გია ჭანტურია: „არც ის გამიკვირდება, რომ კალაძეს უკვე პირობაც ჰქონდეს მიცემული რუსეთისთვის“

 

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს _ გია ჭანტურიას.

_ „ნაციონალურ მოძრობაში“ წელიწადიც არაა, რაც გაწევრიანდით. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის შეცდომები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის, ისე ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ?

_ პარტიაში ახლა გავწევრიანდი, მაგრამ ამ კურსის მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის და ეს არც არასოდეს დამიმალავს. „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე ხშირად და ბევრს საუბრობენ, მე მაინც ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ 2008 წლის შემდეგ რეფორმები გაჩერდა და, ფაქტობრივად, რეალური რეფორმები აღარც გატარებულა. იმ სფეროებში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფუძვლიანი, სრულფასოვანი რეფორმები გაატარა, მდგომარეობა დღესაც კი დამაკმაყოფილებელია, ამათაც კი ძალიან გაუჭირდათ იმის დანგრევა: იქნება ეს იუსტიციის სახლები, ეროვნული გამოცდები, საპატრულო პოლიცია თუ სხვ. კი, ბევრი პრეტენზია არსებობს დღეს პოლიციასთან, კადრებიც ისე დახვეწილი ვეღარაა, როგორც 2012 წლამდე იყო, მაგრამ ფაქტია, ეს სტრუქტურა მაინც მუშაობს და, ყოველ შემთხვევაში, კორუფცია ნამდვილად არაა. ვერავინ იტყვის, რომ პატრული ქრთამს იღებენ. ფაქტია, იმ სფეროებში, სადაც ძირეული რეფორმები განხორციელდა, იმას ვერ მოერია ეს საოცარი რაღაც, _ არც კი ვიცი, რა დავარქვა, პოლიტიკური პარტიაც არ არის, რაღაც ძალა, რევანშისტულ-გამწარებული, რაღაც საშინელი კონგლომერატია, ნაზავია ბევრი არასწორი რაღაცის. მაშინ, როდესაც ეს რეფორმები შეჩერდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ფიქრობდა, რომ უფრო მეტი რეფორმა უფრო მალე დააკარგვინებდა მათ ძალაუფლებას, ამ დროს, ეს ასე არაა, პირიქით, ჩემი აზრით, სწორედ რეფორმების შეჩერებამ მოიტანა 2012 წელი. გამოსავალი იყო, ისევ და ისევ, რეფორმებში, არ უნდა შეჩერებულიყო ის პროცესი. სანამ რეფორმები ტარდებოდა, ახალგაზრდობა ძალიან აქტიურად იყო ჩამბული პროცესში და როდესაც შეჩერდა, ახალგაზრდობის ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ ზურგი აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“. ის, რომ ვერ განხორციელდა სასამართლოს ძირეული რეფორმა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ უზარმაზარი შეცდომა… ვერ მოესწრო თუ არ მოესწრო, იყო ნება, არ იყო, მე ვიცი, რომ ნება იყო, მაგრამ იყო ხელისშემშლელი ფაქტორები. სასამართლო რეფორმა რომ განხორციელებულიყო, დღეს აბსოლუტურად შეუვალი სასამართლო გვექნებოდა და აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში.

ის 2007 წლის გამოსვლებიც სწორედ მაგას ემსახურებოდა, რომ რეფორმები გაჩერებულიყო, რადგან გამომსვლელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რეფორმები გაგრძელდებოდა, ისინი ვეღარასოდეს მობრუნდებოდნენ ხელისუფლებაში და ამიტომაც დაარტყეს მთავარ მტერს, _ მათი მთავარი მტერი იყო სწორედ რეფორმები, ქვეყნის წინსვლა და რუსული ორბიტიდან მოწყვეტა. და ეს მოხდა, რეფორმები შეჩერდა, ის ცალკე საკითხია, როგორ და რა ბინძური მეთოდებით იბრძოდნენ, რას წევდნენ წინა პლანზე. ეს პროცესი 2004-2005 წლიდან დაიწყო, გაძლიერდა 2007-2008 წლებში და დღემდე გრძელდება, ჩვეულებრივი ჭორების გარცელება, ჩვეულებრივი რუსულ მოდელი…

_ ოპონენტი, მტერი თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რას აკეთებს, ეგ ერთია, მაგრამ მეორეა, რას აკეთებდა თვითონ „ნაცმოძრაობა“? რას უპირისპირებდა მაგ ბინძური ცილისწამების ნიაღვარს? არხეინად გაიძახდნენ, რომ გაზეთებს არავინ კითხულობს და წერონ, რაც უნდათო. ამ დროს, სწორედ ბეჭდურმა  მედიამ შეთხზა და დაამკვიდრა ყველა ის მითი, რომელიც ბოლოს საბედისწეროდ ექცათ.

