ერთ ბიჭზე მინდა დავწერო ,- წერილი ციხიდან.

ეს წერილი ერთი თვის წინ, ჩემი შვილის თანამოსაკნისგან მივიღე.

დიდხანს ვფიქრობდი,გამესაჯაროვებინა თუ არა.

ხვალ დავით ხარშილაძის ბოლო პროცესია. სასამართლო ადვოკატების და „ბრალდებულ“ხარშილაძის ბოლო  სიტყვას მოისმენს.იმედია,ხვალ ჩვენ შევძლებთ რომ მისი უდანაშაულობა იურიდიულად გავაფორმით,თორემ ისე მთელმა სამყარომ იცის რომ მისი ერთადერთი“დანაშაული“ჩემი შვილობაა.

პატივისცემით :ელისო კილაძე

 

ესეც წერილი ციხიდან :

ერთ ბიჭზე მინდა დავწერო.ის ჩემზე 20 წლით არის პატარა. სხვადასხვა ცხოვრების წესით ვიცხოვრეთ და ერთმანეთს ჩემთვის ჩვეულ და მისთვის უჩვეულო გარემოში შევხვდით.მიუხედავად მისი ოდნავი დაბნეულობისა ,ძალიან ყოჩაღად გამოიყურებოდა და გაცნობის პირველივე წუთიდან ვიგრძენი რომ ჩემს წინ სუფთა ადამიანი იდგა.გურამ დოჩანაშვილის ლიტერატურული გმირისა არ იყოს,მეც მაქვს ჩემი ფიქსატორი.ჩემზე და მასზე დამოკიდებულ,თუ დამოუკიდებელ გარემოებათა ერთობლიობის გამოისობით, ერთად ვართ საკანში გამოკეტილნი.სისხლის სამართლის კოდექსით ,მე მოთავებული კრიმინალი ვარ,ის კი …ამას რა უნდა ციხეში ვერ ვხვდები.არც დანაშაული არ ჩაუდენია და რაც მთავარია, ცნობიერება არა აქვს კრიმინალური.ერთი ეგაა,საქართველო უყვარს ძალიან,უყვარს ჩვეულებრივ და უყვარს უჩვეულოდ.უყვარს მისი კარგი და უყვარს მისი ცუდი.ერთი სიტყვით,უყვარს არანორმალურად, როგორც ყველა ნორმალურ ქართველს უნდა უყვარდეს,ხოლო ცოდნა,ცოდნას რაც შეეხება-მადლობა ღმერთს რომ განათლების სისტემად  წოდებულმა ბნელეთის არმიამ თავის კვალი ვერ დაამჩნია, სჩანს ოჯახმა და გარემოცვამ ჩასხიპა შხამიანი საცეცები,ჩემი ნათქვამი რა თქმა უნდა, აპრიორი არ არის,ან ვისი ყოფილა თვინიერ უფლისა,მაგრამ მაინც ვიტყვი-მისი ერთადერთი დანაშაული საქართველოს სიყვარულია.

თქვენ,სულგაყიდული კასტის „უბრწყინვალეს „ წარმომადგენლებს მინდა მოგმართოთ,უცხო სიტყვათა კასკადის მიღმა მაინც უვიცობას რომ აფრქვევთ,რაც უნდა მოძღვროთ საქართველო,თქვენი ყველა ფანდი,ხარკი,ოინი და ხლართი გაცუდდება,სანამ საქართველოში ამ ბიჭისნაირები იბადებიან,შეგიძლიათ შეთითხნილი, ცრუ ბრალდებით ციხეში გამოამწყვდიოთ,უცხოეთში გადახვეწოთ,ბოლოს და ბოლოს მოკლათ,მაგრამ რატომ გავიწყდებათ რომ სანთელ საკმაველი თავის გზას არ ჰკარგავს და უფლის რჩეულთ ბნელი ვერ ერევა, ცუდუბრალოდ რომ არ დაშვრეთ,მათი გვარსახელების  ძიებაში.აქვე გეტყვით რომ მათ დავით ხარშილაძე ჰქვიათ,

რამდენჯერაც  თქვენთვის უსიამო,მართალ მზერას შეხვდებით,იცოდეთ -ეს დავით ხარშილაძე გიმზერთ, რამდენჯერაც თქვენი ცოფის გასამძაფრებენ პატიოსან საქციელს გადააწყდებით, იცოდეთ ეს დავით ხარშლაძის საქციელია,თქვენს უზნეობას რამდენჯერაც ფრთები შეეკვეცება, ეს დავით ხარშილაძის ზნეობა გაოკებთ.

ეჰ,ამ ქვეყანაზე დღიდან კაცის გაჩენისა,რამდენნაირი იდოლოგიაა,ხან რომ ერთად მოაბიჯებენ მწყობრში მხარდამხარ და ხან რომ ერთმანეთს ებრძვიან . მიუხედავად ამისა,მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს, გოგირდის სუნი დაჰკრავთ,ხოლო დაუსაბამო მარადიული და სუფთა ერთადერთია და მისი კეთილი ნების კეთილად  აღმსრულებელს უფლის რჩეული ჰქვია, ერთ ერთი ასეთი აგერ გყავთ გამომწყვდეული ჩემთან ერთად საკანში,

ჰოო,ამ ბიჭზე მინდოდა ლაპარაკი და თქვენზე კი გამოვიდა,მგონია.

მე ხვალე  გავდივარ,სასჯელი მიმთავრება,ის კი აქ რჩება,მაგრამ როგორც სინათლის სხივს ვერავინ დაამწყვდევს, ასევე თავისუფალ სულს ვერავინ გამოკეტავს,ის ციხეშიც და მის გარეთაც  თქვენთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს,ბატონებო

ნოდარ მ.

გლდანი,2017 წელი.

ივლისი