შეაჩერე ოკუპაცია!!!

ჰიბრიდული ომი, პლუს მცოცავი ოკუპაციის გააქტიურება ორივე ოკუპირებული რეგიონის გასწვრივ, თანაც, განსაკუთრებით ცინიკურ ფორმებში: ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი, აშშ-სთან ურთიერთობის გამწვავებისა და ეკონომიკური სანქციების ფონზე საქართველოსთვის ვერ მოიცლიდა, ძალიან ცდებოდა და ამას მთელი ის პერიოდი ადასტურებს, როცა საქართველოში რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის ცხრა და წინა საუკუნის ბოლო ომის _ აფხაზეთის მონაკვეთის _ 25 წლისთავს იხსენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დეოკუპაციის თემა, წინა წლებისგან განსხვავებით, ბოლო წელს განსაკუთრებით გააქტიურდა. თუმცა ხელისუფლების კუთხით ამას ვერ ვიტყვით _ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საერთაშორისო არენაზე საქართველოს დეოკუპაციის თემა წინა პლანზე წამოწეული ისევ არაა.

მეტიც, კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა, როცა ფაქტის წინაშე დავდექით, რომ თბილისში ჩამოსული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უფრო მკვეთრად და მეტს ლაპარაკობდა საჯაროდ დეოკუპაციაზე და ოკუპაციის ფაქტორზე, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამის მიზეზიც არაა ძნელი ასახსნელი: საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, წინამორბედს არ დაემსგავსოს და ეს შიში იმდენად აქვს ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ რასაც წინა ხელისუფლება ეფექტურად და საჭირო დროს აკეთებდა, იმასაც კი არ აკეთებს, რათა თავიდან აირიდოს „სააკაშვილის ხელისუფლებასთან პარალელის გავლება“.

თუმცა, რასაკვირველია, დეკლარირების დონეზე სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია: საქართველო კვლავ უჭერს მხარს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კვლავ აღიარებს, რომ რუსეთი (ამატებს, რომ მისთვის გაუგებრად და სამწუხაროდ) ისევ აგრძელებს ქვეყნის ოკუპაციას და ისევ უკანონოდ მიიჩნევს ბორდერიზაციას, ისევე, როგორც საერთაშორისო მისიები და ევროკავშირის დამკვირვებლები.

სამაგიეროდ, საზოგადოება გააქტიურდა. ბოლო პერიოდში შექმნილი ორი სერიოზული გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და „შეაჩერე ოკუპაცია“ სწორედ ამის დადასტურებაა.

„ძალა ერთობაშია“ უკვე 20 დღეზე მეტია, სამოქალაქო მონიტორინგს შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის გასწვრივ აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში მოხალისე დამკვირვებლებმა არაერთი გადაადგილება აღნუსხეს და აუწყეს საზოგადოებას, 8 აგვისტოს კი ყარაფილასთან, ავტომაგისტრალზე, ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს.

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის ამ ზოლში მშვიდობიან აქციას, როგორც სჩვევიათ, არაადეკვატურად უპასუხეს: ყარაფილასა და ორჭოსნის ფერდობზე საბრძოლო ტექნიკა გამოიყვანეს _ ეს გადაადგილება დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და გაახმოვანეს კიდეც.

მართალია, ოფიციალური ვერსიით ეს მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი გადაადგილება იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური ვერსიით. სინამდვილეში ეს რუსეთისთვის დამახასიათებელი კუნთების დემონსტრირებაა _ მუდმივი პასუხი მსგავს სამოქალაქო აქტივობაზე.

იგივე მოხდა 8 აგვისტოს შემდეგ საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში _ აფხაზეთთან, სადაც ენგურის ხიდზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე ცოცხალი ჯაჭვის სახით. ეს ორგანიზაცია „შეაჩერე ოკუპაციას“ ინიციატივა და სამოქალაქო პროტესტი იყო, რომელიც მშვიდობის მტრედების აფრენით დასრულდა.

