ირაკლი ალადაშვილი: „ნატომ ნელ-ნელა გაღვიძება დაიწყო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გაიხსნა. ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი.

 

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე მესამე წელია, საქართველო ამ მნიშვნელოვანი, ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების ადგილია და ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე თავისი ტრადიცია აქვს.

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველი ხალხისა და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს ამ სამსახურისთვის.

გიორგი მარგველაშვილი „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ფართომასშტაბიანია სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილს:

_ ბატონო ირაკლი, რა დატვირთვა აქვს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას ჩვენი ქვეყნისთვის და სხვა მონაწილეებისთვის?

_ ეს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში 2015 წლიდან უკვე მესამედ იმართება. ჩანს ტენდენცია, რომ მონაწილეთა რიცხვი იზრდება. ახლა უკვე მასში რვა სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორის, ნატოს 5 წევრი და სამი პარტნიორი ქვეყანა, 2800-მდე ადამიანი.

ასევე მონაწილე სამხედრო და სხვა დამხმარე ტექნიკის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. არა მარტო რიცხოვნობა, სახეობებიც მომატებულია. თუ თავიდან მხოლოდ „ბრედლის“ ტიპის ქვეითმა საბრძოლო მანქანამ მიიღო მონაწილეობა, გასულ წელს მას ძირითადი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“, ხოლო წელს უკვე ამერიკელების მხრიდან ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ დაემატა. წელს გერმანელები მონაწილეობენ თავისი ჯავშანმანქანა „ბოქსერით“, ესეც პირველად იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს ამაში პირველად ჩვენი მეზობელი სომხეთი ჩაერთო, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. ასევე ვიცით, რომ სომხეთი „ოდეკაბეს“, ანუ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების წევრი და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ძირითადი სამხედრო პარტნიორია.

ეს ყველაფერი სწავლებას ძალიან საინტერესოს ხდის როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

სწავლების ძირითადი მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და ლოჯისტიკურმა დანაყოფებმა ურთიერთშეთანხმებულად იმოქმედონ, როგორც თავდაცვით ბრძოლებში, ასევე შეტევით  ოპერაციებში.

_ წვრთნების მასშტაბების ზრდა რაზე მიუთითებს?

_ მიუთითებს, რომ ეს სწავლება შედგა, მას პერსპექტივა გაუჩნდა და მონაწილე მხარეებისთვის საინტერესოა. ანუ საინტერესოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც, მათ შორის, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რეგიონში კი სიტუაცია დაძაბულია და კიდევ უფრო იძაბება.

2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რუსეთისა და ნატოს, რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა, სხვათა შორის, ცუდი არ გახლდათ. ძალიანაც ნორმალურად ჰქონდათ მაშინ ეს ურთიერთობები. ხოლო დღეს, ყურადღება მივაქციოთ, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავზე, თვითონ რუსეთ-ნატოსა და რუსეთ-აშშ-ს შორის დაძაბულობა უკვე საკმაოდ გაზრდილია.

გასაგებია, რომ, თავის დროზე, ნატოს ჩაეძინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როდესაც რუსეთმა თავისი აქტიური მოქმედებები დაიწყო ჯერ ჩეჩნეთის მეორე ომის სახით, შემდეგ უკვე 2008-ში, საქართველოში სამხედრო აგრესიის გაგრძელების სახით და ამას ყირიმი, უკრაინის აღმოსავლეთის საომარი პროცესები მოჰყვა. ამ ფონზე, ნატომ ნელ-ნელა გაღვიძება დაიწყო.

როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და ახლა, ეტყობა, ნატო ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიეროს, ყოველ შემთხვევაში, ეს პოზიციები არ დაკარგოს მაინც.

_ ამის გათვალისწინებით, სამხედრო წვრთნებს რა შედეგები ექნება?

_ წვრთნის შედეგი ყოველთვის ის არის, რომ სამხედროები, ასევე მეთაურები, შტაბის ოფიცრები ერთმანეთს გაიცნობენ, ყველაფერს, ანუ ურთიერთშეთანხმებულ საბრძოლო მოქმედებებს, საველე წვრთნებს დახვეწენ. ასევე სამეთაურო-საშტაბო სწავლებაც გაიმართება უშუალოდ შტაბებში.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგალითად, საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა იგივე ევროპიდან სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად ფოთის, ან ბათუმის პორტში.

სხვათა შორის, სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე შედგა საინტერესო სიახლე (ექსპერიმენტს არ დავარქმევდი), რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი. კერძოდ, ფოთის პორტიდან მოხდა ამერიკული ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორების, „სტრაიკერების“ ჯავშანკოლონის მარშ-გადასვლა ფოთიდან ვაზიანის მიმართულებით. ანუ მე, როგორც ჟურნალისტმა, ამაში მონაწილეობა მივიღე, დავაკვირდი, აქ ეს როგორ ხდებოდა. თან ამის საკმაო გამოცდილება მაქვს, ეს იქნებოდა ცხინვალის, აფხაზეთის ომის დროს, თუ ერაყში და ვიცი, დაახლოებით, რა არის. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერატიულად ჯავშანკოლონის, ვთქვათ, ერთი რაიონიდან მეორეში გადასროლა.

