ნინო ბურჯანაძე: „მაინცდამაინც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს უნდა ეთქვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია?!“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერი _ ნინო ბურჯანაძე:

_ ქალბატონო ნინო, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი სტუმრობდა. თქვენ როგორ გაიგეთ პენსის მიერ გაკეთებული აქცენტები საქართველოს მიმართ და, სავარაუდოდ, რას მოუტანს ქვეყანას ეს ვიზიტი?

_ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პენსის ვიზიტი და, საერთოდ, ასეთი რანგის ვიზიტები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. მოდით, გავაკეთოთ მარტივი ანალიზი, _ რა გვითხრა მაიკ პენსმა. ერთი მხრივ, მან მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე, _ დაიცავდა თუ არა ამერიკა საქართველოს სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, მან თქვა _ არა. პენსმა განაცხადა, რომ ამერიკა ასეთ ვითარებაში მოქმედებს ნატოს მე-5 მუხლის თანახმად. ვისაც ჩემი სიტყვების არ სჯერა, შეუძლია, ინტერნეტის მეშვეობით მარტივად წაიკითხოს, რა წერია ამ მუხლში. ნატოს წესების მიხედვით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ნატო დაიცავს, მხოლოდ და მხოლოდ, ალიანსის წევრ ქვეყნებს. იქ საუბარი არაა ასპირანტებზე, ნატოს წევრობის კანდიდატ და მასზე მეოცნებე ქვეყნებზე. ფაქტობრივად, პენსმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ აგრესიის შემთხვევაში ამერიკა ჩვენ ვერ და არ დაგვიცავს ისევე, როგორც 2008 წელს. ეს გახლდათ პირველი მკაფიო გზავნილი. ამის შემდეგ ბატონმა პენსმა განაცხადა ის, რაზედაც მე უკვე წლებია, ვსაუბრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა და პრობლემებისა, მან გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული საკითხები დიალოგის მეშვეობით მოგვარდება.

_ როგორც ჩანს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის თქვენ მაინც ნეგატიურ მხარეს უფრო ხედავთ, ვიდრე პოზიტიურს?

_ აქ ცუდი იყო სხვა რამე: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დაამთხვიეს იმ საჩვენებელ, პროვოკაციულ წვრთნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა. გასული წლების განმავლობაში საქართველოში ამ ტიპის წვრთნები და სწავლებები არაერთგზის ჩატარებულა, მაგრამ ის არ იყო ასეთი დემონსტრაციული და გამომწვევი ხასიათის. რაც ახლა მოხდა, ვგულისხმობ რუსეთის სამხედრო ბაზიდან 500 მეტრის მოშორებით ხაშურში, გორში ტრასაზე რომ დაარბენინებდნენ ამერიკულ ტანკებს ამერიკული დროშებით, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის სილის გაწვნა იყო და პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც ძალიან სახიფათოა. ამავდროულად, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი პენსის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ეს ძალიან კარგია, მივესალმები, ასეთი განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შემდეგ რა? 25 წელია, ამ ტიპის განცხადებები გვესმის და ყოველდღიურად ვშორდებით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის მოგვარებას. არ ვამბობ, რომ წვრთნები არ უნდა ჩატარებულიყო. ვამბობ, ჩვეულებრივი, მორიგი წვრთნები, ან სწავლებები უნდა ჩატარებულიყო ყოველგვარი დროშებისა და პიარის ნაწილის გარეშე, როგორც ეს კეთდებოდა წლების განმავლობაში. გამოწვევა გინდა? მივიღებთ ისეთ გამოწვევას, შეიძლება ისე გავიჭყლიტოთ, წელში ვერ გავსწორდეთ.

_ თქვენ მუდმივად იმეორებდით, რომ რუსეთთან დიალოგის ფორმა აუცილებელი იყო, რაზედაც ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ რუსეთთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა. თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პენსის ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. რით ახსნით მთავრობის პოზიციის ასეთ ცვლილებას?

_ ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ რუსეთთან პრობლემების დარეგულირებისთვის აუცილებელია დიალოგი. თუმცა როდესაც ამას მე ვამბობდი, მათ სამშობლოს მოღალატედ მომნათლეს. მაინცდამაინც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს უნდა ეთქვა, დიალოგი რომ აუცილებელია და მერე ერწმუნა ჩვენს ხელისუფლებას?! არა უშავს, ძლივს გონება გაეხსნათ და ადეკვატურად დაიწყეს აზროვნება. ისტორიის მანძილზე მოლაპარაკებები დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის ყოველთვის მიმდინარეობდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იმართებოდა ღია და ჩუმი მოლაპარაკებები, რომელიც ფართო მასებისთვის საიდუმლოს წარმოადგენდა. მათ შორის დიალოგი სულ იქნება და ისინი არ დაუშვებენ, რომ მათი სახელმწიფო ინტერესები მკვეთრად დაზიანდეს.

