ომი, პომპიერო და ვაშლი

 

„ჩვენს განცდებში უამრავი შემცვლელი ფორმაა, შობილი ჩვენი სიზარმაცით, შიშით, ან რეფლექსიის უუნარობით. ჩვენ შეგვიძლია, მოვკლათ ჩვენი მშობლები იმით, რაც მათი სიყვარული გვგონია, რადგან უფრო ხშირად ჩვენი წარმოდგენა გვიყვარს მშობელზე და არა თვით მშობელი; ჩვენი წარმოდგენა გვიყვარს სამშობლოზე და არა თვით სამშობლო“.

მერაბ მამარდაშვილის ამ სიტყვების შინაარსს, რა თქმა უნდა, აქვს აკადემიური ახსნა, მაგრამ, ამჯერად, შევეცადოთ, ყველამ ჩვენს გულში გავატაროთ და ისე გავიგოთ, როგორც ამის საშუალებას მოგვცემს ჩვენი გონება.

თუმცა უპრიანი იქნება დავსვათ კითხვა: რა უფრო გვიყვარს, _ სამშობლო, თუ ჩვენი წარმოდგენა სამშობლოზე? ჰო, ალბათ, ამ კითხვაზე გაცემული პასუხი _ მხოლოდ გულწრფელი პასუხი _ შეგვაძლებინებს ბევრი რამის სწორად გააზრებას და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შანსი, ვიაროთ წინ. რადგან „გულწრფელი“ ვახსენე, აქვე გიორგი გურჯიევის სიტყვებსაც მოვიშველიებ: „სიწრფელე _ აი, გასაღები, რომლითაც გააღებთ კარს და ამ ღია კარს მიღმა თქვენ დაინახავთ თქვენს საკუთარ ნაწილებს და დაინახავთ რაღაცას, _ ჯერაც არნახულს. მაგრამ ეს არ უნდა მოგწყინდეთ; ეცადეთ, მუდამ გულწრფელი იყოთ“.

 

***

_ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? _ კითხვა, რომელიც ყოველ აგვისტოს აქტუალური ხდება. _ ვინ წამოეგო? ამ პროვოკაციულ კითხვასაც თუ მოვისმენთ, მაშინ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, _ კითხვის დამსმელია თავად პროვოკატორი და მას სურს გათქმევინოთ, _ საქართველომ. რეალურად კი ასეთი პასუხის მოსმენა არც უნდა ამ გავლენის აგენტს, მას უფრო კონკრეტულად სურს, რომ უპასუხოთ, _ სააკაშვილმა და ესეც ჰყოფნის სრული ბედნიერებისთვის, რადგან ეს არის ამ კითხვის უმთავრესი მისია.

რეალურად კი ომი რუსეთმა დაიწყო და ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ამას არა მხოლოდ ქართველი ობიექტური ისტორიკოსები, არამედ თვით რუსებიც აღიარებენ და „წამოეგო პროვოკაციას“ ისტორიული აზრთა წყობა არ სცნობს.

1939 წლის „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტი პროვოკაცია იყო? თუ დრო, რომელიც სსრკ-მ მოიგო? ამავე კონტექსტში სტალინს დაესხა თავს ჰიტლერი, თუ გერმანია საბჭოთა კავშირს?

ჰო, ჩემბერლენს და ჩერჩილს ბომბავდა ჰიტლერი თუ ინგლისს _ გერმანია?

ეს სიტყვების მანიპულიერება და საჭირო კონტექსტების დამკვიდრება ვის ინტერესებშია? ხომ არ ემსახურება ეს ფრაზა: „სააკაშვილი მძინარე ცხინვალს დაესხა თავს“ _ სააკაშვილისგან გამიჯვნას, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, თავის მართლებას „უფროს ძმასთან“, სააკაშვილმა დაიწყო ომი, თორემ ჩვენ, „საქართველო“, ამას როგორ გავაკეთებდით?

ყველა ის ადამიანი, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამბობს და ფიქრობს, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა, მინიმუმ, გავლენის აგენტია და, მაქსიმუმ, _ მტერი!

ერთი ისტორიული პარალელი: ქართველი პოლიციელები აფხაზეთში დღისით შევიდნენ რკინიგზის დაცვის მოტივით და ჩვენ დროებით დაკარგული გვაქვს ეს ტეროტორია, რომელიც, ისევ და ისევ, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. და იქ ომი არ იყო? _ კი, იყო! და ვინ დაიწყო ომი? შევარდნაძემ, ქართულმა პოლიციამ, თუ სამხედრო საბჭომ? _ არც ერთმა! ქართველი სამართალდამცველები აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად შევიდნენ, _ ეს მშრალი განმარტებაა. შევიდნენ სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად და მორჩა! მაშინ, ცხინვალში რა მოხდა? ან როგორ დავიწყეთ ომი საკუთარ ტერიტორიაზე? ომი _ ვის წინააღმდეგ? ვინც ამბობს, რომ ომი დავიწყეთ, ის იმთავითვე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში. ამ დროს, ყველა საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია იყო საქართველოს შემადგენლობაში და ამას აღიარებდა რუსეთიც კი. და მაშინ სად და როგორ დავიწყეთ ომი? სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის _ სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებულთა _ ინტერპრეტაციებიც უადგილოა და უსუსურია ამ შემთხვევაში. რეალურად, საომარი მოქმედებები დაიწყო, ჯერ კიდევ, 1-ლ აგვისტოს, როდესაც რუსი სამშვიდობოების ზურგს უკან მდგარმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ისე, „სეპარატისტებმა“ ცოტა უადგილოა, რადგან, რეალურად, ისინი, რომლებიც ქართულ სოფლებს ბობმავდნენ _ კლავდნენ ქართულ მოსახლეობას, პოლიციას, _ რუსეთის რეგულარული ჯარებისა და დაქირავებული ბანდფორმირებების წარმომადგენლები იყვნენ.

