ადგილობრივი არჩევნების სამზადისი, ვის რა მიზანი აქვს ოპოზიციაში?

მოლოდინი, რომ გასულ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები გაიმართებოდა, არ გამართლდა. კონსენსუსის მისაღწევად დიალოგი იგვიანებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. ჩამოსაყალიბებელი კი ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხებია.

უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა მზად, მნიშვნელოვანი დათმობა განახორციელოს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მომავალი საპარლამენტო არჩევნებიდანვე დასთანხმდეს?

საზოგადოება უკვე შეეგუა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსთან დაკავშირებით თავისი, ორიგინალური დამოკიდებულება აქვს. მათთვის კონსენსუსი არის არა პოლიტიკურ სპექტრთან შეთანხმების მიღწევა, არამედ ირაკლი კობახიძესა და მაჟორიტარ კახა ოქრიაშვილს შორის საერთო ენის გამონახვა. მათ გულწრფელად ჰგონიათ, რომ კონსენსუსი არის ის, რაც მხოლოდ ხელისუფლებას სურს და ძალიან უკვირთ, რატომ არ თანხმდებიან ასეთ სახელისუფლებო კონსენსუსს სხვები?

ორი კვირა გავა მალე, რაც „ოცნების“ ლიდერებს სტრასბურგში მკაფიოდ აუხსნეს და განუმარტეს, რას ნიშნავს დელეგიტიმაცია! რას ნიშნავს კონსენსუსი და რაოდენ აუცილებელია სხვებთან მოლაპარაკება, როცა კონსტიტუციის გადასინჯვას ახორციელებ! როგორც ჩანს, „ვენეციის კომისია“ და ევროსაბჭო იმდენად დამაჯერებელნი იყვნენ, რომ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ სტრასბურგიდან, ხოლო პრემიერმა თბილისიდან სასწრაფოდ გააკეთეს განცხადებები: მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვისო. რამდენიმე დღეში კი მათი ეს შემართება სადღაც დაიკარგა და განცხადებებსაც ძველებური პათოსი დაუბრუნდა. მაგალითად, ასეთი: ჩვენ საკონსტიტუციო განხილვების პროცესს პარლამენტში არ შევაჩერებთ… ჩვენ მესამე მოსმენას მაინც ჩავატარებთ… ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბებულა, რა უნდა და ა. შ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ყველანაირად ჩანს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების, ბლოკებისა და ბარიერის თემები მათ სერიოზულად აშორებს ერთმანეთს, მაგრამ ასევე მათთვისვე სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა ჯერ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. არადა, ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ ესაა, _ მოიმხროს რომელიმე ოპოზიციური პარტია მაინც და მაგალითად, ბლოკების დათმობით, „გააპრავებინოს“ ერთჯერადად, 2020-ში შერეულ მაჟორორიტარულ სისტემაზე დარჩენა. რამდენიმე დღის წინათ „ოცნების“ წარმომადგენლებმა ვეღარ დამალეს თავისი ეს დაუოკებელი სურვილი და ღიად დასვეს კითხვა: რას ითხოვს ოპოზიცია იმის სანაცვლოდ, რომ შევჯერდეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტში უკვე ორი მოსმენით არის განხილულიო?

