დღეს შენს ცოდვებზე არ ვწერ…

დღეს შენს ცოდვებზე არ ვწერ…

არც შენს ხოშებზე ვსაუბრობ…

ეს ნომერი ჩემს თავს მივუძღვენი…

ეს ჩემი ბლოგია და მინდა, ავი კაცის ამბავი მოგიყვე, სოსო!

სანამდე დედამიწაზე სიავე დაისადგურებდა, მანამდე იყო სიკეთე, ამიტომ ჯერ სიკეთის ამბით დავიწყოთ, _ სულხან-საბა გვასწავლის: „კაცის დიდი სიკეთე იგია, რომ სიავეს არ იმახსოვრებს და სიკეთით დაიფაროს“. სიკეთეს უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ წერს ილია ჭავჭავაძე: „სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელობითა ძლევა სჯობს, ვაჟკაცობითა ძლევასა“.

სიკეთე უდიდესი ნიჭიც არის, რადგან ის ამკვიდრებს ბედნიერებას, სიხარულს, ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს, რომელიც ძალიან გვჭიდება. სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ.

სიკეთე და ბოროტება ეს არის მორალური მსჯელობები მოვლენების მიმართ. ეს არის ორი საწყისი, საიდანაც ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს ნდობა-უნდობლობას, სარგებლობასა და ზარალს მოვლენის მიმართ.

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“ და ამიტომ დავიწყებ იქიდან, ვინ ხარ შენ?!

პროვინციაში დაბადებულს არასრულფასოვნების კომპლექსი თან გდევს. ცხოვრებაზე ოდესღაც გაბრაზებულმა და მოგვიანებით აღზევებულმა ყველა დარდი და ხინჯი გაიხსენე და ჩემი ქვეყანა უფსკრულისკენ სინათლეზე მეტი სისწრაფით წაიყვანე:

„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია“. შენი სწავლულობისა და მეცნიერებისა არაფერი გამიგია რა, თუმცა შენი მაღალი ჩინისა ვიცი, რომ შენმა ჩინმა უფრო და უფრო მეტად საშიშად გაქცია და ყველას გაწირვა შენთვის არაფერი გახდა:

„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის“. იმაზე გაბრაზებული, რომ შენი მხილება დავიწყეთ, დათო დაიჭირე, წამალი ჩაადებინე და მარადიული ტყვეობისთვის გაწირე. რა გინდოდა, _ გვექე-გვედიდებინე და უსაბუთოდ ზეაღმატებული გაგვეხადე? ეს არც ჩვენთვის არის მართებული და არც შენთვის უნდა ყოფილიყო, რადგან „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ და ზოგი იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ“. ამიტომ ჩვენ ყველამ შენი ქცევისაკენ მიგითითეთ და გაგრძნობინეთ: გააჩერე ნიჩბები, სისწრაფით ნუ მიცურავ, თორემ ჩაიძირები… გმირი რომ გახდე, ამისთვის დიდგვარობა საკმარისი არაა: „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“.

მაგრამ მთავარი პრობლემა შენი საწყისია, _ კაცს, რომელსაც ნახევარსაათიანი გამოცდილება არ გქონია არათუ ძალოვან სტრუქტურაში, არამედ არც ერთ საჯარო სამსახურში მუშაობისა, თავიდანვე ჩაძირული იქნებოდი და ამბიციებს არ უნდა აჰყოლოდი ბოლომდე: „აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“. დაიმახსოვრე!

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“ შრომის ნაცვლად არც ერი დატოვე და არც ბერი, ყველა ყირაზე დააყენე და რაც მიიღე, კი ნახე. „გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი“ და შენს ნებისმიერ ბრძანებაზე ძვირი სინდისი ღირს… სინდისი არ იყიდება, არც რიგდება, სინდისი გულშია, უბრალოდ, უნდა დაძებნო და იპოვი. ჰოდა, ახლა გაქვს დრო, ეძებო და იქნებ, გადააწყდე კიდეც სადმე შენს გულში!

