ოპოზიციის ხელიდან გაშვებული შანსი და არჩევნების მთავარი ინტრიგა, _ იქნება თუ არა მეორე ტური?

პოლიტიკური შვებულება, როგორც ჩანს, წელს არ გვექნება. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც აგვისტოს 40-გრადუსიანი სიცხეების გამო რის ვაი-ვაგლახით მიიზლაზნება, მეორე მხრივ კი საკონსტიტუციო ცვლილებებია შესათანხმებელი და კონსენსუსამდე მისაყვანი.

6 სექტემბერს სტრასბურგში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას „ვენეციის კომისია“ და მისი პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ელოდება.

რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა, _ სტრასბურგში შეუთანხმებელი პოზიციით ჩასვლა სირცხვილია და იქნებ, რამეზე შევთანხმდეთო. კარგი იდეაა. ქვეყნის ინტერესი ნამდვილად მოიგებდა, „ვენეციის კომისიის“ შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსს თუ მიაღწევდა. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის მაღალ დონეს წარმოაჩენდა.

ირაკლი კობახიძის შემოთავაზება მართლა ღირებული და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნებოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ ტრადიციული ულტიმატუმებით რომ არ ლაპარაკობდნენ. კობახიძემ საერთო პოზიციის შეჯერება კი შესთავაზა ოპოზიციას, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მესამე მოსმენით, თუ რამის შეცვლა შეიძლება, ვიმსჯელოთო. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა და გამოუცდელი რომ გვყავს, ეს გასაგებია, მაგრამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პერიპეტიებში ჩართულს, ელემენტარული გამოცდილება კი უნდა შეეძინა. მესამე მოსმენისთვის რამეზე მოლაპარაკება ნიშნავს, დავსხდეთ და უკვე ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ორთოგრაფიული შეცდომები გავასწოროთო. ანუ კონსენსუსს მივაღწიოთ იმაზე, სად უნდა იყოს წერტილი და სად, _ მძიმეო. ბუნებრივია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

იმისთვის, რომ პროცესი, შედეგზე იყოს ორიენტირებული, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ხელისუფლებამ ოპოზიციას ორიდან ერთი ვარიანტი უნდა შესთავაზოს. ერთი ესაა კანონპროექტის პარლამენტიდან გამოტანა და პროცესის თავიდან დაწყება, რაც საკონსტიტუციო კომისიის თავიდან შექმნას, საჯარო განხილვების თავიდან ჩატარებას და „ვენეციის კომისიისთვის“ პროექტის თავიდან გადაგზავნას ნიშნავს. ბუნებრივია, ეს საკმაოდ რთული გზაა და ძნელად წარმოსადგენია, ხელისუფლება ამაზე დათანხმდეს; მოვლენათა განვითარების მეორე გზა არის კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება, როცა მასში ძირეული და შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა უპრობლემოდ შეიძლება. შედეგად, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსს მიაღწევენ, მისი კონსტიტუციურ პროექტში შეტანა უმარტივესად მოხდება. მაგრამ თუ კობახიძე ჯიუტად მხოლოდ წერტილ-მძიმეზე საუბარს შესთავაზებს ოპოზიციას, კონსენსუსს ვინ ჩივის და, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებიც ვერ შედგება.

არადა, სულ რაღაც, სამ კვირაში სტრასბურგში გამგზავრების დროც მოვა და გარდა იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთო აზრის ჩამოყალიბება შეუძლებელია, ერთიანი პოზიციის შეჯერება ოპოზიციაშიც ვერ ხერხდება. ოპოზიციის დაქსაქსულობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს, ვიდრე ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობაა. ერთკაციანი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მზად არიან, ბლოკების შექმნის უფლების სანაცვლოდ, ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემით არჩევნების კიდევ ერთხელ, 2020 წელს ჩატარება „გაუპრავონ“, აქამდე მიღწეული ყველა წარმატების წყალში გადაყრას უწყობენ ხელს. ხელისუფლება კონსენსუსის მიღწევას სწორედ ამ ერთკაციან პარტიებთან გამოაცხადებს და „ვენეციის კომისიასაც“ მოუწევს თქმა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და პარტიებს შორის კონსენსუსი შედგა. ბუნებრივია, კარდინალურად განსხვავებული იქნება შეფასებები ქვეყნის შიგნით. როდესაც ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია თავის მკვეთრად უარყოფით პოზიციას დააფიქსირებს, რამდენიმე გასატელიტებული პოლიტიკური ძალა პროცესის „ოცნებისთვის“ სასარგებლოდ შემობრუნებას ნამდვილად ვერ შეძლებს.

