ალექსანდრე ჯეჯელავას უწყება სკანდალში ეხვევა?!

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელება დაუდასტურდა. აღნიშნული საქმის გამო ალექსანდრე ჯეჯელავას უწყება, შესაძლებელია, სკანდალშიც გაეხვიოს, თუმცა სამინისტროს უკვე აქვს არგუმენტი, მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა მინისტრს, თამარ სანიკიძეს გადააბრალოს.

რა მოხდა სინამდვილეში საერთაშორისო კონკურსში გამგზავრების წინ? რატომ დაიწყო დავა საერთაშორისო ორგანიზაციამ? ეს საქმე აჩვენებს თუ არა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების შიგნით ურთიერთდაპირისპირება ნამდვილი იყო?

2015 წელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი დელეგაცია ათენში გასამგზავრებლად მას შემდეგ დააფინანსა, რაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პროტეჟე განათლების ექსმინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო ასოციაცია სამინისტროდან უარით გაისტუმრა.

 

„ქრონიკა+“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ესაუბრა, რომელმაც სასამართლოში საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესები დაიცვა.

 

არჩილ კაიკაციშვილი _ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი:

_ ჩვენი ორგანიზაციის იურისტების წარმოებაში არაერთი დავა ყოფილა, სადაც სახელმწიფო უწყებების არასწორი და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების გასწორება სასამართლო წესით გვიწევს, თუმცა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ბალავარის“ საქმე, თავისი წინმსწრები ისტორიით, გამორჩეულია. სულ ახლახან სასამართლოდან ჩაგვბარდა 2017 წლის 6 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ღიად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის დავაზე, სამინისტროს მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო კონკურსში გამოვლენილი გულგრილი დამოკიდებულება, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ფაქტი და თანხების უკან დაბრუნების უსაფუძვლობა დაუდგინდა. ამ საქმის ისტორია ასეთია: საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციამ 2015 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საერთაშორისო კონკურს „EUROMATH-2015 “-ში საქართველოდან მოსწავლეების მონაწილეობის დაფინანსება. სამინისტრომ ასოციაციას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. სამინისტროს უარის შემდგომ ასოციაციის პრეზიდენტმა, ლალი ბერძენიშვილმა, დაფინანსების მიღებაზე წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2013-2015 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერის 2015 წლის 19 მარტის ბრძანებით, ასოციაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ხოლო ხელშემკვრელ მხარედ განისაზღვრა _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ პროცესში საყურადღებოა ის დამოკიდებულებები, რომელიც თან ახლდა სამინისტროს უარს ასოციაციის მიმართ. სამინისტრო ამბობდა, რომ შესაბამისი ფინანსური თანხები არ გააჩნდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ასოციაციას პირადად თამარ სანიკიძე არ აფინანსებდა, ვინაიდან ქართული დელეგაცია პრემიერ ღარიბაშვილის პატრონაჟით უნდა გამგზავრებულიყო საბერძნეთში. ასოციაციის ხელმძღვანელი ამის გამო კულუარულ პროტესტს გამოთქვამდა, თან ახლოვდებოდა კონკურსის ჩატარების დრო, რაზედაც თამარ სანიკიძემ პრინციპული პოზიცია დაიჭირა და ქართველი ბავშვების მიმართ სამინისტროს კარი დახურა. შესაბამისად, ასოციაცია იძულებული გახდა, ოფიციალურად მიემართათ პრემიერისთვის, რომელმაც ქართული დელეგაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა.

_ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების შემდეგ რა პრობლემების წინაშე დადგა ორგანიზაცია და მომხდარზე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას სასამართლოს სადღეისო გადაწყვეტილების შესაბამისად?

_ იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო კონკურსი 2015 წლის 25 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში იმართებოდა, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო, სამინისტრომ ასოციაციას გამოყოფილი თანხები ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე ჩაურიცხა. კერძოდ, 24 მარტის 10:00 საათზე სამინისტრომ თანხები დაურიცხა ასოციაციას, რომელიც აისახა 15:00 საათის მდგომარეობით, ხოლო ქართველი მონაწილეები უცხოეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ ამავე დღის ღამის საათებში. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში, სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხის გამო, ეჭვქვეშ დადგა ქართული დელეგაციის საერთაშორისო კონკურსზე გამგზვარება. ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ განათლების სამინისტრომ მიზანმიმართულად შექმნა პრობლემები, რათა ქართული დელეგაცია ათენში არ გამგზავრებულიყო, ვინაიდან თუკი ასოციაციის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფდა საორგანიზაციო საკითხების დროის მცირე მონაკვეთში მოგვარებას, რაც შეუძლებელი ფაქტი ჩანდა, დელეგაცია საერთაშორისო კონკურსში ვერ გაემგზავრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს მოქმედებით შეიქმნა ფორსმაჟორული მდგომარეობა, საჭირო გახდა, მთავრობის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩაყენებულიყო. მათ მაქსიმუმი გააკეთეს დიპლომატიურ კორპუსთან ვიზების დაჩქარებული წესით მომზადებაზე, რომ დელეგაციას, ელემენტარულად, აეროპორტამდე მიეღწია. სხვათა შორის, ქართულმა დელეგაციამ ერთ-ერთი მაღალი შედეგი აჩვენა. გამარჯვებულ ახალგაზრდებს პრემიერი ღარიბაშვილიც შეხვდა. იმის ნაცვლად, რომ სამინისტრო სოლიდარული ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების ხელშეწყობისთვის, ასოციაციის მიმართ სარჩელი იმ თანხების დაბრუნების მოთხოვნით შეიტანა, რომელიც კონკურსში გასამგზავრებლად, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებისთვის, ასოციაციამ ფორსირებულად გადაიხადა, ხოლო სამინისტრომ ამ ნაწილში გახარჯული თანხები არამიზნობრივად მიიჩნია.

_ რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ და ხომ არ გასაჩივრებულა მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით?

_ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულია: „საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა გამგზავრების დღეს _ 2015 წლის 24 მარტს და ასოციაციას ჰქონდა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხი მოეწესრიგებინა, როგორიცაა 14 ბავშვის გამგზავრება საზღვარგარეთ, მათ შორის, განეხორციელებინა ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, სავიზო მომსახურება და ა. შ., რისთვისაც საჭიროა დროის გარკვეული პერიოდი და როდესაც სამინისტროსთვის ცნობილი იყო ღონისძიების გამართვის თარიღი _ 2015 წლის 25 მარტი და თანხის გადარიცხვას ახორციელებს წინა, გამგზავრების დღეს _ 24 მარტს, მისთვის კი ცნობილია, რომ თანხის გადარიცხვის შემდგომ მოსაწესრიგებელია მთელი რიგი ღონისძიებები, ამ პირობებში, ასოციაციისთვის მიცემული დრო არასაკმარისია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჩარიცხვა ვერ განიხილება წინასწარ ანაზღაურებად. თანხის 2015 წლის 24 მარტს დარიცხვის გამო დამატებით საჭირო გახდა სასყიდლიანი სავიზო მომსახურების მიღება, რამაც გამოიწვია ხარჯის გაზრდა _ 1224.21 ლარით, რაც ასოციაციისთვის ბრალეულ ქმედებად ვერ განიხილება და მითითებული თანხა წარმოადგენს დანართით გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. ამასთან, დადგენილია შემდეგი გაუთვალისწინებელი მიზნობრივი ხარჯის არსებობაც, როგორიცაა: თარჯიმნის მომსახურება _ 627.50 ლარის ოდენობით, საკომისიოს ხარჯი _ 200.47 ლარის ოდენობით, ტრანსპორტირების ხარჯი _ 770 ლარის ოდენობით, ინტერნეტით სარგებლობის ხარჯი _ 99.94 ლარის ოდენობით, დაზღვევის ხარჯი _ 100.65 ლარის ოდენობით, კონვერტაციის გამო ხარჯი _ 88 ლარის ოდენობით. მითითებული ხარჯის გაზრდა ასევე ვერ განიხილება ასოციაციის ბრალეულ ქმედებად და მითითებული თანხაც წარმოადგენს გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული თანხების ნაწილში გაღებული ხარჯი ასოციაციის მიერ მიზნობრივად არის გახარჯული და არ ექვემდებარება დაბრუნებას, რამდენადაც, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ათენში 2015 წლის 25-30 მარტს საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება, რისთვისაც ასოციაციის მიერ 33 275 ლარიდან გახარჯულია 28 377 ლარი. ამდენად, ასოციაციის მიერ დამატებით გაწეული ხარჯი, სადავო _ 2236 ლარი _ წარმოადგენს გაუთვალისწინებელ ხარჯს და არა არამიზნობრივ ხარჯს, რამდენადაც ფაქტობრივი დანახარჯი არ გასცდენია და მოემსახურა ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, იგი არ უნდა მივიჩნიოთ არამიზნობრივ ხარჯად და არ ექვემდებარება დაბრუნებას“. უდავოდ, საქმეზე გაბედული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილმა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოება, რომ „ბალავარის“ ინტერესები უკომპრომისოდ დაიცვა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა, რუსლან ალექსიძემ, რომელმაც სახელმწიფოს დაუმტკიცა, რომ არ იყო მართალი. რაც შეეხება გასაჩივრებას, მოცემულ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, გასაჩივრდა თუ არა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან, თუმცა როგორც ერთმა სპეციალისტმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სამინისტროს საჩივარს ზემდგომ ინსტანციებში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.

ცნობისთვის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის მიმართ სასამართლოში სარჩელი 2016 წლის 24 თებერვალს შეიტანა. დავის ფარგლებში ასოციაცია სამინისტროს მხოლოდ 5241,75 ლარს გადაუხდის, რაც პროექტის აუთვისებელ თანხას წარმოადგენს. ასოციაცია აუთვისებელი თანხის სამინისტროს მიმართ დაბრუნებაზე თანხმობას სარჩელის აღძვრამდე და დავის პროცესშიც აცხადებდა. სამინისტრო არც „ახალგაზრდა ადვოკატების“ წერილობით მიმართვებს დაყრდნობია, რომლითაც დავის მორიგებით დასრულების წინადადება შესთავაზა.

თამარ ბატიაშვილი