ვინ არის ჭიათურის მერობის კანდიდატი და რატომ ვერ ანდობს პარტია მას „ობშიაკს“?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის ქალაქების მერობის კანდიდატები ქუთაისში წარადგინა. წინასაარჩევნო კამპანიამ იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ორი მოადგილის სავარძელი შეიწირა.

ერთი მათგანი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერის პოსტზეა წარდგენილი, მეორე, პაატა ნადირაძე, ჭიათურის მერად იყრის კენჭს.

 

„ოცნებაში“ მოხვედრამდე ნადირაძე „სახალხო კრების“ საქმიანობაში იყო აქტიურად ჩაბმული, თუმცა ის არ მოხვდა იმ ადამიანებს შორის, ვინც 26 მაისს სასტიკად დაარბიეს რუსთაველზე. 2012 წელს ის „ოცნებაში“ გადაპორტირდა და მოგვიანებით იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. გუბერნიაში მუშაობის დროს ნადირაძის ყველას ეშინოდა. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ მას თავის კაბინეტში სპეციალური მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული და თანამშრომლებს მუდმივად ადევნებდა თვალს მონიტორზე.

ჭიათურაში პაატა ნადირაძის კანდიდატურას დაუფარავი სიძულვილით შეხვდნენ და „ქრონიკა+“-თან ის ისტორია გაიხსენეს, რომელშიც ნადირაძე, ჯერ კიდევ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო ჩართული. რას უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო?

2997-2002 წლებში ნადირაძე ჭიათურის  გამგებლის, დავით ივანიშვილის მოადგილეა. ეს ის წლებია, როცა საქართველოში და, მათ შორის, ჭიათურაშიც კორუფცია ყვავის. მოგეხსენებათ, ჭიათურაში მარგანეცი მოიპოვება და სწორედ ამ პერიოდში მანგანუმის მომპოვებლებს ყველა კვარტალში დაუწესდათ ქრთამის გადახდა გამგებლისთვის, _ ერთ ტონაზე ორი დოლარი. თანხების აკრეფას, ტონაჟობის კონტროლსა და გამგებლამდე მიტანას პაატა ნადირაძე და, მასთან ერთად, მაშინდელი საგადასახადოს უფროსი და დღეს „ევროპული საქართველოს“ ჭიათურის ოფისის არაფორმალური თავმჯდომარე, მამუკა გოგატიშვილი ახორციელებდნენ. არაფორმალური იმიტომ, რომ მისი ძმა, მალხაზ გოგატიშვილი, ჭიათურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“ და ის ახლაც ელოდება საკრებულოს წევრობას.

1998 წელს ჭიათურის გამგებელმა, დავით ივანიშვილმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა აგრარული ბაზრის დირექტორი ნანული ხვედელიძე. (მაშინ აგრარული ბაზარი სახელმწიფო საკუთრება იყო) და ამ თანამდებობაზე დანიშნა პაატა ნადირაძის თანასოფლელი (ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდოდან), დემურ ჭიღლაძე, რომელმაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პაატა ნადირაძის ხელით გამგებელს 15 ათასი დოლარი გადასცა. დემურ ჭიღლაძემ ბაზრის დირექტორად მუშაობა დაიწყო, რემონტი გააკეთა, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. მოხსნილმა დირექტორმა, ნანული ხვედელიძემ, სასამართლოს მიმართა, რამდენიმე თვეში გამგებელს პროცესი მოუგო და ისევ დაბრუნდა ბაზრის დირექტორად. სწორედ აქედან დაიწყო ის ამბავი, რომელიც ჭიათურლებს კარგად ახსოვთ.

დემურ ჭიღლაძემ ვერ დაიბრუნა ბაზრის დირექტორობა, ის პირადად შეხვდა გამგებელ დავით ივანიშვილს და გადახდილი თანხის, 15 ათასი დოლარის, დაბრუნება მოსთხოვა, აქ კი გაირკვა, რომ გადახდილი თანხიდან ნადირაძეს 5000 $ მოტეხილი ჰქონდა. ამ ფაქტის მერე დაიწყო დაპირისპირება დავით ივანიშვილსა და პაატა ნადირაძეს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ნადირაძის მოადგილის პოსტიდან წასვლით დასრულდა. დემურ ჭიღლაძე კი რამდენიმე თვეში გულის ინფარქტით გარდაიცვალა.

როგორც ამ კონკრეტული ფაქტითაც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ საკუთარი მერობის კანდიდატების წარსული ან არ მოუკითხავთ, ან საერთოდ არ აინტერესებთ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, კანდიდატის არჩევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას ვურჩიოთ, მას არც პარტიული „ობშიაკი“ და არც ბიუჯეტი ჩააბარონ, რადგან ფულის მოტეხვა უყვარს.

ელისო კილაძე