შენ გომელაურთან კი არ თამაშობ ომობანას, ხელფასს ქვეყნის სამსახურში გიხდით ყველანი. შენი დაკვეთით ატეხილი სტატიები რეზონანსს მოკლებული რომ აღმოჩნდა, ყველაფერს ბოლოში რომ ხვდები, კი იცი! ხან მედია გინდოდა მოგესია, ხან არასამთავრობო სექტორი, ხან სოციალური ქსელით გვიტევდი… დათო დაიჭირე და რა მოხდა ბოლოს? დათო ვერ გეტეხე! ვერ გატეხე მისი დედა, ვერ გამტეხე მე, ვერ გაგვტეხე სულ ეს ერთი პატარა გუნდი, რომელიც აუღებელ ქაჯეთის ციხედ დაგიდგა წინ და რა მიიღე სეირი? „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი“. სჯობს, ქვეყანას მსხვერპლად შეეწირო, თორემ სეირად საკუთარ თავს იქცევ!“

ვიცი, როგორი კმაყოფილი იყავი, როცა დათო დაიჭირეს და საკუთარ კაბინეტში ამბობდი, _ ვნახოთ, ახლაც თუ არ მოჯდებიანო! მაგრამ დაგავიწყდა, რომ „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია“ და იმ დღეს, როცა ჩემს მეგობარს წამალი ჩაუდეს, შენ მაგ დღეს პიროვნულად უკვე აღარ იყავი, რადგან კაცები ასე არ იქცევიან!

„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს“. ეს შენი ბრალი არაა, ეს ქვეყნის ბრალია, რომ შენ და შენს „მეგობრებს“ ჩააბარეს სამშობლო. არა უშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ესეც გამოსწორდება.

აწი, როგორადაც არ უნდა გინდოდეს დალაგება, შეუძლებელია! რატომ? „თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა“. თავიდან არ უნდა აგემღვრია და იქნებოდი მშვიდად შენც და ყველაც.

ცხოვრება მარტო სახლი, სასახლე, მაღალი გალავანი, მიწა-მამული არ არის: „ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი“. როგორ იშოვე, ამაზე თავიდან უნდა დავიწყო წერა და ისედაც ყველამ იცის…

„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე“. თუ ამ ქვეყანაში ვინმე შენი მოყვარე იყო, ჩვენ ვიყავით! ის ტარტაროზები, შენ რომ გულებს გიწერენ და სელფებს იღებენ შენს ოჯახთან, ხვალ ისე გაგყიდიან, როგორც თხას, ამიტომ გახსოვდეს, _ მტერი იქ ეძებე, სადაც შენსავე ცოდვებს გიმალავენ და შენსავე ხოშებზე არ მიგითითებენ.

გიფიქრია, ხომ, რას გადამეკიდაო? არა, მე არ გადაგეკიდე, ეგ შენ ეძახი მაგას გადაკიდებას, რადგან „ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან“.

მე, დათო, ელისო და კიდევ ბევრნი, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან თავისუფლები ვართ… ჩვენ საშოვნელი არაფერი გვაქვს, საშოვარზე სხვები დაძრწიან. ჩვენთვის „თავისუფლების შოვნა სჯობს, საშოვნელსა ყველასა“.

„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, _ სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა“. რამდენად იფიქრებ შენსავე სათნოებაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

  1. S. „პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურაცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს“.

დაბოლოს, ერთადერთი, რაც უნდა დაიმახსოვრო: მე და შენ ახლა ილიას მეშვეობით ვისაუბრეთ ასე საჯაროდ. ამიტომ, იცოდე: „გაიღე სიკეთე მეგობრებისთვის, რომ უფრო მეტად შეგიყვარონ, აკეთე სიკეთე შენი მტრებისთვის, რათა ოდესმე შენი მეგობრები გახდნენ, მტერზე საუბრისას გახსოვდეს, დადგება დრო, როცა ის შენი მეგობარი გახდება!“

ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით, ჩვენ მოვიგებთ ომს და არა შენ წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჩვენია! ჩვენ ქვეყანა გვადარდებს და არა შენი თავი, სოსო!

 

მაკა მოსიაშვილი