძალიან ბევრი შეგნებულად მალავს ქონებასაც და შემოსავლებსაც! ხშირია როგორც ავეჯის, საქონლის სხვაგან გადამალვის ფაქტები, ისე სახლების, მანქანების სხვებზე გადაფორმების ფაქტებიც, რომ მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხებოდეს და ეს შემწეობა უსირცხვილოდ აიღოს და პირიდან ლუკმა გამოაცალოს მართლა ღატაკსა და გაჭირვებულს.

ეს ყველაფერი ყველამ იცის, ყველა სოფელში მიდის ამ თემებზე ჭორაობა, ტუტუნი, მაგრამ ხმამაღლა არავინ იშვერს ხელს იმ უსირცხვილოებისკენ, რომლებიც ღატაკებს ლუკმა-პურში ეცილებიან და იცით, რატომ? სირცხვილია! თურმე, სირცხვილი არაა იმის მისაკუთრება, რაც არ ეკუთვნით და სირცხვილია სიმართლის თქმა, რომ მათ ეს არ ეკუთვნით. მას ხომ სახელმწიფო უხდის! ყველაფერი ისეა, როგორც საბჭოეთის დროს _ სახელმწიფო არის მეწველი ძროხა, რომელიც უნდა მოწველო! არადა, ეს ფული ყველა ჩვენგანის ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან მიდის და ვის ვაფინანსებთ? ვიღაცებს, უამისოდაც რომ „ხოშიანად“ ცხოვრობენ განცხრომაში.

ამ მანკიერი პრაქტიკის წყალობით დამატებით შემოსავლებს იღებენ ვიღაც მამაძაღლები და ვისაც მართლა უჭირს, ხშირ შემთხვევაში, ამ საარსებო შემწეობის გარეშეა დარჩენილი. თავისთავად ცხადია, ამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების, პირების გარკვეული ნაწილი, თუნდაც დიდი ნაწილი, მართლაც იმსახურებს ამ შემწეობის მიღებას და  მათთვის ამ შემწეობის დარიგება სამართლიანიცაა, მაგრამ აქ უკვე სხვა ნეგატივი იჩენს თავს.

ასეთი ოჯახებისთვის შემწეობების მიცემა არანაირად არ ახდენს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შესაბამისად, არც ქვეყანაში ამცირებს სიღატაკის დონეს და არც მის პრევენციას ახდენს.

მიზეზი მარტივია, თავად ეს ოჯახები არანაირად არ არიან მოტივირებული თვალში საცემად გაიუმჯობესონ მდგომარეობა, თუნდაც რამე შეიძინონ _ ან პირუტყვი, რომელიც მათ ყოფას შეუმსუბუქებს, ან ავეჯი, ტექნიკა, რომელიც ყოფა-ცხოვრებას გაუუმჯობესებს. ყველანაირად გაურბიან ამგვარ შენაძენს, რადგან იგი მათთვის დახმარების შეწყვეტის საფუძველი გახდება. სწორედ ამავე მიზეზით, ისინი, პრაქტიკულად, უარს ამბობენ სამსახურზე, ეს შემწეობა რომ არ მოეხსნათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურების სამუშაოზეც! რადგან აქ შემოდის ის უმთავრესი მანკიერება, რომელიც სწორედ ამ შემწეობებმა კიდევ უფრო წაახალისა: სიზარმაცე, მუქთახორობა. მანამდე ხელმოკლეობას, სიღატაკეს უკვე მიჩვეულ ოჯახებს უშრომელი 300 ლარი ურჩევნიათ შრომით მოპოვებულ ორმაგ და სამმაგ თანხას!

რაც არ უნდა შეიცხადოთ, ეს რეალობაა, რომელიც ფეხის ყველა ნაბიჯზე გვეჯახება, თუ დანახვა გვინდა!

ორიოდე მაგალითს მოგახსენებთ შუაგულ ქართლიდან. ჩემმა მეზობელმა წლების წინ მშვენიერი პატარა ფერმა გამართა, ყიდის რძეს, მაწონს, ყველს და გვარიან შემოსავალსაც იღებს. ბევრად მეტსაც მიიღებდა, მაგრამ ვერ აფართოებს მეურნეობას, თუ იცით, რატომ? მუშა-ხელს ვერ შოულობს! მეწველი ძროხების რიცხვი რომ გააორმაგოს, 2 მწველავი სჭირდება დამატებით. ეძება სოფელში, ვერავინ დაითანხმა 500-ლარიან ხელფასზე, გავიდა გვერდით სოფლებში, 500-ლარიან ხელფასთან ერთად მანქანით მიყვან-მოყვანაც შესთავაზა, მაგრამ ამაოდ!

