ვინ არის „ქართული პოლიტიკის შარიკოვი“ და ვის აქვს მოსახდელი ბოდიში?

„უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი!“ _ გასულ კვირას პარლამენტში ურთიერთბრალდებები მსგავსი ფორმულირებებით ხშირად ჟღერდა. ქართული პოლიტიკის „შარიკოვად“ შერაცხულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ვეტოს დასაძლევად გამართულ სხდომაზე, საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა!

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ბევრი ჩხუბი და ლანძღვა-გინება ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდა პარლამენტარისგან, მით უფრო, პარლამენტის თავმჯდომარისგან, ქალბატონის შეგნებული და უტიფარი შეურაცხყოფა, რაღაც ახალია. გასაგებია, რომ არ ეთანხმები, გასაგებია, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ხართ, მაგრამ ოჯახში მაინც არ გასწავლეს, შვილო, რომ პოლემიკა უზრდელობაში არ უნდა გადაიყვანო?! კაი, ვთქვათ და ოჯახში არაფერი გასწავლეს, მაგრამ როცა საჯარო მოხელე გახდი, მაშინაც არავინ აგიხსნა, რომ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის? _ არა, არც ჩვეულებრივმა მოქალაქემ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა არც ქალს და არც არავის, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს ხომ მეტი მოეთხოვება? რას ნიშნავს, როცა პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს, დამცინავად და სრულიად შეგნებულად, შეურაცხყოფის მიზნით, კაცის სახელით (პრეზიდენტის სახელი) მიმართავს: „ბატონო გიორგი“, „ბატონი გიორგი საუბრობს დღეს“. ასეთ საქციელს პოლიტიკური უზრდელობა არ ჰქვია, ამას თავხედობა და გაუზრდელობა ჰქვია. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ასე იქცევა და ასე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედი აქვს ჩაბარებული. თანამდებობით ის მესამე პირია ქვეყანაში.

ან, კიდევ, რა წესია აუკრძალო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პოზიციის დაფიქსირება?! ცნობისთვის: ანა დოლიძე იმისთვისაა პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია გააჟღეროს და შემდეგ დაიცვას კიდეც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პირდაპირი ფუნქციაა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატებს გადასცეს პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია და მოსაზრებები. ვეტოდადებულ კანონპროექტებზე დისკუსია კი ამის კლასიკური მაგალითია. საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის სახელით ასაბუთებს ვეტოს აუცილებლობას, ხსნის და განმარტავს, რატომ გახდა ვეტოს დადება საჭირო. პოლიტიკური არგუმენტებით ამყარებს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტს პოლიტიკურ არგუმენტაციას გააცნობს, დეპუტატები თავიანთი პოლიტიკური არგუმენტების წარმოდგენას იწყებენ. საპარლამენტო უმრავლესობა თავს იცავს და ამტკიცებს, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა სწორია და ვეტოს არ იმსახურებდა. ასე იწყება პოლიტიკური დებატი საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, რომლის სახელითაც მისი საპარლამენტო მდივანი საუბრობს. ნებისმიერი მის მიერ ნათქვამი პოლიტიკური არგუმენტი ესაა პრეზიდენტის ნათქვამი არგუმენტი და არა ვინმე სხვისი. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია, თუკი ამ პოლიტიკურ პოზიციებს არ გააჟღერებს დებატებისას? თუკი პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პოლიტიკური არგუმენტებით საუბარს აუკრძალავს, მაშინ სრულიად გაუგებარი ხდება, რა საჭიროა საპარლამენტო მდივნის თანამდებობა? ე. ი. თავისი გადაწყვეტილების სრულფასოვნად დასაცავად პრეზიდენტმა თავად უნდა იაროს პარლამენტში დებატებზე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარეს არ გახსენებია.

გასაგებია, რომ ძალიან არასასიამოვნოა, როცა შენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიწასთან გაგისწორებენ და ყველას დაანახვებენ, რომ ის ქვეყანას მხოლოდ ნეგატივს მოუტანს. მაგრამ ამის თავიდან არიდების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, _ ასეთი კანონები არ უნდა მიიღო.