ცნობისთვის: მესამე მოსმენისას კანონპროექტში არსობრივი ცვლილებების შეტანა აკრძალულია. ასეთ დროს მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შედის, ანუ მხოლოდ პუნქტუაცია, ან რამე სტილისტური ხარვეზი. ხელისუფლება კი დაჟინებით იმეორებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ერთის მხრივ, ის ამბობს, რომ მზადაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც, ბუნებრივია, საბოლოოდ, კონსტიტუციაში უნდა აისახოს; მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესს არ შეაჩერებს და შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მაინც უყრის კენჭს. ე. ი. ხელისუფლება ან გვატყუებს, ან გვაბრიყვებს. თუ ძირეულ საკითხებზე შეთანხმებისთვის მზადაა, ეს ცვლილებები რედაქციაში მესამე მოსმენით მაინც ვერ შევა და თუ მესამე მოსმენას „ოცნება“ მაინც ჯიუტად აპირებს, მაშინ რაზედაც არ უნდა შეთანხმდნენ ოპოზიციასთან, ყველაფერი ცარიელი სიტყვები დარჩება, რადგან კონსტიტუციაში ის ვერ მოხვდება.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება კვლავ სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობს. ამისთვის კი ყველაზე კარგი საშუალება დროის გაჭიმვაა. ეს დაუსრულებელი კინკლაობა იმის თაობაზე, რომ მე ეს მინდა და შენ სხვა რამ გინდა, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ფაქტია, რომ „ოცნება“ დაპირებულ მოლაპარაკებებს გაურბის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პროცესში შესვლა მაშინ, როცა წინასწარ არ იცი, რას მიიღებ, ან რას დაკარგავ, ძალიან სარისკოა. თუ, ბოლოს და ბოლოს, დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაინც დაიწყო, ის ყველა შემთხვევაში გამადიდებელი შუშის ქვეშ ეყოლება ევროსაბჭოსაც და „ვენეციის კომისიასაც“. გულწრფელად რომ ვთქვათ, არც „ვენეციის კომისიას“ და არც ევროსაბჭოს დიდად არ ანაღვლებს, საქართველოში საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციული, ან ბარიერი რამდენი იქნება და ბლოკებს თუ შექმნიან პარტიები. მათთვის მთავარია, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები რამეზე მაინც შეთანხმდენ და კონსენსუსის შედეგად რაც უნდათ, ის დაუკანონებიათ. ამიტომაა დღეს უმნიშვნელოვანესი ოპოზიციური ერთობა საარჩევნო სისტემის გარშემო. როგორც კი ხელისუფლება ამ ერთობიდან რამდენიმე, თუნდაც ერთკაციან პარტიას ამოაძრობს და გაურიგდება, „ვენეციის კომისიას“ აღარ ექნება იმის თქმის საშუალება, რომ ხელისუფლება ვერავისთან აღწევს კონსენსუსს. ასე რომ, ბეწვის ხიდზე სიარული გრძელდება.

როცა დიალოგის პროცესი ასე იჭიმება, ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან დაყენებულ ულტიმატუმებზე დაიწყებს საუბარს. ასეთ დროს სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, მართლა არის თუ არა ულტიმატუმი გაჟღერებული. როგორც აბობენ, _ მიზეზ მიზეზ, დოს მარილი აკლიაო. როცა ხელისუფლებას უნდა, ოპოზიციის ნებისმიერ ფრაზას ულტიმატუმად გაასაღებს.

საინტერესოა, რა შეიძლება მოიმიზეზოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად? მაგალითად, ის, რომ ოპოზიცია, მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, უპირობოდ გადასვლას აყენებს? მართლაც, ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სისტემაზე ცვლილების გარეშე საუბარს შეუძლებლად მიიჩნევს, მაგრამ რამდენად შეიძლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა  ოპოზიციის ულტიმატუმად ჩაითვალოს? ყველას შესანიშნავად ახსოვს, რომ საკონსტიტუციო კომისიას, სწორედ, ხელისუფლებამ წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის 150-ვე დეპუტატი პროპორციული სისტემით უნდა ყოფილიყო არჩეული. გვახსოვს ისიც, რომ სწორედ ხელისუფლებამ ჩაატარა საჯარო განხილვის პროცესი და მთელი თვის განმავლობაში მოსახლეობას იმ პროექტს აცნობდა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს პროექტი გაუგზავნა ხელისუფლებამ „ვენეციის კომისიას“ და სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მისცა კომისიამ ერთადერთი პოზიტიური შეფასება. ახლა კი, როცა ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს, ხელისუფლება თავისსავე პროექტს დაუბრუნდეს, ულტიმატუმებით საუბარში მისი დადანაშაულება, ცოტა, გაუგებარია. სამაგიეროდ, თავად ხელისუფლება ისე ღიად აყენებს ულტიმატუმს, რომ შუბლზე ძარღვიც არ უტოკდება. მას შემდეგ, რაც მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი გვერდზე გადადეს და ყველას ისევ მაჟორიტარული სისტემა შემოგვაჩეჩეს, „ოცნების“ ულტიმატუმი ოპოზიციის მიმართ ასე ჟღერს: თუ გინდათ, მობრძანდით და იმ პროექტზე ვისაუბროთ, რომელსაც უკვე ორჯერ ვუყარეთ კენჭი პარლამენტშიო, ანუ საუბარია 2020-ში კიდევ ერთხელ არჩევნების შერეული მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაზე. თუ გინდათ, _ გინდათ, თუ არადა, შემოდგომაზე მესამე მოსმენითაც ვუყრით კენჭსო.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ბლეფობს. მას ნამდვილად არ აქვს დღეს ის მდგომარეობა, რაც მოესურვება, ის აკეთოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ვენეციის კომისიამ“ და ევროსაბჭომ ღიად განაცხადეს, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებულ კონსტიტუციას ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება. ასეთი საერთაშორისო ზეწოლის პირობებში ხელისუფლების გაჯიუტება ბავშვურ კაპრიზს უფრო ემსგავსება, ვიდრე თავდაჯერებულობას.

