მამუკა გამყრელიძე: „ხელისუფლებისა და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“

„არა ოკუპაციას“ და „ქართველთა მარში“ _ ორი აქცია ერთ დღეს, რომელთა შინაარსი აშკარად მეტყველებს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეების ღირებულებების დისპროპორციაზე, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მისწრაფებებზე.

ერთ დღეს გამართული აქციების შესაფასებლად „ქრონიკა+“ დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

_ 14 ივლისი, _ ორი აქცია: „არა ოკუპაციას“ და „ქართველთა მარში“. ვიდრე აქციებსა და გზავნილებს შევაფასებთ, იქნებ, მოტივების შეფასებით დავიწყოთ…

_ ამ ორ მოვლენაში მთავარი სწორედ მათი, სრულიად განსხვავებული და, ამავე დროს, ურთიერთკავშირში მყოფი მოტივები გახლავთ. შორიდან დავიწყებ:

საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც კრიზისული. კრიზისს ვხედავთ პოლიტიკაში _ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ ეკონომიკურ კრიზისს. მაგრამ მთავარი, ძირითადი გახლავთ იდეოლოგიური კრიზისი, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება. დამოუკიდებლობის იდეა დაიკარგა მაშინ, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უბრძოლველად და ძალიან მცირე მსხვერპლის ფასად ჩაგვივარდა ხელში. ამას მოჰყვა იდეოლოგიური ნიჰილიზმის წლები, გამოცოცხლება ამ მხრივ 2003 წელს დაიწყო. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამაც ვერ მოახერხა სწორი პრიორიტეტების ჩანერგვა საზოგადოებაში. დასვა ძლიერი აქცენტები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. შეიძლება ითქვას, რომ გააიგივა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მის დასავლურ არჩევანთან. ამავე დროს, სრულიად დაივიწყა ადგილობრივი მოსახლეობის პატრიარქალური და, გარკვეულწილად, რეტროგრადული ბუნება, რითაც მშვენივრად ისარგებლა რუსეთმა და მოახდინა მძლავრი პედალირება ქართველების გენეტიკურ შიშზე.

_ რა შიშს გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ გადაშენების შიშს, რომელსაც ქართველები, რატომღაც, მჭიდროდ უკავშირებენ მათი ფსევდოტრადიციების დაკარგვას. იმ პირობებში, როცა დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ხალხში დანერგვისთვის, ცხადია, ჩნდებიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პატრიოტიზმის დამახინჯებული ფორმით კვებავენ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებელ და პოლიტიკურად უმწიფარ ნაწილს. სამწუხაროდ, ასეთი მავნე, ქსენოფობიური კვაზიპატრიოტიზმი ეფუძნება მართლმადიდებლობის იდეას, რომელიც დღეს, პოლიტიკური ნიჰილიზმის პირობებში, ქართულ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე ის ეყრდნობა იმ მითოლოგიას, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ათწლეულებია კვებავენ ქართველებს. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი კვაზიიდეოლოგია შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ კრემლის ინტერესებს და არამც და არამც ძლიერი ქართული სახელმწიფოს იდეას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ქსენოფობიური თუ ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების მთავარი მოტივატორი ყოველთვის არის მატერიალური წახალისება. გარდა ამისა, ისინი უმთავრესად სახელმწიფოს გარკვეული სტრუქტურების დაკვეთებს ასრულებენ და სარგებლობენ შესაბამისი იმუნიტეტით. „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით ვფიქრობ, საქმე გვაქვს უნიკალურ შემთხვევასთან, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

_ იქნებ, დააკონკრეტოთ?

_ სავალალოა, რომ მარშის მომწყობებს არ ეყოთ ინტელექტი, სწორად ჩამოეყალიბებინათ თავისი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, რომლებიც შესაძლებელია, სრულიად მართებულადაც გამოჩენილიყო, დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით.

განსაკუთრებით აბსურდულად გამოჩნდა ე. წ. ქართველთა მარშის უკიდურესად ცალმხრივი მიდგომა უცხოელების მიმართ. მათ აქაც მოახერხეს საკუთარი მარშის იდეის დამახინჯება და არა ზოგადად არალეგალი უცხოელების გაძევებას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ მუსლიმების. არც ერთი სიტყვა ერთმორწმუნე რუსებზე, რომლებიც მშვიდად ახორციელებენ საქართველოს მცოცავ ოკუპაციას.

_ მეორე აქციაზე რას იტყვით?

_ ჩვენ ვიხილეთ მეორე, სრულიად განსხვავებული მოტივაციისა და იდეოლოგიის მქონე ადამიანების მარში საოკუპაციო ზოლთან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ქართული საზოგადოების საუკეთესო, პროგრესული და ჯანსაღი პატრიოტიზმით განმსჭვალული ნაწილი. მათი მოტივაცია ერთადერთია, _ საქართველოს სრული დეოკუპაცია და ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა. როგორც ვნახეთ, მთავრობის წარმომადგენლების გაღიზიანება სწორედ ამ მარშმა გამოიწვია. პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების არაადეკვატური განცხადებები ეჭვს არ გვიტოვებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს  ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრასთან. ასეთი თანხვედრის კვალიფიკაცია კი შეიძლება ერთი სიტყვით _ კოლაბორაციონიზმი.