ერთი შეხედვით, ამ ერთკაციან პარტიებსაც არ აქვთ სხვა გამოსავალი. როგორც ცნობილია, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა და მთავარი აქ პოლიტიკური ინტერესებია. ამ პატარა პარტიების ინტერესები კი, უპირველეს ყოვლისა, ბლოკების შენარჩუნებაზე გადის. მათთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში, _ შერეული მაჟორიტარული თუ მთლიანად პროპორციული? მათთვის მთავარია, რომ რომელიმე დიდმა პარტიამ ბლოკი შექმნას და იქ შეიკედლოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვთ შანსი ამ პარტიებს, პარლამენტში დეპუტატი ჰყავდეთ, ან, სულ მცირე, კვალიფიციური პარტიის სტატუსი მოიპოვონ და ბიუჯეტიდან მცირე დაფინანსება მიიღონ პოლიტიკაში სატივტივოდ. ასეთ მერკანტილურ ინტერესებზე გაცვლილ სახელმწიფო ინტერესებს რომ უყურებ, ბუნებრივად გიჩნდება აზრი, იქნებ, მართლაც სჯობდეს ბლოკების გაუქმება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ერთკაციანი პარტიების ინტერესებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მაინც აღარ შეეწირება და ხელისუფლება მათით მანიპულირებას ვეღარ შეძლებს.

ერთი სიტყვით, თუ ოპოზიცია ერთიან პოზიციას ვერ ჩამოაყალიბებს, შესაძლოა, სტრასბურგში წასვლას არწასვლაც კი სჯობდეს, რადგან მაჟორიტარული არჩევნების „გაპრავებას“, უმჯობესია, პროცესი ისევ ჩიხში იყოს. თუ სტრასბურგის შემდეგ ხელისუფლება საკუთარ თავზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ევროსტრუქტურების ლეგიტიმაციას მიიღებს, საარჩევნო სისტემის ცვლილების პერსპექტივა კიდევ რამდენიმე წლით გადაიდება, ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნებში ისევ ის სახელისუფლებო პარტიები გაიმარჯვებენ, რომლებიც არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ მხარდაჭერას მიიღებენ. ანუ უსამართლობა ისევ ჩვენი საარჩევნო სისტემის მთავარი დამახასიათებელი დარჩება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ერთადერთი თემა არაა, სადაც ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან და შეუთანხმებლობით მუდმივად ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ოპოზიცია ვერასდროს ახერხებს, თუნდაც მერობის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით შეჯერებას. არადა, სხვა უფრო რეალური საშუალება ხელისუფლების კანდიდატის დასამარცხებლად არ არსებობს. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ეს იცის, მაგრამ თავის პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დადგომა არავის შეუძლია. ამიტომაც ყველა ადგილობრივი არჩევნების წინ ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ. ოპოზიციიდან მერობის რამდენიმე კანდიდატია დასახელებული, რომელიც ერთმანეთს უყოფს ხმებს და ამით ხელისუფლების საქმეს აკეთებს. მსგავსი ვითარება გვაქვს დღესაც. რეიტინგდაცემული „ოცნება“ კვლავ ოპოზიციის გახლეჩილი ხმების იმედად მიდის არჩევნებზე.

მერობის ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანების იდეა თვენახევრის წინათ გაჟღერდა. არაერთი მოწოდება იყო, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საერთო კანდიდატი დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ, ტრადიციულად, არაფერი გამოვიდა. „ნაციონალებმა“ თავისი კანდიდატი წარმოადგინეს, მათმა განაყოფებმა ევროპული საქართველოდან _ თავისი. ამასობაში, მერობისთვის ბრძოლის იშტაზე მოვიდა საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც.

დღევანდელი ვითარება ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ აქამდე ყველა ოპოზიციური ძალა მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატს უპირისპირდებოდა. დღეს ხელისუფლების გარდა დაპირისპირების ობიექტები არიან ყოფილი ხელისუფლების კანდიდატებიც. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებულად ჭრელ შეფერილობას იღებს.

