რატომ არ უნაზღაურებს ზიანს „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელ დარკვეთში მცხოვრებ ოჯახს?!

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში მცხოვრები მერი გაფრინდაშვილის ოჯახი, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო სამუშაოების შედეგად, საშიშროების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის გამო 6-მა ოჯახმა კომპენსაცია უკვე მიიღო, გაფრინდაშვილები გამონაკლისები აღმოჩნდნენ. მათ ვერც „ჯორჯიან მანგანეზთან“ გამონახეს გამოსავალი და ვერც სახელმწიფო უწყებებში იპოვეს სამართალი.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მერი გაფრინდაშვილი:

_ ქალაქ ჭიათურაში ვცხოვრობდით, პედაგოგი ვიყავი, 2009 წელს ჭიათურაში ჩვენი ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად სოფელ დარკვეთში გადავედით, ჩემი მეუღლის მამაპაპისეულ სახლ-კარში. ჩემმა მეუღლემ მეზობლებში გაიარა და ნახა, რომ მათ ბინებს ბზარები ჰქონდა. მეზობლებმა უთხრეს, კომპანია შემოვიდა და საკომპენსაციო თანხებს ანაზღაურებენ, ერთს 48 000 ლარი მისცეს, მეორეს _ 38 000 ლარი და ა. შ. ექვსი ოჯახია კიდევ დარჩენილი, მაგრამ ისინიც, ალბათ, მალე გადავლენ, ერთი ბინის სახურავი უკვე მთლიანად ჩაინგრა. ჩემი სახლის პირდაპირ ამ წუთში მომუშავე კარიერია. ეს ღია კარიერი კომპანიისთვის გაცილებით იაფია და ღია მოპოვება ურჩევნიათ. მაღაროდან ისე ვერ გამოიღებ წიაღისეულს, იქ რომ არაფერი დარჩეს, ანუ სადაც მაღაროა გავლილი, ზემოდან მაინც ყველგან გადაივლიან, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჯერ კიდევ არ ვიცით, ჭიათურიდან რა რაოდენობის განძი გაედინება! ამ სამუშაოების გამო ჩვენი სახლი და კარმიდამო საშინელ დღეში აღმოჩნდა. ყოველდღიურად საშიშროების წინაშე ვდგავართ და ყველაფერი თავზე როდის დაგვემხობა, არ ვიცით. თუმცა კომპანიიდან ჩვენთან არავინ მოსულა და არანაირ კომპენსაციაზე მოლაპარაკება არ ყოფილა.

_ თქვენ თვითონ თუ მიმართეთ კომპანიას?

_ დიახ, აქ სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის წლიური ბრუნვა ყოფილა 7 მილიარდი. ამ კომპანიას აქვს ასეთი შტატი: მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის უფროსი გახლავთ ლევან აბრამიშვილი. მას ადრიდანვე ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მივსულვარ და წერილი დავწერე „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის სახელზე. წერილში ვწერ, რომ დარკვეთში ვფლობთ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, ხეხილსა და ვენახს, თანდართული მაქვს დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ნამდვილად ვფლობ. დაახლოებით, 3-4 თვის წინათ თქვენი კომპანიის მიერ განახლებულმა კარიერული წესით მიწისზედა სამუშაობმა და მისმა ტრანსპორტირებამ გამოიწვია არა მხოლოდ საცხოვრისის ვარგისიანობის დაზიანება, არამედ საკომუნიკაციო საშუალებების გამოუსადეგარობა, ამას თან ერთვის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. რენტაბელურ შემოსავალს ვეღარ მაძლევს მიწის ნაკვეთი, რაც რაოდენ საჭიროა დღევანდელი მძიმე ეკონომიკური პირობებისთვის, როდის ჩამოინგრევა სახლი არ ვიცი, ერთი კი ვიცი, რომ ამას შენობა-ნაგებობა ვერანაირად გაუძლებს, ხელთ მაქვს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. გთხოვთ, წინამდებარე განცხადების ანოტაციის ნამდვილობის დასადგენად გამოყოთ კომისია, აღრიცხონ და დაადგინონ დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისად საკომპენსაციო თანხა, რომ უმოკლეს ვადაში შევძლო სამკვიდროს მოპოვება-მეთქი. მივიტანე ეს წერილი, გადის გარკვეული დრო, 30 მარტს მივაკითხე და დააწერეს ბატონ აბრამიშვილს, რომელმაც ასეთი პასუხი გამომიგზავნა: „კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ თქვენს საცხოვრებელთან ახლოს 2007 წლის შემდეგ სამთო სამუშაოები არ უწარმოებია. აქედან გამომდინარე, თქვენი თხოვნა საკომპენსაციო თანხის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება“. ეს არ იყო პასუხი, ეს იყო პასკვილი, აბრამიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ აქ თანხები გაცემული ჰქონდათ, მაგრამ მას პირადი ინტერესი აქვს.

