მარში, ფარში, ტრანში

გამარჯობა, საქართველო!

ამ წერილს უკვე სახლიდან ვწერ და არა ციხის საკნიდან. ეს კი თქვენი, უბრალო ადამიანების დამსახურებაა. საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, სწორედ, თქვენ არ დაუშვით ის, რომ უდანაშაულო ახალგაზრდებს ასე უსამართლოდ გაგვსწორებოდნენ. უღრმესი მადლობა უმაგალითო სამოქალაქო სოლიდარობისთვის. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სოლიდარობა, გვერდით დგომა და ყურადღება ძალას გვმატებდა. მეტწილად, ოჯახის წევრისა და მეგობრის მოვალეობაა ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენგან, _ უცნობი ადამიანებისგან, დღევანდელ საქართველოში ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია! ამისთვის დიდი მადლობა!

ახლა კი მთავარ სათქმელზე გადავიდეთ: ციხეში გატარებული 4 თვის განმავლობაში ჩემი და ერთ-ერთი თანამოსაკნის ფიქრები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თანხმობა არ მაქვს მისგან, ისე კი ფრიად ერუდირებული, პროფესიით ფილოლოგი და მაგარი ქართველია) საქართველოს, ქართულ პოლიტიკას, კავკასიას, ქრისტიანობას, განათლებასა და კულტურას დასტრიალებდა. დაუსრულებელ კამათში, მსჯელობაში, დავაში გაიცვითა და შემოგვადნა 120-ვე ღამე. ასე რომ, დღეს ციხიდან დანახულ და აღქმულ საქართველოზე მინდა მოგიყვეთ!

მე არ ვიცი, როგორი მწერალი, ან კალმოსანი ვარ, ან, საერთოდ, ვარ თუ არა ამ მხრივ ღირებული ადამიანი, მაგრამ შიშველი ემოციების დაუფარავად და შეულამაზებლად გადმოცემა სულ შემეძლო და არც ახლა გამიჭირდება, ასე მგონია… მოკლედ დავიწყებ!

მცდარია და მტრის შემოგდებულია მოსაზრება, რომ ქართველი ერი გაუნათლებელი, გათითოკაცებული, გზააბნეული ცხვარია! ჩვენ უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია ვართ, რომელსაც ჰუმანიზმის, ზნეობის, სახელმწიფოებრიობის, დიადი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გვაქვს და სწორედ პროპაგანდით ცდილობენ ამ ყველაფრის მიჩქმალვას. ასევე მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიებისა და სახელმწიფოს დაცვა, ამასაც მხოლოდ მტერი ტირაჟირებს და არ უნდა ავყვეთ მტერს ამ ბინძურ თამაშში, პირიქით, კეთილს, კარგს, ნათელს უნდა ჩავეჭიდოთ, წინ წამოვწიოთ. აქვე გამახსენდა და აუცილებლად მინდა, ხელისუფალს ვკითხო:

1) სად არის საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოსთვის გადმოსაცემი ანტისაჰაერო სისტემა? ვინ აყოვნებს ამ ხელშეკრულების შესრულებას?!!

2) რატომ დავრჩით რამდენიმე ერთეული ვერტმფრენის ამარა? მაშინ როცა მთაგორიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი მოკავშირეები მზად იყვნენ და არიან, შეღავათიანი კრედიტის პირობებში, ჩვენი საჰაერო პარკი განაახლონ და ნატოს სტანდარტებს მიუახლოვონ?!! აქვე ნატოსა და ევროკავშირზე მინდა ვთქვა: მეგობრებო, იცით, როდის მიგვიღებენ? როგორც კი ჩვენი ქვეყნის მოვლასა და ინსტიტუტების სამოქალაქო კონტროლს დავიწყებთ ისე, რომ პოლიციელი ჩადებას ვერ გაბედავს, პროკურორი _ ყალბი მტკიცებულებების გამოქვეყნებას, სასამართლო _ სიყალბის დაკანონებას, როგორც კი ყოველი თეთრი ისე გაკონტროლდება, რომ ვერავინ გაბედავს მის მოპარვას და კორუფციას; იმწამსვე, როცა ქუჩებს დავალაგებთ, დავასუფთავებთ, შენებას და პროგრესს ჩავეჭიდებით. მაგალითი გნებავთ? ინებეთ: ტრიალ მინდორში სამ ჩარჭობილ შეღებილ ბოძს, რომელიც, თურმე, 40000 დაჯდა და „სკვერი“ ჰქვია, არ დაიცავს არც ლიტველი, არც ესპანელი და არც ამერიკელი ჯარისკაცი, არ უღირს ასეთი ტრიალი მინდვრის დაცვა არც ერთ ქვეყანას და ამიტომ!

