ჩვენ ვამბობთ – არა ოკუპაციას!!!

თუ, მაინცდამაინც, „მარშს“ ავიღებთ ორიენტირად და ყურადღებას არ მივაქცევთ იმას, რომ, ძირითადად, რუსეთში ჩატარებული მარშების წყალობით, ეს სიტყვა ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველთა ნამდვილი მარში 14 ივლისს სწორედ ბერშუეთში გაიმართა.

თუმცა 14 ივლისის აქციის ორგანიზატორები („ქრონიკა+“-ის ჯგუფი), აქციამდეც და აქციის დროსაც, ხაზს უსვამდნენ, რომ ანტისაოკუპაციო აქცია არ დაგეგმილა „ქართული მარშის“ კონტრაქციის დანიშნულებით და თავად თარიღი, 14 ივლისი, ფრიად სიმბოლური დანიშნულებით შეირჩა, რადგან ორი წლის წინათ, ზუსტად 14 ივლისს, ქართველი ჟურნალისტების ინიციატივით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ჩატარდა აქცია და ამასთან, ეს დღე ბასტილიის აღების თარიღიცაა.

„ქართული მარშის“ ორგანიზატორებისა და სავარაუდო მონაწილეების მხრიდან ბერშუეთში აქციის დაგეგმვისთანავე უარყოფითი მუხტი წამოვიდა. იმ ნეგატიურმა კომენტარებმა და განცხადებებმა, რაც სანდრო ბრეგაძემ, გია კორკოტაშვილმა და სხვებმა გაავრცელეს, შეიძლება ითქვას, პირუკუ იმოქმედა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაზარდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ აქცია ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და, ფაქტობრივად, არანაირი პრომოუშენი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მედიის დაინტერესებას, რამდენიმე ტელევიზიით იდეის გაჟღერებასა და „ფეისბუქზე“ ივენთის შექმნას.

ცნობილი ამბავია, რომ „ფეისბუქის“ ივენთის ღილაკზე „მოვდივარ“ დაფიქსირებული რაოდენობა დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროსა და ადგილზე არ გამოცხადდება. სხვადასხვა ღონისძიების ანალიზი ცხადყოფს, რომ სოცქსელებში დადასტურებული წამომსვლელის 20-30% თუ მოდის ხოლმე აქციაზე, ხოლო 14 ივლისის ბერშუეთის აქციამ ამ მხრივაც გადააჭარბა მოლოდინს _ მინიმუმ, 700 ადამიანი მოვიდა „ფეისბუქზე“ წამომსვლელად დაფიქსირებული 1000-მდე ადამიანიდან…

შეიძლება ითქვას, რომ ბერშუეთის აქცია ისე დაიგეგმა, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციაზე წავიდოდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ „ქართველთა მარშშიც“ შეეძლო მონაწილეობის მიღება _  მარში 20:00 საათზე დაიწყო, აქციის მონაწილეები კი, მაქსიმუმ, 16:00 საათზე თბილისში იყვნენ.

თუმცა, ალბათ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვინც ბერშუეთის აქციაზეც იყო და „ქართველთა მარშზეც“. განსხვავება ღირებულებებშია და აქციის მონაწილეები ამ განსხვავებაზე თავად საუბრობდნენ…

 

ნინო დუდუჩავა, _ ბერშუეთის აქციის მონაწილე: „აქ დგომა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მასში. არც კარვების გაშლა იქნებოდა ურიგო, პერმანენტული აქციები. კი ბატონო, ზაფხულია, ყველას დასვენება უნდა, ყველა გადაღლილი და მოდუნებულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხული, ტრადიციულად, ის დროა, როცა რუსეთი სამხედრო პროვოკაციებსა და აგრესიას იწყებს. ასე რომ, ვისაც შეუძლია, ყველამ უნდა მოახერხოს და ვინც პერმანენტულ აქციებს დაიწყებს, მხარი უნდა დაუჭიროს _ აიღოს შვებულება, დაჯდეს კარავში და ასე შემდეგ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, იმ მარშისგან განსხვავებით. „ქართველთა მარში“, მშვიდობიანი მარში, სწორედ აქ უნდა ტარდებოდეს ყოველდღე“.

 

ვახტანგ ბაღათურია _ ბერშუეთის აქციის მონაწილე:

„აი, მე 73 წლის ვარ და წამოვედი ამ აქციაზე. სულ ტყუილია, ბაბუ, რომ ამბობენ, ხანდაზმულ ადამიანებს სსრ კავშირი ენატრებათო. როგორ შეიძლება, ბოროტების იმპერიის აღდგენაზე იოცნებო და მონობას შენატროდე? მიხარიხართ, შვილებო, მადლობა ორგანიზატორებს და ხშირად გააკეთეთ ასეთი აქციები, სანამ შემეძლება, მეც ვივლი და ჩემსავით უამრავი ადამიანი ფიქრობს“.

