როცა ფორმიანებს სჯერათ შენი უდანაშაულობის!

2003 წლის სექტემბერი იდგა… თბილისში უკვე იღრინებოდა ამინდი, პრეზიდენტი შევარდნაძე კაბინეტში იჯდა და თავის ძალოვნებს ელოდა. შსს-ს და უშიშროებას ცალ-ცალკე დამოუკიდებელი კვლევა დაუკვეთა… ხალხის განწყობები თუ ხელის გულზე იდო, კვლევა-ძიების გარეშე აინტერესებდა, წითელი ინტელიგენცია რა შედეგს დადებდა. სწორედ ამის გარკვევა დაავალა ძალოვნებს…

17-18%… პრეზიდენტი დუმდა, _ კარგით, თავისუფლები ხართ, _ გამოსცრა ამბროსოვიჩმა. „კიტებმა“ ერთმანეთს გადახედეს (ისედაც გაოცებულებმა იმით, რომ მათ პრეზიდენტი ერთად არასდროს იბარებდა, თუ რამე საგანგებო არ ხდებოდა). თავი მდაბლად დაუკრეს, დაემშვიდობნენ და სწრაფი ნაბიჯით გამოვიდნენ კაბინეტიდან… თბილისი ბორგავდა, ხალხი მოუთმენლობას და გაურკვევლობას შეეპყრო, ყველა გრძნობდა, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ასე გაგრძელება უკვე წარმოუდგენელი ჩანდა! რეგიონებში კი ხალხს თვეობით ენატრებოდა ანთებული ნათურა. ქუთაისი მშვიდად ელოდა რას? _ არც არაფერს. ალბათ, ჩვენს ცხოვრებას სიახლის არაფერი ეტყობოდა. ვვარჯიშობდით, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდით, ვსწავლობდით და ქუჩას ვეტრფოდით, მშვიდ ქალაქში მხოლოდ ძალოვნები, ქურდები, ჩინოვნიკები და ფეხბურთელები „გულაობდნენ“ და დასრიალებდნენ „მერსედესებით“ და „ბეემვეებით“. უკვე ვბიჭობდით, ზმანს ვეტანებოდით, სკოლის საძმაკაცო ძაან კარგი გუნდი შეიკრა, 30-40-იც კი ვიყავით ხოლმე. გამორჩეულად ვახლობლობდით. წრფელი, უბოროტო განცდებით ვიყავით. მოგვიანებით, ნაწილს ეს განცდა გაუხუნდა და დაეცა, მაგრამ ეგ არაფერი, ცხოვრებაა და ყველა ვცდებით ხოლმე. გოგოები უკვე ზედმეტადაც კი გვაქცევდნენ ყურადღებას, ეს ის დროა, როცა გარდატეხის ჟამია, რა თქმა უნდა, ვირგებთ და კარგადაც ვიწყებთ გართობას, მაგრამ ასევე მკაცრი კოდექსი გვაქვს, ჩვენი, ქუთაისური და კაცური, _ შინაურებს, ახლობლებს, ერთმანეთის, გოგოებს არ ვეკარებით!!! ჯერ კიდევ უბედნიერესი პერიოდი გვაქვს, რამეთუ ჯერ არ დაწყებულა ბოროტების ჟამი ქუთაისის ისტორიაში და სკოლების წინ არ გახსნილა ტოტალიზატორები და აპარატები, სადაც ბავშვებს გათავნავენ, ფულს მოუგებენ და სახლ-კარს გააყიდინებენ!!! ბიჭებს მოვიკითხავ. მიუხედავად ჟამთა რბოლისა, ცხოვრების სხვადასხვა გზით გვიწევს აღმართის გავლა.

