ტასო მოდებაძე: „წაგებულ ომში არასდროს შევდივარ!“

ეს ის ადამიანია, ვისშიც საქართველოს მომავალს ვხედავ. სწორედ მისნაირები აძლიერებენ ქვეყანას და აძლევენ ძალას, რომ კვლავ იცოცხლოს ერთ დროს დიდებულმა ერმა!

რთულცხოვრებაგამოვლილმა გოგონამ ბევრი იწვნია საკუთარ თავზე და დღეს ბავშვებს უმთავრესს ასწავლის, _ რომ „ოცნებების ერთგულებას მათი გაცოცხლება მოსდევს და რომ ამას მერე თავისუფლება მოაქვს, თავისუფლება კი ყველაზე ძვირი და საჭირო რამ არის ბედნიერად ცხოვრებისთვის…“

როგორც ამბობენ, ის მზეა, რომელმაც ყველაფერი გადალახა და დღეს თქვენთან სიკეთის გასავრცელებლად მოვიდა.

იცნობდეთ მებრძოლ გოგონას, რომელიც ანათებს და ბედნიერება მოაქვს, _ ის ტასო მოდებაძეა.

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ 1989 წელს ლაგოდეხში დავიბადე. სოფელ გიორგეთში 14 წელი გავატარე. მამას მიერ აშენებულ სამოთახიან სახლში ვცხოვრობდით მე, ჩემი და ელენე, ჩემი ნახევარძმა ლევანი (ჩემი მეორე ნახევარძმა დედამისთან ცხოვრობდა ცხინვალში და ჩვენთან მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა), დედაჩემი ქეთევანი და მამიკო, რომელსაც ჩემსავით ორი სახელი აქვს, _ მას ელდარი ჰქვია და ყველა დათოს ვეძახით, ვინც მას ვიცნობთ. პატარობისას მსუქანი ყოფილა და ამის გამო დათუნას ეძახდნენ, მერე, როცა გაიზარდა, ბიჭობისას, დათო შეარქვეს და დღემდე ასეა, _ მამაჩემი ყველაზე თბილი და ბავშვური დათოა, ვისაც კი ვიცნობ!

მე და მამას ორსახოვანი ბუნება გვაქვს, ერთდროულად შეგვიძლია ვიყოთ სხვადასხვა განზომილებაში სულიერად, გონებრივად, ემოციურად. მეც მასავით ორი სახელი მქვია.

_ სახელი, ტასო რატომ დაგარქვეს, თუ დაირქვი? ნამდვილი სახელი ხომ ნინო გქვია?

_ პატარაობაში, დაბნეულობის გამო, „ბატ ტასიკოს“ მეძახდნენ. სრულიად სამართლიანადაც. ამასთან ერთად, უბნის ბავშვებს ერთი ტრადიცია გვქონდა, დიდობანას ვთამაშობდით ხოლმე და მთავარი წესი იყო, რომ დიდური და ბებრული სახელები დაგვერქმია საკუთარი თავებისთვის. მე შორს არ მივდიოდი და რადგან ბებიაჩემს ტასიკო ერქვა, სახელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშინელი და ბებრული სახელი მეგონა მაშინ და ძალიან, ძალიან მრცხვენოდა, რომ ბებოს სწორედ ეს სახელი ერქვა, ვფიქრობდი, თამაშში ყველაზე დიდური სახელი სწორედ მე მერქვა და ერთადერთი ეს სარგებელი მოჰქონდა ამ ამბავს.

მეგობრების დამაკნინებელ კონტექსტში შემორქმეული სახელი თინეიჯერობისას, რაღაცნაირად, აქტუალური და მოსაწონი გახდა და ტასიკოდან ტასოდ ვიქეცი.

მეც მივეჩვიე და შევისისხლხორცე ეს ამბავი. ახლა უკვე მეუცხოვება კიდეც, რომ ნინო ვარ.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ ბავშვობა, ერთდროულად, ძალიან მძიმე და ლაღი მქონდა. ჩვენს ოჯახს განსაკუთრებულად უჭირდა და არასდროს გვქონდა მშვიდობის პერიოდი არც ფინანსურად და არც სულიერად. ერთხელ ძლივს ნაყიდი ძროხა მოგვპარეს, მამაჩემისა და დედაჩემის დარდის გაძლება და ჩვენი თავების შეცოდება მძიმედ და ბოღმიანად გადავიტანე! მძულდნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ, ულუკმაპუროდ დავეტოვებინეთ და სხვისი საკუთრების მოპარვისას ერთხელაც არ შერცხვენოდათ!