 

დიდი მცდელობის მიუხედავად, „ქრონიკა+“-მა ბერშუეთში შეკრებილ საზოგადოებაში ვერ იპოვა პირი, რომელიც თბილისში დაბრუნების შემდეგ „ქართულ მარშში“მიიღებდა მონაწილეობას.

სამაგიეროდ, იპოვა ამერიკის მოქალაქეები, როგორც ეთნიკური ქართველები, ასევე არაქართული წარმოშობის პირები, იპოვა მამით შოტლანდიელი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებმაც აქციაზე საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და შოტლანდიის დროშები წამოიღეს, იპოვა თბილისში მცხოვრები ოსი ეროვნების ქალბატონი, რომელიც აქციას შემოუერთდა და იპოვა, ასევე, აშშ-დან საგანგებოდ ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ამერიკის მოქალაქე, არაქართული ფესვების, რომელმაც საგანგებოდ გადაცვალა ბილეთი ავიარეისზე, რათა თბილისში ისე ჩამოფრენილიყო, რომ აქციას შეერთებოდა.

საზოგადოების ერთიანობის მაჩვენებელი კი სწორედ ბერშუეთის აქცია აღმოჩნდა და არა „ქართული მარში“, როგორც ამის წარმოჩენას მისი ორგანიზატორები ცდილობდნენ: ბერშუეთში იყვნენ ახალგაზრდები, საშუალო ასკის მოქალაქეები თუ ხანდაზმულები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

რაც მთავარია, აქციის ორგანიზატორები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკითხს და წინადღეს აქციის დეტალები შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად გაიარეს.

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და ამ წერილის ავტორი, როგორც ორგანიზატორები, თავიდანვე ხმამაღლა ამბობდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ აქცია მიზნად არ ისახავდა სიტუაციის გამწვავებას, სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციელების დაყენებას საფრთხის ქვეშ.

საბოლოოდ, ასეც მოხდა. იმის მიუხედავად, რომ წესით, რუს ოკუპანტებთან არაფერი უნდა გვქონდეს სახვეწარი და შესათანხმებელი, ე. წ. საზღვრის დარღვევის გარეშე სად დადგებიან მოქალაქეები და რამდენი იქნებიან, აქციის მონაწილეები არ გადასულან თავიანთ პირობას: არ გადაუკვეთავთ აქციის ადგილად წინასწარ შემოსაზღვრული ადგილი, საიდანაც ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ხელისგულივით ჩანდა.

ბანერი შუა ყანაშია ჩარჭობილი ისე, რომ იმ კონკრეტული ყანის ქერის მოსავლის ნაწილი ოკუპანტთა მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოხვდა. აქციის მონაწილეებმა ამჯერად უარი თქვეს რადიკალურ ქმედებებზე, არც ლენტს გადააბიჯეს და არც ბანერს მიუახლოვდნენ, შესაბამისად, რუსულ-ოსურ მხარეს პროვოკაციის საშუალება არ მიეცა. მეტიც, აქციის მონაწილეებმა ტაშით დააჯილდოვეს და მადლობა გადაუხადეს პოლიციელებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას იცავდნენ.

ზოგადად, პოლიცია და შსს საკმაოდ აქტიურად ჩაერთო აქციის უსაფრთხოების დაცვის საკითხების გადაწყვეტაში. რასაკვირველია, აქციის მონაწილეებს კარგად ესმოდათ, რომ პოლიციელებს არანაკლებ სტკივათ ოკუპაცია. ისინი აქციის დასრულების შემდეგ ამაზეც საუბრობდნენ, როცა საოკუპაციო ზოლთან მისულებს უკან, ტრანსპორტის დისლოკაციის ადგილას აბრუნებდნენ თავიანთი „ჰაილუქსებით“.

ბერშუეთის აქციას სრულიად ოპოზიციური სპექტრი თითქმის მთელი შემადგენლობით შემოუერთდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აქ იყვნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და მეტიც, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ენმ და „ევროპული საქართველო“.

აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მეტიც, აქციის წინადღეს ორგანიზატორებს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების (სახელმწიფო სერვისის ერთ-ერთი დაწესებულება) თანამშრომლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სამსახურის საათების გამოთავისუფლებას აპირებდნენ, რათა აქციაზე წამოსულიყვნენ. თავად აქციის ორგანიზებაში თბილისის მერიაც იყო ჩართული და ტრანსპორტირების პრობლემის გადაჭრა ითავა.