როცა 7 თვითმმართველ ქალაქს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, უუქმებ თვითმმართველობას, როცა ძლივს დაწყებულ დეცენტრალიზაციის პროცესს ამუხრუჭებ და ყველაფერი ისევ ცენტრალიზაციისკენ მიგყავს, როცა ცესკოს არბიტრის ფუნქციას სრულიად უკარგავ, მის სრულ მონოპოლიზაციას ახდენ და 12 წევრიდან გინდა, რომ 9 შენი დანიშნული იყოს, რატომ ელი, რომ ამას ვინმე მოგიწონებს და მით უმეტეს, რატომ გწყინს, რომ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო?! ერთია, რომ არ უნდა გეწყინოს, მაგრამ თუ გეწყინა, ისევ შენს თავს დააბრალე. ბოლოს და ბოლოს, თვალი ხომ უნდა გაუსწორო რეალობას?! საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი წელია, ეს პარლამენტი ისეთ კანონებს, კოდექსებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებს, რომელიც „ქართული ოცნების“ გარდა, დედამიწის ზურგზე არავის მოსწონს. მაშინ როცა შენი გაკეთებული არ მოსწონს არც ერთ პარტიას, არც ერთ არასამთავრობოს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არ მოსწონს „ვენეციის კომისიას“, ევროსაბჭოს, ხომ უნდა დაფიქრდე, მაინც, რაღაც, იქნებ, შენი ბრალიცაა? არავის თუ არ მოსწონს შენი გაკეთებული საქმე, იქნებ, არასწორად აკეთებ ამ საქმეს?

თუმცა ყველანაირად ეტყობა, რომ „ოცნებისთვის“ და, უპირველეს ყოვლისა, მათი ლიდერებისთვის, შეფასების სრულიად სხვა კრიტერიუმები არსებობს, უფრო ზუსტად, _ კრიტერიუმი. ეს ერთადერთი კრიტერიუმი ბიძინა ივანიშვილია. ყველამ ვიცით, რომ მას დიდი ხანია, აღარ უყვარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. აღარ უყვარს რბილადაა ნათქვამი, ორგანულად ვერ იტანს პრეზიდენტ მარგველაშვილს. ბუნებრივია, ეს ამბავი იციან „ოცნებაშიც“ და შესანიშნავად ხვდებიან, რომ ივანიშვილის გულის მოგება მარგველაშვილის გინებითაა შესაძლებელი. ამიტომაც, როგორც იტყვიან, შანსს არ მაზავს არავინ. თავისი შანსი არ გამაზა არც პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ. ადგა და ანა დოლიძეს გიორგი მარგველაშვილი უწოდა. ძნელი სათქმელია, რა მიზანს ისახავდა კობახიძე, _ ანა დოლიძე უნდა გაეშაყირებინა, თუ პრეზიდენტის უადგილოდ მოხსენიებით უნდოდა ეოხუნჯა?!. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი გამოუვიდა და არც _ მეორე. საბოლოოდ, გამოვიდა უზრდელობა და უტიფრობა და რაც მთავარია, თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ივანიშვილს ასეთი ენაკვიმატობები მოსწონს და გულს უფხანს. შესაბამისად, კობახიძეს თავისი საქციელის გამო არათუ ყურს არ აუწევენ, კულულებზეც კი გადაუსვამენ ხელს.

რაც შეეხება თანამდებობისთვის შეუფერებლობას: როგორც კი „ქართულ ოცნებაში“ დაინახეს, რომ ირაკლი კობახიძის უზრდელური საქციელი არავის მოეწონა და საზოგადოებაში მაშინვე აიტაცეს პარლამენტის თავმჯდომარის ახალი მეტსახელი: „თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის შარიკოვი“, „ოცნებაში“ სერიოზულად შეშფოთდნენ. მით უმეტეს, რომ საზოგადოების მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლმაც არ დააყოვნა. „ოცნების“ ე. წ. ლიდერშიპში მაშინვე გაღმა შედავების პოლიტიკა შეიმუშავეს და ყველა ოცნებელს დაავალეს, იქით უნდა ვეძახოთ ანა დოლიძეს თანამდებობისთვის შეუფერებელი და უზრდელიო. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ისეთი დაჟინებით ითხოვენ,  ანა დოლიძემ ბოდიში მოგვიხადოსო, რომ სიცილის შეკავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

დღეს ხშირად გაიგონებთ გამონათქვამს: „ოცნების“ მთავარი მტერი თავად „ოცნებაა“; „ხელისუფლება თავისი შეცდომებით იმდენად იზიანებს თავს, რომ ვერანაირი ოპოზიცია ამას ვერ შეძლებდა“, _ სრული ჭეშმარიტებაა,  ხელისუფლების თვითდამაზიანებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთელი წიგნი შეიძლება გამოიცეს. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

შარშან ზაფხულში, ჯერ კიდევ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“  გადაწყვიტა, ყველა საერთაშორისო სამრთლის ნორმების დარღვევით, არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებული უფასო სარეკლამო დრო წაერთმია არასაპარლამენტო პარტიებისთვის და თავისი კოალიციის წევრებისთვის გადაენაწილებინა.