იცით, რა პასუხი გამცა ადმინისტრაციული საქმის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ და პროცესი როგორ დაამთავრა? _ თქვენი მონამორჩილი 500 ლარით დაჯარიმდესო… და ბოლო წინადადება: სასამართლო ვერ გამოიკვლევს სიყალბეებს და გაყალბებულ საკითხებსო! გესმით, რას ნიშნავს ეს? მგონი, გესმით…

დავუბრუნდეთ ისევ თემას. იცით, რატომ ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის ჩაშლას? უმთავრესი მიზეზი იცით, რა იყო? _ მტერს ეშინოდა მენტალური რევოლუციის, რომელიც ახალგაზრდების მსოფლმხედველობაში დაიწყო. მარტის ბოლოს მოგვცეს და ამ 3 თვეში ბევრმა ახალგაზრდამ მოიარა ევროპა, ნახა ის, რომ ქუჩაში ნაგავს მასობრივად არავინ ყრის, არავინ შარდავს, ყველა თავის კარმიდამოს უვლის და ალამაზებს, არავინ იჩაგრება, არავის უდებენ, არავის სჯიან განსხვავებული მოსაზრების გამო, არავინ იხდის ყალბ დიპლომებში ათასებს, არავინ იხდის ქრთამს და ყველაზე მთავარი, _ ხალხის მიერ ქვეყნის მისახედად დაქირავებულ საჯარო პირებს არავინ აძლევს უფლებას, რომ საკუთარ ქვეყანასა და შვილების მომავალს განვითარებისა და სუფთად ცხოვრების უფლება მოპაროს.

პირველი ნაკადი ახალგაზრდებისა უკვე აქ არის, მერე აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და ეჭვი მეპარება, ეს პროგრესის სურვილი ვინმემ ან რამემ გააჩეროს, ეს შეუძლებელია, ახალგაზრდული სისხლი თავისას ითხოვს. ამას ვერც ფარშის დისტრიბუტორი გააჩერებს, ვერც მარში _ ფსევდოპატრიოტული იდეოლოგიით და ვერც ტრანში _ რუსული სპეცსამსახურებიდან. ძიას სწორედ ამ თემაზე ვეკამათებოდი ყველაზე ხშირად. ის ამბობს, რომ რუსეთი შეჩვეული ჭირია და მას ჩვენ გასაღები ვუპოვეთ… აქ იწყებოდა საათობით საუბარი, მსჯელობა და იქამდე მივედით, რომ, მეტწილად, ყველა არგუმენტი მისი მოსაზრებებისა გაქარწყლდებოდა ხოლმე ამ საკითხზე. ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობა ვართ და ვერ შევეგუებით მშვიდად მონობაში სიცოცხლეს და ოკუპანტის ნასუფრალიდან გადმოგდებული ლუკმის რიგში დგომას! ჩვენი წილი აგური ჩვენ გვინდა დავდოთ, ჩვენი ლუკმა და შვილების მომავალი ჩვენი შრომით და ხელით გვინდა გამოვჭედოთ, ასეთები ვართ ჩვენ _ ქართველი ახალგაზრდები! ყოველდღიურად მეტნი და მეტნი ვხდებით!

ცხოვრება, სამყარო ვითარდება და ჩვენ პროგრესს ფეხი უნდა ავუწყოთ, გავჩერდებით და მოვკვდებით _ ასეთია დღევანდელი მსოფლიო დინამიკა და ვინც ამას ვერ ხედავს, ის, უბრალოდ, არ ფიქრობს და თვალების გახელა არ უნდა! მინდა ვიცოდეთ და გვესმოდეს უმთავრესი რამ, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია და ყველაზე უკეთ დაგვეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებაში! _ მთავრობებს უნდა აკონტროლებდეს ხალხი! აი, ესაა უმთავრესი. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ! მტრის რიტორიკამ არ დაგაბნიოთ, მეგობრებო, ისინი ათას ყოფით სისულელეზე აპელირებენ და ამ დროს ჩვენს მოვალეობას გვავიწყებენ, ჩვენ ქართველები ვართ!!! ჩვენი შვილების მომავალზე უნდა ვიფიქროთ ყველაზე მეტად! მათ უნდა დავუტოვოთ ისეთი ფუნდამენტი, რასაც ვერავინ და ვერაფერი შერყვნის…