ზამთარში 3 ლიტრა არაყზე გადაცვლილი ყვითელი ქურთუკი მეცვა ხოლმე, რომელსაც წვიმის წვეთი თუ ესხმებოდა, წითლდებოდა და ჭრელდებოდა, გადამსკდარი ბოტასები, რომელიც თოვლს და ნალექს ვერ უძლებდა, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ნაყიდი, ცვეთისგან მუხლებზე რეზინებგამოყრილი გახუნებული შარვალი, რომელმაც რამდენიმე სეზონი გადამატანინა. ძალიან მრცხვენოდა ჩვენი სიღარიბის, მაგრამ შეგუების გარდა სხვა არაფერი დამრჩენოდა.

ჩვენს ოჯახს რაღაც უცნაური და შემზარავი დარდი ჰქონდა! რაღაც ძალიან ღრმად დალექილი უბედობა. მე დღემდე არ შემიძლია ბევრ ამბავზე ფიქრიც კი, რაც მაშინ ჩვენს თავს ხდებოდა.

სხვა ბევრი დარდიანი ამბავიც მქონდა… მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი იმ თამაშობების გამო, რითაც უბანში ვერთობოდით! _ ვაშენებდით ორანჟერეებს და ჩვენი მშობლების მსგავსად საზამთრო და კიტრი მოგვყავდა; დავთესავდით ყალიბებში და ღუმელს ვუნთებდით, რომ გაეხარა და ნერგებად ქცეულიყო ჩვენი ნაწვალები; ვთამაშობდით ჩვენს სოფელს, ჩვენს მშობლებს და ჩვენს რეალობას. ამ თამაშში ვეჩვეოდით დამოუკიდებლად მოქმედებას, გადაწყვეტილებების მიღებას, ზრუნვას მომავალი კეთილდღეობისთვის, რომელიც დიდხანს არავისთან დადგა.

ასე მეგონა, ჩემი სოფელი იყო ჩემი დედამიწა და სხვაგან ცხოვრება არ  წარმომედგინა და როცა წარმოვიდგენდი ხოლმე, ძალიან, ძალიან, მეშინოდა! მეშინოდა, რომ რაღაც ძირეულად შეიცვლებოდა და ყველაფერი, რასაც ასე მივეჩვიე, გაქრებოდა, _ გაქრებოდა დედაჩემიც და მამაჩემიც, ჩემი და-ძმებიც და მეგობრები, რომლებთან ერთადაც სახლობანას, დედაშვილობანას, იუდას ქალობანას, შვიდქვაობანას, წრეში-ბურთს, ორდროშობანას, დაჭერობანას და სხვა მისთანებს ვთამაშობდი და ჩემი ბავშვობის ერთადერთი მზე სწორედ ეს ერთობა და სილაღე იყო!!!

14 წლის ასაკში, როცა მამაჩემის მიერ აშენებულ სამოთახიან სახლში ვეღარ დავეტიეთ, გვერდით მდებარე სოფელში მიტოვებული ორსართულიანი ბნელი სახლი ვიყიდეთ, ხოლო რამდენიმე წელიწადში ჩემი ბავშობის სახლი ჩემმა მეგობარმა ვასიკომ იყიდა. მას ახლა მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ჩემი სახლის კედლებში კი სხვა ბავშვები იზრდებიან… მძიმე იყო მერე იმ სახლში შესვლა და იქ ჩემი წილი ჰაერის პოვნა, ამიტომ ძალიან, ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე სტუმრად საკუთარ სახლში, სადაც, ერთდროულად, სევდიანი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

მერე სხვანაირი წლები დაიწყო, _ ადგილს რომ ვერ პოულობ, ისეთი და აღარც სოფელში გაჩერება შემეძლო და აღარც ჩემი სოფელი მეჩვენებოდა ჩემს დედამიწად.

