ხელოვნურად გაკოტრებული ბანკების ტრიო

ბანკების გაკოტრების შესახებ ყველას გვსმენია, უახლოეს წარსულში კი ამის არაერთი გახმაურებული მაგალითი გვახსოვს, რაც უკავშირდება: სს „ინტელექტბანკს“, სს „სტანდარტბანკს“, სს „სახალხო ბანკს“ და სს „ბანკ ქართუს“. თითოეული ამ ბანკის გაკოტრებაში ან გაკოტრების მცდელობაში ცალსახად იკვეთება „საქართველოს ეროვნული ბანკის“ როლი.

 

სქემა ყველგან იგივეა:

ყველაფერი იწყება იმით, რომ ბანკში ნიშნავენ დროებით ადმინისტრაციას, რომელიც დაწყებულ საქმეს ასრულებს და საბოლოოდ აკოტრებს კომერციულ ბანკს.

 

ლია ელიავა _ ექსპერტი:

_ თავად გაკოტრება კი ძალიან მარტივია და მისი განხორციელება შეუძლია ორ სუბიექტს: პირველი, _ ბანკის მფლობელს, რომელიც 2 საათში გააკოტრებს ბანკს; და მეორე, _ „ეროვნულ ბანკს“, რომელიც 1 დღეში გააკოტრებს. კომერციული ბანკი საკუთარი ფულის მასიდან 10%-ით სარგებლობს, დანარჩენი არის ნასესხები, მოზიდული ფინანსები, ამიტომ თუ ამ მოზიდული სახსრების ხელოვნური ნაკლებობა შეიქმნა, ბანკი კოტრდება, ის ვეღარ ასრულებს თავის ვალდებულებებს. ანუ ეს არის, ერთგვარი, კანონით დაშვებული ფინანსური პირამიდისმაგვარი სტრუქტურა, ამიტომ მისი გაკოტრება მარტივად შეიძლება.

 

გასული წლის თებერვალში „ახალგაზრდა ადვოკატები“ გაკოტრებულ ბანკებთან და, კერძოდ, „ინტელექტბანკთან“ დაკავშირებით აქვეყნებენ კვლევას, რომელშიც ყველაფერი ნათლადაა წარმოგენილი. კვლევა საფუძვლად დაედო მიმდინარე სტატიას, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ სრულყოფილ და გამოძიებულ მასალას არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენს შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული ბანკის გაკოტრებას ზოგან პოლიტიკური სარჩულიც უდევს.

მივყვეთ თავიდან და გავიხსენოთ, რომ 2004 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სს „სტანდარტბანკში“ უკვე ნახსენები დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა, რის შემდეგაც ბანკიდან გადის 40 მილიონი _ ბანკი კოტრდება.

ამ ამბიდან ორ წელიწადში, 2006 წელს, ისეთი ბანკის მიმართ დაიწყო ზეწოლა და იერიში, რომელიც თავად „ეროვნული ბანკის“ მიერ იყო CAMEL-ის (Capital, Asset quality, Management, Earnings, asst Liberty management) მე-3 რეიტინგის მქონე ბანკად აღიარებული.

საგულისხმოა, რომ ამ ბანკის შემთხვევაში ღია და აშკარა როლი ითამაშა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც მაშინ სებ-ში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ამავე წლის იანვარში „ინტელექტბანკის“ მფლობელებისა და მთავარი აქციონერების შეხვედრა ეწყობა „საქართველოს ეროვნულ ბანკთან“, მის იმჟამინდელ პრეზიდენტ რომან გოცირიძესთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა გიორგი ქადაგიძე.