_ გეთანხმებით.

_ ჰქონდათ მიდგომა, რომ არაფერზე პასუხი არ უნდა გაეცათ, საზოგადოებისთვის არაფერი აეხსნათ, რომ, თურმე, არ უნდა დაშვებულიყვნენ ცილისმწამებლების დონეზე და ა. შ. არ მინდა, შეთქმულების თეორიებში გადავვარდე, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არ იყო რაღაც პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი?

_ დღესდღეობით ბევრი რამ სხვანაირად იკვეთება… გეთანხმებით, მეც მიმაჩნია, რომ ამ ყველფერს უნდა შეწინააღმდეგებოდნენ არა იგივე ფორმებით, როგორითაც მათ ებრძოდნენ, არამედ ძალიან სწორი ფორმებით, რადგან საზოგადოება არ იყო მზად, ჭორების ამ ნიაღვარს რომ გამკლავებოდა და ამ ყველაფერს არ ემოქმედა. ქართული საზოგადოება კი არა, ევროპული საზოგადოება ეხვევა ასეთ ჭორებში. უნდა მონახულიყო ფორმა ამ ყველაფერზე პასუხის გასაცემად, მით უმეტეს, ნამდვილად იყო საამისო ადამიანური რესურსი, კრეატიული გუნდი უამრავი ჭკვიანი ადამიანით დაკომპლექტებული და შეეძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო რეფორმების პარალელურად. დიახ, 2008 წლის შემდეგ იმ ინტენსიობით რომ გაგრძელებულიყო რეფორმები, როგორიც მანამდე იყო და პირიქით, მეტი ტემპით, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი იმ ცილისწამებებზეც და იმ გამოსვლებზეც. როცა პარტია ირჩევს პოლიტიკას, რომ მოდი, ვიყოთ მშვიდად, ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, აუცილებლად მიიღებ ბუნტს. ჩემი აზრით, მოსახლეობა ითხოვდა რეფორმებს და ჩვენ ამ რეფორმების ნაცვლად შევთავაზეთ ის, რომ ყველაფერი ჩუმად, წყნარად, მშვიდად იქნება, ჭკვიანად ვიქნებით და აღარ ვიცელქებთო, არადა, სწორედ ეგ ცელქობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი პლუსი. რაც შეეხება ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ დაშვებულ შეცდომებს, ჩემი აზრით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძარობას“ დაემართა ერთი ძალიან ცუდი რამ, _ ვერ გადაეწყო ოპოზიციურ პარტიად და 2012 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე პერიოდი ისე გაატარა, გეგონება, ხელისუფლებაში არისო. მე არ ვსაუბრობ იმ წარმოუდგენელ ზეწოლაზე, რომლის პირობებშიც მათ უწევდათ ყოფნა, არმედ პარტიულ სტრუქტურებზე. პარტია, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში აწყობილი და მომართული იყო, როგორც სახელისუფლებო პარტია, უბრალოდ, თავის მომხრეებს ითვლიდნენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამდნენ იმისთვის, რომ თუნდაც მოწინააღმდეგე ან ნეიტრალური ადამიანი მიემხროთ. არჩევნებისას ხალხის მობილიზება სულ სხვანაირად ხდება როდესაც სახელისუფლებო პარტია ხარ და სულ სხვანაირად, როდესაც ოპოზიციაში ხარ. პარტიული რგოლები მუშაობდნენ ისევ ძველი ყაიდით, უბრალოდ, პარტიაში გარანტირებული ამომრჩევლის სიები მიჰქონდათ და საერთოდ არ მუშაობდნენ ხალხთან. ჩემი აზრით, პარტიის წინა მენეჯმენტის გათვლა იყო 2020 წელზე, იმაზე რომ 8 წელი ძალიან რთულია, პარტიამ გაძლოს ხელისუფლებაში, საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც  ხალხმა ერთხელ უკვე ნახა, რომ თურმე ვიღაცის გარდარჩევა შეიძლება. რა თქმა უნდა, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ართულებს ამ პროცესს, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ბრენდი, ბრენდი, რომელმაც საქართველო მართლა ამოიყვანა ჭაობიდან და გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ იმდენად დასუსტდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ძალისხმევის გარეშე მოიგებდა არჩევნებს 2020 წელს.