მეორე დღესვე რუსმა ოკუპანტებმა საპასუხო ნაბიჯები გადადგეს: ჯერ ხურჩაში მიითვისეს მიწის ნაწილი და მავთულხლართების გავლება დაიწყეს, მერე ზუგდიდის რაიონის სოფელში აიყვანეს ერთი მამაკაცი, ერთი კი _ წალენჯიხის რაიონში, ხოლო ზუგდიდის რაიონის იმ სოფელში, რომელსაც ქართული მხარე მთლიანად აკონტროლებდა, სახელდახელო კარავი გაშალეს და უდარდელად მოიკალათეს.

რუსეთის მოქმედებას ასეთ სიტუაციებში გარკვეული ლოგიკა განაპირობებს: ისინი ამ ქმედებებით, პირველ რიგში, ნოყიერად კვებავენ ქართული მეხუთე კოლონის რიტორიკას: „აი, რომ აღიზიანებთ რუსებს, იმიტომ ხდება ეგეთები, მანამდე ხომ არ ხდებოდა ასე ხშირად“, _ რასაც ზოგჯერ „შუაშისტებიც“ იტაცებენ ხოლმე და იწყება ისტერიკა, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, რომ დათვია და ბაბაია უნდა დავუძახოთ…

ამ რიტორიკაზე ადრე ხელისუფლებაც არ ამბობდა უარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობაში საზოგადოების სულ უფრო და უფრო დიდი ფენა ჩაერთო, თავად მიხვდა, რომ ასეთი რიტორიკა წამგებიანი იქნებოდა.

საზოგადოების დიდი ნაწილი კი მზადყოფნას გამოთქვამს, უფრო დიდი როლი შეასრულოს დეოკუპაციის პროცესში. ეს დაგეგმილ ანტისაოკუპაციო აქციებისადმი დაინტერესებასა და ჩართულობისთვის მზადყოფნაშიც გამოიხატება.

სამეგრელოში აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან რუსეთის აგრესიის გააქტიურებას კიდევ ერთი ფაქტორი იწვევს: ზოლზე შსს-ს ბლოკპოსტების შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა.

ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ზუგდიდის რაიონის თითქმის ყველა სოფელში, რომელიც გალის რაიონს ადმინისტრაციულად ესაზღვრება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბლოკპოსტები იდგა. მაგალითად, ხურჩაში, სოფლის ბოლოს, სანგრებიც იყო გათხრილი და თითქმის ყოველ საღამოს დისტანციური დაპირისპირება მიმდინარეობდა _ აფხაზური მხარე, რუსული მხარის წაქეზებით, მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ შსს-ს ბიჭები არაფერს უთმობდნენ, მოსახლეობა, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის ქვეშ უწევდა ცხოვრება, თავს უფრო დაცულად გრძნობდა, როცა იცოდა, რომ არათუ სოფლის მიწას ვერ მიითვისებდა ვერავინ, არამედ ცხვირსაც კი ვერ შემოჰყოფდა ხურჩაში, რომ არაფერი ვთქვათ მავთულხლართების გავლებაზე და სოფლიდან გლეხების გატაცებაზე.

იგივე სიტუაცია იყო ორსანტია-ოტობაიას მონაკვეთზე, ასევე თითქმის ყველგან, სადაც ენგური ბუნებრივი წყალგამყოფი იყო გალისა და ზუგდიდის რაიონს შორის. ცხადია, ამ რეალობას მაშინაც და სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც ქართველი პოლიციელები ეწირებოდნენ. ხურჩასა და ორსანტიაში, საგუშაგოებზე, თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს, ათობით პოლიციელია დაღუპული.

დღევანდელი რეალობა კი ისეთია: როცა აფხაზ „ბოევიკებს“ შეუძლიათ, უპრობლემოდ გადმოლახონ თავიანთ მიერვე საზღვრად მიჩნეული მონაკვეთი, თავზე დაადგნენ დაჭრილ ქართველს და დაცხრილონ, ხოლო ზუგდიდის რაიონის ერთ სოფელში, ტყაიაში _ ენგურის პირას კარავი გაშალონ და უშიშრად მოიკალათონ შიგ.