შეხვედრაზე „ინტელექტბანკის“ წარმომადგენლები ცალსახად აღნიშნავენ, რომ ე.ბ.-ს მითითებები შესრულებულია და ინვესტიციების მოზიდვისთვის გადადგმული ნაბიჯებიც წარმატებული აღმოჩნდა, რადგან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინულ ბანკ „უკრგაზბანკთან“, რომელიც სოლიდური თანხის გადმორიცხვასა და აქციების შეძენაზე თანახმა იყო. აქვე აღინიშნნენ სხვა კერძო ინვესტორები, რომელთაც, შემდეგ, ბანკში 1 000 000 აშშ დოლარი გადმორიცხეს და 3 000 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა კიდევ იგეგმებოდა. თუმცა 2006 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკიდან სს „ინტელექტბანკს“ მოსდის წერილი, სადაც ეცნობება, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბანკი ვერ უზრუნველყოფდა საზედამხედველო კაპიტალის შენარჩუნებას, რის გამოც, იგი ექვემდებარებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და სანქციებს. სს „ინტელექტბანკს“ მისცეს 2 კვირის ვადა, რათა საზედამხედველო კაპიტალის ნაწილი აღედგინა და ამისთვის 7,8 მლნ ლარი იყო საჭირო. საკვირველია, მაგრამ იმ დროს სწორედ 2 000 000-ის ინვესტირება მოახდინა ხსენებულმა უკრაინულმა ბანკმა და კიდევ აპირებდა 5 000 000-ის გადმორიცხვას. საფრთხე, რომ სს „ინტელექტბანკი“ პირნათლად ასრულებდა სებ-ის მითითებებს, აშკარად დაინახეს სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა, რომელთაც ცალსახად უნდოთად დაუყოვნებლლივ კიდევ ერთი ბანკის „გადაყლაპვა“. ე.ბ.-ს მითითებით სს „ინტელექტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნეს გიორგი ქადაგიძის მეთაურობით.

რთული წარმოასადგენი არ არის, თუ რა მოიმოქმედეს ამის შემდეგ ე.ბ.-ს მიერ დანიშნულმა დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ორ დღეში, უფრო ზუსტად კი, 36 საათში, „საქართველოს ბანკმა“, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძინა საკმაოდ სოლიდური ბანკი.

2008 წელი. პრობლემები ექმნება სს „სახალხო ბანკსაც“. 2008 წლის მიწურულს ბანკის აქციონერები 318 მილიონი ლარის აქტივს 10 მილიონად ასხვისებენ _ ბანკი კოტრდება.

2011 წელი. პოლიტიკაში მოდის ბიძინა ივანიშვილი. ამ წელს  კანონმდებლობაში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება ჩამოერთვათ. სს „ბანკი ქართუს“ კრედიტორებს ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს, რის შემდეგაც სს „ბანკი ქართუ“ ვეღარ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმატივებს. ამით ხელი მიეცა „ეროვნულ ბანკს“, რომელმაც „ქართუში“ დროებითი მმართველი შეიყვანა.

 

ლია ელიავა _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ როგორც გითხარით, ბანკის გაკოტრება ძალიან ადვილია: მაგალითად, გვახსოვს, როგორც აკოტრებდნენ „ბანკ ქართუს“. მაშინ კანონი შეიცვალა პირველ და მეორე რიგის კრედიტორთან მიმართებით, ანუ საგადასახადო პირველი რიგის მომთხოვნი კანონით იყო კომერციული ბანკი და მეორე რიგის _ სახელმწიფო. მერე ეს ჩანაწერი შეცვალეს და პირველი რიგის გახდა სახელმწიფო, მეორე რიგის _ კომერციული ბანკი. ამ დროს, „ბანკ ქართუს“ გირაო წაართვეს, ანუ, ფაქტობრივად, ვისზეც გასცა სესხი, გარკვეული ბიზნესსტრუქტურები იყო, მათ, თურმე, საგადასახადო დავალიანება აღმოაჩნდათ და საგადასახადო სამსახურებმა ქონება ჩამოართვეს. კომერციული ბანკი გირაოს გარეშე დარჩა, ანუ, ფაქტობრივად, სესხი უზრუნველყოფის გარეშე ჰქონდა გაცემული. ეს იმას ნიშნავდა, რომ, უკვე, „ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, სანქციები გაეტარებინა ამ ბანკის წინააღმდეგ და როცა იქ დროებით ადმინისტრაცია შევიდა, ბანკის გაკოტრება დაიწყო. 2012 წელს ხელისუფლებაში მოდის ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ ეს კანონი ისევ იცვლება, _ პირველი რიგის მომთხოვნი კომერციული ბანკი დააბრუნეს და მეორე რიგის _ სახელმწიფო.

