მარიამ ტყეშელაშვილი: „იყავის ის, ვინც ხარ!“

ოდესმე ქერა, მწვანეთვალება ჟურნალისტის, მუსიკაზე უგონოდ შეყვარებული გოგონას სიმღერა აუცილებლად უნდა მოისმინოთ. ის 22 წლის რაჭველი ჟურნალისტია ნათელი სახითა და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სხარტი აზროვნებით. მისი გონება მუდამ დატვირთულია ახალი აზრებითა და ამას თითქმის ყოველ საათში ორი სიტყვის წყობით და აღფრთოვანებული სახით წარმოთქვამს: „იდეა მაქვს!“

ამბობს, რომ მეგრული „ოდოიასა“ და „თუ ასე ტურფა იყავის“ შესრულება განსაკუთრებით უყვარს, თუმცა რაჭველი გოგონას „ლალეზე“ ტანში ჭიანჭველებმა რომ არ დაგირბინოთ და თმა ყალყზე არ დაგიდგეთ _ არ მოხდება.

დამეთანხმებით, 8 საკრავზე დაკვრა მარტივი საქმე არ არის და ისიც მაშინ, როდესაც ყველა მათგანს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ის კიდევ ერთხელ არღვევს სტერეოტიპებს ქერა ლამაზმანებზე.

ყველა ასპექტთან ერთად, სამართლიანობისა და სიკეთის ნამდვილი ეტალონია. ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს და თავადაც არის ავტორი და ორგანიზატორი საქველმოქმედო ღონისძიება „13+“-ის, რომელიც ორი წლის წინათ, 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებული სტუდენტების დასახმარებლად, ჩატარდა. იცნობდეთ როგორც ჟურნალისტსა და, ამავდროულად, მუსიკოსს, _ მარიამ ტყეშელაშვილს.

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ მარიამ ტყეშელაშვილი ვარ, 22 წლის, რაჭველი ბოშუნა სოფელ ონჭევიდან. ამჟამად ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი რამდენიმე კომპანიაში.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც ახლა აკეთებ? რამ გიბიძგა ჟურნალისტობისკენ?

_ არ შემიძლია მუდამ ერთი და იგივე საქმის კეთება, მომწონს მრავალფეროვნება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. ვფიქრობ, ეს ის სფეროა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, უამრავ საინტერესო, განსხვავებულ ადამიანთან იკონტაქტო, გაეცნო ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე ამბებს… მუდამ  ინფორმაციით დახუნძლული ცდილობ, მოქალაქეთა მაჯისცემას უგდებდე ყურს.

4 წელია, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ. პირველ კურსზე, ძირითადად, ახალგაზრდულ თემებს ვაშუქებდი, შემდეგ კი ეკონომიკით დავინტერესდი. რამდენიმე თვის განმავლობაში ტელეჟურნალისტად ვმუშაობდი PALITRA NEWS-ის ეკონომიკის რუბრიკაში, შემდეგ კი იურიდიული თემებით დავინტერესდი და იმ მწვავე პრობლემებს ვაშუქებდი, რომელიც მოქალაქეებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აწუხებდათ.

_ გარდა ჟურნალისტობისა, მუსიკითაც ხარ დაკავებული. მომიყევი, როდის და რა ეტაპზე დაიწყო ეს ყველაფერი? რამდენ საკრავზე უკრავ?

_ მუსიკა 4-5 წლის ასაკში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემმა მშობლებმა მუსიკალურ სტუდიაში შემიყვანეს, სადაც, ძირითადად, საესტრადო სიმღერებს ვასრულებდი, ვიყავი სოლისტი და სცენაზე ჩემზე 10 და უფრო მეტი წლით უფროს გოგონებთან ერთად ვმღეროდი. პარალელურად ფორტეპიანოსა და ქართულ ცეკვაზეც დავდიოდი. როდესაც ფორტეპიანოზე 6-წლედი დავამთავრე, გიტარაზე შევედი საოცარ ადამიანთან _ ქალბატონ ლია იანვარაშვილთან, რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა და დღემდე გვაქვს ერთმანეთის მიმართ. საბოლოოდ, გიტარაზე 8-წლედი დავამთავრე. ამ პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასური, ფაქტობრივად, არ გადამიხდია, _ ნიჭიერ მოსწავლეთა სიაში შევდიოდი და მერია მაფინანსებდა სრულად.

