სიკეთეს მადლიერება სჭირდება!

გამარჯობა, საქართველო!

ამ წერილს მხოლოდ ორი მიზეზით ვწერ: პირველი მიზეზი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, ათასობით ადამიანი ელოდებით ჩემგან ნათქვამ სიმართლეს, რა ხდება გლდანში და როგორია ჩემი თვალით დანახული აქაურობა; მეორე მიზეზი ისაა, როცა ადამიანი ღირსეულად და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, ცდილობს, ერთფეროვნებაში დაკეტილ მსჯავრდადებულებს ხვედრი შეუმსუბუქოს გამხნევებით, ისინი ნამდვილად იმსახურებენ საჯარო შექებას, მით უმეტეს, ჩვენს დროში, როცა ადამიანური ფასეულობების მიჩქმალვა ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, სიკეთეს მადლიერება სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს მოტივაცია გაეზარდოთ. ამიტომ ვწერ ამ წერილს და არა იმიტომ, რომ ვინმეს კოჭის გაგორება სჭირდება.

მთელმა გლდანმა იცის, რომ სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კახელების კარტელის პოლიტიკური პატიმარი ვარ და რაიმე პროვოკაცია აქ გამორიცხულია. ვიღაც პატარა სულის არსება პირიქით, რაიმე ცუდს ეცდებოდა ჩემს ადგილზე, ალბათ, ხმაურის გამოსაწვევად, მაგრამ რა სისულელეა?! _ ეს არასოდეს მოხდება ჩემგან! მე მე ვარ ჩემი მორალითა და ზნეობით.

მაშ, ასე! ჩემო კეთილო მკითხველო, თუ დღეს სადმე გასაოცარი დემოკრატიაა, ეს ციხეა. სხვაგან რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ აქ, გლდანის მერვე საპყრობილეში, ასეა ჩემ გარშემო. თვეში სამჯერ, როცა დარეკვის დრო მაქვს, შემიძლია ავიღო ტელეფონი და დეპარტამენტის უფროსს, თუნდაც მინისტრს დავურეკო. არც ყურმილზე მეცემა ვინმე, არც ტელეფონს გამითიშავს, ისიც ზუსტად ვიცი, ერთიც და მეორეც მიპასუხებენ, როცა ტელეფონს დახედავენ (ციხის ზარს ამოსაცნობი ნომერი აქვს). სანამ თემას გავშლი, აქვე პირდაპირ და გასაგებად დავწერ: ნეტა, ბევრი კახიშვილი გვყავდეს სხვადასხვა უწყების მინისტრად, წინ ვიქნებოდით ბევრ სფეროში. ეს ადამიანი საუკეთესო ნიმუშია ზნეობისა და პასუხისმგებლობის. სისტემა, გინდა-არ გინდა, ჩვენნაირ ქვეყნებში შეფებზე დგას, მაგრამ როცა შეფი წესიერია, მოადგილეც წესიერია, დეპარტამენტის უფროსიც, ციხის დირექტორიც და რიგითიც. მე რასაც ვუყურებ, სისტემა ღირსეულების ხელშია.

ახლა უფრო კონკრეტულად: ჩემ მიმართ დამოკიდებულებას ცალკე შევეხები (რამდენიმე ადამიანი პერსონალურად მინდა, მოვიკითხო). პატიმრების მიმართ დამოკიდებულებას ვაკვირდები, სადაც თვალი და ყური მიმიწვდება, ყველგან ზრდილობა მესმის და ზრდილობას ვხედავ. 100 დღეა, აქ ვარ და ჩემ გარშემო არანაირი კონფლიქტი და შელაპარაკება არ გამიგია. გაითვალისწინეთ, _ ეს ციხეა და არა თეატრი ან პანსიონი, სადაც დახვეწილი მანერების გარეშე შორს ვერ წახვალ.

მოკლედ, ვიქცევით ისე, როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ. მარტივად რომ ვთქვათ, სიმშვიდე და სიწყნარეა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პატიმარს მოვიკითხავ, _ აქ ვარ და თქვენ გვერდით ვარ, მე თუ ვერა, გარეთ ჩემებს მიაწვდინეთ ხმა, თუ ფორმიანი ვინმეს ცუდად მოგექცევათ (რაც არა მგონია, მაგრამ ციხეა და ერთეულ შემთხვევებს უნდა ვებრძოლოთ, რომ ის არასოდეს განმეორდეს, რაც ადრე ხდებოდა). ასევე მინდა მოვიკითხო ის ოფიცრები და ზედამხედველები, რომლებისგანაც (უნდა გავამხილო და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ) იმდენ ადამიანურ და კეთილ დამოკიდებულებას ვიღებთ.