„ოცნება“ ბოლომდე შეეცდება თავისი ბლეფით ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანას. იქნებ, რომელიმე პატარა პარტიას ბოლოს ნერვებმა უმტყუნოს და დაიძახოს, მოდით, დავთანხმდეთ მაჟორიტარული სისტემის ერთჯერადად დატოვებას და სანაცვლოდ ბლოკების შექმნის უფლება მივიღოთო. მით უმეტეს, რომ ერთკაციანი პარტიებისთვის ბლოკების შექმნის უფლება გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვიდრე საარჩევნო სისტემა, ზოგადად. ეს, ალბათ, დიდი ხნის წინათ მოხდებოდა, რომ არა დანარჩენი ოპოზიციისგან და სამოქალაქო სექტორისგან თავდასხმის შიში. საარჩევნო თემატიკის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციიდან ამოხტომა და ხელისუფლების სატელიტებში გადახტომა არც ისე იოლი საქმეა. ეს ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, გაცილებით ადვილი იქნებოდა, _ ყველა თავის ინდივიდუალურ პოზიციას დაიცავდა და არავინ არავისთან ანგარიშვალდებული არ იქნებოდა. შესაბამისად, პასუხსაც ვერავინ ვერავის მოსთხოვდა. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა დღეს ოპოზიციის დაქსაქსვაა. თუმცა დაუსრულებლად ასე ვერ გაგრძელდება. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, ბოლოს და ბოლოს, კარტები უნდა გახსნან და უნდა გაირკივეს, თამაში კონსენსუსით დასრულდება, თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება?

გასული კვირის ბოლოს ჩვენმა ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, თან უახლოეს მომავალშიო. თუ მოლაპარაკებები პირველსავე დღეს დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ულტიმატუმის ერთგული დარჩა და ოპოზიციისგან მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის „გაპრავებას“ ითხოვს საკენკის სანაცვლოდ. თუ მოლაპარაკებებმა რამდენიმე დღე გასტანა, მაშინ ორი ვარიანტია: ან „ოცნება“ დათანხმდა პროპორციულზე გადასვლას, ან რაც ნაკლებ სავარაუდოა, მთელი ოპოზიცია გაურიგდა ხელისუფლებას. ყოველ შემთხვევაში, მთავარია, ერთი ადგილის ტკეპნა დასრულდეს და გაირკვეს, ქვეყანა მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გზით აგრძელებს სვლას, თუ კრიზისი ღრმავდება და კვლავ რევოლუციური სცენარისთვის უნდა ვემზადოთ?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების კიდევ ერთი კოზირი დროის გაჭიმვაა. კიდევ ერთი თვეც და საარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს. ასეთ დროს კი საკონსტიტუციო ცვლილებები ავტომატურად გადაინაცვლებს მეორე ადგილზე. წინა პლანზე წამოვა ყველა ის პრობლემა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, არადა, პრობლემები, როგორც არასდროს, ისე ბევრია.