მაშ, ასე! წელს ადგილობრივი არჩევნები ოქტომბრის მესამე შაბათ-კვირას ჩატარდება და მთავარი ბრძოლა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის წარიმართება. ფავორიტი, როგორც ყოველთვის, ხელისუფლების კანდიდატია. მას ადმინისტრაციული რესურსი 10-15%-იან ფორას აძლევს. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების სერიოზული პრობლემები განსაკუთრებული ოპტიმიზმის საშუალებას „ოცნებას“ არ უნდა აძლევდეს. პირველი და უმთავრესი პრობლემა თბილისის, ჯერ კიდევ, მოქმედი მერი დავით ნარმანიაა, რომლისგანაც სამი წლის განმავლობაში არაფერი გამოიძერწა. როგორც მოვიდა, ივანიშვილის ხათრით, ყველასთვის უცნობი, ისევე ყველასთვის უცნობი წავა თანამდებობიდან. არა, მისი სახელი და გვარი დღეს გაცილებით მეტმა იცის, ვიდრე სამი წლის წინათ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერავინ გაიგო, რას წარმოადგენდა სამი წელიწადი დედაქალაქის მერი და, საერთოდ, რა უნდოდა მას ამ თანამდებობაზე? რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ნარმანიას მერობის დროს დედაქალაქში საერთოდ არაფერი გაკეთებულა. სადღაც-სადღაც გზებიც იგებოდა, ახალი შენობებიც შენდებოდა და ძველებიც რემონტდებოდა, მაგრამ ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში არაფერი ისეთი არ შექმნილა, რომელიც თბილისს დაეტყობოდა და პირველი მეოცნებე მერის სავიზიტო ბარათად გამოდგებოდა.

სამაგიეროდ, ყველას დაამახსოვრდება უამრავი სკანდალი უკანონოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ივანიშვილისთვის მიყიდულ, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, ერთმანეთზე დაშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ყველას ემახსოვრება, რომ ნარმანია იყო ერთადერთი მერი, რომელიც ვერა და ვერ მიიყვანეს საკრებულოში დეპუტატებთან  შესახვედრად, თუმცა ბოლოს მაინც მივიდა, ოღონდ იმდენი მოყვირალი ადამიანით, რომ დეპუტატების არც კითხვები ისმოდა და არც ნარმანიას პასუხები.

ნარმანიამ და მისმა მერიამ ასევე ვერ მოაგვარა თბილისელთათვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, „სითი პარკის“ პრობლემა. ეს კომპანია როგორც სწოვდა თბილისელ მძღოლებს სისხლს წინა ხელისუფლების დროს, ისევე აგრძელებს თავის საქმიანობს დღესაც. თან რაც მთავარია, ეს სისხლი დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას რომ ხმარდებოდეს, კიდევ აიტანდა ყველა, მაგრამ როცა ხედავ, რომ მერვე წელია, არც პარკირების პრობლემას ეშველა რამე და ასფალტზე თეთრი ზოლების დახაზვის გარდა არაფერი გაკეთებულა, რბილად რომ ვთქვათ, ბრაზდები. ე. ი. „სითი პარკის“ მთავარი ფუნქცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა კი არა, იმ მძღოლებისგან ჯარიმების ამოღებაა, რომლებიც უპარკინგობის გამო იძულებული არიან, პარკირების წესები დაარღვიონ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სწორედ ამ „წურბელა“ კომპანიის საქართველოდან გაძევება იყო, მაგრამ დანაპირები, როგორც ვნახეთ, არ შესრულდა. დღევანდელ სტატიაში „სითი პარკთან“ დაკავშირებით ამდენი საუბარი ნამდვილად უადგილო იყო, მაგრამ, ალბათ, მიხვდებოდით, რომ ისევე როგორც ყველა, მეც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როცა სახელმწიფო გატყუებს და თან ამ მოტყუებაში იქით ფულს გახდევინებს.

„ოცნების“ მერობის კანდიდატს არც „სითი პარკთან“ და არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჯერ არ გამოუთქვამს. ალბათ, სექტემბრისთვის ინახავს, ყავლი რომ არ გაუვიდეს.

კალაძის საარჩევნო კამპანია ისეთივე ია-ვარდით რომ არ ექნება მოფენილი, როგორც, თავის დღოზე, ნარმანიას ჰქონდა, უკვე ჩანს. ბიძინა ივანიშვილის კალაძის პრეზენტაციაზე გამოუცხადებლობამ გარდა იმისა, რომ ბევრი კითხვა გააჩინა, კალაძესაც და  „ოცნებასაც“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ყველას ესმის, რომ „ოცნებამ“ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაშია, ვერ მოახერხა თვითკმარ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. ვამბობთ „ოცნებას“, ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს. ოლიგარქთან მისი ბმა იმდენად დიდია, რომ ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიამ მისი აჩრდილი ვერ მოიშორა. ალბათ, არც უნდოდა. ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება“ არავის აინტერესებს. აი, აქ არის სწორედ კალაძის პრობლემაც, _ უნდა კი თბილისს კალაძე ივანიშვილის გარეშე?!. თუ „ოცნების“ დამფუძნებელი გააგრძელებს თავისი პოლიტიკური შვილობილებისგან დისტანცირებას, ეს კალაძის საარჩევნო კამპანიას კარგს არაფერს მოუტანს. თუ ივანიშვილი არ ეტყვის თბილისელ ამომრჩეველს, რომ მისი ხათრით აირჩიონ კალაძე მერად, არაფერია გამორიცხული.

