რატომ გაუსწორდნენ სასტიკად 10 შვილის მამას ექსპრემიერ ღარიბაშვილის ნათესავები?!

10 შვილის მამა, ვეფხვია ღვალაძე, 2014 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დღეს შრომისუუნაროა! უდანაშაულო კაცმა ტრავმა მისი მეგობრის ოჯახში მიიღო, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეზარხოშებულმა ნათესავებმა, ასევე მაღალჩინოსნებმა: ზვიად ჯანყარაშვილმა და იოსებ ქადაგიშვილმა, მიაყენეს. საქმე გურჯაანის პოლიციაში ჩაიფარცხა. დაზარალებული ჯანყარაშვილსა და ქადაგიშვილს ამჯერად „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მიმართავს და ვალდებულების შესასრულებლად ორ დღეს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ვეფხვია ღვალაძე:

_ 2014 წლის იანვარი იყო. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე წაიკითხა სუროგატ დედებთან დაკავშირებით, ამას მეორე დღესვე, 8 იანვარს, მოჰყვა ჰომოსექსუალების პროტესტი, რომელიც საპატრიარქოსთან გამოხატეს. ეს ამბავი რომ გავიგეთ, ბოლნისიდან ორი კაცი წამოვედით, ჩვენი მხრიდან საპატრიარქოსთან, დაახლოებით, 20-25 კაცი შევიკრიბეთ. იქ შეხლა-შემოხლა მოხდა და დაგვიჭირეს. ორი დღის შემდეგ, როცა გავსამართლდით, კახეთში წავედით, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ვაზის ნერგები უნდა ჩამომეტანა. იქ ბავშვის ორი ნათლია მყავს. ერთ-ერთთან მივედით, რომელიც საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელია, მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ. ოჯახში სტუმრებს ელოდებოდნენ, სანამ ისინი მოვიდოდნენ, სუფრა გაიშალა, ცოტა დავლიეთ და ახლა მეორე ნათლიასთან წავედი, საიდანაც ვაზის ნერგები უნდა წამომეღო. იქაც რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. სანამ კახეთიდან უკან დავბრუნდებოდით, ისევ პირველ ნათლიასთან შევიარე, მძღოლი და ორი კაცი მახლდა, ისინი მანქანაში დავტოვე, ვუთხარი, _ შევალ, სტუმრებს დავლოცავ და მაშინვე უკან გამოვალ-მეთქი. სახლის შესასვლელში 2-3 ახალგაზრდა უშვერი სიტყვებით იგინებოდა შიგნით მყოფების მისამართით, ყურადღება არ მიმიქცევია. შევედი და მასპინძელთან ახლოს დავდექი, 50-კაციან სუფრაზე, დაახლოებით, 10 კაცი მაინც მიცნობდა, წინასწარ იყვნენ მოსულები და როცა ამ ოჯახში პირველად მივედი, მაშინ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან თამამად შევედი ოჯახში, მასპინძელი როგორც ძმა, ისე მყავდა, 10 წელიწადი ოჯახის რჩენაში მეხმარებოდა, ხელფასს შუაზე მიყოფდა, ზედ იყო ჩემზე გადაყოლილი. ჭიქის ხელში აღება და სუფრის წევრების მხრიდან აგრესიის წამოსვლა ერთი იყო. როდესაც ვთქვი, _ ბიჭებო, უნდა დაგლოცოთ-მეთქი, _ ეს რას ნიშნავდა მათთვის, არ ვიცი, შიგნით ჩემ შესვლამდე რა მოხდა, არც ის ვიცი, ამაზე არავისთან მილაპარაკია. როდესაც ასეთი აგრესია დავინახე, ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, გეები არიან და მიცნეს-მეთქი, ორი დღის წინანდელი ამბიდან გამომდინარე. სუფრიდან უშვერ სიტყვებს მეძახიან, მდგომარეობის განმუხტვა მაინც ვცადე და ვუთხარი, _ რა ხდება, ბიჭებო, სუფრაზე არ შესწრებიხართ-მეთქი?! ამის თქმა იყო, ერთი მელოტი კაცი მოვიდა და მეუბნება, _ ხმა არ ამოიღოო! ეს რომ ამას მეუბნება, სუფრიდან უკვე დედას მაგინებენ, 50 კაციდან 30 მაინც, მერე ვიღაცამ დაიძახა, _ კაცი ლაპარაკობსო… მელოტი კბილებს მიკრეჭს და თან მეუბნება, _ ხმა არ ამოიღოო. გინებას რომ არ მორჩნენ, მეც ვუთხარი, _ ბოლო-ბოლო, კაცი ვარ, რას მაგინებთ, თქვენი დედაც, გაგიხვრეტთ შუბლს, ვის აგინებთ-მეთქი! ამის თქმა იყო და მაგიდაზე დანა, ჩანგალი, თეფში, ჭიქა _ რაც იყო, ჩემი მისამართით წამოვიდა, ათივე შვილს გეფიცებით, თავში 5 გრაფინი მომხვდა. ერთ-ერთი გრაფინი, დარწმუნებით რომ დავინახე, მესროლა იოსებ ქადაგიშვილმა, რომელიც არის ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავი. მაშინ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახლდათ. რაღაც მომხვდა თვალში, სიმწრისგან ჩავიკუზე, მელოტი თავზე დამადგა და თავში რა მირტყა, არ ვიცი. ეს ვაჟკაცი კაცის საქციელი არ არის, წაქცეულ კაცს ურტყამ, ჩემამდე ვერ დადის… თვალის ტკივილისგან რომ გავთავისუფლდი და დავაპირე, მელოტი მომეგერიებინა, ამასობაში, მასპინძელმა იღრიალა, _ თქვენ მართლა ბოლო-ბოლოო!!! ფეხზე რომ წამოვდექი და თავი თავისუფლად ვიგრძენი, მელოტი გარბოდა, ისიც კი მახსოვს, კუბოკრული პიჯაკი ეცვა, მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება. შემდეგ ქადაგიშვილმა შემაგინა, სკამს გადმოაბიჯა და გავიდა. გაოგნებული ვიყავი, ერთ წუთში დაიწყო და დამთავრდა ეს ყველაფერი, მასპინძელს ვუყურებდი, რას იტყოდა. ისინი რომ წავიდნენ, მაშინ თქვა, _ ვეფხო, ეს რა ქენიო?.. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს, ამ ამბის შემდეგ დამკარგა… მასპინძელს ვუთხარი, _ არაკაცი ვიყო, თუ ეს ვაპატიო-მეთქი.