_ იმ დროს, როცა აშშ-სა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია, აშშ-ს კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, ევროკავშირი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას არ აპირებს და ა. შ. მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მეორე პირის ჩამოსვლა არც შემთხვევითი და არც რიგითი მოვლენა რომ არ უნდა იყოს, ცხადია. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ამას უწოდა რუსეთ-აშშ-ს ნორმალური ურთიერთობის დასასრული. დღევანდელ მსოფლიოში არსებული რეალიებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თბილისი-გორის სატრანსპორტო და სატრანზიტო გზასთან 400 მეტრშია, თქვენი აზრით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პენსის ვიზიტის შემდეგ?

_ აშშ-ში ძალიან სერიოზული ძალებია, რომელთაც არ აწყობთ რუსეთთან ურთიერთობის განმუხტვა და ნორმალიზირება. ფაქტია, რომ შანსი იყო, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებულიყო, მაგრამ ეს შანსი ახლა ნულამდეა დასული. რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დაძაბვა აუცილებლად გამოიწვევს მსოფლიოში არასტაბილურობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ცუდია. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ორ სუპერსახელმწიფოს შორის აუცილებლად იქნება ურთიერთობა, რადგან მათ კარგად აქვთ გაანალიზებული საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალები. ისინი არ დაუშვებენ, სიტუაცია ისე გამწვავდეს, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. ამაზე მეტყველებს ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. დააკვირდით, ამ სანქციებში განსაზღვრულია, რომ აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს კოსმოსურ სფეროში. რატომ?! იმიტომ, რომ ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სფეროში ერთმანეთთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენც სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ. ისინი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ელაპარაკებიან ერთმანეთს და პოულობენ იმ წერტილებს, რომელიც ნაწილობრივ მაინც ქმნის გარკვეულ სტაბილურობას. ჩვენ როგორ ვიცავთ საკუთარ ინტერესებს? მიჩერებულები ვართ ამერიკას და ველოდებით, რომ საქართველოს ინტერესს ამერიკა საკუთარზე წინ დააყენებს. მე გეუბნებით, რომ ამერიკის პრიორიტეტების სიაში საქართველო პირველ-მეორეზე კი არა, სამწუხაროდ, ოცდამეორეზეც არ არის. იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე საქართველოა. მაგ.: სირია, ჩინეთი, ავღანეთი, ერაყი და ა. შ. ამერიკა საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

_ ბუნებრივია, აშშ-სთვის ცნობილი იყო, რომ საზეიმო წვრთნების ჩვენებას რუსეთის მხრიდან აგრესია მოჰყვებოდა. ეს რა გზავნილი იყო?

_ ეუბნება, _ ჩვენ თქვენ ანგარიშს არ გიწევთ, ჩვენ საქართველოში ერთი ფეხი ჩადგმული გვაქვს, თუ შევძლებთ, ახლა ფეხს მთლიანად მოვიკიდებთო, ეს არის სიგნალი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს, თბილისში ჯარის შემოყვანა რომ დასჭირდეს, ის არ დაუშვებს საქართველოში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დაყენებას და ამერიკის ბაზის საქართველოში განთავსებას. ფაქტია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები უარესდება. მსოფლიო სტაბილურობისთვის ეს ძალიან ცუდია. არა მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს უხაროდეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვა და, პრაქტიკულად, ახალი ცივი ომის დაწყება. ეს გამოიწვევს არასტაბილურობას, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველია. დღევანდელმა ხელისუფლებამ ის პოლიტიკა გააგრძელა, რასაც საქართველოს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პლაცდარმად ქცევა ჰქვია და ასეთი პლაცდარმობა საქართველოსთვის უაღრესად სახიფათოა. როდესაც თავდაცვისუნარიანობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ _ რუსეთმა რომ ომი დაიწყოს, შევძლებთ კი თავის დაცვას?! მე მახსოვს 2008 წელი, როდესაც სააკაშვილი მეკამათებოდა და ამტკიცებდა, რომ ერთი ქართველი ჯარისკაცი 50 რუსს გადაწონიდა და რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავდა, თუმცა შემდეგ ვინ სად გარბოდა, ყველამ კარგად დავინახეთ. ძალიან ცუდია რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების საქართველოში დგომა. ჩვენ ჯერ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული სამხედრო დანაყოფები გავიყვანოთ ჩვენი ტერიტორიიდან და შემდეგ თუ ჩვენს ინტერესებში იქნება, სხვა ქვეყნის სამხედრო ტექნიკის საქართველოში განთავსებაზე ვიფიქროთ. მაგრამ კატეგორიულად დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ მხარეს იდგეს რუსული ჯარი, ტანკები და მეორე მხარეს განლაგებული იყოს ამერიკული ტექნიკა, აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად და ამ შემთხვევაში მოსკოვიც, ვაშინგტონიც გადარჩება, ხოლო ჩვენს ქვეყანაში _ ჭიანჭველაც ვერა. პრაქტიკულად, საფრთხეს ვუშვებთ და შესაძლებლობას, რომ ორი სუპერსახელმწიფო ერთმანეთს ჩვენს ტერიტორიაზე დაეტაკოს. არავინ ფიქრობს, ამერიკამ რომც დაგვიცვას, ამით რას მივიღებთ?! ჩვენ რაზე უნდა ვიზრუნოთ, _ იმაზე, ამერიკამ დაგვიცვას თუ იმაზე, რომ რუსეთი თავს არ დაგვესხას?! რუსეთისა და ამერიკის ომი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გვიხაროდეს?! სულ გავგიჟდით და ვერ ვხვდებით იმდენს, ამ ორმა ქვეყანამ ჩვენს ტერიტორიაზე ომი რომ დაიწყოს, მოსკოვსა და ვაშინგტონში ნათურაც არ გატყდება, ჩვენთან კი ქვა-ქვაზე არ დარჩება.