_ რას გულისხმობთ?

_ აბრამიშვილს მისი ცუდი საქციელის გამო, თავის დროზე, ჩემმა მეუღლემ მიუთითა და უთხრა, _ შენმა მატერიალურმა მდგომარეობამ შეგიცვალა იმიჯი და ქალაქისთვის არაფერი გაქვს გაკეთებულიო. ეს რადგან ხალხში უთხრა, არ აპატია და საქმეების გარჩევა ქურდულ სამყაროშიც კი დაიწყო. ეს მოხდა 15 წლის წინათ. ახლა ამ ფაქტებს იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველა მეუბნება, ამის უკან პიროვნული ინტერესი დგასო. სხვაგვარად როგორ შეიძლება, ექვს მეზობელს კომპენსაციები მისცეს, ჩვენ ყველას ხომ ერთი ისტორია გვაქვს და ჩვენ _ არა?! ამის შემდეგ მივმართე მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ კუპატაძეს. როდესაც შევხვდი, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი! არ შეიძლება, როდესაც მოქალაქეს ესაუბრები, კაბინეტში მზესუმზირას მიირთმევდე და შემოჰქონდეთ ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელების ასორტი. მის კაბინეტში იჯდა ისეთი ხალხი, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ჩემდა გასაკვირად, მან მითხრა, _ თუ სამხარაულის სახელობის ექსპერტზის ბიუროს დასკვნა გაქვს, მანდ სადავო რა უნდა იყოსო? შემდეგ ისევ მივმართე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვნელობას და ისევ ვთხოვე კომისიის გამოგზავნა, ისიც მივწერე, რომ წინააღმდეგ შემთხევვაში, მივმართავდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ყველა სახის საპროტესტო აქციას მოვაწყობდი, რომ შემეწყვიტა კარიერის მუშაობა და ინვესტორისთვის ხელი შემეშალა ბარბაროსული საქმიანობის განხორციელებაში. ამის შემდეგ კუპატაძე მთელი თავისი აპარატით ჩემთან მოვიდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, 8 მაისს მათგან მივიღე ასეთი შინაარსის წერილი, რომ ჩემსა და კომპანიას შორის არსებული დავა წარმოადგენს კერძო სამართლებრივ დავას და თქვენი უფლებების დაცვის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოსო. შემდეგ მივედი პარლამენტის დეპუტატ სულხან მახათაძესთან, რომელიც ადრე გამგებელი იყო. მან კუპატაძისგან განსხვავებით მითხრა, რომ წერილს მისწერდა „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურ დირექტორ ვოლოდიმირ ლოზინსკის. ვუთხარი, _ ბატონო სულხან, რა საჭიროა, რომ ლოზინსკიმ გადაწყვიტოს ეს საქმე, მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ და აბრამიშვილი ძალიან კარგად ხართ ერთმანეთთან, აქ არაფერია ისეთი, გთხოვთ, გამიკეთეთ მასთან ნიველირება, ამ ზამთარს აქ ვერ გავჩერდები-მეთქი. მაინც დამიწერა წერილი ლოზინკისადმი. შეიცვალა ლოზინსკი და მის ნაცვლად ახლა არის ნიკოლოზ ჩიქოვანი. ლოზინსკისთან მისული წერილი გადაეცა ჩიქოვანს. ამ პერიოდში ასევე მივმართე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, გადავეცი დოკუმენტები და თავიდანვე ვუთხარი, რომ სასამართლოს წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ჩემს მდგომარეობაში მყოფი არც ერთი მეზობელი სასამართლომდე არ მისულა და ზარალი ისე აუნაზღაურეს. საიამ ადმინისტრაციული განცხადებით მიმართა ლოზინსკის და უკვე ჩიქოვანთან შევიდა ორი წერილი, ერთი ჩემი სახელით, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეადგინა და მეორე დეპუტატ სულხან მახათაძის სახელით. ეს ორივე წერილი ნიკოლოზ ჩიქოვანმა ისევ ლევან აბრამიშვილს დააწერა. მაინც დაველოდე მოვლენების განვითარებას, მანამდე მივმართე გარემოს დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა წერილით მიპასუხა, _ კარგად დამიწერე, რომელმა საჯარო სტრუქტურამ მოგაყენა ზიანიო. თავი დავანებე, ისედაც არ ველოდი, რომ სახალხო დამცველი რამეს იზამდა, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებდი, ბრძოლისათვის ვემზადებოდი, მინდოდა, საბუთები შემეგროვებინა და მეთქვა, _ როგორ, მე ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ და ასე უნდა მომექცნენ?! რადგან ეს ორი წერილი