მიპატიჟება ვენეციაში – გაიხლიჩება თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკებების წინ?..

რაოდენ უცნაური და გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო, გაცილებით მეტადაა დაინტერესებული საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნით, ვიდრე მთელი ხელისუფლება ერთად აღებული. „ვენეციის კომისიის“ ბოლო ინიციატივამ, შეიძლება ითქვას, ყველა გააოგნა საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, „ვენეციის კომისიამ“ შუამავლის ფუნქციის აღება გადაწყვიტა და საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გამართვა სტრასბურგში, „ვენეციის კომისიის“ ოფისში შესთავაზა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს უკვე მოლაპარაკებების სრულიად სხვა დონეა. ეს აღარაა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იუსტიციის სამინისტროში, თეა წულუკიანის შუამავლობით. ეს უკვე აღარაა ის ფორმატი, სადაც ხელისუფლება იოლად იტყვის, თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს და დავიშალეთო. აქ შუამავალი, ანუ მოდერატორი, „ვენეციის კომისიაა“, ე. ი. მოლაპარაკებები ევროსაბჭოს მოედანზე გაიმართება, სადაც „ოცნება“ დომინანტის პოზიციაში ვეღარ იქნება. თუ გავითვალისწინებთ „ვენეციის კომისიის“ ბოლოდროინდელ განცხადებებს, ბუკიკიოს პოზიცია უცვლელია იმ თვალსაზრისით, რომ მთავარი მოთხოვნა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევაა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიეცემა საქართველოს კონსტიტუციას ლეგიტიმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე „ვენეციის კომისია“ ითხოვს, რომ მოლაპარაკებები წარიმართოს იმ საკითხებზე, რომელიც კომისიის დასკვნაში იყო დაფიქსირებული.

აქედან ჩანს, რომ „ვენეციის კომისიის“ პოზიციები ოპოზიციის პოზიციებს უფრო ემთხვევა, ვიდრე ხელისუფლებისას. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ცვლილება, რომელიც „ვენეციის კომისიამ“ თავის დასკვნაში პოზიტიურად შეაფასა, იყო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაც ესაა, ხოლო ხელისუფლების ამ გზიდან გადახვევამ გამოიწვია სწორედ ჯანი ბუკიკიოს ისეთი აღშფოთებული განცხადებები, რომელიც მან ბათუმში ვიზიტისას გააკეთა.

ერთი სიტყვით, „ვენეციის კომისიის“ ამ ინიციატივის წყალობით, მართლაც გაჩნდა შანსი იმისა, რომ ქვეყანაში, 2020 წლიდანვე, სამართლიანი, ანუ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს; სამართლიანად გადანაწილდეს გადაუნაწილებელი მანდატები; არ გაუქმდეს ბლოკები; ბარიერი, 3%-მდე დაიწიოს.

თუმცა ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად რომ არ გახლავთ, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. პრობლემა ოპოზიციაში არსებული განსხვავებული პოზიციებია, რამაც შესაძლოა, ყველანაირი პერსპექტივა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თავდაყირა დააყენოს. ორი თვის წინათ ჩვენ ვვარაუდობდით, რომ როგორც კი საქმე მოლაპარაკებებამდე მივიდოდა, დეტალებში დამალული ეშმაკი აუცილებლად იჩენდა თავს და ასეც მოხდა. ვითარება აშკარად რთულადაა, იქამდე, რომ ოპოზიციამ ყველა მიღწეული გამარჯვება, შეიძლება, ერთი ხელის მოსმით, წყალში ჩაყაროს.

ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მოლაპარაკების მთავარ საკითხად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აყენებს. მათი პოზიცია ასეთია: შევთანხმდეთ, რომ 2020 წლიდანვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ყველა იმ დეტალზე, როგორიცაა ბლოკების, ბონუსებისა და ბარიერის საკითხები. ხოლო ხელისუფლების მცდელობა, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების სანაცვლოდ, რაიმე პატარა დათმობა შემოგვთავაზოს, მაგალითად ბლოკების დატოვება, ეს ჩაითვლება ხელისუფლებასთან გარიგებად და მაჟორიტარული სისტემის „გაპრავებად“, რაც დაუშვებელია.