არჩევნების შემდეგ, მიუხედავად უამრავი დარღვევისა, რომელიც ოქმებშიც კი ნათლად ჩანდა, „ოცნებამ“ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის არც ერთი სარჩელი და თუნდაც თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, არ გახსნა არც ერთი უბანი გადასათვლელად, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ოპოზიციის ეჭვების საფუძვლიანობა.

არჩევნების შემდეგ დადგა რეალობა, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არასდროს ყოფილა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში აღმოჩნდა პარტია, რომელმაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარიც კი ვერ მიიღო (მხოლოდ 48%). ასეთი დაუმსახურებელი ძალაუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯერ არავის ჰქონია. ასეთი რამ კი იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად იბრძოდა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „ნაცმოძრაობა“ #2 გახდა. მან მაშინვე თავის თავზე მოირგო შერეული მაჟორიტარული სისტემა და მისი მეშვეობით ჯერ 2014-ში მოიგო თბილისის საკრებულო, სადაც 44%-ით 80% დეპუტატებისა მიისაკუთრა და შემდგომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც აღვნიშნეთ, 48%-ით 116 დეპუტატის სავარძელი გაიფორმა. ძალაუფლების ასეთმა, უსამართლო მისაკუთრებამ, ბუნებრივია, „ოცნების“ იმიჯი, საზოგადოების თვალში, სერიოზულად დააზარალა.

თუმცა ბევრი მაინც ფიქრობდა, _ ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ ჰქონდა 2012-16 წლებში, იმიტომ ვერ შეგვისრულა დანაპირები უკეთეს წლებთან დაკავშირებითო. ამიტომაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული სრული ძალაუფლება კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი იყო ბევრისთვის. სხვათა შორის, ასე ფიქრობდა საზოგადოების სოლიდური ნაწილი, ჯერ კიდევ, წინა ადგილობრივ არჩევნებზეც, თავისი დანაპირების შესასრულებლად ივანიშვილს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყოფნისო; მერები, გამგებლები და საკრებულოებიც მისი რომ იქნება, მაშინ ახდება ქრთული ოცნებაო. შედეგად კი მივიღეთ დავით ნარმანია, რომელსაც ისევე როგორც გიორგი მარგველაშვილს, არავინ იცნობდა, მაგრამ იავანიშვილის ხათრით და დაპირებების შესრულების მოლოდინით დაუჭირეს მხარი. მოკლედ, თითქმის წელიწადია, „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და რაც მოეპრიანება, ის შეუძლია აკეთოს. მთელი უბედურება კი ის არის, რომ ხელისუფლება ზუსტად ისე იქცევა, როგორც ეპრიანება. შედეგად, მალე მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან მისი სახელია: „კონსენსუსის გარეშე მიღებული ერთპარტიული კონსტიტუცია“.

ყველაზე მეტად „ოცნების“ იმიჯი მას შემდეგ დაზარალდა, რაც მის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღმოჩნდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რაც მეტია ძალაუფლება, მით რთულია მისი გაკონტროლება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენს შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის განცდა, რატომღაც, არ გაიზარდა.

იგრძნო თუ არა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ძალაუფლება, ბუნებრივია, მაშინვე კონსტიტუციას მიადგა. შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავად გაინაღდა და დიდი მაკრატელი მოიმარჯვა. ჭრა-კერვის მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის მაქსიმალურად „ქართულ ოცნებაზე“ მორგება. საზოგადოების მხრიდან დაკარგული მხარდაჭერა სწორედ კონსტიტუციური ცვლილებებით უნდა კომპენსირებულიყო. აღარ უჭერს მხარს „ოცნებას“ ამომრჩეველი, _ არა უშავს, სამაგიეროდ, კონსტიტუციაში ეწერება, რომ ყველა გადაუნაწილებელ მანდატს მაინც „ოცნება“ წაიღებს. 30-40 ნაჩუქარი მანდატით კი უმრავლესობა გარანტირებული იქნება.