აგერ, ქიზიყში, იგივე პრობლემის წინაშე დგას წარმატებული ფერმერი ბექა გონაში, 11 ივლისს „ფეისბუკზე“ წერდა: „#ქართველთამარში და ჯანდაბა თქვენა!!! დედოფლისწყაროში სამუშაოდ ლამისაა, წნორიდან ინდოელები ამოვლალო… (ნამდვილად არ მითხრას ვინმემ, რომ დაბალ ხელფასს უხდი მუშასო, თორე, დანდობილა შამოვკრამ პირდაპირ ეკრანიდან…) შუბლზე ოფლის მოდენა ისწავლე და მარშები მერე ატარე, ერო!!!“

და თუ ვინმეს მაინც სურს დასაქმება, ცდილობს, ისეთი სამუშაო ნახოს, სადაც შემოსავალი ოფიციალურად არ დაუფიქსირდება, რომ ამის გამო, შემწეობა არ დაკარგოს. ანუ რა გამოდის? _ მე გადასახადებს ვიხდი იმისთვის, რომ მათ ვუხადო ეს შემწეობა და ისინი იღებენ შემოსავალს და არ იხდიან გადასახადებს.

სიზარმაცეს ისედაც წალეკილი ჰქონდა სოფლები, მაგრამ ამ შემწეობებამდე იპოვიდით გამრჯე ხალხს, რომლებიც არ თაკილობდნენ დღიურ სამუშაოს 10-20 ლარად. დღეს ასეთს წამლადაც ვეღარ ნახავ! და რატომ? ეზარებათ. ელემენტარულ მოთხოვნილებებს იმ სოციალური შემწეობით იკმაყოფილებენ და შრომას შინ, ტახტზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და გარეთ ბირჟაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ, არც ჯდომაზე და ჩაცუცქვაზე არიან მწყრალად. არათუ სხვასთან მუშაობა აღარ უნდათ, საკუთარი ბაღ-ბოსტნებიც ისე უყრიათ. დაიარეთ სოფლები და დარწმუნდებით! ამგვარ დახმარებებს მხოლოდ აქ, საქართველოში არ მოუტანია ეს ეფექტი.  ათეული წლების წინათ აშშ-ს მთავრობამ აფროამერიკელებს დაუნიშნა შემწეობა _ ურიგდებოდათ ტალონები, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ამ ტალონებით, ძირითადად, ალკოჰოლს ყიდულობდნენ, მიზნობრივი ვაუჩერების დარიგებაზე გადავიდნენ, შემდეგ ფულის დარიგებაზე. ამ დახმარებამ რეალურად აფროამერიკელთა გარკვეული ნაწილის გაზარმაცება გამოიწვია…

გადავხედოთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს  საიტზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს და ეს ტენდენციები, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდით, ციფრებშიც კარგად გამოჩნდება.

2008 წელს საარსებო შემწეობას იღებდა 121 880 ოჯახი, სულ 320 344 ადამიანი. ეს 121 880 ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების მხოლოდ 27%-ს წარმოადგენდა. ანუ 3-4-ჯერ მეტ ოჯახს ჰქონდა სურვილი გაცხადებული, რომ ეს დახმარება მიეღო. 2008 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახების 10% და მოსახლეობის 7% იღებდა საარსებო შემწეობას. საგულისხმოა, რომ იმ 320 344 ადამიანიდან, ვინც სოციალურ შემწეობას იღებდა, 99 149 ადამიანი 18-დან 60 წლამდეა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკურ ბაზაში, 2008 წლის მონაცემებში, შემწეობის მიმღებ ოჯახებად ყველგან 121 880 ოჯახია დაფიქსირებული, თუმცა მონაცემებში, რომელიც ეხება საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობას და საარსებო შემწეობაზე გადარიცხულ თანხას, გაგიკვირდებათ და სხვა მონაცემებია დაფიქსირებული. ასე მაგალითად: თუ ყველგან წერია, რომ 15 114 თბილისური ოჯახი იღებდა იმ წელს შემწეობას, აქ წერია, რომ 60 126  თბილისური ოჯახი იღებდა შემწეობას. იგივეა ყველა რეგიონში და საერთოდ, ქვეყნის მასშტაბითაც. ამ მონაცემების მიხედვით, ქალაქად მცხოვრები 171 451 ოჯახი და სოფლად მცხოვრები 272 556 ოჯახი იღებდა შემწეობას. თუ ამ მონაცემებს ელემენტარულად შევკრებთ, მივიღებთ, რომ მთელ ქვეყანაში 444 007 ოჯახი იღებდა შემწეობას და არა 121 880 ოჯახი. დავუშვათ და მექანიკური შეცდომა დაუშვეს, შემწეობის მიმღებ პირთა რიცხვი იგულისხმეს და, უბრალოდ, შეცდომით წერია ოჯახი, მაინც არ ემთხვევა ეს მონაცემები, შემწეობის მიმღებ პირთა რიცხვიც (არათუ ოჯახების) ბევრად, მთელი 123 663-ით ნაკლებია ამ 444 007-ზე.