 

28.03.2017

აჩიკო შემოვიდა. გამომძიებელს ველოდებით, ჩვენება უნდა მივცე. დღეს ნახევარი საათი დრო გვაქვს. ჩემები კარგად არიან. ინფორმაციები გამოდის, რა თქმა უნდა, _ იქიდან მოქალაქემ რამდენიმე ადგილას დარეკა და დაახურა: ეს რა **ობა გიქნიათო. მოკლედ, მე და აჩიკომ დავაზუსტეთ, უეჭველი არ იცოდა იმანო და იმისგან არ მოდისო (ჩემი ვერსიაც მყარდება _ ვიწრო კორუმპირებული (ბარიგა) ჯგუფის გაკეთებულია, რომელიც რამდენიმე კურდღლის დაჭერას ეცადა ერთად. ხალხი შენკენ არის მასობრივად, FB მუშაობს.

ძალიან კარგი. ესაა მთავარი, ხალხს სჯეროდეს ჩემი სიმართლის. ღმერთო, დალოცე სამართლიანი საქართველო!!!

ხანდახან ჩემი გული და სიკეთე ასე ფასდება, მაგრამ არა უშავს. უფალი მაღლა ყველაფერს ხედავს და ის განსჯის, როცა დრო მოვა. არა უშავს, სიკეთით და მადლით ვარ სავსე. ესაა მთავარი, არ დავიბოღმო, არ გავბოროტდე!!! ამასობაში, სანამ მე და აჩიკო ამას ვიხილავთ, გამომძიებელი მოვიდა. 3.40 წუთი გაგრძელდა დაკითხვა. 13 მარტზე სრული სიმართლე დეტალურად მოვუყევი. თვითონ დაიჯერა, მაგრამ ეს კმარა? ვითომ არსებობს ნება სიმართლის გარკვევის? იმედი მაქვს, სხვა თუ არაფერი, სტრასბურგისთვის მაინც დამჭირდება ეს ყველაფერი. იქ ზუსტად ვიცი, ჩემი სიმართლე არ დაიკარგება. გამომძიებელი მიდის, აჩიკოს ჩემებთან მიკითხვას ვაბარებ. ყველა მენატრება, მაგრამ ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე და ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ცოტას ვფიქრობ მათზე!!!