ყველა ეს ნაბიჯი, რაც ბანკის გაკოტრებისკენ გადაიდგა, ძალიან სამარცხვინო იყო, ძალიან! ფაქტობრივად, ეს კარგ მაგალითად უნდა იქცეს, თუ როგორ შეიძლება ბანკის გაკოტრება ერთ დღეში. ასეთები იყვნენ: „სტანდარტბანკი“, „ინტელექტბანკი“, „სახალხო ბანკი“.

რაც შეეხება მსგავსი საქმეების განხორციელების შემდეგ საქვეყნო რეპუტაციას, სავალუტო ფონდი ასეთ რაღაცაზე თვალს ხუჭავს, იმის იქით, კიდევ, ინფორმაცია არ გადის. ანუ არავის აინტერესებს ჩამორჩენილი, დაბალგანვითარებული ფინანსური სექტორის ქვეყანა. მსგავსი სქემები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, თითქმის, ყველა ფინანსურად ჩამორჩენილი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია, ბიზნესში უხეშად აფათუროს ხელი და თავისი პოლიტიკური მინზები განახორციელოს ეკონომიკური ბერკეტებით. ეს ყველასთვის არის დამახასიათებელი და ამიტომაცაა, რომ მასზე თვალს ხუჭავენ. ეს რომ ევროპის მაღალგანვითარებულ რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო, საქვეყნო სკანდალი იქნებოდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ არავინ გამოხატა აღშფოთება. მეტიც, თვით საქართველოში არსებულ სხვა კომერციულ ბანკებსაც კი არ ჰქნდათ რეაქცია, რადგან შიშის ფაქტორიც იყო. ამ შემთხვევაში კანონის ძალა კი არ მოქმედებს, არამედ ძალა(დობა) ხდება თავად კანონი.

 

შოთა გულბანი _ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ეკონომისტი:

_ რა მექანიზმებით შეძლეს სს „ინტელექტბანკის“, „სტანდარტბანკის“, „სახალხო ბანკისა“ და „ბანკი ქართუს“ გაკოტრება და ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური სარჩული?

_ ამ ბანკების საქმეები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ და რა გზებით ცდილობდა წინა ხელისუფლება საბანკო სექტორში საკუთარი გავლენების გაფართოებას და ქვეყანაში არსებული ფინანსური ნაკადების კონტროლის ხელში აღებას. რა თქმა უნდა, თითოეულ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მაგალითად, „სტანდარტბანკი“, რომლის აქტივების მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუ“. ცალსახად ცხადია, ამ ორი ბიზნესმენის პოლიტიკურმა გააქტიურებამ მნიშვნელოვანი საფრთხეები შეუქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ხანგრძლივი ვადით შენარჩუნებას, რისთვისაც აქტიურად გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა ორგანო, მათ შორის, „ეროვნული ბანკი“ და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურა.

რაც შეეხება მექანიზმს, ამ შემთხვევაში წინა ხელისუფლება აქტიურად იყენებს „ეროვნული ბანკის“ ხელთ არსებულ ბერკეტებს, კერძოდ, კომერციულ ბანკში არსებული ლიკვიდურობის პრობლემის მოსაგვარებლად, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკში ნიშნავს დროებით ზედამხედველობას, რომელსაც, კანონით, ყველა ტიპის მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმისთვის, რომ ბანკი რთული მდგომარეობიდან დაიხსნას. თუმცა თქვენ მიერ ნახსენები ბანკების შემთხვევაში ამ ბერკეტის გამოყენება აშკარად პოლიტიკური მიზნით მოხდა, იმისთვის, რომ აღნიშნულ ბანკებს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შექმნოდათ და ზოგი მათგანი გაკოტრებულიყო, ან მსხვილი მოთამაშისთვის შეერწყათ. მაგალითად, „ინტელექტბანკი“, სადაც ანალოგიური სცენარი განვითარდა და შემდეგ „საქართველოს ბანკს“ მიჰყიდეს, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად. აგრეთვე, „ბანკ ქართუს“ შემთხვევა, როდესაც სებ-ის მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების 4 საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც ნეგატიური საკრედიტო გამოცდილება და კრედიტის მომსახურების დაბალი რეიტინგი ჰქონდათ, ეს კი, ბუნებრივია, მიზანმიმართული ქმედება იყო ბანკისთვის ფინანსური ზარალის მისაყენებლად. ხოლო ამ სებ-ის მიერ დროებით დანიშნულ მმართველებს რაც შეეხება, როგორც თავად ბანკის აქციონერები ცხადებენ, ამის საჭიროება არ არსებობდა.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ თბილისის სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:

_ ჩვენთვის ცნობილია ბანკები, რომლებიც გააკოტრეს, ან მცდელობა ჰქონდათ. „ქართუ“ ვერ გააკოტრეს, მაგრამ ამის მცდელობა ჰქონდათ. თავისთავად, ეს იყო ნაზავი პოლიტიკური სარჩულისა და მონოპოლიების ზეწოლის. ეს იყო, ზოგ შემთხვევაში („სტანდარტბანკისა“ და „ქართუს“) პოლიტიკური ფაქტორები, „ინტელექტბანკისა“ და „სახალხო ბანკის“ შემთხვევაში კი წმინდა მონოპოლიური ზეწოლა სხვა ბანკებისგან, საბანკო ბიზნესის ხელში ჩაგდების მიზნით.

საერთოდ, თუ ბანკს რაიმე პრობლემა უჩნდება, იქ ინიშნება დროებითი ადმინისტრაცია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ე. ბ. არაფერს აკეთებდა იქამდე, სანამ ბანკს პრობლემა ექნებოდა და ამ პრობლემური პერიოდის მანძილზე სებ-ი არ ერეოდა მათ საქმეში. იგი ჩაერია მაშინ, როცა უკვე ბანკი გაკოტრების პირას იყო, ან თავად დაამძიმა სიტუაცია.

ხოლო რაც შეეხება „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლასთან ერთად მაშინდელი სპეციალური ოპერატიული დანიშნულების სამსახურისა (სოდ) და პროკურატურის წარმომადგენლების თანხლებას, ეს აბსოლუტურად ზედმეტი იყო და საშინელი ზეწოლა. ასეთი რაღაცები, წესით, არ ხდება! ე.ბ.-ს მოვალეობაში შედის რეკომენდაციები, კონსულტაცია, დარღვევების აღმოჩენა, რეგულაცია და არა ის, რაც გააკეთა. მათი ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.

საინტერესოა, როგორი სქემით მოქმდებენ, როდესაც ბანკების გაკოტრებასთან და მათ წამყვანი ბანკის ხელში ჩაგდებასთან მიდგება საქმე _ ეს არის აპრობირებული მეთოდი, როდესაც დეპოზიტარებზე გარედან ზეწოლაა, მათ აიძულებენ, რომ ბანკიდან დეპოზიტები გამოიტანონ, რომ შემდეგ თავიანთი ანგარიშები სხვა ბანკში გადაიტანონ. ამ შემთხვევაში ბანკს ლიკვიდურობის პრობლემა უჩნდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკს შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია. როდესაც წარმოიშობა ამ სახის მოთხოვნა, თითქმის ნებისმიერი ბანკი შეიძლება ჩავარდეს რთულ სიტუაციაში, რადგან ყველაფრის ასე, ერთბაშად დაკმაყოფილება, პრაქტიკულად, რთულია რომელიმე კომერციული ბანკისთვის. ეს კი ხდება საბაბი, რომ იქ სებ-ის ადმინისტრაცია შევიდის და იქაურობა დააქციოს. ეს უკვე საქართველოში აპრობირებული მეთოდია.

ჩვენ მიერ წამოჭრილ პრობლემასა და მოყვანილ ბანკებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ბანკს შეეძლო პრობლემის გადაჭრა, განსაკუთრებით „სტანდარტბანკს“ და „ინტელექტბანკს“. რაიმე პრობლემის მიუხედავად, სებ-ს თავადაც შეეძლო მათთვის მოკლევადიანი სესხის გამოყოფა, ან რაიმე კონსულტაციის ჩატარება ბანკის ხელმძღვანელობასთან. ანუ პრობლემა, როგორც ასეთი, მძიმე არ ყოფილა, უბრალოდ, სებ-მა თვითონ დაამძიმა იგი. თითქმის ყველა ბანკი ჯანსაღი იყო.