ხშირად გვესმის ეკლესიის კრიტიკა და ესეც, არსებითად, მცდარი ფორმულირებაა. დედა ეკლესიაა წმინდაა და ხელშეუხებელი. ეკლესიაში მოკალათებული კორუმპირებულები, ქისოსნების, ჯიპოსნების კასტაა სამხილებელი და იქიდან დასათხოვი. ვინ დაადგინა ეს სტანდარტი (მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წიაღი ყველასთვის ღიაა), წარჩინებული სამღვდელო აუცილებლად ერისკაცობაში ცოდვით დამძიმებული უნდა იყოს? რატომ ვუხშობთ წესიერ, განათლებულ ადამაინებს ეკლესიის წიაღში დასამკვიდრებელ გზას?!! ციხე ჩემი ოჯახი გახდა და ამ ოჯახის სახელით მინდა დავწერო, რომ 100-დან 98 პატიმარს არ სჯერა „ციანიდის საქმის“ და იმის, რომ მამა გიორგი დამნაშავეა! ჩვენი ღრმა რწმენით, მამა გიორგი ისეთ რამეს შეეჩეხა, რისი დამალვაც პატიოსანი კაცისთვის შეუძლებელი იყო, ამას მიხვდნენ ზემოთ, რომ ის ზედმეტად წესიერი იყო, იმწამსვე დაგეგმეს მისი მოშორების სპეცოპერაცია და უნაყოფო დისკრედიტირება. ამ თემას ბევრჯერ დავუბრუნდებით, აქვე კი მინდა იცოდეთ ჩემი აზრი, რომ ქრისტე _ განკაცებულ უფალთან ერთად, ყველაზე დიდი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი იყო, რომელსაც დედამიწაზე გაუვლია… პირდაპირ მინდა დავწერო ზოგჯერ, ძალიან სასაცილოა ეს დებატები, რასაც ტელევიზიით ვხედავთ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მარტივი მიზეზის გამო: თითქოს, ყველა სიმართლეს ლაპარაკობს, არადა, ამ სიმართლიდან ყველა იმას ამბობს, რაც მის ინტერესში ზის და რაც აწყობს. თქვენ, მეგობრებო, ყველა მხარეს გეუბნებით, დაიმახსოვრეთ უმარტივესი ჭეშმარიტება, _ ქართველი ხალხი რეგვენი არ არის! არა!!!

მაგალითი გნებავთ? კეთილი და პატიოსანი, მივუბრუნდეთ ნარკოტიკების თემას:

მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ თემაზე და ახლაც ვმუშაობ. ადრეც დავწერე. ინტერესი მარტივია, _ ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში და ვინ ეწევა ახალგაზრდა თაობის ჰიბრიდულ გენოციდს?! რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამას ქართველები აკეთებენ და ეს კარტელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია თავშეფარებული, ჩვენდა სამწუხაროდ! 800-მილიონიან ქართულ ნარკობაზარს 5-6 ადამიანი აკონტროლებს სულ და ეს სახელმწიფოს კრახია!!! იმიტომ რომ ეს ადამიანები თვითონ არიან სახელმწიფოს სათავეებთან. 100000 ადამიანი გვყავს, რომელიც ინტრავენურად მოიხმარს მძიმე სახეობის ნარკოტიკებს და 100000, კიდევ, პასიური მომხმარებელი, რომელიც, ასე ვთქვათ, ალაგ-ალაგ მოიხმარს და ამ ხალხზე არავინ ფიქრობს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აფინანსებენ, უშედეგო იქნება, თუკი ქართული რეალობიდან ინსულინის კულტურას არ გავაძევებთ! ზოგადად, ამ თემაზე საუბარი არ არის ასე მარტივი და მგონია, ყველა მხრიდან საკითხის გაშუქებასა და ანალიზს ერთი ნომერი არც ეყოფა, არათუ ორი გვერდი. ამ საკითხს ჩვენ ხშირად დავუბრუნდებით. თვალსაჩინოებისთვის მინდა იცოდეთ, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, თავის დროზე, კარგად აღჭურვეს ჩვენი სასაზღვრო სექტორის გამშვები პუნქტები და იქ რამის შემოტანა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ერთია, შეგნებულად რომ გამოგატარებენ და მეორეა, რომ უბრალო მოკვდავს, ჯიბეში შაქარიც რომ ჩაიყაროს და ისე შემოვიდეს საზღვარზე, აუცილებლად აღმოუჩენენ იმ შაქარს. ისე კი, სჯობს, მგონი, ფიქრი დავიწყოთ იმაზე, რომ ამ ბაზარს სახელმწიფომ მიხედოს და არა სახელმწიფოს სახელით ვიწრო ჯგუფმა, რომელიც ქართული გენოფონდის ჰიბრიდული გენოციდის ხარჯზე მდიდრდება!!!