ამას გარდა, უამრავი ადამიანი საკუთარი მანქანებითაც წავიდა აქციაზე. თვით იმ მედიასაშუალებებმაც კი, რომლებიც სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი დიდი ყურადღებით არ გამოირჩევიან, ვერ დამალეს, რომ ბერშუეთისკენ საკმაოდ დიდი კოლონა მიდიოდა.

ადგილზე მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეები გაიშალნენ და ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ. ელისო კილაძემ მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებსა და იმ ემიგრანტებს, რომლებმაც აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს _ ბერშუეთის აქციის პარალელურად, ანტისაოკუპაციო აქციები ქუთაისში, მიუნხენში, ათენშიც გაიმართა. „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა პოლიციელებსაც გადაუხადა მადლობა, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციით შეხვდნენ.

ამ სტატიის ავტორმა კი შეკრებილებს აქციის მთავარი ვიზუალური ნაწილი გაუმხილა _ სწორი საინფორმაციო-მაჩვენებელი დაფის, ე. წ. ბანერის აღმართვა ოკუპანტების ბანერის ალტერნატივად: აქციის ორგანიზატორებმა გამოიანგარიშეს მანძილი ოკუპანტების ამ კონკრეტული ბანერიდან როკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე, სადაც, რეალურად, გადის სახელმწიფო საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის. ალტერნატიულ ბანერზე გამოსახული წარწერა ქართულად და ინგლისურად იუწყებოდა, რომ სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია.

ალტერნატიული ბანერის აღმართვაში აქციის რიგითი წევრებიც მონაწილეობდნენ. სახელდახელოდ წაწვეტებული ხის ჯოხი მიწაში ჩაარჭეს და ოკუპანტების ბანერიდან ოდნავ მოშორებით, ზუსტად იგივე ვიზუალის, სწორი ინფორმაციის შემცველი და მანძილის მიმთითებელი ბანერი გაჩნდა. აქციის ერთმა მონაწილემ ბანერს უკრაინის დროშა შეაბა, მეორემ _ საქართველოს.

მოგვიანებით, სწორედ ეს გახდა სახელისუფლებო გუნდის თითზე დახვევის მიზეზი: იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას გამოეყენებინა ეს სახალხო პროტესტი ანტიოკუპაციური განცხადებებისთვის, მისი გზავნილი ტრაგიკომიკური იყო. ირაკლი სესიაშვილის განცხადება, როცა მან აღნიშნა, რომ თითქოს აქციის მონაწილეებმა ბანერზე საქართველოს სახელმწიფო დროშა „შნუროკივით“ მიაბეს, თამამად შეიძლება ითქვას, თავად ხელისუფლების მხარდამჭერებსაც კი არ მოსწონებიათ. ბევრმა ამის გამო ირაკლი სესიაშვილს მეტსახელად „შნუროკაც“ შეარქვა, რაც, შესაძლოა, შერჩეს კიდეც სამომავლოდ…

არც ის მოსწონებიათ, რომ აქციის მონაწილეთა გულწრფელობაში ირაკლი სესიაშვილმა ეჭვი შეიტანა, _ კადრებიდანაც კარგად ჩანდა, რამდენად გულწრფელები იყვნენ ბერშუეთის აქციის მონაწილეები.

სესიაშვილს ვერ აღემატა, მაგრამ დიდად არ ჩამორჩენია ვიქტორ დოლიძე. მან თქვა, რომ ახლა ურაპატრიოტული განცხადებების დრო არ არის. არადა, თუ აქციაზე რაიმე ნამდვილად არ იყო, ეს სწორედ ურაპატრიოტული განცხადებებია _ მონაწილეები მხოლოდ „საქართველოს“ სკანდირებით იფარგლებოდნენ.

აქციის კულმინაცია საველე პირობებში, მწირი ტექნიკით შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იყო, რომელიც აქციის ბოლოს ბერშუეთში შეკრებილებმა შეასრულეს _ სწორედ ამ კადრებმა მოიარა როგორც ქართული, ასვე უცხოური მედიასაშუალებები: მეგაფონში ჰიმნის ხმა ისმის, ხოლო აქციის 700-მდე მონაწილე გულზე ხელდადებული დგას და ქვეყნის ჰიმნს მღერის.

