სერგი კაპანაძე: „პრობლემები გადაიჭრება მაშინ, როდესაც ეს ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვლება“

ქვეყანაში არსებულ ბოლოდროინდელ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე „ქრონიკა+“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს _ სერგი კაპანაძეს ესაუბრა:

_ საზოგადოებას და პოლიტკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს დაავიწყდა დევიზი: „არა არაფორმალურ მმართველობას“ და ახლა აქტუალურია „არა ფაშიზმს“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი თემებით ძველს ფარავენ. თუნდაც ოკუპაციის, ანუ სამშობლოს თემა ვერ ხდება სხვადასხვა პოლარიზებული ძალის გამაერთიანებელი იდეა. რა არის ამის მიზეზი?

_ „არა ფაშიზმს“ აქცია ზუსტადაც რომ კავშირშია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან. სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომძლავრდნენ ფაშისტური ორგანიზაციები და ქსენოფობიური ჯგუფები საქართველოში. მთავარი ლოზუნგი „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებული აქციისა სწორედ ის იყო, რომ „ხელისუფლება კვებავს ძალადობას“. თორემ, ისე, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ჯგუფები სრულიად მარგინალიზებული იყვნენ 2012 წლამდე და მათ არათუ მარშების გაკეთების, ტელეეთერის პრობლემაც კი ჰქონდათ. დღეს კი ისინი ამაყად ფლობენ რამდენიმე ტელევიზიას და მედიასაშუალებას, იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი, საერთოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მინისტრის მოადგილე იყო. ამიტომ ამ მარშით ჩვენ სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ გავაკეთეთ განაცხადი.

_ არსებული დაძაბულობისა და დაპირისპირების „გაშიფვრის“ ორი დასაშვები ვერსიაც შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი _ დაპირისპირება საჭიროა რუსეთის ქმედებების გადასაფარავად და მეორე _ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მარგინალიზებისთვის, რადგან ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ შესუსტებულია. რამდენად ლეგიტიმურია ეს ვერსიები, ან არსებობს თუ არა სხვა უფრო მნიშვნელოვანი ვერსია ამ დაძაბულობის ამოსახსნელად?

_ დაძაბულობა იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლება ვერ პასუხობს არსებულ მოთხოვნებს. ხალხს ძალიან უჭირს, ხელისუფლება კი ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას უკეთესი პირობები შეუქმნას. ინფლაცია გაიზარდა, რამაც პროდუქტები გააძვირა. ამაში პირდაპირ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც აქციზზე გადასახადი გააძვირა და შედეგად, ყველა ჩვენგანს საწვავისა და საკვების ფასები გაგვიძვირდა. ამავე დროს, ხელისუფლება აგრძელებს ქვეყნის ბიუჯეტის ბიუროკრატიაზე ფლანგვას. ბოლო მონაცემებით, ბიუჯეტიდან დახარჯული ყოველი 100 ლარიდან 35 ლარი მთავრობას ხმარდება. ეს კატასტროფულად მაღალი შედეგია.

ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული, ხელისუფლებას ჩავარდნა ჩავარდნაზე აქვს ყველა მიმართულებით. აქეთ საოკუპაციო ხაზი იწევს და ხელისუფლება სიტუაციას იმით ამართლებს, რომ „აბა, ომს ხომ არ დავიწყებთო?!“ აქეთ, კონსტიტუციაზე შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში და ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ. რომ შევაჯამო, ხელისუფლება მთლიანად აცდენილია ქვეყანაში არსებულ რეალობას. ამ ყველაფრის თავი და თავი კი სწორედ ისაა, რომ არაფორმალური მმართველობაა დამკვიდრებული და არავის სურს პასუხისმგებლობის აღება არც ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე.

_ რჩება შთაბეჭდილება, რომ „უნიათო ხელისუფლება“ საკმაოდ ქმედითია თემებისა და საზოგადოების ემოციებით მანიპულირების საკითხებში. პრემიერის მიერ გაჟღერებული მოსაზრება სეკულარული სახელმწიფოს არსებობის მიზანშეწონილობის თაობაზე, ფაქტობრივად, საზოგადოების შანტაჟია. როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდა ამ ისედაც მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის პირობებში ბატონ კვირიკაშვილს ამ თემის გაჟღერება?

_ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თემა „შემოგდებულია“. პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ პრემიერი მართლაც ასე ფიქრობს და სჯერა, რომ სეკულარიზმი, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, კარგი არ არის და რაც უფრო მეტად ჩაერევიან ერთმანეთის საქმეში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. ეს ფუნდამენტურად მცდარი მოსაზრებაა. კარგია, რომ ეს მოსაზრება მან ხმამაღლა გააჟღერა, რადგან მშვენივრად გამოჩნდა, რამდენად სახიფათოა ეს პოლიტიკოსი ქვეყნისთვის. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ გზით თუ წავალთ, ირანიზაცია არ აგვცდება, ეს კი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჩვენი მთავარი განმანათლებლებით, ილიათი, აკაკით და ვაჟათი დაწყებული, პატრიარქებით დამთავრებული, ყველა სეკულარიზმს მიიჩნევდა აუცილებელ პირობად. ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ რეგრესი, კატასტროფა უცბად ხდება. ეს რეალურად ასე არ არის. ნაბიჯ-ნაბიჯ მდგომარეობის გაუარესება, ნაბიჯ-ნაბიჯ ანტიდასავლური ძალების გაძლირება, ნაბიჯ-ნაბიჯ სეკულარიზმის დასუსტება გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფო იმდენად დაძაბუნდება, რომ ელემენტარულ ვალდებულებებს ვეღარ აუვა. კარგია, რომ ამას ყველა გაიაზრებდეს.

_ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც გაუჭირდება ვითარების შეცვლა. ხელისუფლება შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსაც დაამტკიცებს. რევოლუციისთვის კი არც პოლიტიკური ძალები არიან მზად და არც _ მოსახლეობა. სად არის გამოსავალი, როგორ უნდა გადაიჭრას უამრავი პრობლემა ისე, რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს?

_ პრობლემები მაშინ გადაიჭრება, როდესაც ეს ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვლება. არაფერი სხვა ამ სიტუაციას არ გამოასწორებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ არჩევნების გზით დავამარცხოთ ოლიგარქი და მის მიერ შეკოწიწებული „ქართული ოცნება“ და შევცვალოთ მთავრობა. სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია.

_ თემა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი: თქვენ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთეთ და მოუწოდეთ ამბასადორიალის მონაწილე ელჩებს, დიპლომატებს, რომ ნუ გააცნობენ საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. არ ფიქრობთ, რომ დარტყმის ქვეშ დააყენეთ საკმაოდ ბევრი დიპლომატი და ასეც რომ მოხდეს და მათ გაითვალისწინონ თქვენი რჩევა თუ მოწოდება, ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი, რეალურად, უარს ამბობენ ან კარგავენ საკუთარ კარიერას?

_ ჩვენს ელჩებს შორის ძალიან ბევრი თავდადებული და კარგი ადამიანია. მათ კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ისინი ქვეყნისთვის ირჯებიან და არა პოლიტიკოსებისთვის. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული პირების მხრიდან ელჩების ასე ცალმხრივად დამოძღვრა არასწორი იყო, ამიტომაც გავაკეთე ეს განცხადება ფეისბუქზე. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ეს განცხადება ნახა და მოიწონა კიდეც. თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ელჩებს სინდისი არ აქვთ და იმის მტკიცებას დაიწყებენ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეს კონსტიტუცია, ასე ცალმხრივად და ყველასთან შეუთანხმებულად მიღებული, კარგია ქვეყნისთვის, ძალიან ცდებიან.

_ თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და დიპლომატისთვის, მაინც რა არის საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი და როგორ უნდა გადაიჭრას ის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს სასარგებლოდ?

_ ჩემთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ცხოვრობდეს უკეთ, მეტი შემოსავალი, უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს, 10-დან 6-ს არ უწევდეს ვალებით ცხოვრება და რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს. ეს ყველაფერი ჯამში ერთმანეთში გადაჯაჭვულია. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის ხელისუფლების შეცვლაა და შემდეგ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხალხმა უკეთ ცხოვრება დაიწყოს. 2003 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კუთხით დიდი ნახტომი გააკეთა _ ეს უდავოა. ამ ხელისუფლებამ მსგავსი ნახტომის გაკეთება ვერ შეძლო, რაც გასაკვირი არცაა, რადგან ოლიგარქიულ მმართველობაში შეუძლებელია ასეთი ფუნდამენტური ნახტომის გაკეთება. ჩვენ ახლა კიდევ ერთი დიდი ნახტომი გვესაჭიროება. ამისთვის კი, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს _ ამ ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ევროპული საქართველოს ერთად შენება.

 

არმაზ მეტრეველი