ჰენრი კუპრაშვილი: „უშიშროების საბჭოს გაუქმება მიმდინარეობს კონსტიტუციური სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის ფონზე“

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით უშიშროების საბჭო არსებული ფორმით ფუნქციონირებას შეწყვეტს. ქვეყნის პრეზიდენტს _ ნომინალურ მთავარსარდალს, უფლებაც კი არ რჩება, თუნდაც, ინფორმირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საშიშროებების შესახებ. მაგრამ პარადოქსულია, რომ საომარი მდგომარეობის დროს, სწორედ, პრეზიდენტს ეკისრება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ომსა და ომის წარმმართველ კონსტიტუციურ ორგანოზე. ამავდროულად, საომარი მოქმედებების დაწყებამდე პრეზიდენტი მოდელირების დონეზეც კი არ და ვერ იქნება ინფორმირებული კონკრეტული აუცლებელი ქცევებისა და საჭირო გადაწყვეტილებების თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე და, ზოგადად, უშიშროების საბჭოს არსებობის აუცილებლობასა და სავალდებულო ფუნქციების შესახებ ქართული საზოგადოება ბოლომდე ინფორმირებული არ არის, გადავწყვიტე, თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით ინტერვიუ მეთხოვა პროფესორ ჰენრი კუპრაშვილისთვის, რომელიც „უშიშროების საკითხების“ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია.

 

ჰენრი კუპრაშვილი:

_ უაღრესად დიდ პატივს გცემთ, ბატონო გოჩა. მრავალი წლის შემდეგ, მხოლოდ ამის გამო, პირველად დავთანხმდი პოლიტიკური პროცესების შესახებ ინტერვიუს მოცემას. იცით, რომ ტაბუ მაქვს დადებული და მხოლოდ სპორტულ თემაზე ვურთიერთობ მასმედიასთან.

_ დიდი მადლობა, ბატონო ჰენრი. უშიშროების საბჭო ამჟამად არსებული ფორმით ფუნქციონირებას შეწყვეტს, ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

_ ჩემთვის უფრო მეტად სავალალო ის ფაქტია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს კონსტიტუციური სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის ფონზე. დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა. ხომ ცნობილია, რომ სპეცსამსახურების საბრძოლო არსენალში ერთ-ერთი „ხერხია“, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობაში საკუთარი სახელმწიფო ორგანოებისადმი  უნდობლობისა და ნიჰილიზმის დანერგვა. ამას წარმატება მოაქვს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრივი აზროვნება სუსტია. ჩვენთან, ამ მხრივ, წინათაც და ახლაც, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურობენ ხოლმე, მათთვის პარტიული ინტერესებია წინა პლანზე.

_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

_ როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფოს მართვის პროცესთან, მეტი სერიოზულობაა საჭირო. თუ გინდა, მაინცდამაინც, ამ სფეროში მოღვაწეობა, მაშინ უნდა დაივიწყო საკუთარი და პარტიული ინტერესები, იხელმძღვანელო, მხოლოდ და მხოლოდ, სახელმწიფო ინტერესებით. ცხადია, ხელისუფლება მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კომპეტენტური პიროვნებებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, ანუ „სახელმწიფო კაცებით“, და არა პარტიულ და პირად ინტერესებზე ორიენტირებული მუშაკებით, სანათესავო-სამეგობროთი, ან აქტიური პარტიული მომიტინგეებით.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაში არ მომხდარა საკუთრივ ეროვნული უშიშროების შინაარსის კონცეპტუალური გააზრება, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით ეროვნული უშიშროების სფეროებში რეალური პრიორიტეტებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გადასაწყვეტი ამოცანების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, არ არის სათანადოდ გააზრებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციაც.

_ საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორების გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანას არაფრის მაქნისი ორგანო ჰყავდა?

