ზურაბ გურული: „მთავრობა, თავის წინამორბედთან დაპირისპირების საფუძველზე, სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს“

როგორ ჩანს, ემიგრანტის მიერ დანახული საქართველო და აქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები? სად ვცდებით და რას ვაკეთებთ არასწორად? სად არის ჩვენი წარმატების საიდუმლო და რამდენად ადეკვატურები ვართ როგორც საკუთარი, ასევე მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას? როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები? რამდენად სწორად ვრეაგირებთ რუსულ ოკუპაციაზე და არის კი ყველაგან ყველაფერი კარგად, განსაკუთრებით „იქ“, სადაც ჩვენ არ ვართ?

ამ თემებზე „ქრონიკა+“ ქართველ ემიგრანტს, წარმატებულ ექიმს, აშშ-ში მცხოვრებ ზურაბ გურულს ესაუბრა:

_ ბატონო ზურაბ, თქვენი პერსონის გათვალისწინებით ინტერვიუ ნამდვილად არ და ვერ იქნება ერთ თემაზე კონცენტრირებული. ემიგრანტი, წარმატებული ექიმი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა როგორც ქართულ, ასევე აშშ-ს პოლიტიკურ ნიუანსებში. სხვას თავი რომ დავანებოთ, ვგონებ, არც ერთ პოლიტოლოგს ასე ზუსტად არ განუჭვრეტია ჯერ ტრამპის გამარჯვება და შემდეგ ის ცალკეული ნაბიჯები, რომელსაც პრეზიდენტი გადადგამდა. თუმცა ჩვენი საუბარი მაინც აგვისტოს ომით დავიწყოთ. ცხრა წელი გავიდა _ რამდენად ადეკვატურია ომის შედეგების გააზრებასა და ქმედებებში ქართული სახელმწიფო და ხალხი?

_ ნებისმიერ კლასიკურ სახელმწიფოში დემოკრატიული გზით მოსული ყოველი ახალი მთავრობა წარმოადგენს წინა მთავრობის იურიდიულ და პოლიტიკურ მემკვიდრეს, მიუხედავად პოლიტიკური პლატფორმების განსხვავებისა. ამასთან, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა მთავრობისთვის პოლიტიკურ აქსიომას უნდა წარმოადგენდეს ის ძირითადი საკითხები, რომელიც თავისი მნიშვნელობით აღემატება ვიწროპარტიულ ინტერესებს.

როდესაც ახალი მთავრობა თავის წინამორბედთან პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს უკვე არაადეკვატური საქციელია და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან.

კოალიცია „ოცნებამ“ და უშუალოდ მისმა ერთპიროვნულმა ლიდერმა 2012 წელს თავის წინასაარჩევნო დოქტრინაში არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ 2008 წლის სამამულო ომი დაიწყო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ეს სრული აბსურდია საერთაშორისო იურიდიული კანონმდებლობის მიხედვით, არის პოლიტიკური მავნებლობაც, რაც აბსოლუტურად ლოგიკურად ექვემდებარება სახელმწიფო ინტერესების ღალატის კატეგორიას, თავი რომ დავანებოთ სახელმწიფო მნიშვნელობის მორალურ-ეთიკურ კატეგორიებს, როდესაც პირად შეურაცხყოფას აყენებ შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და მთლიანად ქართულ არმიას, რომელსაც დაუფიქრებლად ანიჭებ სამხედრო პროვოკატორის სტატუსს. ანალოგიურ კატეგორიაში გადის რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი მინისტრის მიერ გაჟღერებული განცხადებაც, რომ საქართველოს წინა მთავრობამ ლეგიტიმაცია მიანიჭა საოკუპაციო ხაზის გავლებას ქვეყანაში.

ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტიდან გამომდინარე, ლოგიკურად შეუძლებელია, რომ ადეკვატურად მივიჩნიოთ ომის შედეგების გააზრებაში როგორც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, ასევე მისი ამომრჩევლები და, შესაბამისად, მთლიანად ქართული სახელმწიფოც.

_ როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა, აპრიორი აღიარებენ, _ საქართველო თავს დაესხა სხვა ქვეყანას. ამავე დროს, ომის „დამწყების“ პერსონიფიცირება ისტორიულ კონტექსტში ძალიან სასაცილოა. ანალოგიისთვის: გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და არა ჰიტლერი _ სტალინს. შესაბამისად, მინდა გკითხოთ, რას ემსახურება ეს შეფასება და რამდენად რელევანტურია ის პოლიტიკურ კონტექსტში?

_ ეს შეფასება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესების ღალატს და ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დამცირების უბადრუკ მცდელობას.

სამაგიეროდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, აღიარებს საკუთარ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის პროვოკატორად და თავდაცვითი სამამულო ომი გადაჰყავს პროვოკაციულ აგრესიაში. ამ განცხადებას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გარდაუვლად დაიწყებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭირო იურიდიულ პროცესებს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიმეტრითაც არ დაურღვევიათ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი და ომი მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. შესაბამისად, საქართველოსთვის ომის დაწყების ბრალდება არის სრული იურიდიული აბსურდი, თუმცა მშვენიერი საკბილოა საქართველოს მთავრობის „აღიარებით“ წახალისებული დემაგოგი ოპონენტებისთვის.

_ ერთი მეტად საინტერესო, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის კითხვა: „სტოკჰოლმის სინდრომი“ გასაგებია, ბოლოს და ბოლოს, სექსიც გაქვს „ბოროტთან“, კეთილგანწყობაც, ეს თამაშიც მოგწონს _ ციხეშიც წახვალ და ჯვარსაც დაიწერ _ რომანტიკასაც შეიცავს რაღაც დოზით, მაგრამ მტრის ასეთი „პატივისცემა“, „სიყვარული“, „მოკრძალება“ და, გნებავთ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაზოხიზმი, რომელსაც არანაირი პოზიტიური ფინალის კონტურიც კი არ აქვს, საიდან და რატომ ჩაბუდდა ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომლისთვისაც რუსეთი ისევ ძმაა? ასე მგონია, ამ ადამიანებს ეს პოლიტიკური ინცესტი მოსწონთ, თან ძალადობის შემცველი დეტალებით. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?

_ რეალურად, ყველაფერს ბანალური მატერიალური საფუძველი აქვს და არანაირი ფსიქოლოგიური წიაღსვლები არ არის ასახსნელად საჭირო. პრეცედენტი, ჯერ კიდევ, 92-ში შეიქმნა, როდესაც გაქსუებულმა საბჭოთა საქმოსნებმა, ანუ, რეალურად, საბჭოთა ხაზინის ქურდებმა, შეიამხანაგეს მათ კმაყოფაზე მყოფი პოლიტიკური ნაძირალები და ფსევდოინტელეგენცია, ააგროვეს უზარმაზარი თანხა და კრიმინალებისა და მოწვეული რუსული ჯარის მეშვეობით დაამხეს პირველი ქართული სახელმწიფო. ამის შემდეგ, როცა არავინ დარჩა ხელის შემშლელი, უპრობლემოდ გადაინაწილეს საქართველოს სახელმწიფო ქონება. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიეტმასნენ „აზნაურობის მაძიებლები“, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ გაწეული სამსახურისთვის და ცხოვრობდნენ უდრტვინველად 2003 წლამდე.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი. შეიქმნა საგადასახადო სისტემა, მოწესრიგდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვა, ანუ რეესტრი, ყრუდ ამოიქოლა სასაზღვრო კონტრაბანდისტული შავი ხვრელები, მაგალითად, ერგნეთის ე. წ. ბაზრობა. სახელმწიფომ დაიწყო 90-იანებში, პრაქტიკულად, უფასოდ მითვისებული ქონების მოძიება და ნაწილობრივ უკან დაბრუნება, რომლის დროსაც საკმაოდ მოითბეს ხელი გაიძვერა ინდივიდებმაც და საკუთარ სახელზე გადაიფორმეს ნაქურდალი, პრინციპით, _ ქურდის ქურდი ცხონდაო. ეს პროცესი ბუნებრივი და გარდაუვალი იყო ახალბედა სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამავე დროს, საბედისწეროც აღმოჩნდა. ცხადია, პრივილეგია და ქონებადაკარგული სპექტრი ვერ შეეგუებოდა სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ასე გათამაშდა 90-იანების პუტჩის ხავერდოვანი ვერსია ქართული წარმოშობის რუსი საქმოსნის მეთაურობით. დაიწყო სახელმწიფო ქონების გადანაწილების ახალი ეტაპი.