მეორე, გაცილებით მცირე ნაწილი, 4-5, 1-კაციანი პოლიტიკური პარტია აშკარად აფიქსირებს მზაობას, წავიდეს სერიოზულ კომპრომისზე, ოღონდაც ბლოკების შექმნის უფლება შეინარჩუნონ კანონში. ეს პარტიები აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, მაგრამ თუ ხელისუფლება გაჯიუტდა, სულ არაფრით დარჩენას სჯობს, „ოცნებას“ ბლოკების შექმნის უფლება მაინც გამოვგლიჯოთო. ბუნებრივია, იგულისხმება, მაჟორიტარული სისტემის „გაპრავების“ ხარჯზე.

თითქოსდა რა ეფექტი უნდა ჰქონდეს რამდენიმე, ერთკაციანი პარტიის ხელისუფლებასთან გარიგებას, მაშინ როცა სამჯერ მეტი და ასჯერ ძლიერი პარტიები განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ? ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთი არასერიოზული კონსენსუსის გაფორმება გაუჭირდება, მაგრამ მაინც შეეცდება. ხშირად გვინახავს, როგორ ცდილობს ეულად დარჩენილი ხელისუფლება იმის დემონსტრირებას, რომ მარტო არ არის. ამისთვის „ქართული ოცნება“ უცებ აცოცხლებს ხოლმე საღათას ძილში მყოფ თავის სატელიტებს და გვეუბნება, _ კონსერვატორები, „მრეწველები“, „მწვანეები“ და სოციალ-დემოკრატებიც პარტიები არიან და „ოცნების“ პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთპარტიული კი არა, მრავალპარტიულიაო… მართალია, ეს სასაცილოდ არავის ჰყოფნის, მაგრამ ხომ ამბობს…

ახლა კი დავუშვათ, რომ 6 სექტემბერია, სტრასბურგში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ხელისუფლება წარმოდგენილია თავისი სატელიტებით, ოპოზიცია კი თავისი ორად გახლეჩილი პოზიციით. დიდი ალბათობით, „ოცნება“ პრველივე შეხვედრაზე განაცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხოლოდ 2024 წლიდან აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვეღარ დაინახავენ. ისინი გამოვლენ ჟურნალისტებთან და განაცხადებენ, რომ ხელისუფლება კვლავ ულტიმატუმით საუბრობს და მისი დამსახურებით მოლაპარაკებები ჩაშლის პირას მივიდა.

მაგრამ ამ მომენტში ხელისუფლებას ბლოკების გულისთვის ყელაფერზე წამსვლელი, ერთკაციანი პარტიები გადაუგდებენ მაშველ რგოლს. ისინი ასევე გამოვლენ ჟურნალისტებთან და იტყვიან, რომ მზად არიან, გააგრძელონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები იმისთვის, რომ პატარა დათმობა მაინც „გამოგლიჯონ“(?!!).

იგივე 6 სექტემბერი, სტრასბურგი, მოლაპარაკების დასკვნითი პრესკონფერენცია _ ხელისუფლება თავის ოთხ ძველ და ხუთ ახალ სატელიტთან ერთად აცხადებს, რომ ჩვენ, ათმა პოლიტიკურმა პარტიამ, მივაღწიეთ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ ჩატარდება შერეული მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ბლოკების შექმნა კი იმავე 2020-ში ერთჯერადად იქნება დაშვებული.

რას იზამს „ვენეციის კომისია“?.. ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ „ვენეციის კომისიისთვის“ მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას და კონსენსუსი შედგეს. არავის ეგონოს, რომ ჯანი ბუკიკიოს ცხოვრებაში, საქართველოს კონსტიტუციის გარდა, სადარდებელი არაფერი აქვს. როგორც კი ცხრა სატელიტი „ოცნებასთან“ კონსენსუსს გააფორმებს, „ვენეციის კომისიაც“ მაშინვე ხელს დაიბანს და თავის ტკივილს მოიშორებს. ხელისუფლების კონტროლირებადი არხებიც მაშინვე ჟრიამულს ატეხენ, „ვენეციის კომისიის“ შუამავლობით პოლიტიკური კონსენსუსი გაფორმდაო.