_ არაფრის მაქნისი არ ითქმის, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ უშიშროების საბჭოს მთელი საქმიანობა, შექმნის დღიდანვე (1996), არ შეესაბამებოდა დანიშნულებას _ საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფას. მაგალითად, პრეზიდენტ ედუარდ შევარდანაძის დროს „თეთრი მელას“ დიპლომატია მთლიანად მიმართული იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის რეალიზებისთვის და ამით დასავლეთის ინტერესების გააქტიურებით, რაღაცა დოზით მაინც, დამოუკიდებლობის გარანტიების მოპოვებაზე. იგი გარეგნულად კრემლს „უგორებდა“ და ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებსაც მისი სურვილის გათვალისწინებით ნიშნავდა. ამიტომ, გარკვეულად, მოსკოვის ხალხით დაკომპლექტებულ უშიშროების საბჭოსა და ვითომ „საიდუმლო“ სხდომებს „შირმად“ იყენებდა იმპერიის დანგრევის „შოკიდან“, ჯერ კიდევ, გონს ვერ მოსული, სუსტი ბორის ელცინის დროინდელი რუსეთის ყურადღების მოსადუნებლად. ამბობდა კიდეც: როცა იცი, ვინ არიან აგენტები, სადავეების მართვა უფრო ადვილიაო…

_ სააკაშვილის მმართველობისას?

_ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდებული სულსწრაფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არ დაგიდევდათ ეროვნული უშიშროების საბჭოს არსობრივ ფუნქციებს, მის დროს დაიწყო შევარდანაძის მიერ უკრაინის ეუს-ს „ყაიდით“ შექმნილ საბჭოზე, ახლა უკვე ამერიკული „სტილის“ ასევე გაუაზრებელი დამყნობა.

_ დღეს რა ხდება?

_ რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ მდგომარეობას, ამ ინსტიტუტისადმი ორივე მხარის არასახელმწიფოებრივმა მიდგომამ ისეთი სავალალო ვითარება შექმნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხსენება, სპეციალისტების თვალში, მხოლოდ ირონიას იწვევს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღემდე ვერ გაუგიათ (ძველებსაც და ახლებსაც), რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ორიენტირებული უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენაზე და მათი თავიდან აცილების ღონისძიებათა ვარიანტების შემუშავებაზე. ვიმეორებ: მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენა; ხოლო უკვე არსებული საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის არსებობენ შესაბამისი ოპერატიული სტრუქტურები: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვ. ჩვენთან აღრეულია ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ძალოვანი ოპერატიული სტრუქტურების ფუქციები.

_ თუ შეიძლება, უფრო რომ დააკონკრეტოთ.

_ ეს საბჭო არ არის ოპერატიული ძალოვანი ორგანო, იგი არის სათათბირო ინსტიტუტი. ამიტომ ღიმილის მომგვრელი იყო აგვისტოს ომის დროს გორში უშიშროების საბჭოს მდივნის საჯაროდ, ტელეკამერებში გამოჩენა, მას კაბინეტში ექსპერტ-ანალიტიკოსებთან ერთად საფრთხეების გამოვლენა-თავიდან აცილებაზე უნდა ემუშავა, ხოლო ბრძოლის ველზე პროფესიონალ ძალოვნებს უნდა ემოქმედათ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი უნდა კომპლექტებოდეს ექსპერტ-ანალიტიკოსებით, რომლებიც აპარატის ქვედანყოფებების მიერ კურირებად სფეროებში მომზადებული ანალიზის შედეგების მიხედვით აკეთებენ ქვეყანაში ეროვნული უშიშროების მდგომარეობის საერთო ანალიზს, პროგნოზს, მოდელირებასა და, შესაბამისად, ამზადებდეს ხელისუფლების მიერ ეროვნული უშიშროების უზრუნველსაყოფად მისაღებ გადაწყვეტილებათა რამდენიმე ვარიანტს, რაც შემდეგ ყოველდღიურად მიეწოდება უმაღლეს ხელისუფალს. მაგალითად, აშშ-ში ასეთი დოკუმენტი ორ გვერდს არ აღემატება.

_ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას და ამ კონტექსტში შეგეკითხებით: როგორ ფიქრობთ, ცვლილებების უმთავრესი მიზანი მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის არსებული დაპირისპირება ხომ არ არის?