ამავე პერიოდში დავდიოდი მუსიკალურ სკოლასთან არსებულ ხალხურ ანსამბლში, საიდანაც დაიწყო ხალხური სიმღერების მიმართ ჩემი დაინტერესება. ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი სხვადასხვა დროს გახლდათ ქალბატონი რუსუდან ჩიტაური და ნათია ბედენაშვილი, რომლებთან ერთადაც უამრავი გამარჯვება, პირველი ადგილი და გრანპრი გვხვდა წილად. ჩვენი ანსამბლი „მარიალისი“ 2015 წელს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლის წარმომადგენელიც ვარ, რომლის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ადამიანი, თამაზ მამალაძეა.

საკრავებს რაც შეეხება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვუკრავ ფანდურზე, აკორდეონზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეხება მქონდა სალამურთან, დოლთან და საყვირთანაც კი.

ზოგადად, მუსიკა ჩემს ცხოვრებას მუდამ ფონად გასდევს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წელიწადში ფონს ჩემი დღევანდელი პროფესიული საქმიანობა წარმოადგენდეს, მუსიკამ კი წინა პლანზე გადმოინაცვლოს.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად (ის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა)?

_ ადამიანი თითქმის ყოველდღე ეჯახება გარკვეულ სირთულეებს. ჩემს ცხოვრებაშიც არაერთი ყოფილა ასეთი. თუმცა ყველაზე ხშირად უსამართლობასა და მლიქვნელობა-პირფერობას ვაწყდები ცხოვრებაში, რაც დისკომფორტს მიქმნის და ყველაზე დიდ სირთულედ ეს მესახება. უსამართლობაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია, არც სხვისთვის თვალის ასახვევად პირფერობა შემიძლია, თეთრზე შავს ვერასდროს ვიტყვი. ყოველთვის მწვავედ ვრეაგირებ მსგავს შემთხვევებზე და ხშირად ამის გამო ჩემი კარიერული წინსვლაც შეფერხებულა… მაგრამ მირჩევნია ვიყო ობიექტური, სამართლიანი, ვიდრე უსამართლობის, ადამიანთა შორის არაჯანსაღი ურთიერთობის _ პირფერობის მონაწილე. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის პოვნა ხშირად რთულია… ადამიანები მათკენ იხრებიან, ვის ხელშიც ძალაუფლებაა… იმედია, ეს მანკიერი პრაქტიკა მალე აღმოიფხვრება.

_ რას გრძნობ მაშინ, როდესაც ხელში ნებისმიერი ქართული საკრავი გიჭირავს?

_ ფოლკლორული სიმღერის შესრულებისას, ან საკრავზე დაკვრისას  უსაზღვრო თავისუფლებას ვგრძნობ. პირველივე ბგერიდან წარმოსახვა მერთვება _ იქ, სადღაც მთაში აღმოვჩნდები ხოლმე… ხომ გსმენიათ, მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო? ვადასტურებ, იქ, მხოლოდ იქ შეიგრძნობთ ჭეშმარიტ თავისუფლებას.

_ რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი და, ამავდროულად, შეგეძლოს სიმღერის შესანიშნავად შესრულება?

_ არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ  შემოქმედებითი ცხოვრებით დაკავებული ადამიანები მრავალფეროვანი, საინტერესო იდეების გენერატორები არიან… ამ აზრს ჩემი მეგობარი მუსიკოსები, შემოქმედებითი ადამიანებიც ამყარებენ. არ ვიცი, რამდენად იდეალურად გამომდის სიმღერა, დაკვრა, თუმცა მიმაჩნია, რომ მუსკალური განათლების დამსახურებაა ის, რომ ხშირად  განსხვავებული იდეები წარმოიშვება ჩემი ტვინის ხვეულებში. ამ იდეას  რამდენად აქვს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, თუმცა არასტანდარტული იდეები ნამდვილად საჭიროა, თუნდაც, ერთი საუკეთესო იდეის დასაბადებლად…

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს სიმღერებს?

_ კონცერტზე _ მაყურებელი, კონკურსზე _ ჟიური და, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი.