მიზანი ორი კურდღლის დაჭერა იყო. ერთი ის, რომ ყველა ნორმას საკუთარ თავზე მოირგებდნენ, მეორე კი ის, რომ იტყოდნენ, _ აი, რა კარგები ვართ, პროპორციულ სისტემაზე გადავედითო. თუმცა ამ კურდღლების ზურგზე გადაკიდება მეოცნებეებს ოპოზიციამ არ აცალა. ყველამ ერთად საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა და ორი კურდღლის ნაცვლად ხელისუფლებას ერთპარტიული საკონსტიტუციო ცვლილებები შერჩა ხელთ. კონსტიტუციაზე ასეთმა ძალადობამ, ბუნებრივია, „ოცნების“ ისედაც შერყეული ავტორიტეტი კიდევ უფრო დააზიანა.

„ოცნების“ მორიგი თვითდაზიანება  გაუპატიურებული კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი გახდა, როცა ადმინისტრაციული რესურსით მოზიდული ტაშმეიკერებით გადაწყვიტეს ერთპარტიული ცვლილებების „გაპრავება“. ბუნებრივია, საზოგადოებამ ეს არ მიიღო და ყველამ კარგად დაინახა ის ფარსი, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩაატარა. ყველაფერი ნაკლები ზარალით დასრულდებოდა, რომ არა ის, რაც მოხდა თბილისის ფილარმონიაში. ამჯერად, საკუთარი იმიჯის განადგურებაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ იზრუნა. ვერავინ ისე ვერ დააზარალებდა ირაკლი კობახიძეს, როგორც ეს თავად შეძლო. იგი ერთი საათი იდგა სცენაზე და ყველა იმ ადამიანს, რომელიც კონსტიტუციაში შრომის უფლების დაცვას ითხოვდა, ბოლშევიკებს უძახდა, ხოლო იმათ, ვინც ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვას ითხოვდა, _ რუსეთის აგენტებს. პარლამენტის ამ ახალგაზრდა და სრულიად გამოუცდელი თავმჯდომარის გაუაზრებელმა განცადებებმა სიტუაცია ისე დაძაბა დარბაზში, რომ რამდენიმე წუთიც და შეიძლებოდა, გამოუსწორებელი რამ მომხდარიყო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სცენიდან გაქცეულ კობახიძეს მისი ჩამონგრეული იმიჯი ძლივს ეწეოდა.

ყველაზე საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ ამდენჯერ ცხვირის გატეხის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა და ზუსტად იგივე შეცდომებით, ამჯერად უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განაგრძო ურთიერთობა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიასთან“ კომუნიკაცია თავიდანვე კობახიძის მიერ გაჟღერებული, წამგებიანი პოზიციით დაიწყო. არავინ ენაზე არ ექაჩებოდა კობახიძეს, მაგრამ მან დაუფიქრებლად მაინც განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიის“ ყველა რეკომენდაციას უსიტყვოდ შევასრულებთო. თქვა და საკუთარი სიტყვების მძევალიც აღმოჩნდა.

პირველ რიგში, „ვენეციის კომისიამ“ კონსტიტუციასთან დაკავშირებით პარტიებს შორის შეთანხმება და პოლიტიკური კონსენსუსი მოითხოვა. ბუნებრივია, „ოცნებამ“ დღემდე ვერანაირი კონსენსუსი ვერ უზრუნველყო, რადგან არაფრის დათმობა არ სურს. ე. ი. კობახიძემ იცრუა, როცა ვენეციის ყველა პირობის უსიტყვოდ შესრულებას გვპირდებოდა.

მოგვიანებით, „ვენეციის კომისიამ“ თავის დასკვნაში დაწერა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად პირველ ადგილზე გასულისთვის მიკუთვნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. აქ უკვე „ქართულ ოცნებაში“ თავზარი დაეცათ. მაშინ რაღა აზრი აქვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საერთოდ? მასე ხომ „ოცნება“ ხელისუფლებაში 2020 წელს ვეღარ მოვა? ბუკიკიომ მეოცნებეები სერიოზულ საგონებელში ჩააგდო. ვიღას ახსოვდა კობახიძის დაპირებები, ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე დაინახეს. აქ უკვე „ქართული ოცნების“ წევრებს აღარც თავისი იმიჯი ახსოვდათ და აღარც რეიტინგი ადარდებდათ.

გამოსავალი, რომელიც ხელისუფლებაში იპოვეს, მართლაც რომ უპრეცედენტო აღმოჩნდა. ვერაფერი უკეთესი რომ ვერ მოიფიქრეს, უტიფარი ტყუილი გამოაცხვეს და პარლამენტში ის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი კი არ შეიტანეს განსახილველად, რომელზედაც „ვენეციის კომისიამ“ დასკვნა დაწერა, არამედ სრულიად სხვა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაცვლად, ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემაა დატოვებული. ანუ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, _ რა ვენეცია და რის ბუკიკიო!.. ისევ 73 მაჟორიტარის მეშვეობით, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ და ვისაც რა უნდა, ის გვიძახოსო.