ნორმალურ ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებული ყველას სამართლებრივი საკითხი, სულ მცირე, ერთი წლით ადრე არის ხოლმე მოგვარებული. საქართველოში ეს ვერასდროს მოხერხდა. ჩვენ, როგორც წესი, სამი-ოთხი თვით ადრე შეგვაქვს ხოლმე ძირითადი ცვლილებები კანონში. მაგალითად: 1014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე გადაწყდა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა მერების არჩევისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერის დაწესება.

ასეა მუდმივად, _ ერთი წლით ადრე მოსაგვარებელ საკითხებს ბოლო მომენტამდე არ ვაგვარებთ და შედეგად პოლიტიკურმა სპექტრმა უკანასკნელ წუთამდე არ იცის, როგორი წესებით ჩატარდება არჩევნები, რაც, ბუნებრივია, არჩევნებისთვის სრულფასოვნად მომზადებას შეუძლებელს ხდის. წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები, ამ მხრივ, ნამდვილი რეკორდსმენი იქნება. სულ მცირე, პირველ აგვისტომდე არავის ეცოდინება, როგორ დაიყოფა საარჩევნო ოლქები, სად გაივლის ამა თუ იმ ოლქის საზღვარი და ა. შ.

საქმე ისაა, რომ საარჩევნო ხმის წონადობა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისევე თანაბარი უნდა იყოს, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა შერეული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გამო ქვეყნის ისეთ თანაბარ ოლქებად დაყოფა, სადაც თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი იქნება, ურთულესია. ჩვენი გეოგრაფიული და დემოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრგან ეს შეუძლებელიცაა.

ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გვაჩვენა, როგორ შეუძლია ასეთი „რეფორმის“ გატარება ქვეყანაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანება. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება დაყო საარჩევნო ოლქი, რადგან წინასწარვე ცნობილია, რომ ამ ხუთ რაიონში არჩეული ერთი მაჟორიტარი ვერც ერთს მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას და შესაბამისად, ვერც აქ მცხოვრები ამომრჩევლები მიიღებენ თავიანთი მაჟორიტარისგან იმას, რასაც ელოდნენ. არადა, ხმის წონადობის გათანაბრება 73 მაჟორიტარულ ოლქს შორის სხვაგვარად ვერ ხერხდება. მთაში ნაკლები ამომრჩეველი ცხოვრობს, ვიდრე ბარში. ერთადერთი ამ პრობლემის მოგვარების საშუალება ისევ მაჟორიტარული სისტემისა და, შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ასეთ შემთხვევაში, მთელი ქვეყანა იქნება ერთი საარჩევნო ოლქი და ხმის წონადობის გათანაბრების პრობლემაც ავტომატურად მოიხსნება.

73 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველთა ტოლ რაოდენობად დაყოფას ვნახეთ, რამდენი პრობლემა და გაუგებრობა მოჰყვა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა აჯაფსანდალს მივიღებთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, ათასზე მეტი მაჟორიტარული ოლქის გათანაბრებას რომ დაიწყებს ხელისუფლება. და თუ გავითვალისწინებთ გამოცდილებას, რომლითაც ხელისუფლება მსგავს რეფორმას ახორციელებს, წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მაჟორიტარულ ოლქებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ისევე კარაქივით დაჭრიან, ყოველგვარი სპეციფიკისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, როგორც საპარლამენტოზე ქნეს. ერთადერთი გამოსავალი აქაც ისაა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე, _ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ადგილობრივი არჩევნებიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

თუმცა ნურავის გაუკვირდება, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნებისთვის ხმის წონის გათანაბრებაზე საერთოდ უარი თქვას და ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის. მით უმეტეს, რომ ყველაფრის ძველებურად და უცვლელად დატოვება დღეს ხელისუფლების პოლიტიკაა.