ისევ აბრამიშვილს დაეწერა, მას მივაკითხე. პასუხს არ მაძლევს არც მე და არც დეპუტატს. როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, ჩემი შვილები ჩამოვიდნენ, მივედით და წერილებზე პასუხი მოვითხოვეთ. მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი და გვითხრა, _ დაწერეთ განცხადება, რომ წერილებზე პასუხს ითხოვთო. დავწერე და პასუხი მაქვს უფრო ამაზრზენი, ანოტაცია აბსოლუტურად იდენტურია, მხოლოდ შეცვლილია ერთი რამ: პირველი წერილია 30 მარტით დათარიღებული და მეორე _ 21 ივლისით. ზუსტად იგივეს მიწერს, რომ ამ ტერიტორიაზე არაფერი ყოფილა. წავედი მაღაროს დირექტორ გაბრიჭიძესთან. აბრამიშვილი მწერს, რომ მე ვეყრდნობი წერილს, რომლითაც მარკშეიდერმა მომმართაო. გაბრიჭიძემ მითხრა, _ მე წერილობით არავისთვის მიმიმართავსო და ამიხსნა, _ მაგალითად, თქვენი სახლიდან 20 მეტრში ავაფეთქეთ, მაგათ ხელში აქვთ ალბათობის რუკა, თუ 18 მეტრში უნდა მოახდინოს დანგრევა ან დაზიანება, შესაძლებელია, მოახდინოს არა მხოლოდ 20 მეტრში, არამედ, 22-ში და ეს საგრძნობლად დაემჩნევაო. ამის შემდეგ დავურეკე დავით რობაქიძეს, გარემოს დაცვის გეოლოგიური სამმართველოს უფროსს, რომელმაც მითხრა, _ არავინ მოგატყუოთ, მანდ ყველაფერი მოხდება, ეროზიები, მიწის ცოცვა, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლნები, ეს არავინ იცის, თუ ვიზუალურადაც ემჩნევაო. როდესაც გეოლოგიური დასკვნა მივიღე, იქ წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებითაც ემჩნევა, მეწყრული მოვლენებია განვითარებული. რამდენიმე იურისტმა მითხრა, _ თქვენს სახლს ბზარიც რომ არ ჰქონდეს, მაგ გარემოში ცხოვრება არ შეიძლებაო. ჩემი მეუღლეც მძიმე ავადმყოფია და ჩემი ასეთ ეიფორიაში ყოფნით, შეიძლება, ამ ამბავს შევეწირო! გზა ჩავარდა, თვითონ რომ ვერ შედიან, ქვეკონტაქტორ კომპანიებს უშვებენ და ამ მოპოვებული მანგანუმიდან 51% თვითონ მიაქვთ. გაჭირვებამ ყველაფერი მასწავლა. ახლა ჩემი შვილებითა და შვილიშვილებით მივდივართ კარიერზე, იქ ვდგებით და მუშაობას ვაჩერებინებთ, ასეთ საპროტესტო ხერხს მივმართეთ, სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს! შემდეგ კარიერის მოქმედმა უფროსმა გიორგაძემ მითხრა, რომ ჩიქოვანი 20 წუთი შეგხვდებათ და თქვენს პრობლემებზე გაგესაუბრებათო. გამეხარდა, მაგრამ შემდეგ გიორგაძემ მითხრა, _ ბოდიში, ქალბატონო მერი, დღეს შეხვედრის თაობაზე არაფერი მითხრეს, არ მინდა, იფიქროთ, რომ ტყუილი გითხარით, ნუღარ დამეყრდნობითო. გადავედით ისევ, გაჩერდა კარიერი, მოვიდა პოლიცია, გამოვიდა ვინმე დოლიძე, მითხრა, რომ კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მეუბნება, _ რატომ არ მიმართავთ სასამართლოსო? ვუპასუხე, _ რატომ მიბიძგებთ, რომ სასამართლოს მივმართო? ვიცი, რა არის სამოქალაქო საქმე, მით უმეტეს, დღეს, სასამართლო ვერაფერს გააკეთებს, თუ ამათ არ უნდათ-მეთქი. ოთხი წელიწადი ამ სახლში ვერ დაველოდები სამოქალაქო საქმის განხილვას, მით უმეტეს, როცა ჩემი პრობლემა ამას არ ითვალისწინებს, რასაც ვითხოვ. დაახლოებით 3-4 წლის წინათ დაიწყო ეს პრობლემა. თუ აბრამიშვილი იმას ამბობს, რომ 2007 წლის შემდეგ ამ ადგილზე სამუშაოები არ გვიწარმოებია, აგერ არის გარემოს დაცვის დასკვნა-მეთქი. დოლიძემ მკითხა, _ თქვენთან სალპარაკოდ არავინ მოსულაო? ვუპასუხე, _ თქვენ ხართ პირველი, რომელმაც დრო გამონახეთ და აქამდე მოხვედით, არასოდეს ასე არავინ დამლაპარაკებია-მეთქი. დამპირდა, რომ ხელმძღვანელობას გაესაუბრებოდა, მითხრა, _ რაღაც გამოიკვეთებაო. აბსოლუტურად არაფერი! დილის 9:00 საათზე ისევ მესმის ხმა, რომ მუშაობენ. დამირეკეს და მეუბნებიან, _ ასე გვითხრეს, ჩვენ უკვე მოვაგვარეთ სიტუაცია მაგ ოჯახთან და განაგრძეთ მუშაობაო. იძულებულები გავხდით, ისევ წავსულიყავით მე და ჩემი შვილები პროტესტის გამოსახატად და სამუშაოების შესაჩერებლად, თან ხელში 2 წლის ბავშვები გვეჭირა, მოსახლეობაც აღარავინაა, რომ გვერდში მაინც დაგიდგეს.