დიდი ალბათობით, ეს ოჯახების რიცხვი არის არა შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, არამედ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა. მართლაც, 121 880 დაახლობით 27%-ია 444 007-ის. 2008 წელს საარსებო შემწეობებზე გადაირიცხა 7 202 569 ლარი.

2009 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი 18 274-ით გაიზარდა და 140 154 შეადგინა, შესაბამისად, გაიზარდა შემწეობის მიმღებ პირთა რიცხვიც _ 74 308 ადამიანით და ჯამში 2009 წელს 394 652 პირი იღებდა შემწეობას. თუ 2008 წელს მოსახლეობის 7% იღებდა საარსებო შემწეობას, 2009 წელს უკვე 9% იღებდა. 2009 წელს საარსებო შემწეობებზე გადარიცხულმა თანხამ 11 131 111 ლარი შეადგინა.

2010 წელს უკვე 157 171 ოჯახი (435 484 ადამიანი) იღებს შემწეობას და მათზე ირიცხება 12 956 489 ლარი. თუ 2008 წელს 18-დან 60 წლამდე 99 149 პირი იღებდა შემწეობას, 2010 წლს უკვე 200 828 პირი იღებს ამ შემწეობას. როგორც ჩანს,  მატულობს რეგისტრირებულ ოჯახთა რიცხვიც და 544 152 ოჯახს შეადგენს.

2011 წელს 150 632 ოჯახი (430 461) ადამიანი იღებდა შემწეობას. 2011 წლის მონაცემებში, რომელიც ეხება საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებსა და მათზე გადარიცხული თანხების რაოდენობას, წინა წლების შეცდომა უკვე გასწორებულია და მოცემულია მართლაც შემწეობის მიმღები (და არა რეგისტრირებული) ოჯახების მონაცემები. ამ წელს საარსებო შემწეობებზე გადაირიცხა 12 826 391 ლარი. ამ წელს 203 847 18-დან 60 წლამდე ადამიანი იღებდა ამ შემწეობას.

2012 წელს კვლავ იმატა შემწეობის მიმღები ოჯახებისა და, შესაბამისად, უმწეოთა რიცხვმაც _ უკვე 163 183 ოჯახი _ 501 445 პირი იღებდა შემწეობას. მათზე გადაირიცხა 13 157 591 ლარი.

ამ 163 183 ოჯახიდან 63 234 ოჯახი ქალაქად ცხოვრობდა, 96 949 ოჯახი _ სოფლად. 501 445 შემწეობის მიმღები პირიდან 310 474 პირი სოფლად ცხოვრობდა. და რაც მთავარია, ამ ნახევარ მილიონზე მეტი უმწეოდან ნახევარზე მეტი _ 252 669 პირი 18-დან 60 წლამდე ასაკის იყო!

ვნახოთ, რა ტენდენცია იკვეთება „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანუ რა ხდებოდა 2013 წელს. 2013 წელს, წინა წლებთან შედარებით, იკლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და, შესაბამისად, პირების რიცხვმა _ თუ 2012 წელს 163 183 ოჯახი იღებდა შემწეობას, 2013 წელს იგი თითქმის გაუტოლდა 2011 წლის მონაცემებს _ შემწეობა 150 607 ოჯახმა (453 857 პირმა) მიიღო, მათზე გადაირიცხა 24 148 306 ლარი. შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა, გადარიცხული თანხა თითქმის გაორმაგდა.

შემდეგ წელს კიდევ უფრო იკლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და პირების რიცხვმა. 2014 წელს 141 776 ოჯახმა (421 387-მა პირმა) მიიღო შემწეობა. მათ შემწეობად გადაერიცხათ 22 755 818 ლარი. წინა წელს თუ მოსახლეობის 10,1% იღებდა შემწეობას, ამ წელს მოსახლეობის 9,4%-ღა იღებდა შემწეობას.