აი, ისინიც: ძია როინი _ ოქრო იუმორის პატრონი კაცი; გოჩა _ ჩემი კბილა და ტოლი, რომელიც ჩემი მეგობარია (ზოგადად, ფორმით და სკამით არ ვარჩევ მეგობრებს); აქეთ სოსო და გიორგი; რამაზი _ 50 წლის კაცი, რომელიც ნიკუშა იყო და არის ჩემთვის და არა ნიკა, ისეთი უშუალოა; იმერელი ლერი, რომელთანაც საუბარს სულ ვწელავ მარტივი მიზეზით, იმერული კილო და საუბარი მენატრება, ოქრო კაცი; ასევე შოთაც. აქაც როტაციაა ხოლმე და ყველაზე მეტად მამუკას სხვა კორპუსზე გადაყვანა მეწყინა, _ ეს ქართლში გაზრდილი კაცი, რომელმაც ყმაწვილკაცობა სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ომებში გალია, ჩემთვის ქართული სისხლისა და სულის ზეობასთან და სინდისთან ასოცირდება. უბრალოდ, დამაკლდა მამუკასთან საუბრები. ღმერთმა სიკეთე მოგცეს, მამუკა!

ასევე მოვიკითხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ადმინისტრაციულ კორპუსში არიან; დიდ ადამიანობას ვგრძნობ შეხვედრების ოთახში; ასევე ქვემოთ კარანტინის ოფიცრებისგან. ბევრის სახელი და გვარი არ ვიცი, ზოგის არ მახსოვს, მაგრამ ერთი ადამიანი ჩემთვის ნამდვილად ეტალონია ქართველი ოფიცრისა და ესაა კახა, _ კანონმორჩილებისა და წესიერების მაგალითი. ასეთები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გამო და მოდი, ასეც ვთქვათ, არც ისე დიდი ხელფასის გამო, ღამეებს ათენებენ; აქვე მოვიკითხავ საბადრაგო სამსახურის ბიჭებს, რომლებიც სულ მამხნევებენ და მგულშემატკივრობენ მეც და ბიჭებსაც. მადლობა, კეთილო ადამიანებო!

ასეთები არიან ის ფორმიანები, ჩვენთან ერთად რომ ტეხენ დროს, რომელიც აქ, თითქოს, გაჩერებულია.

ახლა თეთრხალათიანებს გაგაცნობთ: მთავარ ექიმ ლევანს, რომელსაც მართლა თავი აქვს გადადებული აქაურობისთვის. ჩვენს ფლიგელში არიან მოწოდებით და შეგნებით ექიმები და დედები. ქალბატონი ეთერი და ქალბატონი ქეთი _ არაჩვეულებრივი ადამიანები. ეთერი ვიცი, არ მიწყენს და განსაკუთრებით ქეთისთან საუბარი მიყვარს. ის აწგანსვენებული ქართველი პატრიოტი გენერლის მეუღლეა, რომელმაც დააპროექტა და ააწყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც, მერე როგორც ხდება ხოლმე, სხვებმა გადაიბრალეს. ქალბატონმა ქეთიმ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, სხვის შვილებს აქ დედობას გვიწევს და მაქსიმუმს აკეთებს. აფერუმ, თქვენს შეგნებასა და თავდადებას. აქვე მოვიკითხავ მაიკოს, მის შემცვლელ ქალბატონს და იმ პატარა ცქრიალა გოგოს, რომლის სახელებიც არ მახსოვს.

ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შევინახე და ეს ჩვენი ფოსტალიონიც, ბიბლიოთეკარიც, სოციალიც, ძმა და და _ მეგობარი ირმაა. ირმას გამოჩენა და ხალისი 78-ე საკანში ერთია. მოგვაყრის წერილებს, წიგნებს, პოზიტივს და ჩვენც ხელგაშლილი ვეგებებით, ხანდახან ვმაიმუნობთ. იცის ჩემი დამოკიდებულება რევოლუციასთან და, ზოგადად, საფრანგეთთან, დათოია ლიდერიე, არა დათო ლიდერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე უკეთ ჟღერს. სასამართლოს წინ ვუთხარი, _ ირმა, წიგნები რაც შემომდის, ყველას ბიბლიოთეკას დავუტოვებ-მეთქი, წიგნის დიდი თაყვანისმცემელია და იცის წიგნის ფასი, ძალიან გაუხარდა. ასეთია ჩვენი სამყაროს ადმინისტრაციული კორპუსი.

სუს-ის ორი ოდეერიც შემხვდა _ რა თქმა უნდა, ეგრევე გაიშიფრა.

მინდა, ბატონი ნოდარიც მოვიკითხო ციხის დირექტორი და მადლობა ვუთხრა. ერთხელ ვნახე, მაგრამ კარგი კაცი და კარგი მენეჯერია;

აქვე მინდა მოვიკითხო პულტთან მყოფი ადამიანები, 24/7-ზე რომ გვაკვირდებიან. ახლა შუა ღამეა, 4-ს აკლია ოცი წუთი და ეცინებათ, ალბათ, ამ შუაღამეს რა წერამ აიტანაო. წაიკითხავენ, რასაც ვწერ, _ ადამიანებსა და ჯანდაცვაზე გიამბეთ.

ახლა მივადგეთ კვებას _ 4-ით! რამდენიმე რეკომენდაციას კი გაახლებთ სიამოვნებით!