_ გარედან, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული უპარტიო ადამიანის თვალით, ნამდვილად, ასე ჩანს. თვითონ ვერც ხედავენ, ისე არიან ურთიერთდაპირისპირებაში ჩაფლულნი. რთულ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესთა კვეთის არეალში მოქცეული საქართველო უამრავი საშიშროებისა და გამოწვევის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა და ნაკლები დანაკარგებით ქვეყნის წინსვლა-განვითარებაზე ძალისხმევა. ასეთ ურთულეს სიტუაციაში ჩვენი ენერგია იხარჯება არა გარეშე მტერთან ბრძოლაში, ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის ხელებდაკაპიწებულ შრომაში, არამედ პარტიათა და პიროვნებათა შორის გაჩაღებულ, ბიოლოგიური სიძულვილით გაჟღენთილ, გააფთრებულ შიგა ურთიერთდაპირისპირებაში.

არასახელმწიფოებრივი და ვოლუნტარისტული მიდგომის ნათელი მაგალითია პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს პარალელურად მთავრობასთან არსებული სახელმწიფო „უსაფრთხოებისა“ და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა. სხვათა შორის, ეს ვოლუნტარისტული ქმედება აზარალებს ბიუჯეტს და მისი შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება ამომრჩეველს. ახლა გვაქვს ორი ურთიერთდაპირისპირებული, ფუნქციურად გამოუყენებელი ინსტიტუტი.

_ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საომარი მოქმედების დროს, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ომს. თუ ამ სიმბოლურმა ფიგურამ მანამ არაფერი იცის არც შეიარაღებული ძალების, არც მისი მშენებლობის, არც უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რამდენად მართებულია, იგი იყოს ასეთ დროს პროცესის წარმმართველი?

_ მუხლები, რომლებიც ამ საკითხებს ეხება, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და, იმ დონეზე, რომ განხილვასაც აზრი ეკარგება.

_ რეალურად, რა იქნებოდა ქვეყნისთვის იდეალური ინსტიტუციური მოდელი?

_ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ინტერესების გათვალისწინებით, მისაღებად მიმაჩნია ინსტიტუციური მოდელი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტო ძლიერი, გამოკვეთილად დამოუკიდებელი და ერთმანეთის დამაბალანსებელია. ჩვენს შიგა საქმეებში უცხოეთის სპეცსამსახურების გავლენა ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა მათი გავლენისა ხელისუფლების დაკომპლექტებაში. ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ სამივე შტოს მართვის სადავეების ხელში ჩაგდების შესაძლებლობის შანსი ნაკლებია, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი შტოა დომინანტი, მაშინ მისი დაკომპლექტებისა და ზეგავლენის ბერკეტების ხელში ჩაგდების შანსი მეტია, შესაბამისად, ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკური კურსის შეცვლაც არ გაუჭირდება.

_ საერთოდ რა არის ეს ეროვნული უშიშროების სისტემა?

_ მთავარი ობიექტები, რისთვისაც სახელმწიფო ეროვნული უშიშროების სისტემას ქმნის, არიან: 1. ერი (საზოგადოება), მისი მატერიალური და სულიერი ფასეულობები; 2. სახელმწიფო, მისი კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; 3. პიროვნება, მისი უფლებები და თავისუფლებები.

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეროვნული უშიშროების ერთიან სისტემაში მოიაზრება მრავალი კომპონენტი: სამხედრო-თავდაცვითი უშიშროება; საინფორმაციო უშიშროება; პოლიტიკური უშიშროება _ შიდასახელმწიფოებრივ-პოლიტიკური უშიშროება, საგარეო-პოლიტიკური უშიშროება; ეკონომიკური უშიშროება _ საფინანსო-საბიუჯეტო უშიშროება, სასურსათო უშიშროება და სხვ.; ენერგეტიკული უშიშროება; საზოგადოებრივი უშიშროება; ეკოლოგიური უშიშროება; საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ტექნიკური უშიშროება, სოციალური უშიშროება; ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოქალაქეთა პირადი უშიშროება; ჯანდაცვის უშიშროება; დემოგრაფიული უშიშროება და სხვ. ცხადია, ეროვნული უშიშროების შემადგენელი კომპონენტებიდან რომელიმეს პრიორიტეტულობას განსაზღვრავს მოცემულ მომენტში ქვეყნის განვითარების სპეციფიკა, სახელმწიფოს მიზნები, არსებული საფრთხეები და წარმოქმნილი ან მოსალოდნელი მუქარები.