ამ პროცესის იდეოლოგებად ისევ საბჭოთა პერიოდის ფსევდოინტელეგენცია და ახალთაობის „აზნაურობის მაძიებლები“ მოგვევლინენ.

ასე გადაიქცნენ 90-იანი წლების „პროვინციული ფაშიზმის“ წინააღმდეგ მებრძოლნი ახალი ყაიდის „ანტინაცისტებად“. მოგეხსენებათ, ხაზინის ქურდებისა და კრიმინალებისთვის ყველაზე საშიში კარგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტუტებია. პოსტსაბჭოთა მილიარდერებში, პრაქტიკულად, ყველას კრიმინალური გზით აქვს მოპოვებული ქონება, საქართველო კი ამჟამად ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარის დე ფაქტო პირადი საკუთრებაა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

_ საქართველოს ხელისუფლება ძნელად, ან სულაც არ აღიარებს მცოცავ ოკუპაციას, პროცესს, ისევ და ისევ, 9 წლის წინანდელ „ამბებს“ უკავშირებს. ეს რა სინდრომია? ხელისუფლებას _ ჟარგონს გამოვიყენებ  _ „უტყდება“ აღიაროს, რომ ვერ ეწინააღმდეგება პროცესს, თუ ტერიტორიების ჩაბარებაზე ხუჭავს თვალს და უწყობს ხელს?

_ ოკუპაციის აღიარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სერიოზულ მუშაობას მოითხოვს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფრონტზე. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პასიურად ელოდოს მოვლენების განვითარებას. დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს; განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა ათვისება ოკუპანტების მიერ თუმცა, საბედნიეროდ, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. აქტიურობაა საჭირო; მეტიც _ ჰიპერაქტიურობა. საერთაშორისო პოლიტიკურ სპექტრს მუდმივად უნდა შევახსენოთ ჩვენი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა, მათთან საუბრის დასაწყებად კი უკვე მიღწეული წარმატებების ჩვენებაა საჭირო, თუნდაც ეკონომიკურ ფრონტზე, რის მეშვეობითაც დავამტკიცებთ, რომ სერიოზული ქვეყანა ვართ სერიოზული მიზნებით და არა უმწეო ბანანის რესპუბლიკა.

ამ დროს კი ქვეყანას დე ფაქტო მართავს მილიარდერი, რომელიც თავისი პირადი შეხედულებების მიხედვით აყალიბებს ახალ-ახალ მთავრობებს. ლოგიკურია, რომ ამ მთავრობების წევრთა მთავარი მიზანი პირადი ფინანსური უზრუნველყოფის სწრაფი მოპოვებაა და მათ არც იმის დრო და მოტივაცია აქვთ, რომ მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნან, ან საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს სდიონ.

სახელმწიფოს დე ფაქტო მმართველმა ზუსტად ჩამოაყალიბა თავისი „პოლიტიკური“ დოქტრინა, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა იყოს „ნეიტრალური“, უმნიშვნელო ქვეყანა, რომელიც არასოდეს შეეცდება, რუსეთსა და პროგრესულ მსოფლიოს შორის დაპირისპირების ელემენტი გახდეს. შესაბამისად, მისი ბრძანებით საქართველომ უარი უთხრა რუსეთთან მოლაპარაკებაში დახმარებაზე მოკავშირეებს და ოკუპანტთან საუბრის რეჟიმი კარასინ-აბაშიძის ნახევრად ლეგალურ, გაურკვეველ ფორმატში გადაიყვანა, აქედან გამომდინარე, ყველა არსებული შედეგით.

ვინაიდან ამჟამინდელ მარიონეტულ მთავრობას არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით, ისინი აგრძელებენ წინა მთავრობის გაუთავებელ ბრალდებებს და ავიწყდებათ ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ მათ თავიანთი სურვილით გადაიბარეს წინამორბედთა პოლიტიკური მემკვიდრეობა და ქვეყნის მართვა, აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით.