_ როდის და რატომ გადაწყვიტე მასწავლებლობა: რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ სტუდენტობის დროს, ქალაქში წასულს, სოფელმობეზრებულზე, პირველსავე წელს დამეწყო უძღები შვილის კომპლექსი _ ვერ ვნახე ჩემი ადგილი „დიდ ქალაქში“ და გულმა უკან დაბრუნებისკენ გამომიწია. უნივერსიტეტიდან „სახლში“ მიმავალი ცას ავხედავდი ხოლმე და მაშინ, ჯერ კიდევ, ჩემთვის უცნობ ღმერთს ვემუდარებოდი, რაიმე საქმით სოფელში დაბრუნებაში ხელი შეეწყო, რომ მუდმივად მქონოდა, საკუთარი ადგილი, დაუყვედრებელი ლუკმა და დედაჩემისა და მამაჩემის სითბო არასდროს მომკლებოდა! უცხო ქალაქში თავს უსუსურად და დაუცველად ვგრძნობდი.

ძმა, რომლის ძმობას მხოლოდ ზაფხულობით ვინაზღაურებდი ხოლმე და გამუდმებით მენატრებოდა, რადგან არასდროს მყოფნიდა მასთან გატარებული წუთები, მომიკვდა უნახავად და დღემდე საფლავზე მიუსვლელად! მომიკვდა მამაჩემის ოცნებები მასთან ყოფნისა! მომიკვდა იმედი, რომ სიკვდილი ჩვენგან შორს იყო! მომიკვდა ყველა რწმენა და ჩამიქრა ყველა მზე, რაც ისედაც ცოტა იყო და რაც ძალიან, ძალიან სუსტად ანათებდა! და სხვა ამბები, რაც მოხდა, მათზე ლაპარაკი ჩემთვის მძიმეა და რაღაცნაირად სასირცხვილო.

ყველა დარდის კარი არც უნდა გააღო, მგონია.

ცხოვრება ურცხვად გრძელდებოდა და მოქმედებისკენ მიბიძგებდა.

2012 წლის მაისში, როცა დამამთავრებელი კურსის გამოცდებისთვის მზადება დავიწყე, მთელი არსებით გავიაზრე, რომ ის, რაც ამ 4 წლის მანძილზე ვისწავლე, ჩემი არ იყო და ახლა, როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ერთგვარი ვალდებულება იყო, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა, მხრებზე ლოდებად ჩამომეკიდა და კიდევ უფრო შევშინდი, რომ არავინ ვიყავი, არანაირი ცოდნით აღჭურვილი და სურვილებიც ბუნდოვანი და შეშინებული მქონდა.

მერე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ პროგრამაში მოვხვდი და თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ქოსალარში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად გამგზავნეს. აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის საქართველო უნდა გამეცოცხლებინა და ეს ადვილი სულაც არ იყო… მაგრამ ადვილი აღმოჩნდა ჩემი სიბნელიდან მზის ამოყვანა და ეს მუსლიმანი ბავშვების უანგარო სიყვარულმა შეძლო! ჩვენ ერთად დავდიოთ ქრისტიანული ეკლესიების ნანგრევებში, მეჩეთებში, სადაც ჩემი მოსწავლეების ლოცვები ასეთი იყო: „სახლში ყველა კარგად იყოს, ველოსიპედი მინდა, ღმერთო“. მე ჩემს იესოს მათი გულისხმის მოსმენას ვთხოვდი, _ მოუსმინე, რადგან ყველა კეთილი ენერგია შენკენ მოემართება-მეთქი, ღმერთო… ჩემმა ბავშვებმა უზარმაზარი ყინულის ლოდების გალღობა შეძლეს!!! ისინი იყვნენ ჩემი დედამიწელი ღმერთები და მე მათ არასდროს, არასდროს, სულ არასდროს ვუღალატებ და სულ უფრო მეტად გავზრდი სიყვარულს გულში, რომელმაც 5 წლის წინათ ასე გულაჩუყებამდე გამათბო!!! არადროს ვყოფილვარ იმაზე ბედნიერი, ვიდრე ამ ფერიცვალების დროს!

_ ამ ამბების მერე რა ხდება? მასწავლებლობის გარდა რას აკეთებ?