_ კი, „ქართული ოცნება“ 8 წლის მანძილზე მართლაც დასუსტდებოდა, სუსტდებოდა და სუსტდება კიდეც, მაგრამ ის, რომ მხარდამჭერს კარგავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხალხი შენ მოგცემს ხმას. ან გამოჩნდება ვიღაც სხვა და ის წაიღებს ამ ხმებს, ან საერთოდ არ მოვა ის ხალხი არჩევნებზე.

_ მაგ მესამე ძალაზე და მის მოსვლაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ამ ბოლო წლებში გამოიკვეთა ერთი რამ: რა ძალაც არ უნდა გამოჩნდეს, ის უნდა გაერთიანდეს ან „ნაციონალურ მოძრობასთან“, ან „ოცნებასთან“. ორი პოლუსია გამოკვეთილი და რაც არ უნდა ვიღაცას სწყინდეს, ან არ სწყინდეს, დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანია.

_ მაგ მესამე ძალის გამოჩენას დეკლარირებულად შუაშისტები ელოდებიან, მე კი, რატომღაც, მგონია, რომ ისინი არანაირ მესამე ძალას არ ელიან, უბრალოდ, ესაა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ამ ხელისუფლებასთან ღია აფელირება უტყდება. თან მეტისმეტად კომფორტულია ეგ შუაშისტობა, არც ერთი მოგწონს, არც მეორე, ერთსაც ლანძღავ, მეორესაც, ოპონენტებს პასუხს სთხოვ მათი მოსაწონი ძალის ქმედებებზე და აქეთ ვერავინ შემოგიბრუნდება და ვერც გაგილანძღავს შენს მოსაწონ ძალას და ვერც პასუხს მოგთხოვს მის ქმედებებზე, რადგან იგი ჯერაც არ გამოჩენილა…

_ დიახ, თუ ვინმეს არ უნდა, რომ მოვიდეს მესამე ძალა, ეს არიან შუაშისტები, იმიტომ რომ შუაშისტობას დაკარგავენ. მათ სათავისოდ ძალიან კარგი პოზიცია აქვთ _ თუ არ მიდიან არჩევნებზე, ძალიან გაცნობიერებულად არ მიდიან, იმიტომ რომ არ მისცენ ერთს ხმა, იმიტომ რომ მოიგოს მეორემ, მათი არწასვლა არჩევნებზე ეს არის სწორედ მათი წასვლა და ხმის მიცემა. ეს არის გარკვეული პოზა, ცოტა რაღაც სნობურ-კომპლექსარიკული.

_ პასუხისმგებლობისგან დაცლილი.