საქართველოში, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, კონკურენტული გარემო არც მაშინ იყო და არც დღეს არის, რადგან გამოკვეთილია ბიპოლარიზება. ადრეც და ახლაც ბაზრის 70%-ზე მეტი ხელში აქვს ჩაგდებული ორ კომერციულ ბანკს. იმ უცხოურმა ბანკებმაც, რომლებიც შემოვიდნენ, თავად დახურეს თავიანთი წარმომადგენლობა და ბაზრიდან გავიდნენ, რაც ძალიან მძიმე მაჩვენებელია საბანკო სფეროსთვის.

_ რაც შეეხება „ბანკი ქართუს“ იმჟამინდელ მდგომარეობას?

_ როდესაც ბანკს ლიკვიდურობის პრობლემა უჩნდება, თანხების გატანაზე მოთხოვნა ჩნდება და ეს საკმაოდ მძიმე სიტუაციაა ბანკებისთვის, მაგრამ საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში „ბანკ ქართუს“ გადაჭარბებული ლიკვიდურობა ჰქონდა, ანუ ის გაცილებით ლიკვიდური იყო დანარჩენ ბანკებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, როცა ამ ბანკიდან თანხების გამოტანა დაიწყო, მას არ გასჭირვებია. ანუ, პრაქტიკულად, ამ მეთოდმა „ბანკ ქართუს“ მიმართ ვერ იმუშავა.

თავად „ეროვნულ ბანკზეც“ რომ ვისაუბროთ, თავისთავად, როდესაც ე.ბ.-ში რომელიმე ბანკის წარმომადგენელი ინიშნება, ეს უკვე ეჭვს ბადებს. თან დღეს, როდესაც „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი და მისი ვიცე-პრეზიდენტი სს „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომლები არიან, იქ არის კითხვები! უნდა განვიხილოთ, თუ რას არ აკეთებს ე.ბ., რომ სს „საქართველოს ბანკს“ არ ჰქონდეს იგივე, მოსახლეობის „გაწეწვის“ შესაძლებლობა? თუ არ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია ცივილიზებულ ქვეყანაში, ესეც უკვე, პრაქტიკულად, დანაშაულია.

საერთოდ კი ხშირია საუბარი ბანკების ლობირებაზე. რეალურად რომ ვთქვათ, ლობირება _ ეს არის სამთავრობო ორგანოების, ან პერსონის მხარდაჭერა რომელიმე სტრუქტურისადმი. თავის დროზე, სწორედ აქ, „საქართველოს ბანკში“ იყო განთავსებული სამთავრობო ორგანოების, ან წარმომადგენლების ანგარიშები, რაც მათ პრიორიტეტულ  მდგომარეობაში აყენებდა სხვა ბანკებთან მიმართებით.

„საქართველოს ბანკმა“ ამ შემთხვევაში გამოიყენა ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგია, როცა ბანკი ძალიან კარგად შეიფუთა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულიყო და საკმაოდ მსხვილი, იაფი, გრძელვადიანი რესურსები მოეზიდა. ეს განახორციელეს და აქედან გამომდინარეა, რომ ბანკებს დღესაც აქვთ არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება. ამ შემთხვევაში ეს თანხები მიმართული იყო ბიზნესებში, რამაც მკვეთრად გააძლიერა „საქართველოს ბანკი“ არა მხოლოდ როგორც ბანკი, არამედ, როგორც ჰოლდინგი, ანუ ეს არის ბიზნესჯგუფი და, თავისთავად, შემდეგ ის გახდა წამყვანი თBჩ ბანკთან ერთად.

ე.ბ.-მ აუცილებლად უნდა დატოვოს ბანკები საბანკო ბიზნესში და არ მისცეს მათ საბანკო-სამეწარმეო ჰოლდინგების ფლობის საშუალება!

 

 

ნინო ტაბაღუა