შედეგად კი მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ „ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, მაჟორიტარების მეშვეობით, კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ხოლო მისი სატელიტები, ალბათ, საარჩევნო ბლოკს გააკეთებენ და „მკვდარი მკვდარს აეკიდა“ პრინციპით ეცდებიან, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება მაინც მოიპოვონ. სამართლიან საარჩევნო სისტემაზე საუბარი კი, მინიმუმ, კიდევ ოთხი წლით გადაიდება.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს შეიძლება არ მოხდეს, თუ ოპოზიცია საერთო პოზიციით ჩავა სტრასბურგში და ხელისუფლებასთან გარიგების ნაცვლად, „ვენეციის კომისიის“ დახმარებით, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის იბრძოლებს. თუ „ოცნება“ დაინახავს, რომ მაშველ რგოლს არავინ გადაუგდებს, ის იძულებული გახდება, ოპოზიციასთან შესათანხმებლად რეალური ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ვენეციის კომისიის“ მკაცრ კრიტიკას ვერ გადაურჩება, როგორც კონსენსუსისთვის ხელის შემშლელი ძალა. მოკლედ, მთელი აგვისტო წინაა. მალე გამოჩნდება, რა პერსპექტივა ელის სტრასბურგის მოლაპარაკებებს.

მანამდე კი საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. მართალია, ჩვენს ქვეყანას ჯერ დიდად არაფერი ეტყობა, მაგრამ, სულ რაღაც, სამი თვეც აღარაა დარჩენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის დაანონსებული, მიახლოებითი თარიღის მიხედვით, არჩევნებს 21 ან 22 ოქტომბერს უნდა ველოდოთ. ქვეყანას კი არაფერი იმიტომ არ ეტყობა, რომ 40-გრადუსიან ზაფხულში არჩევნებისთვის არავის ცხელა. უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებს არ აქვთ ინტერესი. აგვისტოში ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ დაემალოს აუტანელ სიცხეს და სად დაასვენოს ოჯახი. ასე იქნება, მინიმუმ, 15 სექტემბრამდე, რადგან, სწავლის დაწყებამდე, დასვენებაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი ქვეყანაში არავის აქვს.

შედეგად კი ვიღებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში თუ აქვთ. მანადე, უბრალოდ, უაზრობაა. გარდა იმისა, რომ პაპანაქება სიცხეში პოტენციურ ამომრჩევლებს არ ეარჩევნება, მათი ნახვა და ერთად შეკრებაც საკმაოდ რთულია. ივლის-აგვისტოში მოქალაქეების უმრავლესობა თავის საცხოვრებელ მისამართზე, ძირითადად, არ იმყოფება.

ასეთი ვითარება, როგორც ყოველთვის, ხელისუფლებას აწყობს. საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, რომელიც დღესაც აქტუალურია, ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას ძალოვანი სტრუქტურები ატარებენ. სწორედ ისინი ახდენენ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას და კოლექტიურად, საარჩევნო უბნებზე მიყვანას. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის აგვისტო-სექტემბრის დაკარგვა პრობლემას არ წარმოადგენს. დავალების მიცემა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალოვანი სტრუქტურების, გამგეობებისა და გუბერნიების თანამშრომლების, ათასნაირი აიპისა და სიპში დასაქმებულების, სკოლებში, ბაღებსა და კიდევ უამრავ დაწესებულებაში მყოფი, საბიუჯეტო სახსრებზე მცხოვრები ადამიანის მობილიზება არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც თავისუფლად შეიძლება.