_ ამ დროს გადაწყვეტილების მიღება უნდათ, უნდათ, რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ იყვნენ პასუხისმგებლები. მერწმუნეთ, არც ისე ბევრნი არიან შუაშისტები, როგორც ეს გარეგნულად ჩანს, უბრალოდ, წრე არის ისეთი, რომლებიც თავად ჩანან. ამიტომ მგონია, რომ საქართველოში შუაშიზმი მასობრივი მოვლენა არ არის და, ჩემი აზრით, წყლის ნაყვა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წინა მენეჯმენტი აქცენტს აკეთებდა შუაშისტებზე და ცდილობდა ცალკეული ადამიანების წინ გამოქაჩვას იმისთვის, რომ შუაშისტები მოეხიბლა. ჯერ ერთი, იმათ გულს ამით მაინც ვერ მოიგებდი და რომც მოგეგო, რაღაც 10 ათას კაცზე აკეთო აქცენტი და დაკარგო 500 ათასი, აბსოლუტურად არაპრაგმატული ნაბიჯი იყო ხალხისგან, რომელიც ძალიან პრაგმატულს უწოდებდა თავიანთ თავს. ერთი მეგრული ანდაზაა, _ ჭკვიანი ჩიტი მახეში ორივე ფეხით ემბმებაო. რაღაც ასეთი დაემართა იმ ძალიან ჭკვიან ფრთას „ნაციონალური მოძრაობისას“. მათი მხრიდან ეს იყო ძალიან არასწორი საქციელი და ფუჭად გაიფლანგა დრო, თუმცა ეს პერიოდი 2012 წლიდან 2016 წლამდე კარგად გამოიყენა აქტივმა იმის გასაცნობიერებლად, თუ ვინ იყვნენ და მოხდა საოცარი რამ, _ პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა პარტია, რომელიც წაგების შემდეგ არ დაიშალა და დღეს პირიქით, რეფორმებზე, განახლებაზე ორიენტირებულია. „ნაციონალური მოძარობა“ არ არის მხოლოდ პარტია, ეს მართლაც საერთო-სახალხო მოძრაობაა, რომლის ირგვლივ ასეულ ათასობით მხარდამჭერია გაერთიანებული, რომელიც ამ მოძრაობაში ხედავსიდეას და არა უბრალოდ პიროვნებებს. ბევრს ეგონა, იგივე გიგა ბოკერიას, სხვებს, რომ მათი წასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდებოდა, მაგრამ ეგ არ მოხდა, ჩრდილიც ვერ მიადგა. „ნაცმოძრაობას“ აქვს უზარმაზარი ძალა. ვიმეორებ, _ ესაა იდეა და ამ იდეის გარშემოა ხალი გაერთიანებული და დღეს ამ იდეას ჰყავს შესანიშნავი განმხორციელებლები. ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ ამ იდეის გენერატორზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ცალკე ფენომენია და არ არის მხოლოდ ქართული პოლიტიკის ლიდერი, ის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია და  საქართველოს საქმეს ყველგან აკეთებს. საქართველოს საქმე, აღმოსავლეთ ევროპის საქმე, უკრაინის საქმე, საერთოდ, დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს საქმე _ ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საქმეს აკეთებს სააკაშვილი დღეს უკრაინაში და რაც უფრო ფართომასშტაბიან ფრონტზე აკეთებს, მით უფრო დიდი იქნება შედეგი. რაც შეეხება დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი ზრით, ეს არის მართლა ახლებური პარტია, ახლებურად ჩამოყალიბებული, სწორედ ისეთი, როგორიც ჩემი აზრით უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება ლიდერებს, მე მახსოვს ნიკა მელია წინა ადგილობრივ არჩევნებზეც, 2016 წლის არჩევნებზეც, მას ენერგია, ცოდნა, მონდომება არც მაშინ აკლდა, მაგრამ დღეს უკვე ნიკა საოცრად გამოცდილ პოლიტიკოსად, ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მთელ პარტიას მისი წარდგენა სურდა მერობის კანდიდატად, მაგრამ  თავად თქვა, _ გვჭირდება რაღაც ახალი! და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს გვყავს მართლა საუკეთესო მერობის კანდიდატი, თუკი ოდესმე ჰყოლია თბილისს. ზალიკო მართლაც ძალიან საოცარი ადამიანია, სუფთა, კეთილსინდისიერი, რომელსაც უყვარს მიზნის მიღწევა, მე დიდი ხანია, ვიცნობ და არ მახსოვს, მიზანი დაესახოს და მისთვის არ მიეღწიოს. ზალიკოს იდეა იყო, რომ მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ყოფილიყო გრიგოლ ვაშაძე, რამაც კიდევ უფრო წინ წამოსწია გრიგოლ ვაშაძის ჩართულობა პარტიულ პროცესებში და ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან იგი თავისი გამჭრიახობით, განათლებით ძალიან დიდი ძალაა პარტიისთვის. ჩემთვის ზაზა ბიბილაშვილი არის პროფესიონალიზმის, მართლა ძალიან კარგი ქართველობის ნიმუში,  საოცრად ბრძოლისუნარიანი ადამიანი, რომელიც მართლა ვიცი, რომ არასდროს დათმობს თავის პრინციპებს და ბოლომდე იბრძოლებს იმ მიზნისთვის, რასაც თითოეული ჩვენგანი ემსახურება, რაც არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ ახალ სამშვიდობოზე გაყვანა, რეალურად მოწყვეტა რუსულ სივრცეს და რეალურად მართლა შედგომა ქართული სახელმწიფოსი. პარტიულ  პროცესებში აქტიურადაა ჩაბმული ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომელიც შეუვალია და მისი სიტყვა მართლაც ბეჭედია, შეკამათებაც კი ჭირს მასთან. ბატონი რომან გოცირიძე, _ მე ვერ მოვიფიქრე, ჯერჯერობით, კითხვა, რომელზედაც რომანს პასუხი არ აქვს. საოცრად  მასშტაბურად და პროგრესულად უყურებს ყველაფერს. 20 წლის ბიჭები ვერ არიან ისე პროგრესულები, როგორც ბატონი რომანია და ეს მისი პიროვნული თვისებაა. პროგრესული ან ხარ ან არ ხარ და ამის ნათელი მაგალითია რომან გოცირიძე. ძველი გუნდიდან პარტიას შერჩა ხალხი, ვინც მართლა საოცრებები გადაიტანა, საერთოდაც და პარტიაშიც, თვითონ პარტიაში ძალიან დიდი ბრძოლა იყო, ყველამ იცის, დასამალი არაფერია, პარტიას შერჩა ხალხი, რომელმაც არ უღალატა იმას, რისიც სწამდა, რისი გულისთვისაც იბრძოდა ამდენი წელი. ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ყველამ იცის სად იდგნენ, რისთვის იბრძოდნენ და მათ არასოდეს გადაუხვევიათ იმისთვის, რასაც ქართული საქმე, ქართული სახელმწიფო ჰქვია. ეს რამდენიმე ადამიანი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ ხშირად გვესმის, „ნაცმოძრაობიდან“ ლიდერები წავიდნენო… ვინც ჩამოვთვალე, მე მათ საპირწონეს ვერც კი ვხედავ წასულებში! ხატია დეკანოიძეა ჩვენ გვერდით, ადამიანი, რომელთანაც ასოცირდება რეფორმები საქართველოშიც და კიდევ უფრო დიდი რეფორმები უკრაინაში, რომელიც მან დაიწყო და ამხელა ქვეყანაში მოაბა თავი. სამწუხაროა, რაც მოხდა და არ მიაყვანინეს ბოლომდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი მაინც მიიყვანს ბოლოდმე. გუნდი არის, პარტიული სტრუქტურები ლაგდება და, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს მასშტაბით  უკვე მწყობრშია მოსული, არჩევნებისთვის სერიოზული ძალა ვიქნებით.