***

როცა ლევან აბზიანიძე ხელში ჩააკვდათ (ნარკოლოგიურში შარდმდენები დაალევინეს და გული გაუსკდა), ხალხი, ჯერ კიდევ, ეიფორიაში იყო. ვერ და არ შეიღვიძა! მაშინ მივხვდი, რომ უკან დახევა არ შეიძლებოდა და წინ უნდა გვევლო რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, 5 „ლაიქით“ და 3 კომენტარით შემოიფარგლა ჩემი თაობა!!! მაშინ ხალხი გავაფრთხილე, რომ ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებდა და არ ისმინეს 🙁 არა უშავს, ჩემთან ხომ ასე ძალის ძალად მოვიდა და მოვიდა! მე და პრეზიდენტის სიძის მეგობარი ერთი დღის მიყოლებით დაგვიჭირეს. არის ამაში კავშირი, მით უმეტეს, ბათუმის მოვლენების მერე მოხდა ეს. მინდიას და მის მეგობრებს მთელი თბილისი იცნობს, მათ შეუძლიათ ახალგაზრდობის მობილიზება, ისევე როგორც მე ქუთაისის, ასევე თბილისელი ჩემიანების (არა მარტო). მოკლედ, ერთი კურდღელი ეს იყო იმ რამდენიმედან, ერთი გასროლით რომ სცადეს მოკვლა! ბოლო ინსტანცია ვართ ჩვენ. თუ მოგვერივნენ, ჩვენი სიმართლე დაკარგეს და ბოროტებამ იზეიმა, მაშინ ამ ქვეყანას კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება, კიდეც დაგვაპაუზებენ იმ თაობას, რომლის დროც დგება და რომელმაც ჭეშმარიტად ქართულ ღირებულებებზე უნდა ააშენოს ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფო!!! დღეს ყველაფერი ქართულის გამაიმუნება და დისკრედიტაცია ხდება! სწორედ ამიტომ მოგვადგნენ ჩვენ, ახალგაზრდა ქართველებს, რომლებსაც ქვეყანა სტკივათ!!! ჩვენ არ უნდა დავეცეთ არანაირად! ჩემი, მინდიას, მისი დაჭერილი მეგობრის უკან ის თაობა დგას, ყველაფერი რომ უნახავს. თაობას, რომელსაც ევროპის გაკრიალებულ ქუჩებშიც უსეირნია სოლომონსაც უსმენს, NBA-ს უყურებს, დრაგიც იცის, რა ხილია, ასევე არაფარისეველი მართლმადიდებელია. მოკლედ, ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ბოროტება თუ ვიცით, მხოლოდ თავდასაცავად. დამცველებს დაგვერივნენ და დასაცავმა თუ ახლა ხმა არ ამოიღო, დამცველები აღარ დავრჩებით და დასაცავს მერე იოლად მოერევიან. როგორც დიდი ჭაბუა იტყოდა: ჭკუით, ქართველებო, დაიცავით საქართველო!!! არ უნდა მოვდუნდეთ, არ დავეცეთ, თუ საჭირო გახდა, თავიც უნდა გავწიროთ, ჩვენ უნდა გავაღვიძოთ ის სული, რაც მიაძინეს და მიწის მიყრას ცდილობენ. ემოციებით სავსე ვწერ ამ სტრიქონებს. ყველაფრისთვის მზად ვარ, მთელი არსებით შეგნებული მაქვს მიზნებიც და ქმედებებიც ჩამოყალიბებული. იმდენად დიდია მიზნები და, მათ შორის, უმთავრესი და უპირველესი _ ქართველების ქართული, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო!!! იმდენად ცდილობენ ყოველდღიურ ***ობებში გაგვხვიონ, მაგალითად, კურთხეულ, მადლიან მიწაზე, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ ერმა იშრომოს, იღვაწოს, იკვებოს, დოვლათი შექმნას, მოსახლეობის 62% სიღატაკეში ცხოვრობს, ყოველი მეორე ოჯახი მუდამ საჭმელს ეძებს. პირდაპირ და გარკვევით უნდა ითქვას, რომ ქვეყანას ოკუპაციისა და 300 000 დევნილის პირობებშიც კი შეუძლია განვითარდეს, წინ წაიწიოს და მშიერი არ იყოს!!! სწორედ ესაა ჰიბრიდული ოკუპაცია და ამავე ომის მთავარი ელემენტი, _ მშიერი ადამიანი ვერც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, ვერც მაღალ მატერიებზე, სამშობლოზე ფიქრისთვის არც დრო აქვს, არც ემოცია, მხოლოდ მესიას ეძებს, ისიც წარმოსახვაში. მთავარი საზრუნავი _ შვილების გაჩენა, ერის გამრავლება, სულ დაგვავიწყეს, მიგვიჩქმალეს, არადა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ: 2022-2025 წლისთვის იმერეთი რომ იმერეთია, ქვეყნის გული და ხერხემალი, 550 000-დან 170 000-მდე შემცირდება მკვიდრი მოსახლეობა. კრახის წინაშე ვდგავართ, ჩვენ უკან საქართველოა! საითაც ახლა მივდივართ და მივყავართ, სრული სიცარიელეა! რა პასუხს ვაძლევთ იმ მილიონებს ზეციურ საქართველოში, მოთმინებით რომ გველიან. ადრე თუ გვიან ხომ ყველა იქ მივალთ! ვიქნებით კი იქაურობის ღირსნი, თუ მიწიერ, მადლიან აქაურ საქართველოს ვერ მოვუვლით, ვერ დავიცავთ, ვერ შევინარჩუნებთ, დღევანდელ მასპინძელს ხვალ სტუმრობაც სანატრელი გაგვიხდება! ნუთუ მთავარი გვავიწყდება, რა არის ჩვენი უმთავრესი მოვალეობანი, რისთვის შეგვქმნეს უფლის მადლით და ნებით ქართველებმა? ჩემი