_ სასწრაფო დახმარება ან პოლიცია არ გამოიძახეთ?

_ არა, თბილისში წამოვედი და ექიმთან მივედი, გავესინჯე, დაბეჟილი ვიყავი და ტვინის შერყევა მქონდა. მერე ჩემთან ზარი განხორციელდა, პოლიციაში არ წავსულიყავი, _ გნახავთ და ეს ამბავი მოვაგვაროთო. კახეთიდან რომ ჩამოვედი, გამწარებული მხოლოდ იმას ვფიქრობდი, სად მეშოვა იარაღი, რომ გავსწორებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინიც საგზაოში მუშაობდნენ. საგზაო დეპარტამენტის საიტზე შევედით და იქიდან მაშინ ამოვიცანი ქადაგიშვილი, მაგრამ თუ ღარიბაშვილის ნათესავი იყო, ეს არ ვიცოდი. ორი კვირის შემდეგ ტელევიზიით გივი თარგამაძე გამოვიდა და ღარიბაშვილის ნათესავების მთლიანი კლანი ამხილა, თან სურათებს აჩვენებდნენ. მაშინ ახსენა ზვიად ჯანყარაშვილიც, მაგრამ სურათი არ იყო. დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჯანყარაშვილი ტელევიზიით კიდევ ახსენეს და სურათი რომ აჩვენეს, მაშინ ამოვიცანი, ის მელოტი ჯანყარაშვილი ყოფილა.

_ შეხვედრა შედგა?