_ ალბათ, დამეთანხმებით, რომ წინასაარჩევნო რეალობა დიდწილადაა დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე. ამ ეტაპზე იგი გაუჩინარებულია, საზოგადოებისთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებობს ვერსიები, საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მძიმედ ავადაა, თუმცა ხელაღებით არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ეს ყველაფერი მისი წინასაარჩევნო ტრიუკია და საზოგადოებას ზედ არჩევნების წინ გამოეცხადოს მოწინააღმდეგეთა ბანაკში დაბნეულობის შესატანად.

_ იგი იმდენად ცრუმორწმუნე ადამიანია, რომ გამორიცხულია, თავად შეეთხზა ასეთი ჭორი.

_ იქნებ, სხვების აგორებულ ჭორებს იყენებს სათავისოდ?

_ არა, ჩემი აზრით, ისევ და ისევ, იქიდან გამომდინარე, რომ მეტისმეტად ცრუმორწმუნე ადამიანია, იგი ამას არ დაუშვებდა, რაღაც ფორმით გამოჩნდებოდა და გაფანტავდა ამ ხმებს. ასეთ ადამიანებს ღრმად სწამთ, რომ შეძახილით ხე ხმება და ამდენი „ცუდადაას“ ძახილი, მართლა ცუდად გახდის. ნებისმიერი გამოცდილი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რასაც ვამბობ. ის რომ კარგად იყოს, ჯანმრთელობის პრობლემები მართლაც არ ჰქონდეს, არ დაუშვებდა მასზე ასეთი ჭორების ასე მძლავრად გავრცელებას და აუცილებლად გაფანტავდა. ეს ერთმნიშვნელოვანია. იგი ნამდვილად არაა სახარბიელო სიტუაციაში _ ორცეცხლშუაა, ერთი მხრივ რუსეთია, მეორე მხრივ _ დასავლეთი. ვერავინ მეტყვის, რომ მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს დასავლეთი და რომ მან არ იცის დასავლური სამყაროს რეალური ძალა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, ვის მხარესაა რეალური ძალა, რუსეთის მხარეს თუ დასავლეთის მხარეს.

_ მაგ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ძალზე მარტივად ვთქვათ, მის ფულზე ხელი მიუწვდება რუსეთსაც და დასავლეთსაც. და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მარცხენა ჯიბიდან ამოაცლიან მილიარდებს, თუ მარჯვენიდან…

_ დიახ და ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ: რომ დაურეკოს პუტინმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას და უთხრას, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა ჰქონდეს წილი „გაზპრომში“, ვინმე  შეეწინააღმდეგება და ეტყვის, რომ არა, ეს უკანონოა? თუ იმას ეტყვიან, „უი, რას ამბობ, გაგიჟდება ბიძინა“? ეს ხომ მომენტალურად შესრულდება? ასეთი მყიფე და იოლადმსხვრევადია მისი მდგომარეობა.