_ თქვენი ოჯახის გამორჩევას დანარჩენისგან პიროვნულ ინტერესს უკავშირებთ, თუ შეიძლება სხვა რამესთან გვქონდეს საქმე?

_ მრცხვენია, რომ ვახსენო პიროვნული, მაგრამ ფაქტი სახეზეა! ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება, კაცი მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს, ის მორალურად დაზარალებულის მხარეს უნდა იყოს, მისი სამსახურის დასახელება აბა, რას მიანიშნებს?! „ჯორჯიან მანგანუმს“ იმას უნდა ეუბნებოდეს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად დაზარალებულია და მოვუგვაროთ ეს პრობლემაო. რა მომგვარებლის ფუნქცია აქვს მას, ძალიან საინტერესოა!

_ პრაქტიკულად, ერთადერთი გამოსავალი დარჩა _ სასამართლო…

_ შეიძლება, სასამართლომ გაცილებით მეტი კომპენსაციის თანხა მომაკუთვნოს, მაგრამ ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფია, დროა ჩემი პრობლემა! ვიცი, რომ ის კერძო კომპანიაა, მაგრამ ჩემი სახლიც ხომ კერძოა?! თუ შენი ტერიტორიაა და ყველაფერს ანგრევ, მე აღარ მაქვს ჩემი მამაპაპისეული ტერიტორია, რომელიც ჩემთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა?! არ მინდა სასამართლო, ამას ვერ გავუძლებ!

„ქრონიკა+“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პიარწარმომადგენელს საქართველოში, ზაქარია ზალიკაშვილს დაუკავშირდა:

_ ამ ეტაპზე, კონკრეტულ დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ზარალების დეპარტამენტი, რომელიც სწავლობს ყველა ზარალს და, შესაბამისად, ანაზღაურებას აკეთებს. თუ ვინმე კომპანიაში ასეთი პრეტენზიით შემოდის, კომისია ვალდებულია, რომ ეს საკითხი შეისწავლოს. ჩნდება კითხვა, _ რამდენად სამართლიანად ითხოვს ეს ქალბატონი ზარალის ანაზღაურებას, რადგან 6 ოჯახს აუნაზღაურეს და მხოლოდ ის დარჩა დაუკმაყოფილებელი? რაც შეეხება იმას, რომ თითქოს აბრამიშვილს აქვს მისი ოჯახის მიმართ პირადი ინტერესი, შემიძლია გითხრათ, რომ აბრამიშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ეს რომ იყოს პირადი გარჩევის მოტივი, როგორც ქალბატონი ასახელებს, გამორიცხულია. 2 მილიონი ლარი ჩაგვბარდა ზარალების მოცულობა, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ ქართველებისგან იყიდა. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში, ფაქტობრივად, ზარალის 90% გაცემული იყო. ამ ერთი ადამიანის საქმე დამატებით შესწავლას მოითხოვს. შესაძლოა, კომპანიას თავისი პოზიცია ჰქონდეს, ამიტომ უნდა მიმართოთ „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურ დირექტორს, ამჯერდ ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა გააკეთოს კომენტარი. კონკრეტულად ამ საქმეზე ის თავად ისაუბრებს. ბატონი ჩიქოვანი სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველია, რომელთანაც, ჯერჯერობით, საზოგადოების საქმიანობები გაურკვეველია.

 

თამარ ბატიაშვილი