_ ჩემმა ახლობელმა, რომელიც ადვოკატია, მითხრა, _ მე შევხვდები, ისინი უეჭველად თანამდებობის პირები იქნებიან, არაფერი მოგიწყონ და თუ საჭირო გახდა, მერე შენც შეგახვედრებო. ორთაჭალაში ციხეებთან შედგა შეხვედრა. მე სხვა მანქანაში ვიჯექი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, _ თუ დაგიძახე, მოდით, თუ არადა, წადითო. რომ არ დაგვიძახა, წავედით. როდესაც ჩემს მეგობარ ადვოკატს შევხვდი, მითხრა, _ კიდევ კარგი, წახვედით, ორი მანქანით კიდევ მოცვივდნენო. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იქ სასიამოვნო ლაპარაკი არ ყოფილა. ღვთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, არასოდეს მიფიქრია, რომ პოლიციაში წავსულიყავი. ამ ამბის შემდეგ, როდესაც ექიმთან მივედი, ალალად ვუთხარი, რაც მოხდა, არ მქონდა ამის გამოცდილება და, თურმე, იქიდან დაურეკავთ პოლიციაში. დამირეკა გურჯაანის პოლიციამ და დაკითხვაზე დამიბარა. უარი ვუთხარი, _ ცუდად ვარ, ვერ ჩამოვალ-მეთქი. მითხრეს, _ თუ არ ჩამოხვალ, ძალით ჩამოგიყვანთო. სხვა რა გზა მქონდა? _ ჩავედი. როდესაც მივედი, უკვე იცოდნენ იმ ამბის შესახებ, რაც ჩემს თავს დატრიალდა, ის კი არ იცოდნენ, ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში. გამომძიებელმა მითხრა, ახლა ჩვენ საქმე უნდა აღვძრათ ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლითო. მე უკვე ვიცოდი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, არ მინდოდა მათი დაზოგვა, რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი ხალხი ამხელა თანამდებობაზე?! ღარიბაშვილთან პრეტენზია არ მქონია, მაშინ კბილებით ვიცავდი ღარიბაშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“, ისე ვიყავი გაგიჟებული, ვფიქრობდი, _ მოვიდნენ და გვიშველიან-მეთქი, მაგრამ, თურმე, რას ამბობ?!. თან იმას ვფიქრობდი, ახლა ამ ამბავზე ხმამაღლა რომ ვილაპარაკო, ღარიბაშვილსაც პრობლემა შეექმნება და თვითონ პარტიასაც-მეთქი… წარმოიდგინეთ, ახლა ეს ესმის ვინმეს?! გაიგებენ, რატომ ვიკავებდი თავს?! თუმცა ჩემი შინაგანი რწმენით სულ ასე მიმაჩნდა, ასეთ ადამიანს რატომ უნდა ემართა ქვეყანა?! ასეთი მხეცები ცხოვრებაში არ მინახავს, რომ იტყვიან, ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მხოლოდ, ისეთი ცხოვრება მაქვს ნანახი, ასეთი ამბავი არც კი მომისმენია, ასეთი გაავება და ადამიანის გამეტება! მერე მივხვდი, მათ რომ შემოვკვდომოდი, სადღაც გადამაგდებდნენ, დარწმუნებული ვარ, ბიჭები გარეთ რომ მელოდებოდნენ, იმათაც გააქრობდნენ, დღემდე მათი საქციელი მალაპარაკებს! ჩემი ოჯახი რომ მიცვალებულს ვერ დამიტირებდა, ამაში დარწმუნებული ვარ! ალბათ, მოწმეც არ იქნებოდა და არ არის გამორიცხული, მასპინძელიც გაეჩუმებინათ! მიხედავდა ჩემს ოჯახს, ზედ გადაჰყვებოდა, მაგრამ ამაზე შეიძლება, თვალები დაეხუჭა!

_ გამომძიებელმა თქვენგან გაიგო, ვინ იყვნენ ჩხუბში მონაწილე ადამიანები?

