ვახტანგ კვიჟინაძე: „ჩაბუქს თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის ქვეყნის შიდა და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ქრონიკა+“ ესაუბრება დემირელის კოლეჯის პედაგოგის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ერთ-ერთ ადვოკატს _ ვახტანგ კვიჟინაძეს:

_ ბატონო ვახტანგ, როგორ აფასებთ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რა რეალობაა შექმნილი კოლეჯის პედაგოგის გარშემო?

_ ფაქტია, რომ ამ საკითხში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დიდი ზეწოლა ხორციელდება, რასაც, ჯერჯერობით, ჩვენი გადაწყვეტილების მიმღებნი უკან მიჰყვებიან.

რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროს უარს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას არ  ვეთანხმებით და ყველა შემთხვევაში გავასაჩივრებთ. ეს არის რეალობა, რაც დღეს საქმის გარშემო შექმნილია.

_ მაინც, რით იხელმძღვანელა სამინისტრომ, როცა თხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ როგორ უყურებთ ამას?

_ სამინისტროს გადაწყვეტილებაში ვნახულობთ, რომ თითქოს თურქეთის სახელმწიფოში წამება და არაადამიანური მოპყრობა არ ხდება. ამას რაზე დაყრდნობით აცხადებენ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია. ამისთვის რაღაც რეპორტი აქვთ მოყვანილი, სადაც, მართალი გითხრათ, უფრო საწინააღმდეგო რამ წერია. ამათ იქიდან რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები მოჰყავთ და ა. შ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არც ერთ შემთხვევაში არ ვეთანხმებით. ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში სათანადო წესით გავასაჩივრებთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ქართულის შემდეგ ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ.

_ ანუ ჯერ ქვეყნის შიდა სამართლებრივ გზას ამოწურავთ?..

_ თავისთავად, როგორც იცით, ეს წესია და ამის გარეშე საქმეს იქ არავინ მიიღებს. ამისთვის შიდა სასამართლო პროცედურები ამოწურული უნდა იყოს. ამიტომ ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით ამოვწურავთ და მერე ევროპულ სასამართლოს მივმართავთ.

_ თქვენ ლტოლვილთა სამინისტროს მიმართეთ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, თუ რამდენ ადამიანს მიეცა ლტოლვილის სტატუსი იმის მიუხედავად, რომ იმ ქვეყნის საელჩომ თავისი მოქალაქის უსაფრთხოებაზე გარანტია გასცა. ამ მხრივ თქვენი, როგორც დამცველების მონაცემები როგორია?

_ ამის შესახებ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და სამინისტროსთვის ოფიციალურად არ მიგვიმართავს, მაგრამ, ზოგადად, სამინისტროს წინადადება მიეცა, თვალსაჩინო გახდეს, რომ აქ არ არის რაღაც განსაკუთრებულად პრობლემური მდგომარეობა. მოკლედ, გარანტიები შეიძლება ბევრჯერ იყოს მიღებული, მაგრამ რისკი რისკად დარჩეს. და ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანის გადაცემა რეალურ რისკებს უკავშირდება.

_ რა ელის ემრე ჩაბუქს თურქული მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში?

_ რასაკვირველია, ეს ნათელი და თვალსაჩინო პრესპექტივაა, თუ ამას აღნიშნულ სახელს დავარქმევთ. რეალურად, ამ ადამიანს იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის, თუ საერთოდ ცოცხალი გადაურჩა ამ ყველაფერს.

_ ასევე პროკურატურას მიმართეთ და ამ პიროვნების დაცვა მოითხოვეთ, აქ ამის მიზეზი რა გახდა?

_ ჩაბუქისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მუქარის წერილები განხორციელდა სოციალური ქსელის გამოყენებით. კერძოდ, ამისთვის საქართველოში ხალხს გამოვაგზავნითო და ა. შ. სწორედ ამ მუქარის გამო მივმართეთ პროკურატურას დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

_ ვინ არის აღნიშნული მუქარის ავტორი?

_ ჩემთვის უცნობია.

_ პროკურატურისგან რა პასუხი მიიღეთ აღნიშნულ წინადადებაზე?

_ ჯერჯერობით, არავითარი პასუხი. მუქარასათან დაკავშირებული მტკიცებულებები პროკურატურაში უკვე მიტანილია და მათგან პასუხს ველოდებით.

_ შიდა თუ ევროპული სასამართლოსგან რა გადაწყვეტილებებს ელოდებით?

_ რა თქმა უნდა, ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას, რომ ექსტრადირების პროცესი შეჩერდება.

 

თავის მხრივ, 9 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. გავრცელებული განცხადებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ლტოლვილთა სამინისტროს უარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა:

„გადაწყვეტილებას სამინისტრო ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ დევნის კანონიერებითა და ლეგიტიმურობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული პირების ნაწილის განთავისუფლების, თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაზე წვდომის, ასევე თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებების დაცვის შესახებ თურქეთისგან მიღებული დიპლომატიური გარანტიების არგუმენტებით ასაბუთებს.

მ. ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და წარმოშობის ქვეყანაში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის რეალისტური შეფასებით. მათ შორის, ტექსტში არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებაში გამოყენებული ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია. აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი და ბლანკეტური დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს.

წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (ჩAთ), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს. ამ მოცემულობაში აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 15 ივლისის, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ორგანიზაცია FEთO-ს 59 წევრის ექსტრადიციის შესახებ თურქეთის მოწოდების მიუხედავად, ევროპის ქვეყნებს დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, არასათანადო მოპყრობის არარსებობის შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა.

მეტიც, იმის მიუხედავად, რომ მ. ჩაბუქისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შეეხება, რაც საქმეს საქართველოს იურისდიქციაში აქცევს და სახელმწიფოს მის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს, სამინისტრო წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობაზე არც კი მსჯელობს.

სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე მიიღო დიპლომატიური გარანტიები მისი უფლებების დაცვის შესახებ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გეგმავს თურქეთში მის ექსტრადიციას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უკიდურესი დარღვევა და სრული უგულებელყოფა იქნება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები: ვგმობთ სამინისტროს მიერ მიღებულ აშკარად დაუსაბუთებელ, უკანონო გადაწყვეტილებას; მოვუწოდებთ უწყებას, მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და არ დაუშვას მსგავს საქმეებზე პროცესების პოლიტიზება და კანონიერი ჩარჩოდან გაყვანა;

მოვუწოდებთ საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე განიხილონ ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით და ეფექტიანად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება;

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიის განვითარების ფონდი; გაეროს ასოციაცია საქართველოში; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

 

გელა მამულაშვილი