1) ხანდახან ხილმა იცის მოგროვება და იქნებ, მოგვცეთ საშუალება, ბიჭებს გავუნაწილოთ; 2) ბარათზე ლიმიტი (500 ლ.) ძაან ცუდი ლიმიტია, ეს ახირებას უფრო ჰგავს ვიღაცისას. არ შეიძლება, თამაში არგუმენტი იყოს. თამაში ვისაც უნდა, ისედაც მონახავს საშუალებას და არა მგონია, ჩაკეტილ გარემოში „თამაში“ ვინმეს უნდოდეს, ზოგადად. მოკლედ, აწიეთ 1000 ლარზე, არაფერი დაშავდება (თან უხერხულობასაც ქმნის სხვის სახელზე ჩარიცხული, თუ ის სხვაგან გადაიყვანეს, რატომ უნდა იგრძნოს თავი უხერხულად, როცა ბარათს წაიღებს?)! მოკლედ, 500-ლარიანი ლიმიტი ზედმეტ ბიუროკრატიას ჰგავს, ჩემი აზრით; 3) ჰო, რაღა დაგიმალოთ და ზაფხულში კვირაში ორჯერ ბანაობა კრიტიკას ვერ უძლებს. კი, ახლა გრილა, მზეც გერიდებათ, ხომ ხედავთ, მას მერე, რაც ასე უზნეოდ იბოროტეთ და ტყუილად დაგვიჭირეთ, მაგრამ მაინც ხომ გასიცხდება და თუ ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება, იქნებ, ზაფხულში მაინც ერთი დღე დაგვიმატოთ ბანაობის! ეს მოკლედ. გზადაგზა კიდევ მოგაწვდით რეკომენდაციებს, ახლა კი იმ მიზეზზე, რაც თავში ვახსენე: კიდევ, იცით, რატომ არის სიმშვიდე და საოცარი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ? _ თბილისს გამორჩეული ადამიანებისგან ცლიან-მეთქი, _ ტყუილად არ მიხსენებია. ზოგს შეცდომები შეიძლება ჰქონოდა კიდეც, ზოგს ჩაგვიდეს, ბევრს მოუწყვეს და ასე მოვიყარეთ ქართველი ერის ჯანსაღი ორგანიზმის მოაზროვნე, პრინციპულმა ნაწილმა ერთ გადახურულში, ჩვენდა უნებლიეთ და ბოროტის ნებით თავი! ასე რომ,  „კლიმენტიჩ-ყორღანაშვილებს“ რომ ჰგონიათ, აუ, ერთად შევყარეთ და აწი ერთმანეთს დაჭამენო! პირიქით კი გამოვიდა _ ბიჭებმა, ქართველებმა, მხარი მხარს მივეცით, ერთმანეთი გავამხნევეთ, რიგები შევამჭიდროვეთ და ერთ ხმაში აგუგუნებულები მოვდივართ იმ რთული, ეკლიანი გზით, რასაც თავისუფლებისკენ მიმავალი კაცობის გზა ჰქვია! აქ ფეხბურთელი ხარ, კალათბურთელი, ჟურნალისტი, კაი ბიჭი, მსახიობი, თუ „ხადავშიკი“, სისტემის იქით სულ ერთია, ჩვენ ქართველები ვართ! სამშობლო გვიყვარს და უწმინდესი იდეა გვაერთიანებს _ ამ იდეას ჩვენი შვილების ბედნიერი მომავალი ჰქვია, წესიერი, ქართული, სამართლიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საქართველო ჰქვია, ამ ემოციას ვერც ერთი ციხე ვერ დაიტევს და ამიტომ გამოვაღებთ კიდეც ციხის კარს! ასე რომ, ძმებო და ხალხნო, გარეთ, წინ _ გამარჯვებისკენ!

 

  1. S. შს მინისტრ მღებრიშვილს, ჯერ კიდევ, ბატონოს! მე, პოლიციელის შვილი, პოლიციელის ძმისშვილი, პოლიციელის ბიძაშვილი რატომ ვერ ვწერ რამე თბილსა და კარგს შენს პოლიციაზე მაშინ, როცა მამის მხარე მუნდირს ემსახურებოდა მთელი დინასტია. იფიქრეთ ამაზე, როცა მარტო დარჩებით საკუთარ თავთან!!! როცა 8800 ადამიანი წლის განმავლობაში ამბობს იმას, რომ, სულ მცირე, არასათანადოდ მოეპყრნენ, ეს სისტემისა და თქვენი პრობლემაა, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ, რა თქმა უნდა, და ის საქმე გიყვართ, რასაც თავში უდგახართ. საქართველოში პოლიტიკას ამა თუ იმ სფეროში პიროვნებები ქმნიან!

 

P.P.S. ყველა ღირსეული და წესიერი პოლიციელი ჩემი პირადი მეგობარია! ამასაც მინდა, ხაზი გავუსვა!!! ასე რომ, ყველაფერი მაშინ იწყება, „ყორღანაშვილებს“ დამთავრებული რომ ჰგონიათ!