პრობლემა მხოლოდ ოპოზიციას აქვს, რომელიც, უბრალოდ, ვერ ასწრებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, რაც გულისხმობს მაქსიმალურად ბევრ ქალაქსა თუ სოფელში ჩასვლას და შეხვედრების ორგანიზებას, ერთი სიტყვით, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ამომრჩეველთან შეხვედრას. რაც უფრო არასრულფასოვან კამპანიას ჩაატარებს ოპოზიცია, მით უფრო კმაყოფილი იქნება ხელისუფლება. ალბათ, დაკვირვებიხართ, ყოველი არჩევნების წინ ერთი და იგივე კამათი და დებატი იწყება არჩევნების დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება ყოველთვის დაინტერესებულია არჩევნების ოქტომბრის დასაწყისში დანიშვნით, რადგან ოპოზიციას კამპანიისთვის ნაკლები დრო დარჩეს, ხოლო ოპოზიცია ითხოვს არჩევნების დღის მაქსიმალურად ოქტომბრის ბოლოს დანიშვნას, რათა საარჩევნო კამპანიისთვის კიდევ რამდენიმე დღე მოიპოვოს.

საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამიტომაც არის ასეთი მუდმივი გაწამაწია თარიღთან დაკავშირებით, _ ოპოზიცია სულ ითხოვს, შეიცვალოს კონსტიტუციის ეს ნორმა და არჩევნები არა შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწისში ჩატარდეს ხოლმე. სხვათა შორის, ამ ინიციატივას კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი არგუმენტი აქვს.

გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად იდეალური კლიმატური პირობებია, ანუ აღარც ცივა და ჯერ კიდევ არ ცხელა. ამომრჩევლები საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე არიან და როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ისე თავად მოსახლეობას, სურვილისამებრ, უპრობლემოდ შეუძლია ჩაერთოს წინასაარჩევო კამპანიის პროცესში. ამასთანავე, ნაკლებია რისკი, რომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვინმე მზის დარტყმას მიიღებს, ან უჰაერობისგან წაუვა გული.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პლუსი გაზაფხულ-ზაფხულის სასარგებლოდ: არჩევნების წელს აღარ შეიქმნება ის უამრავი უხერხულობა, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებას უკავშირდება. დღეს არსებული თარიღიდან გამომდინარე, არჩევნები ტარდება ოქტომბერში, ანუ მაშინ, როცა პარლამენტს ნაწილობრივ დაწყებული აქვს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი. ახალი პარლამენტი, რომელიც ნოემბერში იკრიბება, მაშინვე ეჯახება ბიუჯეტის ფორმირების ვალდებულებას, თან იმ ბიუჯეტის, რომელზე მუშაობაც სხვა პარლამენტმა დაიწყო, თან შემჭიდროვებულ ვადებში. დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტი თუ არ დამტკიცდა, კონსტიტუცია ირღვევა. ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებულად ნათქვამი, რომ არჩევნების წელს, ბიუჯეტის ფორმირების საკითხში, პარლამენტის მონაწილეობა, ძირითადად, ფორმალური ხასიათისაა. ამ დროს დეპუტატები კაბინეტებსა და გამოყოფილი საწვავის რაოდენობაზე უფრო ბევრს ფიქრობენ, ვიდრე საბიუჯეტო ასიგნებებზე.

საერთოდ, ფორმალობაა ასეთ დროს პარლამენტის მიერ გასული წლის ბიუჯეტის შესრულების რევიზია. ნოემბერში გადეპუტატებულებს სულ არ ანაღვლებთ, რა დავალებები მისცა წინა პარლამენტმა მთავრობას და შეასრულა თუ არა მთავრობამ იგი?

გარდა ამისა, საბიუჯეტო განხილვების შუაში დანიშნული არჩევნები, ყველა შემთხვევაში, საბიუჯეტო პროექტის პოლიტიზებას იწვევს. დასაგეგმი ბიუჯეტი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო იარაღია ხოლმე და, როგორც წესი, ამ დროს მასში უფრო პოპულისტური გაანგარიშებები კეთდება, ვიდრე რეალისტური. პარლამენტი, მთელი შემდგომი წელი, ამ გაბერილი და წინასაარჩევნოდ გაზვიადებული მონაცემების კორექტირებას უნდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს ახლავს თან, არის ის, რომ ბევრ მაღალმთიან რეგიონში, ოქტომბრის ბოლოს, უკვე დიდი თოვლი დევს და არჩევნების ჩატარება ჭირს. ჭირს საარჩევნო უბნის მოწყობაც, ამომრჩეველთა გადაადგილებაც, დაბოლოს, საარჩევნო ყუთის ბარში ჩამოტანაც.