_ არა, მხოლოდ ის ვთქვი, რომ, ჩემი აზრით, ის ადამიანები დიდი თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ-მეთქი. გამომძიებელმა მითხრა, _ ჩვენ მანდ ერთი ადამიანი გვყავს, ის გაიგებს ყველაფერსო. მე რომ მეთქვა, ვინ იყვნენ, საქმეს არ დაიწყებდნენ. წამოვედი პოლიციიდან. როცა გაიკითხეს და გაიგეს, ვისთან ჰქონდათ საქმე, ცოტა ხანში ჩემთან მასპინძელი მოვიდა, ვის ოჯახშიც ეს ამბავი მოხდა და ჩემი შვილის კიდევ ერთი ნათლია, მღვდელი. მასპინძელმა მითხრა, _ დაანებე თავიო, მღვდელმაც იგივე გაიმეორა, _ ეს იჭყლიტებაო. კატეგორიული უარი ვუთხარი. ვიბრძოდი და ჩემს დღეში ჩაგდებულ ხალხს ვიცავდი და მე უნდა დამეხუჭა ამაზე თვალი?! ფაქტობრივად, სიკვდილს გადავრჩი, საუკუნის სისასტიკე ჩაიდინეს! ვუთხარი, _ მე კი გავჩერდები, მაგრამ წავიდნენ და დატოვონ სამსახურები, რა უნდათ, არ არის მათი ადგილი, დადგეს ღირსეული კაცი-მეთქი. სასულიერო პირი მეუბნება, _ ამას ექმნება სამსახურში პრობლემაო. დაანებე თავი იქ მუშაობას, ვიცი, არ გიჭირს, სხვა შემოსავალიც გაქვს, წამოდი, თორემ შენც გაგაბოროტებენ-მეთქი. თან ისიც გავიგე, ღარიბაშვილის ნათესავებს უთქვამთ ცუდი სიტყვა, დადგა იმასავით და ხმა არ ამოიღო. ეთქვა, ასეთი კაცი თუ იყო, მრავალშვილიანი, თან საპატრიარქოსთან თუ იყო, ეთქვა, ხმა რატომ არ ამოიღო. ესეც ვუთხარი, _ ასეთი რამე თქვეს შენზე და საერთოდ წამოდი, მე მაგათ არ გავახარებ და არ ვაპატიებ-მეთქი. დავაბარე, _ მოვიდნენ და შემხვდნენ, ორი კაცი ვიქნებით-მეთქი. არ შემხვდნენ, გადასცეს თუ არა, ისიც არ ვიცი. კიდევ დამიბარეს გურჯაანში, პროკურორი შემხვდა, მითხრა, _ გუშინ დამნიშნეს ამ ადგილზე, არაფერი ვიცი, რა ხდება და მოდი, ამ ხალხს შეურიგდიო. ამას მეუბნება ერთი დღის დანიშნული კაცი!.. ჩემ შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, სამხედრო სამსახური გერმანიაში მოვიხადე, ერთი ქართველი ვიყავი 180 კაცში და სულ მეამაყებოდა, სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე მაშინდელ ამბებს, ეს საიდანღაც იცოდა და ვითომ გამართო ლაპარაკით, შემიყოლია, მივხვდი, რომ მათი კაცი იყო, მეც ავყევი, მეუბნება, _ მოდი, ახლა დავრეკავ და მაგ ხალხს ახლავე შეგარიგებო. უარი ვუთხარი! აქაც რომ უარი მიიღეს, იმ ადამიანების მოძიება დაიწყეს, ვისი ხათრიც მქონდა. პირველად ერთ ეპისკოპოსს მიადგნენ, არ მინდა, მისი ვინაობის დაკონკრეტება. მასპინძელი შავ დღეში ჰყავთ და რა თქმა უნდა, იმისგან გაიგეს. მეუფემ თავისთან დამიბარა და მითხრა, _ ჩათვალე, რომ აღსარებას მეუბნები, სიმართლე მითხარი, მართალი ხარ თუ არაო? როგორც იყო, ვუამბე. მითხრა, _ მოსვლა და შერიგება უნდათო. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მეუფეს უარი როგორ ვუთხრა-მეთქი და დავთანხმდი. რომ წამოვედი, მეუფეს დავურეკე, _ ვნანობ რომ დაგთანხმდით, ვერ ვაპატიებ, კაცურად არ მოიქცნენ-მეთქი. როდესაც ვუთხარი, უნდა დაისაჯონ და სამსახურები დატოვონ-მეთქი, მეუფემ მითხრა, _ მაშინ შენი საქმისა შენი იციო. შემდეგ ნახეს გამოსავალი, კიდევ ჩემი ერთი ბავშვის ნათლია, რომელთანაც ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ის და მასპინძელი, ეს ორი ადამიანი მეხმარებოდა ოჯახის რჩენაში. ეს ადამიანი ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე იყო, როცა დამიბარა, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. შევხვდით და მითხრა, _ უნდა შეურიგდეო. ამ ამბის შემდეგ ამ ორ ადამიანითან ურთიერთობა გამიწყდა. ერთის მიზეზი ვიცი, უარი ვუთხარი მასპინძელს შერიგებაზე და ამაზე გაბრაზდა, მეორის არ ვიცი.

_ მინისტრის მოადგილეს დასთანხმდით შერიგებაზე?