სხვა სახის პრობლემები აქვთ ოპოზიციონერ კანდიდატებს. თუ კალაძე მერობისთვის ემზადება, სრულიად განსხვავებული მიზნები აქვთ ზაალიკო უდუმაშვილსა და ელენე ხოშტარიას. მათი მთავარი პრობლემაა, ერთმანეთს დაუმტკიცონ, ვინ უფრო „ნაციონალია“ და გაყოფის მერე ვის უჭერს მხარს „ნაციონალების“ ამომრჩეველი. ანუ მათი ამოცანა არა მერობა, არამედ მეორე ადგილზე გასვლაა. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ „ნაცების“ გახლეჩის შემდეგ პოლიტიკური ლიდერები „ევროპულ საქართველოს“ ერგო, ხოლო ამომრჩევლების უმრავლესობა _ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს, ალბათ, არც იყო გასაკვირი, რადგან როგორც „ოცნება“ ნიშნავს ივანიშვილს, ისე „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს სააკაშვილს. ეს პერსონალიები უზრუნველყოფენ თავიანთ პარტიებს ამომრჩევლით, ასე რომ ბოკერიასა და უგულავას დიდი იმედები „ნაციონალური“ ხმების უმრავლესობის მიღებაზე არ უნდა ჰქონდეთ.

უდუმაშვილსაც და ხოშტარიასაც კიდევ ერთი საერთო სახის პრომლემა აქვთ: მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, ერთსაც და მეორესაც, გამარჯვების შანსი ძალიან დაბალი აქვს, რადგან არც ერთი ოპოზიციური პარტია მათ ღია მხარდაჭერას არ გამოუცხადებს. ესეც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ამიტომაც „ოცნება“ ყველანაირად ეცდება, რომ თუ მეორე ტური გარდაუვალი გახდა, ამ მეორე ტურში კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან ერთად მოხვდეს და არა რომელიმე ალტერნატიულ კანდიდატთან.

წლევანდელი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ისეთი ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა ჩამოყალიბდა, რომელსაც არც დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდა ხმის მიცემა და არც _ ყოფილისთვის. ეს ამომრჩეველი ეძებს და ელის ალტერნატივას. სწორედ ასეთ ალტერნატივად ჩამოყალიბებას ცდილობს ალეკო ელისაშვილი. „ენ-დი-აის“ კვლევებში მისი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც საზოგადოებაში სწორედ მსგავსი მოლოდინის არსებობას უსვამს ხაზს. ელისაშვილი ერთადერთი ალტერნატივის იმიჯს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. აგვისტოსა და სექტემბერში კიდევ არაერთი ალტერნატივა გამოჩნდება მათთვის, ვისაც არც „ქოცები“ ეხატება გულზე და არც _ „ნაცები“. უახლოეს მომავალში თავის კანდიდატურას დაასახელებს „პატრიოტთა ალიანსი“ და დიდი ალბათობით, ეს იქნება ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი.

დიდხანს აღარ დააყოვნებენ „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა ამ არჩევნებზე ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ. ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი, _ კუკავა თუ დიმიტრი ლორთქიფანიძე, _ ეს, ალბათ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. წესითა და რიგით, მერობის კანდიდატი უნდა დააყენონ ლეიბორისტებმაც და „თავისუფალმა დემოკრატებმაც“. ერთი სიტყვით, კონკურენცია ალტერნატივობაზე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ოპოზიციის დაქსაქსულობამ არჩევნებს მთავარი ინტრიგა დააკარგვინა. ერთიანი კანდიდატი არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების კანდიდატის პირველ ტურში დამარცხება არ გამოვა. ამდენად, არაფერი ძირეული არ შეიცვლება. სამწუხაროა, მაგრამ ამის შანსი ოპოზიციამ, უკვე მერამდენედ, გაუშვა ხელიდან.

დემნა ვეშაპიძე