_ რომელი ქართული სიმღერაა შენთვის გამორჩეულად საყვარელი და რატომ?

_ განსაკუთრებით მეგრული „ოდოია“ და აფაზური სიმღერები…

ასევე მიყვარს „თუ ასე ტურფა იყავი“, რადგან ყოველთვის ჩემს რაჭასა და რაჭველებს მახსენებს. სოფელში ჩასვლისას ამ სიმღერას ერთად ვასრულებთ მე და კაკო ტყეშელაშვილი, რომელიც ბაბუად მეკუთვნის… საოცარი ადამიანია განსაკუთრებული ხმით. მას ადრე მთელი რაჭა იცნობდა თავისი ნიჭის გამო.

_ ბევრ ხალხურ სიმღერაზე ხშირად ამბობ ხოლმე, ეს არ არის ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორიო, რას ნიშნავს შენთვის ეს ცნება?

_ სიღრმეს, პასუხისმგებლობას, თავისუფლებას, წინაპრებს, მთას, გლეხებსა და ყველაფერ იმას, რაც იმ ადამიანებთანაა დაკავშირებული, რომლებმაც ეს ფოლკლორი დღემდე შემოგვინახეს…

ინტერპრეტაცია კარგია, თუმცა ძირი არ უნდა შეუცვალო, ღერძი არ უნდა გამოაცალო ფოლკლორს…

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ იმას, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე. გარდა ამისა, უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს არაორდინარული გადაწყვეტილებები და ზოგჯერ გეგმის გარეშე მოქმედება…

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ არავისთვის არაფერი მენანება, თუ ვხვდები, რომ ის პიროვნება ამას ნამდვილად იმსახურებს.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ თავდაჯერებულობა, სამართლიანობა, პროფესიონალიზმი.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ სამართლიანობა, გულწრფელობა.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ რასაც ვაკეთებ, თითქმის არასოდეს ვნანობ… ყოველთვის ვამბობ: „ასე სჯობდა!“ და თითქმის ყოველთვის სჯობდა კიდეც…

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ პირფერობა.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ დრო ყველაფრისთვის მენანება… რასაც უნდა ვაკეთებდე, საკუთარ თავს მუდამ იმას ვეკითხები, დროს ტყუილად ხომ არ ვხარჯავ?.. ყოველთვის მეშინია, რომ შეიძლება რაღაცების გასაკეთებლად დრო, უბრალოდ, არ მეყოს…

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო, თუმცა არაერთხელ ყოფილა ისე, რომ „რაჭული ოპერატიულობის“ გამო ფიქრის პროცესი თავისუფალი დროის ამოწურვამდე გაგრძელებულა (ოღონდ მართლა).

_ მაქსიმალისტი ხარ: ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ ან არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ ალბათ ვარ, რადგან საქმისგან სიამოვნებას მარტო მაშინ ვიღებ, თუ ყველაფერს უმაღლეს დონეზე ვასრულებ, თუ ვფიქრობ, რომ რაღაც ისე ვერაა, ჩემი დათრგუნვის პროცესიც მაშინვე იწყება…

_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?

_ ფოლკლორს, როკს, ჯაზს, პოპს… თითქმის ყველაფერს _ ხასიათს გააჩნია.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ახალ შესაძლებლობებს, ახალ შეგრძნებებს, ახალ ადამიანებს და ბევრ  პოზიტივს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ბევრ რამეზე… განსაკუთრებით? ხშირად ვბრაზობ იმის გამო, რომ ვიღაცის დახმარება არ შემიძლია, ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც ხელის გაწოდება სჭირდება. მინდა, მომავალში იმის შესაძლებლობა მქონდეს, რომ ყველას თუ არა, მათ უმრავლესობას მაინც დავეხმარო..

_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.

_ არ მყავს.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?

_ ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერში ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო, ამიტომ მისაბაძი ადამიანების აღმოჩენაზე ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა მიმაჩნია, რომ სამყაროში ასეთები მრავლად არიან…

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ პრობლემა ყველგან და ყველა სფეროშია… ამის ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს… ერთს ვიტყვი მხოლოდ: საქართველოს დიდი პრობლემა ნაცნობობაზე დაფუძნებული კარიერის აწყობაა, რაც ხელს უშლის ნიჭიერ ახალგაზრდებს თავიანთი თავის რეალიზებასა და დამკვიდრებაში… ამას კი მოჰყვება „ტვინების გადინების“ პროცესი… რაც, პირველ ყოვლისა, კვლავ ჩვენს ქვეყანას აზარალებს… ეს პრობლემა არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ უფროს თაობასაც აწუხებს… ემიგრაციაში დღემდე უამრავი ქართველი იმყოფება, რადგან ჩვენთან დასაქმება ნომერ პირველი პრობლემაა. ეს ადამიანები არიან გმირები, რადგან თავიანთი ოჯახის კეთილდღეობას ეწირებიან უამრავი ცრემლისა და აუტანელი შრომის პირობებში… ვისურვებდი, გმირობა მხოლოდ ქვეყნის სადარაჯოზე ყოფნასთან ასოცირდებოდეს და არა ლუკმა-პურის საძიებლად წასულ ქარველ ემიგრანტებთან…

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ სწორი სახელმწიფო პოლიტიკითა და „ნაცნობია და დავასაქმოთ“ პრინციპის აღკვეთით…

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ დედა და დეიდა, რომლებიც იმ გმირი ემიგრანტების რიცხვში შედიან, ზემოთ რომ ვსაუბრობდი.

_ რა არის შენთვის საქმე, რომელსაც აკეთებ?

_ ინტელექტუალური რესურსის გამოყენებისა და სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალება.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ვფიქრობ, რომ ვარ…

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ დამოუკიდებლობა, იმ ყველაფრის კეთება, რაც გინდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ისე, რომ სხვისი უფლება არ შელახო…

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ღმერთმა უწყის…

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ მაგაზე ვერ ჩამოვყალიბდი… თუმცა რადგან დღემდე ვყოყმანობ, ალბათ, ბოლომდე ვერ!

_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ (თუ კი, რა არის შენი მისია? თუ არა _ რატომ)?

_ ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს… შეიძლება ვერ ხვდებოდე, რა მისია გაქვს, თუმცა დრო ყველაფერს გიჩვენებს… მეც მაქვს პატარ-პატარა მისიები, რომელიც ყოფით ცხოვრებას ახლავს თან და ძალიან მინდა, რომ რამე უფრო დიდი მისიაც მხვდეს წილად… ამის დროც მოვა…

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ სამართლიანობისთვის, ჩვენს გარემოში ამის ნაკლებობაა… გარდა ამისა, პროფესიული წინსვლისა და ჩემი პატარა მისიების შესრულებისთვის.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში არაფერს, ყველაფერი ისე მინდა იყოს, როგორც აქამდე იყო… ქვეყანაში კი ბევრ რამეს… თუნდაც ემიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხს, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე…

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ ის, რომ ჩემი წილი ცხოვრება უაზროდ არ გავფლანგო…

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, ამის შანსი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, ძალიან რთულია, მუდამ უნდა იბრძოლო, თუ ეს ბრძოლა და ჭიდილი არ დაგღლის, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებ! ამას დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა სჭირდება, რაც არცთუ სასიამოვნო პროცესია…

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რომელსაც არ უღალატებ არასდროს (რა არის?)?

_ იყავი ის, ვინც ხარ…

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ არ მიფიქრია…

_ და მაინც, ვინ არის მარიამ ტყეშელაშვილი?

_ როგორც ჩვენთან, მთაში იტყოდნენ, ერთი ჩვეულებრივი რაჭველი ბოშუნა.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ საკუთარი თავის სრულად შეცნობა, რადგან ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ დროსა და მომავალზე…

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ საკუთარი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ რა თქმა უნდა, თავისუფლებაში… რომ არა საქართველოს მანკიერი წარსული, მონობაში ყოფნა, ნამგლისა და უროს არსებობა და სლოგანი „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“, საქართველო და ქართველები ბევრად კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით…

_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?

_ მხოლოდ საქართველოში! შანსს კი იმისთვის გამოვიყენებდი, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხავ ეპოქაში მემოგზაურა…

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ თუ ფიქრობთ, რომ მართალი ხართ, თავს ტყუილად ნურავის დაუხრით, რადგან „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

 

ნინო ტაბაღუა