_ და მეორე მხრივ, არც დასავლეთისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას ანგარიშების გაყინვა.

_ დიახ და მე მაინც ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეასრულა ის დავალება, რაც ჰქონდა მიცემული რუსეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეს საამისოდ,  აბოლუტურად ღიად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში, ვინც ებრძოდა ამ სპეცსამსახურებს, პრაქტიკულად, ყველა გაანეიტრალეს, ან დაიჭირეს, ან ქვეყნიდან გააქციეს. დაფინანსება ჩვეულებრივად ღია წესით შემოსდით ამ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს და რესტორნებშიც ისევ „დენ პაბედი“, შუფუტინსკები და ათასი უბედურება ისმის. ცხადია, ჩვენ ეს არ მოგვწონს და გვაღელვებს, მაგრამ მოდი, რუსეთუმეს თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი რუსული ფენომენია, მისი ვერც ერთი მინისტრი, მისი საკუთრება მინისტრი ღიად ვერ ბედავს და სიტყვასაც ვერ ძრავს, რომ მოდით, შევცვალოთ კურსი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ. ყველა სახელმწიფო უწყების თავზე ევროკავშირის დროშა ფრიალებს და ყველა გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა და ამ ხუთლწლიანი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, 65%-ზე დაბლა მაინც ვერ ჩამოაგდეს მსურველთა რაოდენობა. როდესაც საუბრობ რუსულ საფრთხეზე, ჩვენს ახალგაზრდობას ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ცხადია, ეს, ერთი მხრივ, დამაფიქრებელიცაა, რომ ისინი ვერ ხედავენ და ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პლუსიცაა _ მათთვის ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ სასაცილოდ ეჩვენებათ. მოკლედ, ივანიშვილმა რუსეთის მიერ დაკისრებული დავალება ვერ შეასრულა და რუსეთისთვის დავალების არშესრულება როგორც სრულდება, ვიცით. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ეცადა და როგორ, მათთვის მთავარია შედეგი და არც დასჯის ფორმები აქვთ ცივილიზებული. მათთვის ღირებული არავინაა! ვერ შეასრულა დავალება? _ მორჩა, ის უნდა მოიკვეთოს, მოკვდეს, დაისაჯოს ბოლომდე, რომ სხვამ იცოდეს, _ იგივე ელის, თუ დავალებას არ შეასრულებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს პროცესი მიდის, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები თუ მათთან დახლოებული პირები უცებ ჩამოვიდნენ, საიდუმლო შეხვედრებს ატარდებდნენ და მიდიოდნენ. მე მაინც მგონია, რომ მან რაღაც გარკვეული გზავნილი მიიღო, რომელიც ეხებოდა სწორედ შეუსრულებელ დავალებას. ცხადია, ეს კარგ ხასაიათზე არ დააყენებდა მას. ამის პარალელურად, აშშ-მ საოცარი სანქციები დააწესა, სანქციების ქვეშ ხვდება ყველა, ვისაც მილიონზე მეტი აქვს ჩადებული რუსულ კომპანიებში.

_ სასწრაფოდ დაიბარეს კვირიკაშვილი ამერიკაში…

_ და დღემდე ვერ ამბობს, რაზე ილაპარაკეს, ძალიან რთულია ტყუილის თქმა, ეს არ არის ღარიბაშვილთან შეხვედრა, ტყუილის თქმა არ გამოდის, სიმართლის თქმაც არ აწყობს, ძალიან მძიმე დღეში არიან. რაც შეეხება კალაძეს, ძალიან უნდათ, რომ იგი ჭკვიან კაცად დაგვისახონ, მაგრამ, ჩემი აზრით, მან ზედმეტი მოინდომა.

_ მერობას გულისხმობთ?