ამ შემთხვევაში, ეს მარშ-გადასვლა არანაკლებ 400 კილომეტრის მანძილზე ხდებოდა და ეს წარმატებით განხორციელდა. აქამდე სწავლებებისთვის ყოველი ასეთი გადმოყვანა ფოთიდან ვაზიანში მხოლოდ სარკინიგზო ეშენლონების საშუალებით ხდებოდა. ახლა უკვე თავისი სვლით გადმოვიდნენ, ამასაც თავისი სამხედრო მნიშვნელობა აქვს.

_ არის თუ ეს ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე?

_ პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია, მზად არის გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, გინდ პოლიტიკური და გინდ სამხედრო თვალსაზრისით. რასაკვირველია, იდეალური მდგომარება არ არის, მაგრამ ასეთი იდეალური სიტუაცია თვითონ ნატოს სივრცეშიც არ გვხვდება. ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა ჩვენზე უფრო სავალალოდ გამოიყურება, გინდ სამხედრო და გინდ დემოკრატიის, ან საერთო პოლიტიკური თვალსაზრისით. არის ასეთი, განსაკუთრებით ნატოს ახალი წევრი ქვეყნები.

მათ ფონზე, საქართველო ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, თუ რა დახმარებას უწევს საქართველო ნატოს ავღანეთში თითქმის რვა წელიწადია (იქ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი გვყავს და ყველაზე ცხელ წერტილებში), აქედან გამომდინარე, საქართველოს დიდი ხანია ეკუთვნის, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი იყოს.

მაგრამ აქ, ძირითადად, პოლიტიკური მოტივი მოქმედებს, რუსეთის ფაქტორი. თუ აქამდე რუსეთის ფაქტორი იყო, რომ მისი ხელისუფლების გაღიზიანება არ უნდოდათ (პირველ რიგში, ეს ევროპის წამყვან ქვეყნებს ეხება), ახლა ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უკვე საკმაოდ გაძლიერდა და ნატოს არ სურს, რომ საქართველოს გამო მას რამე სამხედრო კონფლიქტი მოუვიდეს. აქ ესეც გასათვალისწინებელია.

ყველა ეს ფაქტორი იმას იწვევს, რომ, სამწუხაროდ, საქართველო დღემდე არ არის ნატოს წევრი. და საქართველოს რატომ უნდა ალიანსის წევრობა? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნატოს თავდაცვის ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდეთ. რუსეთმა რაც 2008-ში აქ თითქმის დაუსჯელად განახორციელა, ეს საშინელება აღარ მოხდეს.

_ წვრთნებში სომხეთის როლსა და ინტერსს როგორ განიხილავთ?

_ სხვათა შორის, საინტერესო სიტუაციაა: რუსეთი, როგორც ყოველთვის, ღიზიანდება საქართველოში ნებისმიერი სწავლების ჩატარებით და ამაზე გარკვეულ პროტესტს აცხადებს ხოლმე, მაგრამ როგორი რეაქცია ექნება, როდესაც მისი ერთ-ერთი სერიოზული პარტნიორი, სომხეთი, ამაში თავად მონაწილეობს? მართალია, სამედიცინო ასეულის სახით, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც სამხედრო დანაყოფია და სწავლებაში ნატოსთან ერთად მონაწილეობს.

ჩვენთვის, საქართველოს ინტერესებისთვის, პირიქით, ეს მისაღებია, ანუ რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება სომხეთს ნატოსთან და მას დაუახლოვდება. არ უნდა დავივიწყოთ, სომხეთში განთავსებულია გიუმრის სამხედრო ბაზა, საიდანაც 50 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მომდგარი იყო. კაცმა არ იცის, ისინი რას იზამდნენ. აქ ეს ფაქტორიცაა.

სხვათა შორის, თვითონ სომხურ საზოგადოებაში არ არის ისეთი ერთგვაროვანი განწყობა, ვინმემ იფიქროს, რომ ისინი მარტო რუსეთის დროშას აფრიალებენ. იქ საქმე ასე მარტივად არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ორმაგ პოლიტიკას ახორციელებს, როდესაც ორივეს აიარაღებს, _ ცალკე სომხეთს და ცალკე აზერბაიჯანს და ეს ნიუანსი ყოველთვის მოქმედებს.

ასე რომ, სომხეთთან დამოკიდებული სიტუაცია არცთუ ისე ერთაზროვანია. სომხეთი ცდილობს, რუსეთთან ეს სტრატეგიული ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ასევე ცდილობს, არ დაკარგოს კავშირები დასავლეთთან და, მათ შორის, ნატოსთანაც.

_ ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსულ-ოსურ წვრთნებს რა დატვირთვა აქვს?