_ დავთანხმდი, სხვა გზა არ მქონდა, მან გააჩერა ეს საქმე. არ უნდა ესარგებლა იმით, რომ მისი ხათრი მქონდა და არ უნდა ეთქვა ეს ჩემთვის. იცოდა, რომ უარს ვერ ვეტყოდი, ყველაფერი მოვუყევი და ხელები ავწიე, ვაი, იმ აწევას! შვილებს ვფიცავარ, ერთი თეთრი არ მითხოვია მათთვის. იმასაც ვფიქრობ, ამ ამბავში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერია, იქნებ, ვიღაცამ ისარგებლა და ფულიც გამოართვა. იქნებ, ჩემთან მართლები არიან ამ ამბავში და ჰგონიათ, რომ ღირსეულად მოიქცნენ, არ ვიცი… მეორე ის იყო, რომ ეს ჩემი მეგობარი მეუბნება, _ მუშაობას დაგაწყებინებენ, არ დაგირეკესო? _ მეკითხება. გავიდა წელიწადი, მოხსენეს ღარიბაშვილი, მერე უკან მიაყოლეს ესენი… ამ წერილის მერე ფარდა აეხდება ყველაფერს, ჩემამდე არაფერი მოსულა, არც მომითხოვია, უბრალოდ, ხელები ავწიე, იმასაც ვუთხარი, _ მეუფეს უარი ვუთხარი, მეორე ის მაჩერებდა, რომ არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ წისქვილზე წყლის დასხმაზე შევიკავე თავი. იმ ხალხს გადაეცი, რომ მეუფეს და შენ გეცი-მეთქი პატივი. შინაგანად სულ მაწვალებდა, როგორ ვუთხარი მეუფეს უარი და მისვლას ვაპირებდი. ბევრი რამე გავიგე ამ ამბის მერე, მაგრამ რაც ადამიანისთვის პირში არ მაქვს ნათქვამი, არ მინდა, გაზეთიდან გაიგოს. ბევრი შეკითხვა მაქვს და ამ მასალის მერე ბევრ რამეს ფარდა აეხდება. ვფიქრობ, რომ ჯანყარაშვილი და ქადაგიშვილი ინამუსებენ და რაღაც შეხვედრა იქნება, თუ არადა, არ ვურჩევ!.. არც ქუჩის ბიჭი ვარ, არც „ძველი ბიჭი“, არ ვტრაბახობ, ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებელი კაცი ვარ, 10 შვილი მყავს და სათითაოდ მიყურებენ, რა დღეში ვარ, რა დღეები გამოვიარე ხუთი თვის მანძილზე, კაპიკის საქმე არ გაუკეთებია ჩემს ხელებს, გაზაფხული რომ მოვიდა, ყველაფერი დავთესეთ, მაგრამ ოპერაციის მერე რომ ვერაფერი გავაკეთე, ბავშვებიც ვერ მოერივნენ საქმეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მე რომ რამე მომივიდეს, ეს ბავშვები რა დღეში აღმოჩნდებიან, ჯერ ისევ უმწეოები არიან…

_ პოლიციაში საქმე როგორ დამთავრდა?

_ გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა, რომ საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. ჯანყარაშვილისა და ქადაგიშვილის ძმაკაცმა პროკურორმა რა ქნა, არ ვიცი. მე რომ მაიმუნი კაცი ვყოფილიყავი, თარგამაძემ რომ სქემა გამოაქვეყნა, ხომ ვიშოვიდი მაშინ ფულს, ხომ იყვნენ ყველანი ნებისმიერი თანხის გადამხდელები?! რაში აწყობდათ ამ ამბის გახმაურება, ჯანყარაშვილზე და ქადაგიშვილზე რა ამბები ატყდა, ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ვის აწყობდა?! არ მიკადრებია და რაღაცებს უნდა მიხვდნენ…

_ ახლა რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ამბავი ჩვენთვის მოგეყოლათ?