ერთადერთი, რაც მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის გაირკვა, ესაა: პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ და უკანასკნელად (თუ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არაფერი შეიცვალა) მიეცემათ საშუალება, შექმნან პოლიტიკური ბლოკები და კოალიციები. რამდენად გამოიყენებენ ამ შანსს ოპოზიციაში, ეს ჯერ უცნობია, თუმცა გარკვეული ერთობის კონტურები, ნელთბილად, მაგრამ მაინც იკვეთება. გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები კონსულტაციებს აწარმოებენ მერობის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით და მათ რიტორიკას თუ დავეყრდნობით, პოზიციების შეჯერებაც არ უნდა გაუჭირდეთ.

ხელისუფლების კანდიდატი გარკვეულია. კალაძის შანსებიც ნათელია. ადმინისტრაციული რესურსი და ფინანსური უპირატესობა სერიოზული ფორაა. „ნაცების“ პოლიტიკური მიზნებიც გამოკვეთილია. მათი გეგმა არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ მეორე ადგილის გაფორმებაა, ამიტომაც ოპოზიციურ პარტიებთან სიტყვაც არ დაუსველებიათ, ერთიანი ფრონტით ხომ არ შევუტიოთ ხელისუფლებასო. სრულიად ნათელი და გასაგებია „ნაცების“ განაყოფის, „ევროპული საქართველოს“ მიზნებიც. მათ იმის დამტკიცება სურთ, რომ „ნაციონალების ელექტორატი“, პარტიის გაყოფის შემდეგ, ბოკერიას გუნდს ანიჭებს უპირატესობას და არა _ სააკაშვილის. ანუ მათი მიზანიც იგივეა, _ დაუმტკიცონ ყველას, რომ მომდევნოები არიან, თორემ ხელისუფლებასთან რეალურ ბრძოლაზე სართოდ არაა საუბარი.

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი კი ალტერნატივას ელის. ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არც „ნაციონალების“ გაგონება სურს და აღარც „ოცნება“ ეხატება გულზე. ის, რომ ასეთი ამომრჩეველი ქვეყანაში უმრავლესობაა, ბოლო ორმა არჩევნებმაც დაადასტურა. ამომრჩეველთა ნახევარი საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, მისული ამომრჩევლის ნახევარი კი ხელისუფლებას აღარ აძლევს ხმას. ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველთა ერთ მეოთხედზე ნაკლები უჭერს მხარს. ასეთი ვითარება კი ერთმნიშვნელოვნად წარმოაჩენს საზოგადოებაში ალტერნატიული კანდიდატის მოლოდინის არსებობას. სწორედ ამ ტალღაზე ხმების მიღებას გეგმავს ალეკო ელისაშვილი, რომელიც ცდილობს, იმით მოხიბლოს საზოგადოება, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კუდები არ აქვს გადაბმული. თუმცა, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, საინიციატივო ჯგუფით წარდგენილ ელისაშვილს მალე მხარდაჭერას „რესპუბლიკელები“ გამოუცხადებენ და, საბოლოო ჯამში, ამ პარტიის ნომრით იყრის კენჭსაცო. თუ ასე მოხდა, ელისაშვილის ზეპარტიული იმიჯი ხუხულასავით დაინგრევა, რაც მძიმე ელექტორალურ შედეგებს გამოიღებს. მაგას სჯობს, თავიდანვე გაჟღერებული პოლიტიკური გუნდით შევიდეს ბრძოლაში, საარჩევნო კამპანიის ბოლოს ამომრჩეველი სიცრუეში მაინც აღარ დაადანაშაულებს.

არსებული მოცემულობის ფონზე, თუ ოპოზიცური პარტიები, ან, თუნდაც, მათი სოლიდური ნაწილი შეძლებს და თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაასახელებს, დღეს არსებული კონფიგურაცია თავდაყირა შეიძლება დადგეს. ასეთ შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა ერთიორად იზრდება, ხოლო ის, თუ ვინ მოხვდება მეორე ტურში, ეს მთელი საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი ინტრიგა იქნება.

 

დემნა ვეშაპიძე