სწორედ ამიტომ არის სამწუხაროსთან ერთად ამაზრზენი მათი გაუთავებელი წუწუნი.

_ ჩვენთან ბევრისთვის გაუგებარია დიპლომატიისა და განსაკუთრებით აშშ-ის დიპლომატიური ენა. საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტმა ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა. განსაკუთრებით ავიტაცეთ: საქართველო იქნება ერთიანი. და აქ ჩნდება კითხვები, _ როდის, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ასევე, საინტერესო იყო ფრაზა იმის შესახებ, რომ აშშ იქნება ჩვენთან და ისევ კითხვა, _ რა ვითარებაში? ომი რომ დაიწყოს რუსეთმა, იომებს? ანუ გთხოვთ, ვრცლად განმარტოთ, თქვენ როგორ გაიგეთ და რას ნიშნავდა პენსის გზავნილები?

_ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. თავისი მნიშვნელობით იგი აღემატებოდა ჯორჯ ბუშის ვიზიტსაც კი, რადგან თავად ეპოქაა ბევრად უფრო გადამწყვეტი და, ამავე დროს, საბედისწეროც საქართველოს მომავლისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ამერიკის ისტორიაში. იგი არც ტრადიციული რესპუბლიკელია და არც დემოკრატი. მას თავისი შეხედულებები აქვს როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფრონტებზე და მისი პრინციპები აგებულია მშრალ, ამერიკისთვის სასარგებლო პრაგმატიზმზე. შესაბამისად, ასეთ პერიოდში ამერიკის მიერ საქართველოს გამოცხადება ერთგულ მოკავშირედ ნიშნავს, რომ აშშ არ აპირებს თავის მოკავშირეობრივ ვალდებულებებზე უარის თქმას. ეს კი საბოლოოდ აქარწყლებს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს დაუთმო თავისი ყოფილი გავლენის სფეროები საბჭოთა წარსულიდან.

რაც შეეხება ჩვენს გასაკეთებელს, ალბათ, გახსოვთ 2012 წელს გავრცელებული ჭორები, რომელთა თანახმადაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა, თუ კოალიცია „ოცნება“ ვერ მოიპოვებდა გამარჯვებას. ეს გახლდათ ძალიან ჭკვიანური და მზაკვრული დივერსიის ნაყოფი და მისი ექო დღესაც წარმატებით მუშაობს. სწორედ ამ ჭორების ხარჯზე ინარჩუნებს „ოცნება“ პოლიტიკურ გავლენას და მის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური აქციების შემთხვევაში რუსეთის აგრესიით აშინებს გულუბრყვილო საზოგადოებას.

ვიცე-პრეზიდენტის დიპლომატიური განცხადება კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია მშვიდად გააგრძელოს საკუთარი შინაური პრობლემების მოგვარება და სპეკულაციები რუსეთის შემოჭრაზე, მთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციების შემთხვევაში, უსაფუძვლოა.

რაც შეეხება შეკითხვას, რას გააკეთებს ამერიკა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ამაზე საუბარი მხოლოდ ლოგიკური სპეკულაციების დონეზე შეიძლება, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესია შეჩერდა მას შემდეგ, რაც პენტაგონში როკის გვირაბზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების შესაძლებლობების განხილვა დაიწყო, პასუხს თავადაც მივხვდებით. მით უმეტეს, რომ პუტინს არანაირად არ აძლევს ხელს ამბიციური, ფიცხი და არაორდინარული დონალდ ტრამპის მოთმინების თავხედური გამოცდა. ამერიკა აღარ ჩაყლაპავს ასეთ შეურაცხყოფას.