ჩვენ ქრისტიანული, კეთილი ქვეყანა ვართ, ბოროტს აქ არასოდეს გაუმარჯვია და ვერც გაიმარჯვებს, ესეც უნდა გვახსოვდეს ყველას. ჩვენს რეგიონში საქართველო სამაგალითო ქვეყანა იყო ბევრი მცირე ეთნოსისთვის და ამ მისიასაც უნდა ჩავეჭიდოთ აუცილებლად. ჩვენი ისტორიული მახსოვრობა კი არ უნდა დავთრგუნოთ, პირიქით _ ქართული წმინდა იდეალები წინ უნდა წამოვწიოთ, მეზობლებსა და მოკავშირეებს უნდა ავუხსნათ ჩვენი იდენტობისა და დემოკრატიულობის აუცილებლობა და არ ჩავიკეტოთ. ჩაკეტილი გარემო სოციალურ უთანასწორობას იწვევს და ეს დანაშაულისა და ჩაგვრის მაპროვოცირებელიცაა. ძალიან ბევრი პრობლემა გაგვაჩნია, მაგრამ ერთადერთი წმინდათა წმინდა იდეა გვაქვს და ეს იდეა საქართველოა!

 

***

…22-2-ით დასრულდა ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასებზე და ოთხივე გუნდი პირველი ეტაპიდან გამოვარდა! არადა, წინა წელს 40 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბიუჯეტიდან. მიზეზები აქაც ბანალურია: არაპროფესიონალიზმი, კორუფცია, ნეპოტიზმი, უზნეობა, ჟინისა და ქართული სულის მიჩქმალვის აპრობირებული მეთოდების ზეიმი. იდეალისტების გარეშე არც ერთ სფეროში წარმატება არ გვექნება. წარმატება მოაქვს გულანთებული ადამიანების ერთობლიობას, რომლებისთვისაც პრინციპები, მორალი, საქმის სიყვარული უფრო მაღლა დგას, ვიდრე გამორჩენა. რომელ სულსა და მხნეობაზე ვსაუბრობთ, როცა საქართველოს ჩემპიონატის 10 გუნდიდან 10-ვე გუნდში მოიძებნებიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში გაუყიდიათ, აუტები, კუთხურები და ბარათები აზიური ტოტალიზატორებისთვის და აზიური მაფიისთვის მოუგროვებიათ.

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და ამასაც მინდა შევეხო აუცილებლად: მაშინ, როცა ზეიმი უნდა დამდგარიყო საქართველოში და მთელი ერი წარმატებისთვის დარაზმულიყო, ჩამქრალი თვალებით, უაზრო გამომეტყველებით ვისხედით ტრიბუნებზე და ალაგ-ალაგ გაისმოდა გაბზარული ხმით საქართველო, არადა, ერს უნდა ეგუგუნა! სწორედ ამიტომ გაბედა და დანიშნა მსაჯმა ის მოგონილი პენალტი ჩვენს კარში პორტუგალიასთან… ნიჭიერი თაობა მოდის და ნუ გასვრით ამ ბიჭებს! ერთია კიდევ: სხვანაირად რომ აგეხსნათ ამ ბიჭებისთვის, _ სიამაყეა, ვალია, მისიაა საქართველოს სახელით თამაში ამ ასაკში, თანაბარ დონეზე, ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონები გახდებოდნენ! მაგრამ კორუმპირებულს წარმატებისკენ სწრაფვა არ შეუძლია, ის გასვრილია და ჭაობში ყოფნით ითბობს ხელებს!..