ღრმა რწმენით, ყოფნა-არყოფნა ყველაზე ცხადად ახლა ჩვენს ეპოქაში დგას!!! რამეთუ ჩვენი, ქართველობის ყველა (არაბი, თურქი, მონღოლი, ირანელი, ლეკი თუ რუსი) ხილული მტერი იყო და არის, ქართველს არც ხმალი აკლდა, არც ჭკუა და ლავირება, მით უმეტეს, არ უჭირდა, როცა ვითარება მოითხოვდა, რწმენა არ აკლდა და მხოლოდ ამან მოგვატანინა და მოგვიყვანა აქამდე!!! ამასობაში სატანამ მეთოდები დახვეწა, ყველაფერი ბოროტი ხომ ეშმაკიდან მოდის, ხილული ნათელიდან ჩრდილს მიეფარა, მრავალსვლიანი კომბინაცია დახაზა! მოღალატე ქართველები გამოიყვანა ასპარეზზე, პირადი მიწიერი კეთილდღეობა აჩუქა სიკეთის სახელით და მოჩვენებით უმძიმესი ბოროტებების კეთება დააწყებინა! სანამ ხილული იყო, ერი და ბერი, როგორც და სადაც უხერხდებოდა, ებრძოდა ხმლით, ჯვრით, კალმით. ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაყენეს ოთხზე. ამიტომაც შეაჩეჩეს, მოაღორეს თანამედროვე არისტოკრატიის ნაწილი და სათავეში ჩაუყენეს ნაძირალების ხროვას, ვისი დიდი ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, რამხელა ბოროტებას ჩასდგომია წინამძღოლად თავისივე ხალხის წინააღმდეგ! ქართული სინდისის ბურჯი, მთა იცლება და მისი შემყურე ბარი უმიზნო, გათითოკაცებული, ზომბირებული ადამიანების სარბენ საგოდებლად ქცეულია. არადა, ახლა კლიშეების ფსევდოდემოკრატიისა და გოდების კი არა, მოქმედების, ერთიანობის, ადამიანობისა და საქმის კეთების დროა!!! ჯვარი და მადლი აქაურობას!!!

 

  1. S. ცოტას დავისვენებ და გავაგრძელოთ. აუცილებლად მაგალითებად გავშალოთ სათქმელი. თემები ავიღოთ, განვიხილოთ, გავარჩიოთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ! მერე გვიანი არ იყოს, საერთოდ თუ არ გავიღვიძეთ, შევკავშირდით, შევერთდით!!! მიზანი ისეთი წმინდაა, თავის გაწირვაც კი საშური საქმეა!!!

 

P.P.S. ეშმას მთავარი დასაყრდენი უნდა გამოვაცალოთ და ეს საყრდენი გაყიდული ქართველია!!! ჩვენი, ქართველობის მომრევი მხოლოდ ქართველია! რამეთუ მან, ძმამ თუ დამ, ყველაზე კარგად იცის ძმისა და დის სისუსტეები თუ ღირსებები, გენეტიკური სიკეთეები! ეს ძალა უნდა მოისპოს, გავაქროთ, ამოვძირკვოთ, სხვა გზა აღარ გვაქვს, თორემ სიკეთე დაარქვეს ბოროტებას! ურცხვად! მხოლოდ უფლის იმედად ყოფნით ვერ გვეშველება, თუ ჩვენც უფლის გვერდით არ დავდექით და უფლის გზაზე არ ვიარეთ!!! ორი ბატონის მონა ვერ ვიქნებით, ბატონი ერთია და ის ქრისტე ღმერთია!!!

