„გურიაში „ოცნების“ წარდგენაზე იმდენი „ნაციონალი“ იყო, მიშა უკრაინაში კი არა, ოზურგეთში უნდა ჩამოსულიყო…“

გურიაში „საოცნებო“ პარტიულ სიებზე ისევ გაურკვევლობაა. ჯერ მხოლოდ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებია ცნობილი. ოზურგეთში სახელისუფლებო რესურსი ხალხის შესაკრებად მაქსიმალურად გამოიყენეს _ ყველა ა(ა)იპ-სა თუ სამსახურს დავალებული ჰქონდა, პრემიერის დასახვედრად ქუდზე კაცი გამოცხადებულიყო.

 

ბევრი რამ გადმოიღო „ოცნებამ“ „ნაციონალებისგან“, ეგაა, რომ ვინც „პარტიული დავალება“ არ შეასრულა, თითქმის გამორიცხულია, ამის გამო სამსახური დაატოვებინონ. ჯერ არ დამდგარა მმართველი გუნდისთვის „ნაციონალების“ 2007-12 წლები, როცა ხალხის შეკრებას უფრო შიშით ახერხებდნენ. მრავალი კრიტიკის, შეუსრულებელი დაპირებისა თუ იმედების გაცრუების მიუხედავად, „ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობას მმართველი პარტია კვლავაც უალტერნატივოდ მიაჩნია.

ამიტომაც ოზურგეთში გამგზავრება მხოლოდ პარტიული დავალებაც არ იყო, ბევრს ინტერესიც ჰქონდა, ზოგი კი სულაც წარდგენამდე გამართულმა კონცერტმა მოხიბლა.

არ წყდება საუბრები, რომ „ნაციონალებით“ გაივსო „ოცნება“. ხუმრობენ კიდეც, _ ოზურგეთში წარდგენაზე იმდენი „ნაციონალი“ იყო, მიშა უკრაინაში კი არა, გურიაში უნდა ჩამოსულიყოო…

არის აქ სიმართლის მარცვალი, თუმცა პარტიულობა შემაფერხებელი რომ არ უნდა იყოს, ძნელია იმ ხალხს აუხსნა, 2012-ში რისკის ფასად რომ იბრძოლა და დღეს ხედავს, ისინი უფრო არიან პრივილეგირებულები, ვინც იმ დროს ბარიკადის მეორე მხარეს იყო და წინა ხელისუფლებას იცავდა.

არადა, რეალურად, „ნაციონალობა“ არაფერ შუაშია _ არიან ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის დროსაც ხელისუფლებაში იყვნენ, „ნაციონალების“ დროსაც, ახლაც და პოსტოცნებისეულ საკრებულოსა თუ გამგეობაშიც იქნებიან.

ნუ ვიტყვით, რომ მათგან ყველა ყვარყვარეა და სულ „ფულიან ადგილს“ ეძებენ, თუმც არც უამისობაა, მაგრამ ბევრია ისეთიც, რა პარტიაც არ უნდა იყოს, თავის სოფელსა თუ ქალაქში ავტორიტეტულები არიან. ყველა ხელისუფლება ამის გამო ანგარიშს უწევს ამ ადამიანებს და იძულებულია, „ვინც იბრძოდა“, იმათ ნაცვლად მაინც მათზე დადონ ფსონი.

ასე თუ არ იზამენ, ის დაემართებათ, რაც ლამის ყველა ხელისუფლებას დაემართა სუფსაში _ ჯუმბერ ბლაგიძე ხელისუფლებებს ოპოზიციური ფლანგებიდან „ეპარებოდა“.

ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთში სიის პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე იქნება. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ მომავალ საკრებულოსაც ხელაძე უთავკაცებს. თუმცა კულუარების დონეზე კვლავ სახელდება კიდევ ორი პრეტენდენტი: გიგი გვარჯალაძე და ბესიკ ტაბიძე. საკითხავია, მოხვდება თუ არა სიაში ნუგზარ ცინცაძე უმცროსი? _ „ცანცუას“ ლანჩხუთის „ოცნებისა“ და ხელისუფლების პირველი თუ სხვა პირების მიმართ ბევრი აქვს გაკეთებული, ზედმეტიც კი, მაგრამ, როგორც ჩანს, „განახლებული ოცნების“ მესვეურებს „თავის ატკიება“ არ უნდათ. თუ მოახერხეს, საკრებულოში არ შეიყვანენ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არც „ცანცუაა“ მთლად „უპატრონო“…

საკრებულოში მედიცინის მუშაკების სიმრავლეს ელიან: ამირან ქანთარია, დავით ჩხარტიშვილი, ელისო ჭიჭინაძე, რეზო კვერენჩხილაძე, საბა წულაძე, ნინო კვირკველია. მათგან პირველი სამი მოქმედ საკრებულოშიცაა, ხოლო ამირან ქანთარია პოლიტიკაში ყველაზე გამოცდილია. პლუს ოპოზიციონერი ნონა მურვანიძე!

„ოცნებაში“ ხუმრობენ, _ პოლიტიკური გუნდია თუ პოლიკლინიკაო? ვინც ეს სია შეადგინა, ალბათ, ამდენი ექიმიც იმას სჭირდებაო…

ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, ვინ ადგენს სიას ლანჩხუთში, მაგრამ ვინც ადგენს, გათვლა „ოცნებისთვის“ მშვენიერი აქვს _ ყველა ჩამოთვლილი ექიმი დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს, რაც „ოცნების“ პარტიულ ხმებს ფრიად წაეშველება!

ექიმებს რომ თავი დავანებოთ, იქით „ნაციონალები“ ქირქილებენ, _ „ოცნების“ ათეული „ნაციონალებიდან“ პორტირებული გაქოცებული ბატკნებით გაივსოო…

„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი მამუკა ჭყონია ითხოვს: სიაში ერთი კაცი მაინც ჩაწერეთ ისეთი, 2012-ში „ოცნებაში“ რომ იყოო.

„რით ვერ გაიგეთ, რომ 2012 წელი უნდა დავივიწყოთ. დაგვპირდნენ, „გადავკრასკავთ“ და იმათ მოვიყვანთო და აგერ, აგვისრულეს. უბრალოდ, მაინტერესებს, ნეტავ, იმ ცოცხის ტარებსაც „გადაკრასკავენ“? _ ამბობს „ოცნების“ კიდევ ერთი წევრი, სოფო ჩხაიძე.

ლანჩხუთში „ნაციონალების“ დაუძინებელი ოპოზიციონერი, ეკა ალექსაია, აღნიშნავს: „2012-იანები რაა? მაგ დროს გამომძვრალებს მე სულ არ ვთვლი არაფრად. ჭიებივით რომ გამოიკლაკნენ, მაგ 12-მდე დიდი პერიოდი ჰქონდა ამ ქვეყანას, რისთვისაც დადგა 2012 წელი. მიშას, თურმე, ლანჩხუთის ჩაწერა გაუკეთეს და კიდევ რამდენიმე მისნაირს და აქ შეჰყავთ სიაშიო… ლანჩხუთლები მაინც ვერ მიხვდებიან, ვინ ვინაა და იყოს ესენი, გაერიონ მაგდენ გადაცმულ-გადმოცმულში“.

გურიაში „ოცნების“ ხმაურით დატოვებაც მოხდა.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციაში გამეფებულია უსამართლობა და განუკითხაობა, რასაც რამდენიმე თვე თვალყურს ვადევნებდი და აქამდე იმედი მქონდა, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი შეცვალოს ეს რეალობა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის რიგები, რომლის ერთგულიც თავიდანვე ვიყავი“, _ განაცხადა გვანცა ჩხარტიშვილმა.

მათე გურული