_ იმიტომ, რომ ამ ტრავმის შედეგად, რომელიც ჯანყარაშვილმა მომაყენა, კისრის მე-4 და მე-5 მალა ამომიღეს წინა მხრიდან, ორი თვის წინ, 10 მაისს. სამი თვის მანძილზე კისრის ქვემოთ მოწყვეტილი ვიყავი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი და წარმოიდგინეთ, მაინც ვმუშაობდი, 5 წუთს ვერ ვჩერდებოდი, რომ ბავშვებისთვის მაგალითი მიმეცა. ვაი, იმ  მუშაობას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სახელმწიფომ ოპერაციის თანხა 65%-ით დააფინანსა და რადგან აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, ვეტერანები დამეხმარნენ. დეპარტამენტიდან  ოფიციალურად რომ არ შეიძლებოდა გადარიცხვა, ფული ჯიბიდან ამოიღეს და როგორც ძმას, გვერდით ისე დამიდგნენ. ვეტერანი რომ არ ვყოფილიყავი, სული გამძვრებოდა, არავის მოვუკითხივარ. ეს ორი კაცი, რომლებიც ოჯახის რჩენაში მეხმარებოდნენ, მათ ორივე დამაკარგვინეს, მარტო ეს არ უნდა ვაპატიო! მოვიძიე თამაზ თამაზაშვილის ტელეფონის ნომერი, რაც ვიყავი, იმის ნახევარი მაინც რომ შემეძლოს, ხმის ამომღები არ ვარ, ჩემს ჯანმრთელობაში კიდევ ცუდმა რაღაცებმა იჩინა თავი, მარცხანა მხარეს ორი თვეა, საერთოდ გრძნობა არ მაქვს, როგორც მითხრეს, კიდევ დამჭირდება ოპერაცია. ჩემი ოჯახისთვის არაფრის მაქნისი აღარ ვარ, ეგენი კიდევ დადიან და „დაგულაობენ“.

_ თამაზაშვილთან დავრეკეო…

_ კი, ერთი თვე იქნება, რაც დავრეკე! პირველად მიპასუხა, იმის შემდეგ რამდენჯერაც დავრეკე, აღარ მპასუხობს და თავი დავანებე. მისი პირით მინდოდა შემეთვალა, მოვიდნენ და მნახონ, რა დღეში ჩამაგდეს. ამას ვის შევარჩენ?! როცა მიპასუხა, ეს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა. ვუთხარი, _ ჯანყარაშვილის სიმამრს, მამა მელქისედეკსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ისიც მიცნობს-მეთქი. მითხრა, _ ნეტავ, თავიდან მოგვარებულიყო ეს საქმეო. მოდი, მესიჯით მომწერე, ვინ ხარ და სად მოხდა ეს ამბავიო. მივწერე და ისიც დავამატე, მოვიდნენ და მნახონ, ჩემთან შუამავალი არ სჭირდებათ-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ ჩემთან ოჯახში მოვიდა მასპინძელი, მან თქვა, შემთხვევით გავიგე ბოლნისში შენი ამბავიო, ეს არის ზღაპარი! მადლობა ღმერთს, რომ მოვიდა, ეს კაცი გადაადგილებაში დამეხმარა, თორემ ბოლნისიდან დიღომში დავდიოდი შეხვევებზე და საშინელება იყო მგზავრობა. ჩემი მეუღლე ძროხას მოწველიდა, ყველს ამოიყვანდა და ჩემს გამაყუჩებლებსა და წამლებს არ ჰყოფნიდა ის ფული. ორი თვეა, ცოლ-შვილი არ მინახავს…

_ ბოლოს გამოჩნდნენ ჯანყარაშვილი და ქადაგიშვილი?

_ არა! ბოლნისიდან თბილისში ჩამოვდივარ „მარშრუტკით“ და მერე აქედან საავადმყოფოში მივყავარ ამ ჩემს მეგობარს. დღესაც მელოდება, უნდა წამიყვანოს. სამჯერ ამიყვანა უკვე სახლში, მაგრამ ამ საკითხზე თვითონ არ დამელაპარაკა, არც მე მითქვამს რამე. ასე ხომ არ ხდება, ამდენი ხანია, კაცი არ გამოჩენილა და ახლა ზედ მყვება. ოპერაცია რომ გავიკეთე, საავადმყოფოდან დავურეკე, მაგრამ სანახავად არ მოსულა.

_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?

