გიორგი გუგავა: „შს მინისტრის კი არა, მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!“

უკრაინულმა ვებგვერდმა სკანდალური აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. „Страна. ua “-ს მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პრანკერმა, ალექსეი სტოლიაროვმა დაურეკა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად გაეცნო და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ ესაუბრა. ვებგვერდის მიერ აუდიო ჩანაწერის გავრცელებას საქართველოში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვა.

სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, შს მინისტრი სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარს მთავრობის მეთაურთან კონსულტაციის შემდეგ აცხადებს. ასევე, პრანკერის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს კვირიკაშვილთან ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

შსს-ში აუდიოჩანაწერის ნამდვილობა უარყვეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თუ ექსპერტიზას ძალოვანი უწყებები არ დანიშნავენ, მაშინ თავად მოახდენენ აუდიოფაილის უცხოეთში ექსპერტიზას.

რუსი პრანკერი მზად არის დაამტკიცოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად ესაუბრა. პრანკერის თქმით, გიორგი მღებრიშვილმა მას, ღია სატელეფონო კავშირის დროს, საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი _ გიორგი გუგავა:

_ შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წამოეგო პროვოკაციებს და დაფქვა ის, რაც იცოდა და რაც არ იცოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ისაუბრა დაუცველი ხაზით. მან გათქვა ის სტრატეგია, რაც აქვს ხელისუფლებას, რა შეთანხმებებიც მოხდა პოროშენკოსთან ვიზიტის დროს და რაც მთავარია, გამოჩნდა ის, რომ რეალურად ხელისუფლება კი არ ახორციელებს სააკაშვილის სამართლებრივ დევნას, რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, არამედ, ჩვეულებრივი ფარსი იყო, რაც მიმდინარეობს პროკურატურაში, სასამართლოში, ჩვეულებრივი მასკარადი და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ხალხის მოტყუებას. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი სასაცილო და კომიკურია არა მხოლოდ ქართველი ხალხის თვალში, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისითაც. მეორე მხრივ, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანა სამართავად მათ აბარიათ და მათ უნდათ წარმართონ წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მარტივ პროვოკაციებს წამოეგება ხოლმე.

_ ბოლო პერიოდში, შს სამინისტრომ თითქოს თავი გამოიჩინა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაციები განახორციელა. მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორ შეგიძლიათ, შს სამინისტროს გააქტიურება ახსნათ, ესეც ფასადურ ხასიათს ატარებს?

_ რა თქმა უნდა, ფასადური ხასიათისაა. ხელისუფლება რომ არ მფარველობდეს ნარკორეალიზატორებს, მისი გავრცელება და გაყიდვა ვერ მოხდებოდა და ამას არ ექნებოდა მასობრივი სახე. ხელისუფლების მფარველობის ქვეშ რომ არ იყვნენ ნარკორეალიზატორები, ასე არ ექნებოდა მოდებული მთელ ქვეყანას ეს სენი, რომელსაც მასობრივი ხასიათი აქვს. ეს ყველაფერი ადვილად გასაშიფრია. როდესაც რამდენიმე ხმაურიანი ფაქტი გასკდა და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, აქედან გამომდიარე დაიწყეს ეს ღონისძიებები და დააკავეს ე. წ. ბარიგა, თუმცა კრიმინალის თვალსაზრისით ეს ყველაფერი აღმოფხვრილი არ არის.

_ ვებგვერდის მიერ აუდიოჩანაწერის გავრცელებას საქართველოში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვა. ამ მხრივ, როგორია „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია?

_ შინაგან საქმეთა მინისტრის თავზე ჯოხის გადატეხა მთლად სამართლიანი არ იქნება, აქ უნდა დადგეს მთლიანი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რა პოზიცია აქვს მთავრობას ამ საკითხებთან მიმართებით. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანმა მთავრობამ. აქ ჩანს არა მხოლოს ის, რომ ატყუებენ ქართველ ხალხს, არამედ, საერთაშორისო სტანდარტია, როდესაც მჟღავნდება საიდუმლო ინფორმაცია, რა საკითხებზე მიდიოდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ასეთ შემთხვევაში მთლიანად დგება მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. არც უარობენ და დაჟინებითაც არ ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტური არ არის.

_ ამ ჩანაწერებს თუ დავეყრდნობით, საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადაციაზე. ამ დროს, მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში მოქალაქეებს მუდმივად სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის იმ კოჰაბიტაციის გაგრძელება, რა გზაც თავიდანვე აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

_ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ რაღაც მასკარადებს დგამდნენ, თითქოს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შექმნეს და ა. შ. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავს ჩასმული პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა, ეს სჭირდებოდათ ხელოვნურად, რომ პოლარიზება მოეხდინათ, ორ პოლუსად გაეყოთ პოლიტიკური სისტემა, მომსახურებოდა ხალხის დამცირებას და განადგურებას. სინამდვილეში კი ჰპირდებოდნენ, რომ აღადგენდნენ სამართლიანობას და დააყენებდნენ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც ადამიანების წინაშე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

_ როგორია თქვენი პროგნოზი, ასეთი ტიპის ჩანაწერებისა და თუ სხვა ფაქტების გამომჟღავნება რა დოზით იმოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე?

_ მანამდე ისედაც იყო ცნობილი, თუ რა მატყუარებთან გვქონდა საქმე. ამ ფაქტებმა ხალხი კიდევ ერთხელ დაარწმუნა ამ ყველაფერში და მათი დაცემული ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, კიდევ მეტად დაეცა. პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი რეიტინგი აქვს, რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნებზე და ეს იქნება მათი ხელისუფლების დასასრული!

 

თამარ ბატიაშვილი