ეროვნული უშიშროების ამ ცალკეულ მიმართულებათა ერთიან სისტემაში ინტეგრირებისთვის საჭიროა ყველა მისი შემადგენელი ნაწილის საერთო კონცეფტუალურ საფუძველზე გააზრება და ერთიანი სტრუქტურული ფორმით წარმოდგენა, ყველა მიმართულებით მართვის მექანიზმების განსაზღვრა, სისტემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დამუშავება და მართვის ინსტიტუციური უზრუნველყოფა.

_ საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ რა შედეგი უნდა დადგეს მისი რეალიზებით?

_ ამგვარმა პრაგმატულმა ორიენტაციამ უნდა განაპირობოს ყოველი მისი შემადგენელი ნაწილის სტრუქტურა, რომელშიც აისახება შესაბამისი პრობლემური სფეროს ორგანიზაციის რაციონალური საფუძვლები და ძირითადი შემადგენელი ნაწილები: 1. განსახილველი კონკრეტული სფეროს განვითარების ძირითადი სტრატეგიული ორიენტირები; 2. ძირითადი საფრთხეები, რომლებიც ამ სტრატეგიის განხორციელებას შეიძლება დაემუქროს; 3. ინდიკატორთა სისტემა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიკაცია; 4. ეროვნული უშიშროების სისტემის შექმნისათვის ხელისუფლების უახლოესი მოქმედების მიზნების განსაზღვრა; 5. ეროვნული უშიშროების მართვის სისტემის ინსტიტუციური მოწყობა: ა) ეროვნული უშიშროების სისტემის მართვის პოლიტიკის ფორმირება, რაც გულისხმობს სტრატეგიის ყოველ კონკრეტულ ხიფათთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელების მექანიზმების, აგრეთვე, ამგვარ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის საჭირო ყველა სახის რესურსის: ინფორმაციული, ინტელექტუალური, მატერიალური და სხვ. განსაზღვრას; ბ) მართვის ორგანიზაციული სისტემის ჩამოყალიბება; იმ სახელმწიფო (არასახელმწიფო) ინსტიტუტების განსაზღვრა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კონკრეტული სფეროს უშიშროება; უშიშროების კონკრეტულ სისტემაში პასუხიმგებელი ინსტიტუტების დადგენა; ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების პროგრამის დამუშავება და სხვ.

_ როგორია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ფუნქციური ანატომია, როგორი გვჭირდება იგი?

_ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სტრუქტურული ქვედანყოფები უნდა შეიქმნას ეროვნული უშიშროების პრიორიტეტული ამოცანების შესაბამისად. ისინი უნდა დაკომპლექტდნენ მკაცრად შერჩეული და შემოწმებული შესაბამისი სფეროს უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერ-ექსპერტებითა და ანალიტიკოსებით. ცხადია, უნდა გამოირიცხოს მომიტინგეები და მეგობარ-ნათესავები, პარტიული ნიშნით შერჩევა. უნდა შეიქმნას ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკი _ საგანგებო, რეგლამენტური, ანალიტიკური და საცნობარო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, დაცვა, მონაცემთა ბაზებში გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით განთავსება.

აპარატის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა ეროვნული უშიშროების შესაბამის (საკურაციო) სფეროში უნდა წარმართონ პროცესების მუდმივი, უწყვეტი მონიტორინგი და მათი ანალიზი; გამოავლინონ საფრთხეები, გამოწვევები, მუქარები და დაადგინონ მათი ცვლილება-განვითარების ტენდენციები; გააკეთონ პროცესების პროგნოზი, სიტუაციების მოდელირება და ეროვნული უშიშროების მოცემულ სფეროში მოემზადონ შესაბამისი წინმსწრები გადაწყვეტილებების ვარიანტების ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული უშიშროების პოლიტიკის _ სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების _ შემუშავებისა და გადაწყვეტილებათა ოპერატიული მიღების უზრუნველყოფისთვის.