_ მმართველი გუნდის არცთუ რიგითი წარმომადგენლის განცხადებით, აქცია „არა ოკუპაციას!“ გულწრფელი არ იყო და, ამავდროულად, მას პოპულისტურიც უწოდეს. მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად წონადია ასეთი აქცია და სასარგებლოა თავად ხელისუფლებისთვის, როგორც დიპლომატიური ინსტრუმენტი?

_ საქართველოს დღევანდელი, ნაწილობრივ ოკუპირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი აქციები, რომელიც მოეწყო საოკუპაციო ზოლთან, უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური ინსტრუმენტია ქვეყნის დეოკუპაციის საქმეში. ის პასიური საერთაშორისო პოლიტიკა, რომელსაც უკვე წლებია, დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, არის არათუ აბსურდული, არამედ მავნებლურიც, რადგან ჩვენი ქეისის გაქრობა საერთაშორისო დღის წესრიგიდან ხელ-ფეხს უხსნის ოკუპანტს და აძლევს მას საშუალებას, დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ და მოსახლეობამ იმოქმედოს ერთად, ტანდემში, რათა გამოიწვიოს რაც შეიძლება დიდი რეზონანსი და გამოხმაურება საერთაშორისო დონეზე. მოსახლეობის აქტივობამ უნდა შეუქმნას ხელისუფლებას შესაბამისი ფონი, რათა მთავრობამ, თავის მხრივ, იმოქმედოს უფრო მკვეთრად და აქტიურად. მოსაწყობია მაქსიმალურად ხალხმრავალი აქციები, რომელთა გასაშუქებლად უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი და ამის ორგანიზებას თავად სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ამის მაგივრად ვხედავთ სრულიად საპირისპირო სურათს. არათუ დახმარებას, პირიქით, ხელის შეშლას და ოფიციალური პირების გაღიზიანებას. ალბათ, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, _ ვის ინტერესებში მოქმედებს ხელისუფლება, საკუთარი ხალხის თუ ოკუპანტი სახელმწიფოსი?

_ იმის მიუხედავად, რომ აქცია ჟურნალისტების ერთი ჯგუფის ორგანიზებული იყო, მას, ლამის, მთელი ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიც შეუერთდა. ხომ არ აზიანებს საქმეს მათი ასეთი სახის აქციებში გამოჩება?

_ ნამდვილად სასიამოვნო იყო საოკუპაციო ზოლთან აქციაზე სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და გემოვნების მქონე ადამიანების ნახვა. მათთვის მთავარი სწორედ ქართული სახელმწიფოს იდეა გახლავთ. შესაძლებელია, იქ მყოფმა პოლიტიკოსებმა ეს აქცია პოლიტიკური ქულების ჩასაწერადაც გამოიყენონ, მაგრამ ნუ გავკიცხავთ მათ ამისთვის. პიარი პოლიტიკოსების საქმის განუყოფელი ნაწილია და თუ ისინი მართალი საქმის კეთების დროს გაპიარდებიან, არაფერი საწინააღმდეგო მექნება. მთავარი მაინც ჩვეულებრივი მოქალაქეების აქტივობა იყო. მათ არ დაიზარეს და რამდენიმე კილომეტრი ფეხითაც კი გაიარეს. ასეთი აქტივობა იმედს გვისახავს, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ოპტიმიზმს და ქვეყანაში გამეფებული ფრუსტრაციისა და ნიჰილიზმის ფონზე ითამაშებს დეტონატორის როლს პოლიტიკური პროცესების გააქტივებისთვის. მგონია, რომ სწორედ ამ საზოგადოების აქტიურ ნაწილში შეიქმნება მომავალი პოლიტიკური ბირთვი, რომელიც პოლიტიკურ ველზე ჩაანაცვლებს უკვე ყავლგასულ და პასიურ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ქვაბში იხარშებიან და წლიდან წლამდე არა გამარჯვებისთვის, არამედ მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტის წოდებისა და დაფინანსების მოპოვებისთვის იბრძვიან.

_ გარკვეულწილად, ნიშანდობლივად ჩანს ის გარემოება, რომ აქციის მსვლელობისას საოკუპაციო ზონაში აშშ-ის ელჩი გამოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ეს დამთხვევა იყო თუ გარკვეული მესიჯი ხელისუფლებას, რომ ისიც ხალხთან უნდა იდგეს?