_ მერე ჩემი სხვა ლოცვებიც გაცოცხლდნენ: ჩემს სოფელში, ჩემს საკუთარ სახლში დავბრუნდი და, უმეტესად, მზიანი ამბების კეთება მერგო წილად!

ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში მუშაობა დავიწყე და მეგობრებთან და მსოფლიოში საუკეთესო მოხალისე ბავშვებთან ერთად ახალგაზრდული მიმართულებით უამრავი გულიანი საქმის კეთება მოვასწარით ორი წლის თავზე!

ახლა ვწერთ და ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს: მოვაწესრიგეთ ახალგაზრდული სივრცე, რომელიც მეორე სახლად იქცა ლაგოდეხის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ვატარებთ სხვადასხვა თემატურ ტრენინგს, ვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს, პოეზიის საღამოებს, ინტელექტუალურ თამაშებს, დისკუსიებს, სალონურ შეხვედრებს;

ვაკეთებთ ბანაკებს, ფესტივალებს, საქველმოქმედო აქციებს, კულტურულ-შემოქმედებით საღამოებს;

დავაარსეთ მოლაშქრეთა კლუბი და თვეში ერთხელ ლაგოდეხელი ახალგაზრდებისთვის ვაწყობთ ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ერთი თვის წინათ ნანატრი პროექტი დაგვიფინანსეს, რომლის ფარგლებშიც სალაშქრო ინვენტარს შევიძენთ და ძალიან მალე ჩვენი მოგზაურობები გასცდება საქართველოს საზღვრებს!

_ კონკრეტულად, ახლა რა პროექტზე მუშაობ?

_ ამ ეტაპზე ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც დაგვიფინანსა ჩAღE ინტერნატიონალ ინ ტჰე ცაუცასუს-მა, რომლის ფარგლებშიც ლაგოდეხში ამ ზაფხულს ფიტნესკლუბს გავხსნით.

პროექტების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, იმას კი აღვნიშნავ, რომ ყველა ამ მზიან პროცესში ჩართული გვყავს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომელთა მხრიდან თანამონაწილეობის ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს მე განსაკუთრებულად მახარებს! ვფიქრობ, ცოტა მაინც ვახერხებ მადლობის გადახდას იმ შეგრძნებების მონიჭებისთვის, რაც წლების წინათ სრულიად უანგაროდ მაჩუქეს აზერბაიჯანელმა ბავშვებმა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში, შემდეგ კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. ეს ის გზა იყო, რომელიც ღირსეულად და გავიარე და არასდროს ასეთი თავდადებული არ ვყოფილვარ, ვიდრე მათი მასწავლებლობის დროს!

_ მასწავლებლობას თავი დაანებე? აღარ მუშაობ ამ მიმართულებით?

_ ახლა სკოლაში აღარ ვარ, მაგრამ ბავშვებს მაინც ვასწავლი. ვასწავლი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ ოცნებების ერთგულებას მათი გაცოცხლება მოსდევს და რომ ამას მერე თავისუფლება მოაქვს, თავისუფლება კი ყველაზე ძვირი და ყველაზე საჭირო რამ არის ბედნიერად ცხოვრებისთვის.

მე ახლა იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა და სადაც ჩემი რესურსები ჯერ კიდევ არ ამომიწურია! იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ნელ-ნელა უფრო მეტ სიამოვნებას და სილაღეს მანიჭებს! წინ კიდევ ერთი გრძელი გზა მელის, რომელიც იმაზე ღირსეულად უნდა გავიარო, ვიდრე ჩემი მასწავლებლობა იყო. ჩემი მუნიციპალიტეტი ინოვაციების საბადოდ უნდა გადავაქციო და საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქში დაბრუნებისმოძულე ახალგაზრდები დაბრუნებაზე უნდა დავაფიქრო! ძალიან ცოცხალი რწმენით მჯერა, რომ ამ სიკეთის მშენებლობის დროს ჩემს წილ რამდენიმე აგურს უპირობოდ, უანგაროდ და სიყვარულით დავდებ და კეთებაზე შეყვარებულ ადამიანებთან ერთად „მოვიგებ ომს“ უძრაობის წინააღმდეგ!