შემცირების ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო წელსაც. 2015 წელს 125 301 ოჯახიღა (389 650 პირი) იღებდა შემწეობას. მათზე გადაირიცხა 22 218 642 ლარი. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, წინა წელთან შედარებით 15 ათას ოჯახზე მეტს მოეხსნა დახმარება, მაგრამ ამ დახმარების მიმღებთა რიცხვმა პროცენტულად მაინც მეტი შეადგინა იმავე წინა წელთან შედარებით _ 2015 წელს მოსახლეობის 10,4% იღებდა შემწეობას. ეს პარადოქსი, სავარაუდოდ, იმით უნდა აიხსნას, რომ წინა წელთან შეადრებით მოსახლეობის რიცხვმა იკლო _ მობეზრდათ ოცნება, აიკრეს გუდა-ნაბადი და წავიდნენ.

მოკლედ, თვალში საცემია კლების ტენდენცია, რაც რადიკალურად იცვლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. თუ 2015 წელს ოცნება 125 301 ოჯახსღა უხდიდა შემწეობას, 2016 წელს 142 967 ოჯახს (476 084 პირს) დაურიგა, ანუ წინა წელთან შეადრებით 17 666-ით მეტ ოჯახს, ე. ი. დამატებით 86 434 პირს დაუნიშნა სოციალური დახმარება. 2016 წელს მოსახლეობის 12,8% იღებდა საარსებო შემწეობას. არ იფიქროთ, რომ „ოცნებამ“ გახსნა საჭურჭლე და უხვად გასცა საბოძვარი, სულაც არა, 2016 წელს საარსებო შემწეობებზე 22 383 137 ლარი გადარიცხა, რაც წინა წელთან შედარებით, სულ 164 495 ლარით მეტია. აქაც „კრიჟანობას“ მიმართა, ნაწილს დახმარება შეუმცირა და ამის ხარჯზე სხვებს დაუნიშნა.

გადაიარა არჩევნებმა და რა ქნა საოცნებო „ოცნებამ“? ათი ათას ოჯახს დახმარება მოუხსნა! მიმდინარე, 2017 წელს მხოლოდ 132 124 ოჯახი (461 343 პირი) იღებს საარსებო შემწეობას!

როგორც ხედავთ, შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვმა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლად იმატა 2012 და 2016 წლებში. 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, დამატებით 12 551 ოჯახი იღებდა შემწეობას, 70 984-ით მეტმა პირმა მიიღო შემწეობა, 2016 წელს კი, როგორც უკვე ვთქვით, დამატებით 17 666 ოჯახს, ანუ 86 434 კაცს დაენიშნა სოციალური შემწეობა.

„ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემწეობების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას მიჰყო ხელი, შემდეგ ისევ გაზარდა, ამასთან ერთად, 2015 წლიდან შემწეობების გაცემის წესიც შეცვალა და ოდენობაც. თუმცა საგულისხმოა ის, თუ ვის ხარჯზე შეამცირეს შემწეობების მიმღებთა რიცხვი.

ვის ხარჯზე და ისევ უპატრონოების ხარჯზე. აგენტებს დირექტივა მიუვიდათ, შეემცირებინათ დახმარებების მიმღები ოჯახების, პირების რიცხვი, ისინიც „თავის შვილს“ ხომ არ მოჭრიდნენ კუდს? მისდგნენ და ისევ საწყლები დაიბრიყვეს, გაზულუქებულები კი, რომლებიც არასოდეს ამ შემწეობას არ იმსახურებდნენ, კვლავაც იღებენ მას. და სად მიდის ჩვენი გადახდილი ფული? ერთი მხრივ, მათ ვაძლევთ, ვისაც ჩვენი დასახმარებელი არაფერი სჭირთ და მეორე მხრივ, მათ დიდ ნაწილს, რომელსაც ეს დახმარება ეკუთვნის, დათვურ სამსახურს ვუწევთ და ვაზარმაცებთ.

ახსნას ვინმემ, როდესაც ამდენი მილიონი იფლანგება საარსებო შემწეობების დარიგებაზე, რატომ უნდა იდგნენ ქუჩებში მათხოვრები და რატომ უნდა იდგეს ავტომობილები იმათ სახლის წინ, ვისაც მე ჩემი გადახდილი გადასახადებიდან ვუხდი საარსებო შემწეობას? საბიუჯეტო სახსრების უსამართლოდ და მამაძაღლურად განაწილებაა სწორედ ის, რაც მოქალაქის დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან.