_ აშშ-დან როგორ იმზირება დღევანდელი საქართველო და აქ მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები? თუნდაც ის გარემოება, როდესაც წინა ხელისუფლებას სამართლიანად სთხოვდნენ ადამიანის უფლებების დაცვას და ამ ხელისუფლების პირობებში, ველოდებით გამოძიებების დასრულებას და მერე თემები, საკითხები გვავიწყდება. ოპოზიცია კი თემატურ საკითხებზეც ვერ ახერხებს გაერთიანებას…

_ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება შეგნებულად ამბობს უარს იმ მარტივი ფაქტის გააზრებაზე, რომ ახალ მთავრობას ევალება როგორც ძველი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ასევე მათი დაწყებული კარგი საქმეების გაგრძელება. „იმ 9 წლის“ მიღწევების უგულებელყოფამ და მთლიანად ნეგატიურ ასპექტში გადაყვანამ მარტივად ჩაუგდო ხელში უნივერსალური ინდულგენცია ახალ მთავრობას. ნებისმიერი უმოქმედობისა და წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი მხოლოდ წინამორბედების მიმართულებით იშვერენ თითს.

შედეგიც სახეზეა: მიკნავებული ეკონომიკა, სიღატაკე, ჩაფლავებული სოციალური პროგრამები, მაგალითად, _ საყოველთაო ჯანდაცვის მავნებლური ინიციატივა, ნიჰილიზმი, ემიგრაციის კიდევ უფრო გაზრდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების დაკონსერვება გაურკვეველი ვადით; ფანტასმაგორიული აბსურდული წამოწყებების დაანონსება, მაგალითად: ქუთაისის 60-ათასიანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ა. შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ ყოველი ახალი მთავრობა თანმიმდევრულად უნდა მიჰყვებოდეს სახელმწიფო ინტერესებს. ამრიგად, შეკვეთა მუდმივად ნგრევაზე და ყველაფრის ახლიდან შენებაზეა; შესაბამისად, შეუძლებელია რამდენიმე დეკადაზე გაწერილი საერთო ეროვნული მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბებაც.

ქართული საზოგადოების შეკვეთის თანახმად, მოქმედებს ქართული პოლიტიკური სპექტრიც. ამიტომაც ვერ ხდება გაერთიანება ერთი მთავარი პლატფორმის ირგვლივ. არადა, თითქოსდა ბანალურად მარტივია, რომ ქართული სახელმწიფოს იდეა უნივერსალური გამაერთიანებელი უნდა იყოს ყველა მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის.

_ თქვენი შეფასება მაინტერესებს ერთ საკითხთან დაკავშირებით: პირადად მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების წარმატებებად წოდებული ასოცირების ხელშეკულება, ვიზალიბერალიზაცია, თუნდაც პენსის ვიზიტი და განცხადებები, უფრო ხელისუფლების იძულებაა ქართული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, ვიდრე მთავრობის სურვილი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საერთაშორისო სიკეთის მისაღებად. თქვენ როგორი შთაბეჭდილებები და შეფასებები გაქვთ ამ საკითხზე?

_ წინა პასუხებში საკმაოდ ვრცლად ჩამოვაყალიბე ყველა ის მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აქვს მოტივაცია, რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მთავრობის უმაღლეს პირებს ირჩევს არა ხალხი, არამედ ერთი პიროვნება, შესაბამისად, ისინი ანგარიშვალდებული არიან ამ პიროვნებისა და არა ხალხის მიმართ.

საერთაშორისო თანამეგობრობა, იგივე აშშ, პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამჟამინდელი მთავრობა კი ქართველი ხალხის დემოკრატიულ, უზენაეს ნებად არის აღიარებული და არ არსებობს არავითარი იურიდიული საფუძველი ამის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციაც უდრტვინველად თანამშრომლობს მთავრობასთან. ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს მხოლოდ ერთის გაკეთება შეუძლიათ: ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გაუთვალისწინებელმა საგარეო ფაქტორებმა არ მოახდინონ ზეგავლენა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. დანარჩენი კი თავად ქართველი ხალხის გასაკეთებელია.

სწორედ ამით განსხვავდება დასავლური მხარდაჭერა რუსულისგან, რომელიც თავად ცდილობს პოლიტიკური პროცესების მართვას ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და შეიარაღებული დივერსიების გზით.