ვმუშაობ იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემს მუნიციპალიტეტში იყოს პარაპლანით ფრენის სერვისი, ყოველწლიური ჩემპიონატი პარკურში (დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება, _ რედ.), რომელსაც წელს პირველად ვატარებთ ადგილობრივ და რეგიონულ ტრეისერებთან ერთად; ავტოსტოპის ყოველწლიური ჩემპიონატის ლაგოდეხში გამართვაზე, სადგომების გაკეთებაზე ავტოსტოპერებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე; მზად გვაქვს პროექტი არტკაფეს გახსნისთვის, რომელსაც „სახლს“ დავარქმევ; ვგეგმავ ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალის ჩატარებას, რომელსაც ერქმევა „დომენიკო“; მომდევნო 3 წლის მანძილზე ორგანიზებას გავუწევ შთOP ტურებს ევროპისა და აზიის სხვადსახვა ქვეყანაში და ჩემს თანამემამულე ახალგაზრდებთან თუ უფროსებთან ერთად დაუსრულებლად ვიწანწალებ, რომ ახალი კულტურების, ადამიანებისა და რელიგიების შეგრძნებების გზით შევიცნო საკუთარი თავი და სამყარო.

_ როგორ გგონია, რამე მისია გაქვს?

_ ჩემი მისიაც ეს მგონია, _ მივცე ადამიანებს თავისუფლებასთან ზიარების საშუალება.

_ ყველაზე მეტად როდის პოულობ საკუთარ თავს?

_ ყველაზე მეტად გზაში ყოფნისას ვხვდები საკუთარ თავს. გზას აქვს სრულიად განსხვავებული ფილოსოფია და შემეცნების შესაძლებლობა.

_ საკუთარ თავს წიგნის ან ფილმის პერსონაჟს თუ ამსგავსებ?

კი, ვგავარ კიდეც ფილმ „ველური პირობების“ მთავრ გმირს, სუპერ მაწანწალას, რომელმაც ერთხელ ყველაფერი დატოვა, ვინც იყო და რაც ჰქონდა და წავიდა. წავიდა საკუთარ ნამდვილ თავთან შესახვედრად და წანწალიდან ორი წლის თავზე, სიკვდილის დროს, ალასკაზე ნაპოვნ ფურგონში დაწერა, რომ „ბედნიერება არის გაზიარება“.

მეც აუცილებლად წავალ! წავალ ყველაზე ძლიერი წასვლით და წავალ იმიტომ, რომ შევიგრძნო სიცოცხლე და იმისთვის, რომ დავრჩე მუდმივად, როგორც რამე მნიშვნელოვანი ნაკვალევი და დავწერო წიგნი, როგორც გაზიარების ყველაზე მყუდრო საშუალება.

_ რას ნანობ ყველაზე მეტად?

_ ვნანობ, რომ ხშირად არ მჯერა აქამდე ნაკეთები საქმეების მნიშვნელობა, ჩემი სურვილების ღირებულება. ვნანობ უიმედობაში დაკარგულ დღეებს და ყველა აგრესიას, რაც ადამიანების მისამართით გამიშვია.

_ რა გიყვარს?

_ მიყვარს „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი დომენიკო, მისი ქვეყანაზე ხეტიალი, მისი დაბრუნება და უძღები შვილობა. იგი მახსენებს საკუთარ თავს.

_ წინ რა გაქვს?

_ წინ სიცოცხლის ბევრი წელია და ხარბად შევისუნთქავ თითოეულ დღეს, რომელიც თენდება და რომელსაც ჩემი წილი სევდა და სიახრული მოაქვს.

_ რა არის ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებ?

_ „ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგივითაა“ _ ამ სიტყვებს, ერთდროულად, ნუგეშისა და შიშის ენერგეტიკა მოაქვს და მე მათ ყველაზე მეტად მაშინ ვიყენებ, როცა მიხარია და მაშინ, როცა ვსჯი საკუთარ თავს.

_ რა არის შენი ცხოვრების მთავარი გამოწვევა?

_ ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევა ახლა შიშებზე გამარჯვებაა!!! წაგებულ ომში არასდროს შევდივარ!

 

ნინო ტაბაღუა