 

***

ევროპაში 2-ჯერ ვიყავი, არც იტალია მინახავს, არც ესპანეთი. არც საფრანგეთი. სრულიად შეგნებულად ორივეჯერ ბალტიისპირეთში გახლდით მარტივი მიზეზის გამო: ისევე როგორც ჩვენ, ისინიც რუსული იმპერიის ნაწილი იყვნენ და მინდოდა მენახა, როგორ მოახერხეს დასავლურ გარემოში ისე ინტეგრირება, რომ ასცდნენ კატაკლიზმებს, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა. მეორეჯერაც ისევ იქ წავედი, რამე ხომ არ გამომრჩა-მეთქი და თვეობით ვაანალიზებდი ნანახ სურათს. ისევ იქ მივედით, საიდანაც საუბარი დავიწყეთ: სუფთა ქუჩები, მოვლილი, გამწვანებული გარემო, ერის გათვითცნობიერებული მოძრაობა პროგრესისა და განვითარებისკენ, იქაც არ არის დიდი ხელფასები _ 400-500 ევრო აქვს, მაგალითად, ტრამვაის მძღოლს – ლინას, რომელიც თბილისში 2 წელი მუშაობდა, (შემთხვევით გავიცანი იქ, ძალიან საგულისხმო ფრაზა მითხრა: დროა, ქართველებმა ქუჩაში ფეხით სიარული ისწავლოთო), მაგრამ იქ არის უმთავრესი _ ქვეყნის მოსახლეობას გათვითცნობიერებული აქვს, რა უნდა და როგორ მიაღწიოს ამ ყველაფერს! იგივე გარემო დამხვდა ესტონეთში, ლატვიაში. ვილნიუსში, რა თქმა უნდა, ბევრ ადგილს ვეწვიე, პატარა ექსპერიმენტივით ჩავატარე და იმ რაიონშიც გახლდით, რომელიც კრიმინალური ელემენტების თავშესაფარია („ტაბორი“). ვიზიტი აბსოლუტურად შეგნებული იყო. მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა ამ კუთხით. იქიდან გამოსული ბუნებრივად გამაჩერეს პოლიციელებმა ბოდიშის მოხდით. მათ ვესაუბრე, მიზეზები აუხსენი, რატომ ვიყავი შეგნებულად ამ რაიონში, საბუთები ვანახე, ჟურნალისტის აკრედიტაციაც, მათ შორის. ბუნებრივია, რეაქცია მაინტერესებდა და საოცარი პასუხი მივიღე, _ იქ შესულ ნებისმიერ სტუმარს ვაჩერებთ, დახმარებას ვთავაზობთ, მათ შორის, ვინც მომხმარებელია და სპეციალურ დაწესებულებაში მიგვყავს ნებაყოფლობით, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში ცუდად არ იგრძნონ თავი, ვინმემ არ შეაწუხოს და ა. შ. რა თქმა უნდა, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ, ისევ ტაქსის მივაშურე და სასტუმროსკენ გამოვემართე. ასეთია ევროპა _ ადამიანის დახმარებაზე ორიენტირებული და არა დასჯაზე, აგრესიასა და ციხეზე.

საუბრის ბოლოს პატარა მიმართვა მინდა გავაკეთო ახალგაზრდების მისამართით: მეგობრებო, ნუ წამოეგებით მტრის ანკესებს, ნუ გამოაყენებინებთ ადამიანთა კორუმპირებულ კასტებს ახალგაზრდულ შემართებას და უშრეტ ენერგიას ფსევდოპატრიოტული მოძრაობებისთვის, რისი მიზანიც ამ ვიწრო ჯგუფის მიერ მხოლოდ ფულის შოვნაა და სხვა არაფერი. 2007 წლიდან წინა ხაზზე ვარ და ყველა მათგანის ყველა მოძრაობა და მანევრი ზეპირად ვიცი. მათი მიზანი მხოლოდ ფულია და საიდან იქნება ეს ფული, სულერთია!!!

#არაჩადებას!

#არაკორუფციას!

#არაოკუპაციას!

 

  1. S. ჩვენი თაობის უპირველესი მიზანი ხარისხიანი განათლების მიღებაა და, უსამართლობასთან ბრძოლის პარალელურად, ზოგადი ხასიათის საჯარო დისკუსიები არ გვაწყენდა ამა თუ იმ თემაზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ემიგრაციის როლი ამ ბრძოლაში და ისინი მზად არიან, უანგაროდ გადადონ თავი და სახსრები ბედნიერი მომავლისთვის.

ჩვენ ისევ წინა ხაზზე ვართ, ყველა ერთად ბედნიერი ქართული მომავლისთვის!

სიკეთე, სინათლე და სიმართლე ჩვენთანაა!

სამშაბათამდე, მეგობრებო!

 

დავით ხარშილაძე