_ რასაც თქვენ ამბობთ, საკმაოდ რთული განსახორციელებელია.

_ რა თქმა უნდა, ეუს აპარატის ამ ყაიდაზე გარდაქმნა არ არის ადვილი საქმე. მისი განხორცილება მრავალწლიან მიზანმიმართულ სისტემურ და კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს. ცხადია, პრობლემა მრავალია, მაგალითად, განსაკუთებით კადრებისა და მათი მომზადების საკითხი. ამ ეტაპზე სანთლით საძებარია სათანადო მეთოდოლოგიით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური ექსპერტ-ანალიტიკოსები, რომლებითაც უნდა დაკომპლექტდეს ეუს-ს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები.

ძალიან გაგვიჭირდება საქართველოს ეროვნული უშიშროების რეალურად უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრივი სიმყარისა და სტაბილურობის მიღწევა, ყოველ შიდა თუ გარე „დაცხიკებისას“ სახელმწიფოს „თავზე დამხობის“ მუდმივი შიშის სინდრომის მოხსნა.

მიმაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის, ანალიზის, პროგნოზის, სიტუაციათა მოდელირების, შესაბამის გადაწყვეტილებათა ვარიანტების შემუშავებისა და ხელისუფლების შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის არსებობის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია ხელისუფლების მიერ წარმატებული გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიების განმტკიცება, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა და ქვეყნის წარმატებული განვითარების მასშტაბური და გრანდიოზული გეგმების ხორცშესხმა. სამწუხაროდ, სხვა სურათს ვხედავთ.

_ თქვენ არაერთი ინტერვიუ და კვლევა მიუძღვენით თავად ტერმინს. და მაინც, ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?!

_ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ V-XIX საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებში, სასულიერო მწერლობასა და მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე, ჩვენი სახელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეთა (ილია ჭავჭავაძე და სხვ.) ნაწერებში გამოყენებულია მხოლოდ ტერმინი „უშიშროება“ (უშიშობა) და მაშინ, როდესაც საერთოდ არ გვხვდება მავანთა მიერ დღეს, ასე სრულიად დაუსაბუთებლად, ლობირებული, შინაარსობრივად სხვა დატვირთვის მქონე ტერმინი „უსაფრთხოება“, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ არის შეტანილი ძველი ქართული ენის ლექსიკონშიც.

ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, ამ ბოლო 12 წელიწადში, ძირძველი ქართული სიტყვა „უშიშროება“ თვითნებურად გამოცხადდა არასასურველ ტერმინად, პრაქტიკულად ამოაგდეს იგი ხმარებიდან და სანაცვლოდ მასმედიაში დაამკვიდრეს შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინი „უსაფრთხოება“, ანუ დღეს უკვე ორი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად გამოიყენება ერთი ტერმინი. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო ენათმეცნიერებისთვის, ამ დარგის სპეციალისტებისთვის, რომ წამოეწიათ საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, არასპეციალისტები და მედროვენი აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ თავიანთ სუბიექტურ აზრს, რითაც ირღვევა ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმები და არსებული ისტორიული ტრადიცია.

ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ აღიარებულია ამ ტერმინის გამოყენების შინაარსობრივი კონტექსტი. მაგალითად: „ეროვნული უშიშროება“, „სახელმწიფო უშიშროება“ და სხვ.. ხოლო „უსაფრთხოებაში“, ენათმეცნიერების დადგენილი ნორმებით, მოიაზრება სხვა შინაარსი, სხვა კონტექსტი, მაგალითად, „უსაფრთხოების ტექნიკა“, „შრომის უსაფრთხოება“ და სხვ.

ამიტომ სამარცხვინო ნონსენსია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს: „ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშავდება „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“.

 

გოჩა მირცხულავა