_ არა, მასაც მოუნდა, რომ მიეყიდოს ვიღაცას… ჩემი აზრით, მისი „გაზპრომთან“ ასე აქტიური მოძრაობებიც, სავარაუდოდ, ამას ნიშნავდა. არც ის გამიკვირდება, რომ კალაძეს უკვე პირობაც ჰქონდეს მიცემული რუსეთისთვის ვიღაცების პირით, რომ თუ ბიძინა არა, მე შევასრულებ ამ ამოცანას და ამ ყველაფერს მე გავაკეთებ, ოღონდ ძალიან ბევრი ფული მინდაო. გამოიკვეთა, რომ მას ძალიან უყვარს ფული, არ ვიცი, „ბიძინა 2“-ობა უნდა თუ „კალა 1“-ობა… ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ერთ-ერთი ხდები ამ რიგში, არაფრით განსხვავებული… იგი ერთი-ერთში იმეორებს ბიძინას ნაბიჯებს და იგივე სქემით მიდის, უზარმაზარი დაფინანსება მისცა ფეხბურთის სამყაროს, უზარმაზარი კაპიტალი ჩადო ენერგეტიკაში, შავ სამყაროსთანაც, როგორც მას ჰგონია, დალაგებული აქვს ურთიერთობა, _ ეამაყება, რომ იცნობს მათ და უკვე წარმოიდგინა და ილუზიები შეიქმნა, რომ შეუძლია, ჩაენაცვლოს ბიძინას.

_ მაგ ჩანაცვლებამდე მერის არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, თუ არჩევნებამდე არ გამოჩნდა ივანიშვილი, გაიმარჯვებს, საერთოდ, კალაძე მერის არჩევნებში? „ოცნების“ ხმები მთლიანად ივანიშვილის ფაქტორზეა მიბმული და თუ იგი არ გამოჩნდა, კალაძეს გაუჭირდება ამ ხმების მობილიზება და არა მგონია, მხოლოდ გაყალბებამ და ადმინისტრაციულმა რესურსმა მოუტანოს გამარჯვება.

_ გაყალბების რესურსიც და ადმინისტრაციული რესურსიც გარკვეულ პროცენტს არ სცდება და მხოლოდ ამით ვერანაირად მოიგებ არჩევნებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ორი რამე აქვთ, _ ერთი ზიზღი „ნაციონალური მოძაობის“ მიმართ და მეორე, ფანატიკური სიყვარული ივანიშვილის მიმართ, მათთვის ბიძინა არის ღმერთი, მხსნელი და ა. შ.

_ და თუ ივანიშვილი არ გამოჩნდა, კალაძეს შერჩება მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბება და „ნაცმოს“ ზიზღი.

_ ბიძინა კიდევ თუ გამოჩნდა და როგორ გამოჩნდება, ეს კიდევ ცალკე საკითხავია, იმიტომ რომ მისმა გამოჩენამ შეიძლება, უარესად უარყოფითი როლი ითამაშოს, ასე მგონია…

უბრალოდ, შეგახსენებთ, 2012 წელს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არც ადმინისტრაციულ რესურსზე მიუწვდებოდა ხელი და არც გაყალბებაზე, მილიონზე მეტი ხმა მიიღო, 2016 წლის არჩევნებზე კი უკვე გაყალბებით, ადმინისტრაციული რესურსით და ყველანაირი რესურსით, რაც კი ჰქონდათ, იმაზე ნაკლები ხმები აიღეს, რაც 2012 წელს მიიღო დამარცხებულმა „ნაცმოძრაობამ“. არნახულად კატასტროფული რეგრესია და ეს პროცესი უკან-უკან მიდის. მათი რეიტინგის ვარდნა გრძელდება და „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებლები ნელ-ნელა წინ მიიწევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს არც შიშის ფაქტორი და არც ის უიმედობა, რომელსაც ეს ხელისუფლება თესს. შიშისა და უიმედობის თესვა ამ ხელისუფლების მთავარი იარაღია და კარგადაც იყენებს ამ იარაღს. რომ გეკითხა, სააკაშვილის დროს იყო შიში და ახლა არაა. არადა, ყველაფერი პირიქითაა, _ ვინც მაშინ ბევრს ლაპარაკობდა იმ შიშზე, ქუჩაში დარბოდა და ამაზე ღიად გაჰყვიროდა, გაიძახოდნენ, თავს შევაკლავთ სააკაშვილსო და ყველაფერზე მიდიოდნენ ხელისუფლების მოსაშორებლად. დღეს ამბობენ, არ მეშინიაო, მაგრამ თუ რამე პრობლემას ხედავს, ქუჩაში არც გამოდის და არც ხმას იღებს. რომ ჰკითხო, იმიტომ არიან დღეს ჩუმად, რომ მშვიდად ცხოვრობენ და თავისუფლად სუნთქავენ. რეალურად კი, როგორც მათ მაშინ, 2007 წელს მთავარ პლაკატზე ეწერათ: „არ გვეშინია“, მათ მართლაც არ ეშინოდათ სააკაშვილის. ის პლაკატი რეალურად მათი ნამდვილი განცდების წამოცდენა იყო. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ სააკაშვილი მართლა დასავლური ტიპის ლიდერი იყო, რომელიც ყოველთვის გაითვალისწინებდა როგორც უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს, ასევე შიდაგუნდურ პოზიციებს და მართლა დემოკრატი იყო. იოლია ებრძოლო მასეთ ადამიანს, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც ხელისუფლებაში მოდის ადამიანი, რომელიც პირველსავე თვეებში ნათლად და ღიად მიგანიშნებს, რა გელის.