 

***

დღეს შუადღეა. უკვე ხუთშაბათია, აჩიკო უნდა გამოჩნდეს, წესით. საღამოს წერას გავაგრძელებ და მოდით, თქვენი ნებართვით, იმ თემით დავიწყოთ, რა ბრალდებითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ჩადებული და შეთითხნილი) დამაკავეს. კარგა ხანია, ეს ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ, რომლის გამოყენებამ უკვე გამოცხადებული გენოციდის ფორმა მიიღო დღევანდელ საქართველოში. მოგიყვებით სიმართლეს: მე რა მაკავშირებს ამ ყველაფერთან, რა ვიცი, რა გადამხდენია თავს, ვინ მფარველობს და ვინ ყიდის გამოცხადებულ სიკვდილს!!!

მაინც მეძალება, მაინც მოდის მონატრება. ასე რომ არ იყოს, მაშინ იქნება ჩემი საქმე ცუდად. ეგ არაფერი, გავუძლებ, სხვა გზა არ მაქვს, სხვა გზა სიკვდილია და მკვდარი ვერავის გამოვადგები, _ ვერც ოჯახს, ვერც ქვეყანას, ვერც იმ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც მართლა ჩვენზე მეტად უჭირს. იმდენი მინახავს, კარგი ცხოვრება მართლა არ მენატრება, პირიქით, ვისვენებ და ბევრ რამეს სხვაგვარად ვხედავ. არასოდეს ჩავთვლი აქ ყოფნის დროს დაკარგულად. ერთი ის მიკლავს გულს, რომ ჩემები განიცდიან. ყველა გავა ფინიშამდე, ავანგარდში ყოფნა მსხვერპლსაც მოითხოვს, მით უმეტეს, როცა სიმართლისთვის იბრძვი და მით უმეტეს, როცა ასობით გამწარებული ადამიანი შენგან ელის თანადგომას! მამა მეფიქრება ყველაზე მეტად, გულს უჩიოდა ამ ბოლოს დროს, რამე არ მოხდეს, თორემ სასწაულს გიზამთ, თქვე ქათამო ჩამდებებო!!! სახლში რომ მიდიხართ, როგორ გძინავთ, ან შვილებს როგორ ეფერებით მაგ ბინძური გასვრილი ხელებით, ან მშვიდად როგორ იძინებთ, როცა სიკვდილს ყიდით და იმ ფულით საჭმელს როგორ ჭამთ?!! ღმერთის არ გეშინიათ?!! წერა მაგრად მშველის, ამ დროს ენერგიით ვივსები. ახლა ვხვდები, დიადი განსაცდელის დროს როგორ იწერება ზღაპრული შედევრები (ჩემი მწირი ნაწერი რა მოსატანია). აქაურობას, რა თქმა უნდა, ცალკე დავახასიათებ და აღვწერ! მაგრამ ახლა მართლა მინდა, აქაურებს მოვეფერო, თან 10-დან 8-ს ჩემი სჯერა, თან ამაყად სჯერა! როგორც უხერხდებათ, ისე მეხმარებიან ექთნები, ექიმები, „კლუჩნიკი“, სართულის ოფიცრები, „კორპუსნოი“, აი, ყველა, საერთოდ! მადლობა მათ ამისთვის და ადამიანობისთვის! როცა ფორმიანებს სჯერათ უდანაშაულობის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს პატიმრისთვის! ნაცნობი პატიმარი ვერავინ ვნახე, კურტანასიც ვერაფერი გავიგე. ისე კი, ვინც მხვდება, ყველასთან კაი მოკითხვა მაქვს. მეტს ვერ ვახერხებ, სულ 2 წამით თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს. 10 თვეში, მაქსიმუმ, გარეთ ვარ ყველა ლოგიკით! მე მჯერა ამის, მაგრამ უნდა გავმართლდე, _ ეს აუცილებელია!

 

დავით ხარშილაძე