ასეთი საქციელით მეოცნებეთა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური იმიჯი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელი მსოფლიოს თვალშიც შელახა. მაგალითისთვის კმარა აღშფოთებული და გაოგნებული „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიოც. კი არის ეს კაცი ემოციური იტალიელი, მაგრამ ყველა, ვინც მას იცნობს, ამბობს, რომ ასეთი წყობილებიდან გამოსული ჯერ არ უნახავთ. ბათუმში გაკეთებული განცხადებები „ოცნების“ იმიჯისთვის ცელის გამოსმის ტოლფასი იყო. კონსტიტუციის არალეგიტიმურობის საფრთხეზე მინიშნებამ კი ქართული ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერა სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა.

„ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარე ბათუმიდან ევროპაში გამგზავრების შემდეგაც არ ჩაცხრა. ჯანი ბუკიკიო, როგორც ჩანს, ისე აღაშფოთა საქართველოს ხელისუფლების უტიფარმა ტყუილმა შეცვლილ საკონსტიტუციო პაკეტთან დაკავშირებით, რომ აშკარად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და „ქართული ოცნების“ იძულებას, კონსენსუსით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

ბუკიკიოს პრინციპულობაზე მეტყველებს ის ეპისტოლარულ-პოლიტიკური დრამა, რომელიც გასული კვირის დასაწყისში გათამაშდა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მოლოდინში მყოფ ოპოზიციას „ოცნების“ ლიდერებმა გამოუცხადეს, რომ არაფრის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ და თუ გინდათ, მოდით და ბლოკებზე გვევაჭრეთო, მთელმა ოპოზიციამ ერთობლივი წერილი აფრინა ვენეციაში: ხელისუფლება ისევ იტყუება და თქვენ წინაშე დადებულ პირობას, მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, ისევ არღვევსო. „ვენეციის კომისიამ“ ორ დღეში პასუხი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მთავარი მოთხოვნა კვლავ პოლიტიკური კონსენსუსია, ოღონდ დიალოგი იმ საკითხებზე უნდა წარიმართოს, რომელიც „ვენეციის კომისიის“ დასკვნაშია დაფისირებულიო. ანუ არავითარ მაჟორიტარულ სისტემააზე დარჩენაზე საუბარი არ უნდა იყოს. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ შემოირტყეს თავში ხელი და ერთადერთი, რაც მიიფიქრეს, იყო ის, რომ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს ათქმევინეს, _ ბუკიკიომ ამ წერილით ოპოზიციას დახმარებაზე უარი უთხრაო…  როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“, ჯერ კიდევ, ვერ მიმხვდარან, რა დონეზე გააბრაზეს „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტი. როგორც კი ჩუგოშვილმა მისი სიტყვების შეგნებულად  არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა, ჯანი ბუკიკიომ არ დაიზარა და ტელეფონით დაუკავშირდა ქართულ მედიასაშუალებებს, რათა ეთქვა, რომ არავითარი უარი ქართული ოპოზიციისთვის მას არ უთქვამს და ნურავინ ეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასო.

ერთი სიტყვით, ყველა ეს უბედურება, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაყო თავი, შეიძლება, არც ყოფილიყო. მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანების დანიშვნა რომ არის საჭირო, ამას რა ცოდნა უნდა? ერთი წლის წინათ პოლიტიკაში მოსული, ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარედ, ანუ მთავარ პოლიტიკურ თანამდებობაზე რომ არ უნდა დანიშნო, ძნელი მისახვედრია(?!!)… ვირი რომ ვირია, ერთხელ რომ მოხვდება ტალახში, მთელი ცხოვრება იმახსოვრებს იმ ადგილს და აღარასდროს ეკარება. 100-ჯერ რომ მოიტეხ კისერს და 101-ედ მაინც იგივეს აკეთებ, უკეთეს შედეგს რატომ ელოდები?.. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით, ნათქვამი ტყუილებით, დაკარგული საერთაშორისო ლეგიტიმაციით, ჩიხში შეყვანილი პროცესებით და კრიზისამდე მისული ვითარებით მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ ზარალდება. ყველა ეს ჩამონგრეული აგური ქვეყანასა და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს აკლდება, რომლებსაც უკვე მერამდენედ უნდა გაუცრუვდეთ მოლოდინი, რომ ახლა მაინც ეშველებათ რამე?!!

 

დემნა ვეშაპიძე