_ რას გულისხმობთ?

_ როდესაც კიწმარიშვილი ამბობს, რომ სანამ ის ცოცხალია, „რუსთავი 2“-ს ვერავინ ჩაიგდებს ხელში და ის რამდენიმე თვეში კვდება, ეს ძალიან ნათელი მესიჯია იმათთვის, ვისაც ეს ეხება, რომ იგივე მათაც შეიძლება დაემართოთ.

_ და იგივე ბოლო მაგალითი, როდესაც ელისო კილაძე ხელისუფლებას უპირისპირდება, მას უჭერენ შვილს და არაფრის დიდებით არ უშვებენ…

_ და ამის პარალელურად დემონსტრაციულად უშვებენ გარეთ სხვებს. ცხადია, ამით უიმედობასა და შიშს თესენ, რომ რაც არ უნდა ქნათ, ჩვენ ვერ მოგვერევით, ჩვენ ყველაფერზე წამსვლელები ვართ. ესეც რუსული მოდელია: 80-იან წლებში, როდესაც სტუდენტური მოძრაობა იყო, სულ ამას დაგვძახოდნენ, უბრალოდ, ტანკით შემოვლენ, ყველას დაგხვრეტენ, დაგიჭერენ, გამორიცხულია საბჭოთა კავშირის დანგრევაო… საბჭოთა კავშირი, დღევანდელ „ოცნებასთან“ შედარებით, მილიონჯერ ძლიერი ჭირი იყო, რომელიც მოშორდა და ესეც მოშორდება. ჩვენ უნდა გავარღვიოთ უიმედობის ეს რკალი. უკვე შევესწარი რამდენჯერმე, თვითონ მათი აქვივისტები ავრცელებენ ამ უიმედობას, _ კაი, რა აზრი აქვს ჩვენთან ბრძოლას, გავაყალბებთ არჩევნებს და მაინც მოვიგებთო. ეს აპათია, უიმედობა ჩვენი მხარდამჭერების ნაწილშიცაა, _ რა აზრი აქვს არჩევნებს, მაინც გააყალბებენ. არადა, როდესაც რეალურად გყავს მხარდამჭერი, როდესაც რეალურად იგებ არჩევნებს, გაყალბების შერჩენა შეუძლებელია.

_ მაგრამ ხალხმა ნახა, რომ 2016-ში იყო გაყალბება, რასაც არაფერი მოჰყვა და სწორედ მაგან გამოიწვია ეგ უიმედობა.

_ დიახ, ცხადია, მაგანაც ითამაშა დიდი როლი, თუმცა, უნდა ითქვას, 2016 წლის არჩევნებზე იმდენად პასიური იყო „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართულ ოცნებას“ რომც არ გაეყალბებინა არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შანსი არცთუ ისე დიდი იყო და მაინც მოიგებდა „ქართული ოცნება“. რომ არა გაყალბება, ცხადია, პროპორციულ არჩევნებშიც სხვა სურათი იქნებოდა და რამდენიმე მაჟორიტარსაც გავიყვანდით და საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოვგლეჯდით ხელიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინდელმა მენეჯმენტმა არ ინება ბრძოლა… მაგრამ ახლა რადიკალურადაა შეცვლილი სიტუაცია: ჯერ ერთი, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია და მეორეც, დარწმუნებული ბრძანდებოდეს „ქართული ოცნება“, რომ „ნაცმოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი მათ აღარ მისცემს გაყალბების საშუალებას. გაყალბების საშუალება აღიკვეთება არჩევნებამდეც და თუ მაინც გააყალბებენ მიზანმიმართულად, არც მაგას შევარჩენთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ მანამდე არც მივიდეს საქმე და წინასწარ, თავიდანვე აღვკვეთოთ ყველა სიმპტომი და „ქართულ ოცნებას“ ამ გაყალბების მადა დავუკარგოთ.

 

რეზო შატაკიშვილი