გაზაფხულის მიწურულს, ან ზაფხულის დასაწყისში ჩატარებული არჩევნები კი ყველა ამ უხერხულობასა და გაუგებრობას მოხსნიდა: კლიმატიც შესაფერისია, ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებული უხერხულობები აღარ შეიქმნება და მაღალმთიან სოფლებშიც არჩევნების პროცესი შეუფერხებლად ჩატარდება. ერთი სიტყვით, ყველანაირად მოსახერხებელი პერიოდია და, თითქოსდა, რატომ არ უნდა დამკვიდრდეს არჩევნების თარიღად გაზაფხულის ბოლო, ან ზაფხულის დასაწყისი, მით უმეტეს, რომ ამგვარი პრაქტიკა საქართველოს არაერთხელ ჰქონია? 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდა, 2010 წლის ადგილობრივი აჩევნები _ 30 მაისს, ხოლო 2014 წლის ასევე ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს ჩატარდა. თუ იმდროინდელ მედიას გადავავლებთ თვალს, არც ერთი პოლიტიკური პარტია არჩევნების თარიღით უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა.

ეს არგუმენტები ძალიან ხშირად ჟღერდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს. თითქოსდა საწინააღმდეგოც არაფერი თქმულა ხლელისუფლების მხრიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ერთი ხელისუფლება არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადატანას არ თანხმდება. ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ოქტომბერში გაწერილი არჩევნების თარიღი ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ოპოზიციას რაც შეიძლება მეტი პრობლემა და სირთულე შეუქმნას, მაქსიმალურად შეუშალოს მას ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში და ამით თავისი შანსები გაზარდოს. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, სხვა არავითარი არგუმენტი აღარ რჩება.

თუმცა არის კიდევ ერთი ძველი, შევარდნაძის დროინდელი არგუმენტი: 90-იან წლებში არჩევნები, ძირითადად, ნოემბერში ტარდებოდა და როგორც დღეს, მაშინაც ბევრი ითხოვდა თარიღის ცვლილებას. „მოქკავშირის“ არაოფიციალური არგუმენტი კი ის იყო, რომ ზამთრის შემდეგ მოსახლეობა განსაკუთრებულად გამწარებულია ხელისუფლებაზეო. უშუქო, უგაზო და მშიერი ზამთარი 90-იანებში მართლაც იყო გამწარების მიზეზი, მაგრამ დღეს ხომ სხვა რეალობა გვაქვს. დღეს გამწარების მიზეზი ქართველ ამომრჩეველს მთელი წელი არ აკლდება, ასე რომ, ეს არგუმენტიც შეგვიძლია გამოვრიცხოთ. რჩება მხოლოდ სხვისთვის პრობლემების შექმნის სურვილი, რაც პოლიტიკურადაც და არა პოლიტიკურადაც უზნეო საქციელია. და ამ უზნეობის დაკანონებას „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებითაც აპირებს.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ მოსწონს მუდმივი დავა იმასთან დაკავშირებით, არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაინიშნოს თუ ბოლოს, ამიტომაც გადაწყვიტა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიიდან ოქტომბერიც ამოუგდოს. თუ აქამდე კონსტიტუციაში ეწერა, რომ არჩევნები ოქტომბერში ტარდება, ცვლილებების შემდეგ ჩაიწერება, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის პირველ კვირა დღეს. შედეგად კი მივიღებთ, რომ რეალური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პოლიტიკურ პარტიებს ერთი თვეც აღარ ექნებათ, რადგან 15 სექტემბრიდან, ანუ როდესაც დასვენების სეზონი სრულდება, ოქტომბრის პირველ კვირამდე, 20-22 დღე რჩება მხოლოდ.

უკვე მერამდენედ გვიწევს იმ ფაქტის კონსტატირება, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კლასიკურ ავტოკრატიას ამყარებს. მთელი ძალაუფლება ერთის ხელში და მაქსიმალური შეზღუდვა დანარჩენს. ამ მიზნის მიღწევას ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებით აპირებს, რომლის ბედიც სექტემბრის დასაწყისში სტრასბურგში გადაწყდება.

 

დემნა ვეშაპიძე