ანტისაოკუპაციო აქტივობა, რომელიც აგვისტოში დაიწყო, გადამწყვეტ სტადიაში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსკენ შევა. როგორც „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, მოხალისე დამკვირვებელთა ახალი შტაბის გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის გასწვრივაცაა დაგეგმილი:

„უკვე გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები სამეგრელოში მოხალისეებთან და ვფიქრობთ, იქაც გავხსნათ ჩვენი შტაბი, რომელიც მოხალისე დამკვირვებლებით დაკომპლექტდება. როგორც მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, რუს ოკუპანტებს ყველაზე მეტად სწორედ ამგვარი სამოქალაქო აქტივობა აშინებთ, ასე რომ, მათ ასი თვალი და ასი ყური არ უნდა მოვაშოროთ, ეს პრევენციაცაა და წარმატების ფორმულაც, ვინაიდან ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე ჩვენმა აქტივობამ გვიჩვენა, რომ ჩვენი მისიის პერიოდში მოქალაქეთა გატაცების ინტენსიობა შემცირდა, ხოლო ოკუპანტების უკონტროლო გადაადგილებამ იკლო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოვახერხოთ საერთაშორისო მისიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. როგორც ვიცი, ჩვენი ცოცხალი ჯაჭვის დროს, 8 აგვისტოს, რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკის გამოყვანა საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში მოხვდა და ეს სწორედ ჩვენი ერთიანობის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დღეს გამართული აქცია ენგურის ხიდზე, იმ დღეს, როცა აფხაზეთში ვ. პუტინი ჩავიდა, ამას გარდა, რამდენადაც ვიცი, რუსი ოკუპანტები სწორედ ამ აქციის მერე გააქტიურდნენ აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზეც. ასე რომ, ერთად დგომით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მსოფლიო საზოგადოებრიობის კიდევ უფრო დიდი ყურადღების მიქცევას და რუსული აგრესიისთვის საკადრისი პასუხის გაცემას.

მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მივმართო რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ცნობილ სახეებს: ნუ გეშინიათ, ხალხო! გამოდით, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, შემოგვიერთდით აქციებზე _ რუსეთი სასტიკი და ვერაგი მტერია, მაგრამ ეს ჩვენი ომია, რომელიც ჯერაც არ დამთავრებულა, ამიტომ თქვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითის სახით გეტყვით, რომ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ჩვენთან ერთად დგომას აპირებს ცნობილი ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი, რომელსაც არაერთი ფილმი მოუმზადებია საქართველოში რუსეთის აგრესიაზე. ის გეგმავს ჩვენთან ერთად იყოს საოკუპაციო ზოლზე, დაგვეხმაროს ფილმების, ლაივების მომზადებაში, ამასთან, ყარაფილაში უკვე სექტემბერში ვგეგმავთ მისი ფილმის ჩვენებას ღია ცის ქვეშ, უცხოელი და ქართველი ჟურნალისტების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა თანდასწრებით“.

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, „ძალა ერთობაშია“ ოკუპირებული სოფლებიდან ინფორმაციის მიღების ახალი მეთოდის დანერგვასაც გეგმავს _ უახლოეს დღეებში ყველასთვის ცნობილი გახდება ტელეფონის ნომერი, სადაც დარეკვა და ინფორმაციის დატოვება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, რის შემდეგაც, ოკუპაციის დამადასტურებელი ნებისმიერი ფაქტის გამოვლენისას, იქნება ეს ადამიანის გატაცება თუ ახალი მავთულხლართისა თუ თხრილის გავლება, შემთხვევის ადგილზე მოხალისე დამკვირვებელთა ჯგუფი გავა და მომხდარს მედიასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეატყობინებს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ასევე ვებგვერდის ამუშავება, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, თავად ატვირთოს ოკუპაციის კონკრეტული ფაქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეოინფორმაცია.

 

ლაშა ბერულავა