ნესტორ ხერგიანი: „ბიძინა ივანიშვილთან და კახა კალაძესთან მინდა შეხვედრა, მაგრამ მბლოკავენ!“

ორგზის ევროპის ჩემპიონი და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი; 2007 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ასევე ბრინჯაოს პრიზიორი; 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი, _ ქართველი ძიუდოისტი, ნეტორ ხერგიანი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, _ მას ბინიდან ასახლებენ! სპორტსმენი დიდი ხანია, შეხვედრას ითხოვს ბიძინა ივანიშვილთან და კახა კალაძესთან, მაგრამ ამაოდ. როგორც ხერგიანი აცხადებს, მას ამ მიზნის მიღწევაში ვიღაც უშლის ხელს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნესტორ ხერგიანი:

_ სანამ 2012 წლის არჩევნები იქნებოდა, ჩვენი ნათესავი მოვიდა, რომელიც „ოცნების“ წევრი იყო და მითხრა, _ სოზარ სუბარმა გამომგზავნა, შენით ზევით არიან დაინტერესებულიო. ამის შემდეგ წამიყვანა ოფისში, სადაც შევხვდით სუბარს. მეორე დღეს დაგეგმილი იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ზურაბ ზვიადაური მირეკავდა, რომ სპორტსმენები უნდა შევხვედროდით. სუბარს როდესაც ვხვდებოდით, მაშინ თქვა, დღესვე ინტერვიუ ჩავწეროთო. უარი ვუთხარი, _ ჯერ შევხვდებით ივანიშვილს და ჟურნალისტებთან მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. მიპასუხა, _ არა, ვინ არის ზვიადაური, აქ ჯერ მე ვარო!.. მოვიდა ჟურნალისტი და ჩავწერეთ, მოვუწოდე ხალხს, რომ „ოცნებას“ დასდგომოდნენ მხარში. როცა გამოვედი, 10 წუთის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი, ოჯახის წევრებიც თან მყავდნენ, ბარათაშვილის ხიდზე გადავდივარ და ტელეფონი რეკავს. გია უდესიანი იყო, მეკითხება, _ სად ხარო? ვუპასუხე, _ ქალაქგარეთ-მეთქი. _ ქალაქგარეთ კი არა, უკან მანქანა მოგყვება, მაგას გამოყევი და ჩემთან ოფისში მოდიო. როგორც ჩანს, მითვალთვალებდნენ. იტერვიუ უკვე გაშვებული იყო ტელევიზიით. ოფისში რომ მივედით, იქ კამათი მოგვივიდა. „ნაციონალებთან“ მანამდეც გვქონდა დაპირისპირება, ტურნირზე ვიჭიდავეთ რუსეთში, მაშინ ძიუდოს უფროსების ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ალექსიძე იყო ფედერაციის პრეზიდენტი, მოსკოვში მესამე ადგილი ავიღეთ. როცა ჩამოვედით, ირაკლი სამყურაშვილი მირეკავს, მაშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. მითხრა, _ რატომ წახვედით, ერის მოღალატეები ხართო. სამინისტროში წავედი, ამ დროს მწვრთნელი ოლეგ იაძეც დაუბარებიათ, ერთად შევედით. როდესაც მივედით, იაძეს ეჩხუბებიან, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, _ ერის მოღალატეები ხართ და თავს იარაღით გაგიხეთქავთ, პრეზიდენტის თასზე რატომ წახვედით საჭიდაოდო?! მაშინ მინისტრი ვარძელაშვილი იყო, არ დამელაპარაკა. ირაკლი გავიყვანე გვერდით და ძალიან ვიჩხუბეთ, _ როგორ ლაპარაკობდი-მეთქი? _ იმიტომ, რომ მიკროფონი ჰქონდა მინისტრს ჩართული და ისმენდაო, _ ასე მიპასუხა. _ ჯერ ხომ უნდა გაარკვიოთ-მეთქი, რაც მოხდა. მინისტრის მოადგილემ იცოდა, რომ მივდიოდით, მაგრამ არ დავაბეზღე, მითხრა, აქედან გამაგდებენო. აქედან დაიწყო ჩვენი დაძაბულობა „ნაციონალებთან“.

_ გია უდესიანთან შეხვედრას დავუბრუნდეთ…

_ ამ შეხვედრაზე ასეთი ფრაზები გაისმა: ძმები გყავს, ოჯახი, ავტობუსი, რამე რომ დაემართოთ, საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობასო? სახლშიც უკვე არეულობა მქონდა, რძლები მეუბნებოდნენ, _ შენი კარიერის გამო ჩვენ რას გვერჩიო. 13 წლის ბიჭები გყავთო, ეს ლაპარაკი უკვე სხვებისგან მოდიოდა, შინაურებისგან, სახლიდან გასული უკან რომ აღარ მოვიდეს, არ გეშინიაო? მერე „ნაციონალებმა“ ვითომ დამასაქმეს, მერიაში 500 ლარი დახმარება-ხელფასი დამინიშნეს, _ არაფერი არ გინდა, არც იქით წახვიდე და არც აქეთ, ნეიტრალური პოზიცია დაიკავეო. ისედაც არ მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა. ამ დროს გლდანში იყო შეხვედრა, ვითომ ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობას იწყებდნენ, იქ მიგვიტყუეს სპორტსმენები და პირდაპირ კამერებით დაგვადგნენ თავზე. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ პარტიული წინასაარჩევნო შეკრება ჰქონდათ. ვინც იქ მიგვიტყუეს, ჩემ გარდა, ყველას კარგი თანამდებობა მისცეს. ამ ფაქტის მერე ირაკლი სამყურაშვილი შს სამინისტროში მუშაობდა დიდ თანამდებობაზე.