მაგრამ ბერშუეთის აქცია არ ყოფილა 14 ივლისის ანტიოკუპაციური ნიუსების მხოლოდ ერთი ნაწილი: აქციაზევე გახდა ცნობილი, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, მაგისტრალთან ყველაზე ახლოს მდგარი ბანერის სიახლოვეს, აშშ-ის ელჩი იან კელი ვითარებას გაეცნობოდა და მედიისთვის განცხადებასაც გააკეთებდა.

რასაკვირველია, ესეც ერთგვარი დიპლომატიური სოლიდარობა გახლდათ და, რასაკვირველია, იან კელიმ კარგად უწყოდა, რომ ის ბანერი ადგილზე იყო 10 და 11 ივლისსაც _ შეეძლო სხვა დღესაც დაეგეგმა გასვლა, მაგრამ ოკუპაციის ზოლის დათვალიერება და განცხადების გაკეთება სწორედ აქციის დღეს, მისი დასრულებიდან იმდენ ხანში, რომ ჟურნალისტებს ერთი ადგილიდან მეორეში მისვლა შეძლებოდათ, სწორედ იმაზე მიანიშნებს, როგორც ეს მოქალაქეთა უმრავლესობამ გაიგო. ანუ იან კელის მთავარი გზავნილი იყო: „როცა თქვენ არ იქნებით ჩუმად, არც ჩვენ გავჩუმდებით და მხარდაჭერას გამოგიცხადებთ“.

კელიმ ცალსახად მიანიშნა, რომ ამ ბანერის აღმართვა იმ ადგილას, სადაც გადის „ქვეყნის უმთავრესი მაგისტრალი“, რასაკვირველია, რუსეთისთვის სიმბოლურია, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის _ მიუღებელი.

„რუსეთის ფსბ-ს ეცოდინება, რატომ დგას ეს ბანერი აქ“, _ ღიმილით აი, ასე უპასუხა ელჩმა შეკითხვაზე, _ მისი აზრით, რატომ არის ეს ბანერი აღმართული იქ, სადაც არის?..

რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ 14 ივლისის ბერშუეთის აქციაზე არც ნეგატიური კომენტარები დაიშურა და არც ის გააკეთა, რომ ეს აქცია საკუთარი ქვეყნის ოკუპაციაზე ყურადღების კიდევ ერთხელ გასამახვილებლად გამოეყენებინა.

არადა, ამას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაც კი ახერხებდა. ასე მაგალითად, 1998 წელს, როცა რუსმა მესაზღვრეებმა ხრიოკ ადგილას, სალი კლდეების გარემოცვაში, 100 მეტრით წინ გადმოსწიეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ამას დიდი მღელვარება მოჰყვა. მართალია, ამ მღელვარების მუხტის შემქმნელი მაშინდელი მმართველი პარტიის _ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თავად შევარდნაძეს ამისთვის ხელი არ შეუშლია და არც ხელისუფლებაში მყოფებს უძახებიათ მაშინ ლარსზე ასული ახალგაზრდებისთვის „არაგულწრფელები“.

პირიქით, ედუარდ შევარდნაძემ ეს აქცია სათავისოდ გამოიყენა და რუსებსაც და ამერიკელებსაც უთხრა, რომ აქციებს არ აწყობს, მაგრამ ხალხი ამ მიტაცებას აპროტესტებს და თვითონ უძლურია ხალხის ნების წინაშე _ სწორედ ასე ჟღერდა ედუარდ შევარდნაძის კომენტარები და მის ნარატივს ვერც მთავრობის წევრებმა გადაუხვიეს.

მართალია, ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია, მაგრამ ბერშუეთის აქციამ ყველას (და მათ შორის, იმედია, ხელისუფლებასაც) კარგად დაანახა, რომ საზოგადოება ერთიანია ოკუპაციის საკითხთან მიმართებით და აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მიდის, თუკი ის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაა დაანონსებული.

ამასთან, ბევრმა ისიც ნახა, რომ საზოგადოება დიდხანს არ აპირებს, სახლში იჯდეს და ელოდოს, როდის აღმართავენ ბანერს მაგისტრალზე, ან როდის მოადგება დაღესტნიდან ტრაქტორებითა და ბულდოზერებით (ტანკების ალტერნატივა) მომავალი რუსეთი ყვარლის მთებს _ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, სწორედ, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხი გააქტიურდება, თრუსოს ხეობაში გადასროლილი კაზაკთა რაზმების პარალელურად, რომელთა ერთადაც საზღვრის ერთობლივად გაკონტროლების შესახებ შეთანხმებას რუსეთმა, რამდენიმე წელია, მოაწერა ხელი…

 

ლაშა ბერულავა