_ დიახ, ნიშანდობლივი იყო საოკუპაციო ზოლთან აშშ-ს ელჩის, იენ კელის გამოჩენა. ეს გახლდათ მხარდაჭერის გამოხატვის უმნიშვნელოვანესი აქტი. ამავე დროს, ის შეიცავდა ორ უმნიშვნელოვანეს გზავნილს: ერთს კრემლისათვის, რომ საქართველო კვლავ რჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად და აშშ საკუთარ მეგობარს არ მიატოვებს გაჭირვების ჟამს. ამერიკის ელჩმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ამერიკა არასდროს შეურიგდება საქართველოს საზღვრების თვითნებურ ცვლილებას რუსეთის მხრიდან.

ამავე დროს, კელის მობრძანება შეიცავდა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან გზავნილს უკვე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ აუცილებელია მთავრობამ ხელი შეუწყოს საზოგადოების ასეთ აქტივობას, რათა შეიქმნას შესაბამისი აქტიური ფონი და დასავლეთს მიეცეს საშუალება, ქმედითი დახმარება გაგვიწიოს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რუსეთის თვითნებობის პასიური თმენა, ვერც დასავლეთი შეძლებს ჩვენს დახმარებას.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ომს გამოუცხადებს რუსეთს მიტაცებული ქერის ყანების გამო, მაგრამ ჩვენს აქტივობას აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური პრესინგი რუსეთზე და შესაძლებელია, პოლიტიკური და ეკონომიური სანქციებიც.

_ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ამავე დღეს, „ქართველთა მარში“ მოაწყო. ამჯერად ხელისუფლების წარმომადგენლებს აპელირება მარშის მონაწილეთა გულწრფელობასა და პოპულიზმზე არ გაუკეთებიათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ეს მარში და რამდენად გულწრფელი იყო ეს აქცია?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ე. წ. ქართული მარში გახლავთ ანალოგიური „რუსული მარშების“ უნიჭო კალკი. რაც ყველაზე კომიკურია, რუსი ულტრანაციონალისტები არასდროს ერიდებიან ერთმორწმუნეობას და თავისი იერიშის ერთ-ერთ სამიზნედ ყოველთვის ირჩევენ ქართველებს. ქართველი ნაციონალისტები კი სიტყვა რუსის გაგონებაზე მორცხვად ჩუმდებიან. ადვილი მისახვედრია, სად არის ამ მარშის იდეის სათავე, ვის ინტერესებშია ის და ვის მიერ არიან ანგაჟირებულნი ამ მარშის მოთავეები. ტრისტან წითელაშვილისა და ემზარ კვიციანის გამოჩენა ამ მარშზე ყოველგვარ ეჭვს ფანტავს მის ჩრდილოურ წარმომავლობაზე. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ მთავრობის მხრიდან არც ერთი ნეგატიური გამოხმაურება ამ მარშს არ ჰქონია. და ეს მაშინ, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, ხოლო მთავრობა ჯიუტად იჩემებს ევროპული ღირებულებების ერთგულებას.

_ მართალია, ამ აქციების თემატიკა აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ მაინც, თუ მათ შევადარებთ, თუნდაც იმის გამო, რომ ორივე ერთსა და იმავე დღეს გაიმართა, რომელს აქვს უფრო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სარგებელი, ან პირიქით, რომელი უფრო საზიანოა სახელმწიფოსთვის?

_ ეჭვგარეშეა, რომ ქართული საზოგადოების აქტივობა დეოკუპაციის საკითხში გახლავთ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი, გამაერთიანებელი იდეის გარშემო ხდება ერის საუკეთესო ნაწილის შეკვრა და პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება. როგორც მოგახსენეთ, ასეთი აქტივობა საერთაშორისო თვალსაზრისითაც უდიდესი დატვირთვის მატარებელია.

ზემოხსენებულის საპირისპიროდ, „ქართული მარში“ უკიდურესად მავნეა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს იმიჯისთვის, ზიანის მომტანია ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული მომხიბვლელობისთვის და, ამავე დროს, ეს ყველაფერი ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებშია.

აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მიმდინარეობს კრემლის შემოტევა ყველა ფრონტზე: ვხედავთ მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებას; მიმდინარეობს კოლაბირაციონისტი პოლიტიკოსების ვოიაჟები კრემლში და იქიდან უკიდურესად საშიში გზავნილის გაჟღერება საოკუპაციო კანომდებლობის „ჰუმანიზაციის“ მოთხოვნით. სავალალოა, რომ ხელისუფლება ამ საკითხს განხილვადად მიიჩნევს. ასეთ პირობებში ქსენოფობიური მარშების მოწყობა ემსახურება მხოლოდ ერთს _ ძალების დემონსტრირებას და საჭიროების შემთხვევაში ამ სუბიექტების გამოყენებას ქვეყანაში პროვოკაციების მოსაწყობად. ამავე დროს, ქსენოფობიური მსვლელობების მოწყობა ანტიისლამური ლოზუნგებით მაშინ, როცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და მეზობლები მუსლიმები გყავს, ხოლო  გეოპოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ასეთი დაძაბულია, ეს ან უგუნურების ნიშანია, ან ღიად მტრული ქმედება.

 

არმაზ მეტრეველი