რა დავალებებს მიიღებენ სასულიერო პირები უშიშროებისგან წინასაარჩევნოდ?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, სუს-ის დავალებით, პარტიების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებს 1-ლი ოქტომბრიდან აქტიურად დაამუშავებენ, შემდგომ პროცესებში კი სასულიერო პირებს ჩართავენ. მოვლენები შემდეგი სცენარით განვითარდება:

 

_ ვთქვათ, თვითმმართველობებში სიაში არის 40 კანდიდატი, მათგან გამოხშირვის მეთოდით ყველაზე მორწმუნეებს ეკლესიებში დაიბარებენ, მამაოები ცალკე ექადაგებიან და უფლის სახელით სთხოვენ, არჩევნებიდან გვერდზე გადგნენ და საარჩევნო ოლქებს წერილობით მიმართონ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

_ რას მიიღებს ამის სანაცვლოდ სუს-ი, ხელისუფლება, „ოცნება“?

_ დავუშვათ, თუ პარტიულ სიაში 15 კანდიდატია და თუნდაც ერთი იტყვის უარს, კანონმდებლობის თანახმად, სია უკვე უქმდება და ეს პარტია არჩევნებს ეთიშება.

_ ამ გზით რამდენი პარტიის ჩამოშორება შეიძლება?

_ მთავარი მიზანი ორპარტიული არჩევნებია. დარჩებიან „ოცნება“ და „ნაციონალები“. შუა უნდა გაიკრიფოს ხომ გახსოვთ? ჰოდა, ახლა იქნება საბოლოო გადამწყვეტი მომენტი, რასაც მაქსიმალურად შეეცდებიან დედაეკლესიის ის მამაოები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტყვეები არიან, რათა ეს დავალებები შეასრულონ.

_ ვთქვათ და მამაომ უარი თქვა, მერე?

_ მერე მეუფე მარტივად „დაახარვეზებს“ იმ მამაოს და ლოკაციას შეუცვლის, გადაიყავნს იქ, სადაც შემოსავალი ნაკლებია, ხალხი მეტი, ან საერთოდაც თავისი ეპარქიიდან გაუშვებს.

_ კი მაგრამ, ასეთი რთული გადაწყვეტილება რატომ გახდა საჭირო?

_ პასუხი მარტივია, ოპოზიცია, ერთი შეხედვით, არ არის ძლიერი, მაგრამ თუ მათ მხარდამჭერებს გადავითვლით, ვნახავთ, რომ არც ისე ცოტანი არიან. 100 ამომრჩევლიდან „ოცნების“ მხარდამჭერი 35-ს არ სცდება და რა გამოდის? შესაძლოა, თვითმმართველობებში ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციასთან შედარებით მცირერიცხოვანი აღმოჩნდეს. პირობითად, თუ საკრებულოებში 30 დეპუტატიდან მხოლოდ 14 იქნება „ოცნების“ წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი 16 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წამომადგენელი, ოპოზიცია ხმათა უმრავლესობით სახელისუფლებო კანდიდატს არ დაამტკიცებს, არც საკრებულოს თავმჯდომარედ, არც მოადგილედ, არც კომისიის თავმჯდომარეებად. გაერთიანებული ოპოზიცია თავად დაჯდება მრგვალ მაგიდასთან, გადაანაწილებს ხმებს და ამით დაასუსტებს „ოცნების“ მმართველობას მუნიციპალიტეტებში.

_ „ოცნებისთვის“ საკმაოდ მძიმე სურათი იქნება!

_ ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევა სწორედ ამ სურათის გამოსწორების ერთ-ერთი მიზანია _ დედაეკლესია ხელისუფლების გადასარჩენად _ ესაა ძირითადი ქვეტექსტი.

_ არსებობს თუ არა შანსი, რომ სასულიერო პირებმა უარი თქვან ასეთ ავანტიურაზე?

_ თქვან და დაელოდონ მერე 2018 წლის ცენტრალურ ბიუჯეტს და ნახავენ, რომ აღარ დაფინანსდებიან მილიონობით ლარით.

 

მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, დედაეკლესიის წიაღში, საშუალოდ, 2000 მღვდელმსახური, 1000 ბერი და 500-მდე მონაზონია. მოძღვრის შემოსავალი, ძირითადად, მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობაა. საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არც ერთი მღვდელმსახური არ ფინანსდება, რადგანაც ეს არ არის ნორმა. ეკლესიაში სასულიერო პირები თანხას ჩვეულებრივ შესაწირიდან იღებენ, თუმცა ცენტრალური ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესია 25 მილიონით ფინანსდება.

მაკა მოსიაშვილი