გამოდიან და გვაყვედრიან ამ ტურისტების მოზღვავებას! თუ ძალიან გამამწარებთ, გეტყვით, ამ ჩემს ფეხებს, თუ არც არავინ ჩამოვა და ბიუჯეტში არაფერი შემოვა, მე რა ხეირი? რას გვამადლით ამ ტურისტებს და მათგან მიღებულ შემოსავლებს და გავსებულ ბიუჯეტს, როდესაც ყველაფერი ისე იფლანგება, ჩემს გადახდილ გადასახადებთან ერთად, რომ მე არანაირი ხეირი არ მაქვს? იქით ბიძინას საზმაუს მაფინანსებინებთ, აქეთ _ მღვდლების პარპაშს, იქით ვიღაც ჩინოვნიკების ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს და აქეთ კიდევ ამ ვითომ უმწეოებს!

გამოქვეყნდა მონაცემები, 2017 წლის იავნარ-აგვისტოში საქართველოში 5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა (2016 წელთან შედარებით 18,9%-ით მეტი) და აქ 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯა. ყველაზე მეტი ტურისტი აგვისტოში შემოვიდა ქვეყანაში _ მილიონი ტურისტი და წინა წელთან შედარებით 31%-ით მეტი _ 391 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამის მიუხედავად, ლარი ისევ გაიქცა, ანუ მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ის ხეირიც ვერ ვნახე, რომ ლარი არ გაუფასურებულიყო. ამის შემდეგ ამიხსენით, მე რატომ უნდა მიხაროდეს, 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯეს აქ თუ ლარი და 80 თეთრი? ჩემთვის და ჩემნაირებისთვის რა განსხვავებაა? რატომ უნდა მიხაროდეს და რატომ უნდა მოვეკიდო გაგებით იმას, რომ რუსეთიდან ტურისტების რიცხვის 34%-იანი ზრდა იყო წელს და თითქმის მილიონი ოკუპანტი რუსი (995 ათასი) შემოეხეტა ჩემს სამშობლოში? დიახ, ბატონებო, მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ არაა დასაქმებული ტურიზმის, მომსახურების სფეროში, გულგრილი დარჩება ტურიზმის აყვავების მიმართ, თუკი აქედან მიღებული შემოსავლები უსამართლოდ და არამიზნობრივად განაწილდება. თუ ყველა პოლიტიკური ძალა მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როგორ მოიგოთ კონკრეტული ფენისა და ამ ფენაში გამორჩენისთვის შეპარული ადამიანების გული, სხვას არავის ააღელვებს არც ტურიზმის და არც ეკონომიკის წარმატება. ხალხური ანდაზაა, ჩემი ურგები შეჭამანდი ძაღლსა და ქოთანი _ ქვასა. „ჩემს ურგებში“ მაინცდამაინც იმას ნუ იგულისხმებთ, რომ ვინმე იმას ითხოვს, მას ერგებოდეს, მაგრამ ადამიანი რომ შრომობს, გადასახადებს იხდის, უნდა ხედავდეს, რომ მისი გადახდილი გადასახადებიც და სხვა საბიუჯეტო შემოსავლებიც სამართლიანად და მიზნობრივად ნაწილდება ქვეყნის საკეთილდღეოდ.  ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა იმისთვის, რომ თქვენ საარჩევნოდ ხმები გაინაღდოთ.

ქვეყანაში სიღატაკის დონეს ვერანაირად შეამცირებს საარსებო შემწეობების დარიგება, სიღატაკის დონეს ამცირებს, მხოლოდ და მხოლოდ, დასაქმება და არა სიზარმაცის წახალისება. ამ ეტაპზე 18-დან 30 წლამდე 60 593 პირი იღებს საარსებო შემწეობას და 65 464 30-დან 40 წლამდე! მათზე ნაკლები გოგო-ბიჭები მუშაობენ მშენებლობებზე? ძიძებად, დღიურ შავ მუშებად? სუპერმარკეტებში კაპიკებზე? დავიჯეროთ, ყველა ხელთუპყარი და საპყარია? მავანი იტყვის, ეს 22 თუ 23 მილიონი ჩინოვნიკების პრემია-დანამატებთან რა მოსატანიაო? მაგრამ აქ პრინციპია არსებითი და ის, რომ ყველა ძალა ამ მანკიერი პრაქტიკის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და არა რეალურად ხალხის დასაქმებას. ყველა პატარა ბიძინაა თავის ჭიქაში! ბიძინაც სხვა რამეს კი არ აკეთებდა, არ ასაქმებდა და არ ასაქმებს ხალხს და უხდიდა და უხდის დახმარებებს გარკვეულ ფენას, რომ ის ფენა მასზე იყოს დამოკიდებული და არ იყოს დამოუკიდებელი მისგან.

რეზო შატაკიშვილი