_ ჩვენი სწავლების დაწყებამდე რუსეთმა თავის სამხრეთის სამხედრო ოლქში ეს საბრძოლო მზადყოფნისთვის ვარჯიშები დაიწყო. სხვათა შორის, იქ ბევრად უფრო დიდი მასშტაბებია, დაახლოებით, 16 ათას კაცზეა საუბარი, როცა ჩვენთან ამაში 2800 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც ხდება ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ხდებოდა, თავის დროზე, ცივი ომის დროსაც, როდესაც ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ორი დაპირისპირებული ბლოკიდან ერთი რომ სწავლებას იწყებდა, მეორეც მას მიჰყვებოდა. ჩვენ, გვინდა თუ არა, ნატო-რუსეთის, დასავლეთ-რუსეთის ინტერესების ერთგვარ საზღვარზე ვართ. ადრე ნატო არ არსებობდა, მაგრამ საქართველო ყოველთვის სხვადასხვა იმპერიის ბრძოლების ხაზზე ხვდებოდა.

_ ოკუპაციის ზონაში ვითარების შესაძლო გართულების შემთხვევაში, დღეს რამდენად მოსალოდნელია დასავლელი მოკავშირეების რეალური თანადგომა?

_ თუ რეალურ თანადგომაში ვგულისხმობთ სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერას, უშუალოდ ბრძოლის ან რაღაც მსგავსი სახით, მგონი, ამ ეტაპზე ეს არარეალურია. იქ არავინ ასეთ რამეს არ დაიწყებს. რასაკვირველია, ჩვენ ყველა ხერხით უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის, რაც 2008 წელს მოხდა. მაშინდელ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა და თუ არა, დროში მაინც გადაგვედო.

დღეს საქართველო რუსეთს ამის საბაბს არ აძლევს, რომ მსგავსი რამ გააკეთოს. თუმცა რუსეთის გაგება მსოფლიოს არ შეუძლია და ამას მარტო ვერც ჩვენ შევძლებთ. მან ყოველთვის შეიძლება მოიძიოს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ მიმართულებად ისევ დასავლეთთან, ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ჩვენთვის იქ ვიღაც თავს დადებს და ა. შ.

კი, პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ რამდენად დროული და რამდენად სრულყოფილი, ეს უკვე სხვა საქმეა. ისე, სხვათა შორის, ამ მხრივ აბსოლუტურად გულდაჯერებულები არც ისინი უნდა იყვნენ, იგივე ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნები. ეს ბოლო ერთი-ორი წელია ნატომ იქ გაძლიერება, სამხედრო ქვედანაყოფების გადასროლა და შექმნა დაიწყო, თორემ აქამდე ბალტიისპირელები მარტო ალიანსის წევრები იყვნენ და იქ არავითარი რეალური სამხედრო ძალა არ არსებობდა, რომ რუსული აგრესიისგან დაეცვა. ახლა კი რაღაცას აკეთებენ, თუმცა ჯერ ეს არასაკმარისია.

_ ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის გამოსავალი სად არის?

_ იდეალური გამოსავალი ერთგვარი ნეიტრალიტეტია, ჩვენთვის ვიცხოვროთ და ფული ვხარჯოთ არა ტანკზე, არამედ ტრაქტორზე, კომბაინზე და ა. შ. მივხედოთ მარტო ეკონომიკას, ტურიზმს, ყველაფრის წარმოებას, ეკონომიკურად გავძლიერდეთ…

მაგრამ, სამწუხაროდ, მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს და დღევანდელი რეალობაც ამას ამბობს, რომ ეს თითქმის შეუძლებელია. საქართველომ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლეთთან, ნატოსთან უნდა შევაჩეროთ რაღაც ურთიერთობები ან გავყინოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზით რუსეთი თავს გაგვანებებს, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს. არა, პირიქით, ის თავისას გააგრძელებს და შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მარტივად გააკეთოს.

აქედან გამომდინარე, აქ მთავარია, რა უნდა რუსეთს, მის დღევანდელ ხელისუფლებს კი სურს, რომ რუსეთის იმპერია აღადგინოს. როგორც თვითონ ამბობენ, ეს ჯერ ახლო აღმოსავლეთის ფარგლებში (აქ ითვლება საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზია) და შემდეგ უფრო შორსაც, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიმართულებით უნდა მოხდეს.

ამიტომ რუსეთის ინტერესი ესაა, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდეს, მით უმეტეს, მისი ინტერესები დღეს სირიაშიცაა. და საქართველო მას იმისთვის სჭირდება, რომ აქ თავისუფლად იმოძრაოს, როგორც შავი ზღვის აკვატორიასთან დაკავშირებით (მის აღმოსავლეთ ნაწილში) და ასევე ჩრდილო კავკასიიდან გასასვლელი ჰქონდეს სომხეთზე, ირანზე, რომელიც ასევე მისი პარტნიორია; ასევე შემდეგ სირიაზე გავიდეს, რაც შეიძლება მეტი ინტერესი ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში და ა. შ.

ამ შეთხვევაში რუსეთისთვის საქართველო არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებით ძირითად მოწინააღმდეგეს. ჩვენ ვართ ერთგვარი შუალედური რგოლი, ერთგვარი დერეფანი, რომელიც მას სურს უფრო სტრატეგიული მიმართულებით, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კრემლის პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს.

გელა მამულაშვილი

599455026