აი, დღეს რომ მიდის „მცოცავი ოკუპაცია“ (უკაცრავად ბატონ სერგეენკოსთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ამ სიტყვათა წყობის გამოყენებისთვის) და მმართველი პარტიის ლიდერები თუ მთავრობის წევრები გვეუბნებიან, _ ეს 2008 წლის სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების ფარგლებში ხდება, რომელზედაც, თურმე, მიშასაც აქვს ხელი მოწერილი და თვალში ნაცარს გვაყრიან, _ ის საზღვარი რომ „შემოეღობა“ მაშინ კრემლს ცხინვალისთვის, რეალურად, საკუთარი თავისთვის, _ ისევ მიშა იქნებოდა დამნაშავე? ანუ არ გაეწია წინააღმდეგობა და ისე დაეთმო? კი! იქნებოდა, იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარებდა ამ ტერიტორიებს. თუმცა ისტორიულ კონტექსტში ეს დანაშაული, ალბათ, არაფერიც არ იქნებოდა, რადგან აი, ახლა _ დღეს ხომ აბარებს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს მტერს და ამასაც სააკაშვილს აბრალებს.

შესაბამისად, კითხვა, _ ვინ დაიწყო ომი? _ არარელევანტურია. ახლა კითხვა ასე დაისმის: ვინ აბარებს ტერიტორიებს წინააღმდეგობის გარეშე? ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაშინ ჯარი, ხალხი, ერი და ბერი (რუსეთის მომლოდინეებს არ ვულისხმობ) ერთად იდგა. ახლა?

„ჩვენი წარმოდგენა გვიყვარს სამშობლოზე და არა თვით სამშობლო“, _ ახლა ასე ხდება და რეალურადაც ასეა.

ომი? ომი კი რუსეთმა დაიწყო და არა სააკაშვილმა!

 

***

„მთაწმინდაზე ხანძარია“, _ ამ ნიუსმა და ფოტოებმა, ლაივებმა ყველა ჩვენგანი შეძრა. ხანძარი 8 აგვისტოს. ნამდვილად არ ვიცი, რას გულისხმობდა რადიო „თავისუფლების“ ლაივზე კომენტარის მიმწერი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც თავისი ემოცია შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღვთის რისხვაა“.  არაფერს ვიტყვი იმ უპასუხისმგებლო თანამოქალაქეებზე, რომლებმაც მთელი საქართველო ააფორიაქეს და ხანძარი გააჩინეს. მე უფრო ეს ქალბატონი შემეცოდა. როგორ უნდა აუხსნა მას, რომ არავითარი ღვთის რისხვა არ არსებობს. თუ ღმერთი სიყვარულია, არ შეიძლება ღმერთი გვსჯიდეს. მავანის უყურადღებობა და გადაგდებული სიგარეტი ღვთის რისხვა ვერ იქნება. თუმცა ამ ადამიანებს, ალბათ, არც უნდა აუხსნა არაფერი, თუნდაც იმიტომ, რომ ვერაფერს გაიგებენ.

ამ ხანძარმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით. იმ საღამოს ყველა პომპიერო იყო, მაგრამ შორიდან, ახლოს კი მაშველები და რამდენიმე ათეული თბილისელი ებრძოდა ხანძარს.

პომპიერო რამ გამახსენა? ალბათ, იმანაც, რომ რეალურად ქვეყანაში კრიზისების მართვისა და საზოგადოების ინფორმირების სქემა არ არსებობს. ჰო, პომპიერო _ გულადი მეხანძრე, რომელსაც ხან წყალი არ აქვს, ხან _ ჩაფხუტი, ხან, კიდევ, ნიჩაბი, მაგრამ მისი პრივილეგია ის არის, რომ გულადია, მამაცია და სულაც არ იცის მინდია ჯანელიძის, ან მინისტრყოფილი ჭიკაიძის არსებობა, რომელთაც საკუთარი წარმოდგენა უყვართ სამშობლოზე და არა თვით სამშობლო.

მთაწმინდა იწვის და პომპიერომ უნდა ჩააქროს.

 

***

დაბოლოს, _ ვაშლი!

გახსოვთ „ჭრიჭინა“? მაშინ მიჩურინის ვაშლიც გემახსოვრებათ. თუმცა ახლა გარეთ XXI საუკუნეა და მოდაში ჯეჯელავას ვაშლი თუ ვაშლები შემოდის.

1000 ვაშლი ჯეჯელავას დიდებისთვის!

1000 ვაშლი განათლებული თაობისთვის!

1000 ვაშლი… და მაინც, ჩვენთან ყველაფერი კუჭზე გადის.

ჯეჯელავას კი, ისევ და ისევ, საკუთარი წარმოდგენა უყვარს სამშობლოზე და არა, _ სამშობლო.

ვაშლი _ ჯეჯელავას ვაშლი…

ისე, გულწრფელად გჯერათ ვინმეს, რომ ჯეჯელავას ვაშლი გადაარჩენს ქართულ განათლებას?

 

კოკა წერეთელი