_ არ შემიძლია არ გკითხოთ სააკაშვილზე. ნამდვილად არ განვეკუთვნები მისი აპოლოგეტების რიგებს, უფრო პირიქით _ დღესაც მაქვს მყარი არგუმენტები, ვაკრიტიკო იგი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც პოლიტიკურ ავანსცენაზე მყოფ რუსეთუმეების მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური სიცოცხლის უფლება მისცა და დღეს ბევრი მათგანი ხელისუფლებაშია, ან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტიორია. არის სხვა უამრავი საკითხიც, რაზედაც მასთან დავა შეიძლება, ისევე როგორც არც ობიექტური მადლიერება გვაწყენდა. დღეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის სააკაშვილი გუშინდელი დღეა, სხვისთვის _ მომავალი. თქვენ როგორ და სად ხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს?

_ მიხეილ სააკაშვილი იმდენად არაორდინარული პოლიტიკოსია და ისეთ არაორდინარულ პირობებში მოღვაწეობს, რომ მისი შემდგომი პოლიტიკური კარიერის ლოგიკური წინასწარი გათვლა სრულიად შეუძლებელია. ტრამპის გათვლა სულ სხვა საქმე იყო. მართალია, ისიც არაორდინარული პიროვნებაა, მაგრამ მოღვაწეობს ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სივრცეში.

ჩემი აზრით, მხოლოდ უკრაინული ეპოპეის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი პრეზიდენტის მომავლის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებით. უკრაინა კი ისეთი კერკეტი კაკალი ჩანს, რომ, ჯერჯერობით, შედეგები, ალბათ, უკიდურესად პოზიტიური, ან უკიდურესად ნეგატიური იქნება. სამწუხაროდ, შუალედური პოზიციის დაკავება იქ არ მოხერხდება. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას!

_ ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და 2012 წლის მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ემიგრაციამ. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თითქმის მთელ საზღვარგარეთში წააო არჩევნები. თქვენ მჭიდრო კონტაქტები გაქვთ ქართველ ემიგრანტებთან და როგორია ამჟამად მათი განწყობები?

_ ემიგრაციას ნამდვილად არ უთამაშია გადამწყვეტი როლი, მიუხედავად საზღვარგარეთ წაგებული არჩევნებისა. ეს ბუნებრივიც იყო. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულმა აგიტატორებმა ეფექტიანად წარმართეს თავიანთი საქმიანობა და შესაბამისი ჯილდოებიც მიიღეს პოსტ-ფაქტუმ. ძალიან ცუდად იმუშავეს ქართულმა დიპლომატიურმა სამსახურებმაც. სწორედ მათ ევალებოდათ დიასპორებთან მჭიდრო კავშირი და ემიგრანტთა საზოგადოებაში თავიანთი მთავრობის საქმიანობის ადეკვატური პოპულარიზაცია. ლუიზიანა-მისისიპიში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა მინიმალურია, ამიტომ მე ნაკლებად ვფლობ ობიექტურ ინფორმაციას დიდი დიასპორების განწყობის შესახებ. ისე კი, მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობის ადეკვატური იქნება შესაბამისი პროცენტული სპექტრებით.

_ დაბოლოს, არაპოლიტიკური კითხვა: ქართველებმა, რატომღაც, შევისისხლხორცეთ ერთი რუსული გამონათქვამი, _ ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ… მაგრამ „იქ“ _ ყველგან კარგად ყოფნას დიდი შრომა და ჯაფა სჭირდება. აი, ეს არ გვახსოვს ხოლმე და ვფიქრობთ, რომ სხვაგან ადვილად მივაღწევთ ყველაფერს. არსებობს მზა რეცეპტი იმისა, როგორ უნდა ვიყოთ კარგად „იქ“, სადაც ვართ და არა ყველგან, სადაც არ ვართ?

_ ამერიკელებსაც აქვთ მსგავსი გამოთქმა, _ ღობის გადაღმა მდელო უფრო მწვანეა. ეს ადამიანის უნივერსალური ბუნების გამოძახილია, ვიდრე ქართული ბუნების. თავის დამკვიდრებას და წარმატებას ყველგან დიდი შრომა და მსხვერპლშეწირვა სჭირდება. ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში შრომა განუზომლად მეტად ფასდება, ვიდრე ჩამოუყალიბებელში. სწორედ ამიტომაც უნდა იდგეს მოქალაქეში ყველაზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები და სწორედ ამიტომ უნდა სთხოვდეს მოქალაქე ამ ინტერესების განუხრელად დაცვას პოლიტიკოსებს.

 

არმაზ მეტრეველი