_ რუსულენოვანი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავის აღსანიშნავად 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა. ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ პუტინის ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატულ საგანგებო ინტერესს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტსა და ამ ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი საპასუხო სიგნალს უგზავნის ვაშინგტონს, რომ ის არ აპირებს უკან დახევას საქართველოს ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი და რა სახის წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს შეერთებული შტატებისგან იგი?

_ აქამდე რუსეთის პრეზიდენტი არ ჩადიოდა არც აფხაზეთში და არც ცხინვალში, არც მოსკოვში მიუღია დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერები. ბუნებრივია, ძალიან ადვილი გასაგებია, რატომაც ჩადის ახლა სოხუმში. ამით აფხაზური ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე მიანიშნებს, რაც, პირველ რიგში, საქართველოსთვის არის ძალიან ცუდი. ამით ჩვენ უფრო ვშორდებით აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას. ვლადიმირ პუტინთან არაერთი საუბრის შემდეგ, როდესაც მე განვაცხადე, რომ დიახ, არსებობს შანსი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისა, არსებობს ქვეყნის ტერიტორიის გამთლიანების შანსი, ეს არ იქნება მარტივი, ეს არ იქნება ჯადოსნური ჯოხის აქნევით, მაგრამ ეს შანსი არსებობს-მეთქი და ეს იყო განმტკიცებული, ამავდროულად, პუტინის არაერთი ოფიციალური განცხადებით, ჩემთან შეხვედრის შემდეგ მან გააკეთა არაერთი ძალიან მნშვნელოვანი განცხადება, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშვნავდა იმას, რომ იმ პრობლემების მოგვარების შანსი, რაც საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს, არსებობს, მაგრამ ეს არ გაიგონა არც მოსახლოების დიდმა ნაწილმა და არც პოლიტიკოსებმა. დღეს უკვე რა იქნება, აღარ ვიცი. ვფიქრობ, პუტინის სოხუმში ჩასვლა კიდევ უფრო „უმტკივნეულო“ პასუხია იმ პომპეზური წვრთნების შემდეგ, რაც ჩატარდა.

_ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მედიას უთხრეს, რომ საუბარი მაიკ პენსთან შეეხებოდა როგორც საქართველოს შიდა დემოკრატიულ პროცესებს, ისე ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ შეხვედრის შემდეგ ელოდებით, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე უკან დაიხიოს, თუნდაც ის საარჩევნო სისტემა რომ ავიღოთ, რომელსაც ის ცვლის და რითაც ხელისუფლებაში დარჩენის ვადას იხანგრძლივებს?

_ ხელისუფლება ეიფორიაშია და არა მგონია, მან რაიმე ნაბიჯები გადადგას ვითარების გასაუმჯობესებლად. მას მიაჩნია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, ოპოზიციამ საერთოდ არაფერი იცის და მის წინადადებას ანგარიში არ უნდა გაუწიო, ასე რომ, არაფერს ველოდები ამ შემთხვევაში. თავად ის ფაქტი, რომ ბატონი პენსისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შეხვედრის ის ფორმატი შექმნა, რაც ვიხილეთ, ეს, უბრალოდ, დანაშაულია საელჩოს მხრიდან. ამერიკას არ აინტერესებს საქართველოში არანაირი დემოკრატიულობის ხარისხი, ამერიკისთვის სულერთია, მისთვის მთავარია, საქართველო გამოიყენოს რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად. არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, დამპატიჟეს თუ არა ამ შეხვედრაზე. გარწმუნებთ, ამით არაფერი დამკლებია, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე დაპატიჟეს „ნაციონალური მოძროაბის“ ორი პარტია, პარტია, რომელიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კორუფციის, ციხის ცოცხების კადრებთან არის ასოცირებული, დაპატიჟეს  „თავისუფალი დემოკრატები“, პარტია,  რომელიც მარტივ მამრავლებად დაიშალა და მე არც მეგულება საერთოდ ანალოგიური შემთხვევა, როდესაც წაგებული არჩევნების შემდეგ პარტიის ლიდერები ერთად გადალაგდნენ ხელისუფლებაში და უმეტესობა, პრაქტიკულად, მათ მიეყიდა, ამათ ფონზე არ დაპატიჟეს, მაგალითად, იგივე პარლამენტში მყოფი „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ჰყავს ვიცე-სპიკერი და პარლამენტში აქვს ფრაქცია, რომელ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ, ეს არის დემოკრატია?! დღეს პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოების ნაწილშიც მასობრივი აზროვნების დაბნელებაა.

 

თამარ ბატიაშვილი