_ მინდა, რომ მივმართო ექსპრემიერ ღარიბაშვილს, მკითხველს ვთხოვ, რომ ტრაბახში არ ჩამითვალონ, თუ მათ თავში აქვთ ავარდნილი, ასე არ არის, სანამ ცოცხალი ვარ, მათი კოშმარი ვიქნები! პირდაპირ მოვუწოდებ ღარიბაშვილს: გააგებინოს და შეაგნებინოს, რომ ეს ხალხი ჩემამდე მოვიდეს, ეს მასალა გაზეთში რომ დაიბეჭდება სამშაბათს, ორ დღეს ვაძლევ და ხუთშაბათამდე ველოდები! სახლში მოვიდნენ, აქამდე კი ვუთვლიდი, სადაც გინდათ, იქ მოვალ-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვიცი, ვინ არიან, ვარიანტი არ არსებობს სხვაგან შევხვდე, ერთხელ ჩავუვარდი ხელში და მეორედ აღარ ჩავუვარდები. მე თუ მივალ, კბილებამდე შეიარაღებული უნდა მივიდე და არც მაგის ჩიტი ვარ, იარაღზე ვინმეს თავი დავაჭერინო. არ ვენდობი, ერთი თვის წინ თამაზაშვილი ელაპარაკა, მას შემდეგ მოვიდა ჩემთან მასპინძელი და მეხმარება, იმ დროს, როცა საავადმყოფოდან დავურეკე და არ მოვუკითხივარ. ძალიან ნაწყენი იყო, რომ არ გავითვალისწინე მისი თხოვნა, არ ვაპატიე და სხვას ვერ ვუთხარი იგივეზე უარი. სადღაც რაღაცაში მართალია, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოს და ის ხალხი ღირსეულად უნდა მოქცეულიყო. ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, მისთვის იგივე გაეკეთებინა ჩემს ოჯახში და ერთი გრაფინი თავზე არ გადამემტვრია?! ღარიბაშვილი ამ ორმა კაცმა დააქცია, ამას შეიძლება ჩვენი სახელმწიფოც გადაჰყვა. მაინცდამაინც თანამდებობის პირი უნდა ვიყო? ჩემი ხედვა მაქვს, ღარიბაშვილი რაღაცას აკეთებდა, ამათზე მეტს მაინც, ყოველ შემთხვევაში, ქართული სულის ადამიანია, ამ ორმა კაცმა გაუკეთა ყველაფერი, ივანიშვილმაც ხომ უთხრა პირდაპირ, _ ცოლის ნათესავები დაგაქცევენო! ჩემს სიტყვებს ძალიან კარგად ვაკონტროლებ. თუ ჯანყარაშვილი და ქადაგიშვილი ხუთშაბათამდე ჩემთან არ მოვლენ, მე ამ საქმეს სამართლებრივად გავაგრძელებ! ვინც არასწორად მოიქცევა, მოწმეებიდან დაწყებული, იმათაც პასუხს ვაგებინებ! გინდ ქრისტიანი დამარქვან, გინდ არაქრისტიანი, ამ ამბავს ვერ ვაპატიებ! ვაი იმ მოწმეს, ვინც ამ ამბავში არასწორად ჩაერევა! წინასწარ ვეუბნები ღარიბაშვილს, თუ არ უნდა შავები ჩაიცვას თავისი ცოლის ნათესავებზე, ისინი ჩემთან მოვიდნენ! თუ სამართალს ვერ ვიპოვი, დასაკარგი არაფერი მაქვს, ჩემს ღირსებაზე წინ ვერც ცოლს დავაყენებ, ვერც შვილს და ვერც ძმაკაცს! როცა ჩემს ღირსებაზე წინ დავაყენე მეგობარი და ჩავყლაპე, მაშინ დავაშავე, ეს არ უნდა მექნა! კაცი გამანახევრეს, რაც ჩემს ოჯახსა და ჩემი შვილების მომავალზე ძალიან ცუდად აისახება! როცა რაღაც შემეძლო, ყველა ჩემ გვერდით იდგა, ეს ამბავი რომ დამემართა, ორი თვის მანძილზე სახლში უპატრონოდ ვეყარეთ, კაცს არ მოვუკითხივარ! ჩემამდე ვერ მოვიყვანე, მეტი რა უნდა მეთქვა, ინვალიდი ვარ, გადაეცი-მეთქი… ჩემზე მაგარი ბიჭები რით არიან? ვნახოთ, ახლა, ვინ ვისზე ნაკლებია, არ ვაპატიებ და სანამ ცოცხალი ვარ, არ გავახარებ, ეს რის ჩემი ბოლო სიტყვა!

 

თამარ ბატიაშვილი