_ რამ გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც დღეს გაქვთ და, ფაქტობრივად, საცხოვრებელ ბინას კარგავთ? რა კავშირშია ეს „ქართულ ოცნებასთან“?

_ ჩემთვის ეს ამბავი ცნობილი არ იყო. თურმე, ბეთქილ შუკვანს დიდი პრობლემები ჰქონდა „ოცნების“ მესვეურებთან. ლაშა შავდათუაშვილთან გაატანეს თანხა. ის, რომ „ოცნებაში“ არ გამოჩნდა და მიზეზი იკითხეს, შავდათუაშვილმა თქვა, ჩემთან არავინ მოსულაო. ამის გამო შუკვანს „ოცნებიდან“ დაურეკეს და უთხრეს, რომ ორ დღეში თანხა უკან დაებრუნებინა. პარალელურად ხდება ის, რომ ჩემთან მოდის შუკვანი 2-3 ბიჭთან ერთად და მეუბნება, _ ბიზნესს ვიწყებ, ფული მჭირდება, ისეთი შანსი მაქვს, მეორედ რომ არ მომეცემა, ბინა დააგირავე ბანკში და სამ თვეში ვალს გავისტუმრებო. დავაგირავე ბინა, 16 000 დოლარი მივეცი, ერთი წელი პროცენტებს იხდიდა, მერე 11 თვე ისე გავიდა,  ვეღარ გადაიხადა. ჯარიმები 5000 დოლარზე ავიდა. მთლიანად 26 000 დოლარზე იყო თანხა ასული. მერე, როგორც იყო, ძირის თანხა, 16 000 დოლარი მოიტანა და თქვა, დანარჩენსაც გადავიხდიო. ესეც რომ არ გადაიხადა, სესხი კერძოდ ავიღე. ახლა თვეში 1000 დოლარზე მეტის გადახდა მიწევს. სანამ შემოსავალი მქონდა, ვიხდიდი და ახლა აღარ მაქვს ამის საშუალება. მადლობელი როგორ არ ვიყო ბიძინა ივანიშვილის, 2006 წლიდან თვეში 1000 ლარს მიხდიდა, მაგრამ წელს ეს დახმარება იანვრიდან მოიხსნა. ამ პერიოდში ბეთქილ შუკვანი იყო „ოცნების“ ერთ-ერთი სახე, შემდეგ აზერბაიჯანში წავიდა, იქიდან თურქეთში და ახლა იქ მოღვაწეობს, ჩემი ვალი კი ასე დარჩა ჰაერში გამოკიდებული. ბინის ბანკში ჩადება რა იყო, ისიც არ ვიცოდი, ან ის რომ მცოდნოდა, რისთვის სჭირდებოდა თანხა, ამას როგორ გავაკეთებდი?! ამ ამბის შესახებ „ოცნებაში“ ყველამ იცის. უმუშევრად ვიყავი. ერთი წელია, ნაკრებში რიგითი მწვრთნელი ვარ, როცა პროფესიონალური თვალსაზრისით, ჩემთან ახლოს არც ერთი არ არის. ესენი ვითომ უცხო ენების ცოდნას უყურებენ, მაგრამ მე გამოცდილება ტატამზე მაქვს. არჩევნები არ იყო დამთავრებული, რომ სარჩევნო შტაბიდან ველოდებოდი, შემეხმიანებოდნენ და ავუხსნიდი, რა მოხდა, მაგრამ მოღალატედ შემრაცხეს. არ ვიცი, რატომ აღიქმება ისე, რომ თითქოს მე მათ ვუღალატე?! არჩევნების დროს „ოცნების“ სააგიტაციოდ მე დავრბოდი, ჩხუბი იყო „ნაციონალებთან“ და ყველგან მე დავრბოდი, ყველა ოფისში დავყვებოდი, ნახევარზე მეტი სვანები ჩვენი ახლობლები არიან, სულ „ოცნების“ მხარეს ვიყავი, ხაბარელი რომ დარბოდა არჩევნებზე ლილოში სვანებთან, ყველგან მე ვიყავი, მაგრამ მაინც ყველგან დაბლოკილი ვარ! ენაა მიტანილი „ოცნებაში“, რომ მე ვარ მოღალატე და ამიტომ მინდა შეხვედრა, რომ პირადად ავუხსნა ყველაფერი. კახა კალაძისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვისაც ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვიღაც მბლოკავს და იქამდე ვერ მივდივარ. ჩემი მოთხოვნაც ეს არის, დღემდე ამას ვერ მივაღწიე და მბლოკავენ! სალაპარაკო ძალიან ბევრია, მხოლოდ ამ პრობლემებთან დაკავშირებით არ მსურს შეხვედრა!

 

თამარ ბატიაშვილი