ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის მრჩევლის, თემურ ბასილიას საქმის გაუხმაურებელი დეტალები

ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თემურ ბასილია, რამდენიმე წელიწადია, ინტერვიუს არ იძლევა. აქ არ დავწერთ, რა ძალისხმევა დასჭირდა „ქრონიკა+“-ს მისი პასუხების მოსაპოვებლად.

ინტერვიუს ჩაწერამდე თემურ ბასილიას კითხვები აშშ-ში გადავუგზავნეთ. მან გვითხრა, რომ პასუხებს თავის წარმომადგენელთან და ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილთან შეათანხმებდა.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, თემურ ბასილიას წარმომადგენელთან საქართველოში, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილთან:

_ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2005 წელს თემურ ბასილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და ქრთამის აღების მიმართულებით. ბრალდების მხარის 2017 წლის დადგენილებით, წინა ხელისუფლების დროს თემურ ბასილიას მიმართ დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა და თემურ ბასილია უდანაშაულოდ ცნეს. ამჟამად საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. თუ შეიძლება, დეტალურად გვითხარით საქმის მსვლელობისა და გარემოებების თაობაზე…

_ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თემურ ბასილიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით, ბათილად ცნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიმდინარე წლის 14 თებერვლის განჩინება. შედეგად, თემურ ბასილიას საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს ახალ შემადგენლობას. უზენაესი სასამართლოს სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილების შედეგად, განჩინება, რომლითაც თემურ ბასილიას უარი ეთქვა საქმის გადახედვაზე, ცალსახად უკანონოდ მიიჩნიეს. საკასაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს მოსამართლეებმა: პაატა სილაგაძემ (თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძემ და გიორგი შავლიაშვილმა, სააპელაციო პალატაში კი ამჟამად საქმის არსებით განხილვას აწარმოებენ: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე. მომდევნო სხდომა, რომელიც 2017 წლის 27 ივლისს გაიმართება, საქმეზე მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდადებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ ცნეს. მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობისა და დოკუმენტის გაყალბებისთვის, დააკავეს სს „ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს „ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიასა და ლევან კვირიკაშვილს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა გადასცეს, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა, თემურ ბასილია, „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ თემურ ბასილია უკანონოდ მსჯავრდეს. მოგვიანებით, 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიანიჭა. რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიმართ განახორციელა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით (მოსამართლე: მაია ჯვარშეიშვილი) დადგა, ეხებოდა იმას, რომ თითქოსდა, მან არაერთგზის ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც, მაშინდელი ბრალდების აზრით, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოწვია და როგორც მოხელემ, თითქოსდა, არაერთგზის ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ფულისა და ფასიანი ქაღალდების სახით, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და სამსახურებრივი მფარველობის განხორციელებით. მაშინდელი პროკურატურის ბრალდების პირველი ეპიზოდი ეხებოდა თემურ ბასილიას საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე. თემურ ბასილია, იმავდროულად, წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწეს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში. პროკურატურა მიიჩნევდა, რომ თემურ ბასილიამ დაარღვია საბჭოს დებულება, რამაც გამოიწვია მსოფლიო ბანკის კრედიტით გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვა (პრეტენზიები, ძირითადად, ეხებოდა სამუშაო ინვენტარის შეძენის, კონსულტანტების დაქირავების, სხვადასხვა სუბიექტებთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს). ეს იმდენად უსუსური და დაუსაბუთებელი ბრალდებები გახლდათ, თვით 2008 წლის განჩინებაშიც კი, სასამართლო იძულებული გახდა, თემურ ბასილია წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ეცნო. შესაბამისად, ამ ეპიზოდში თემურ ბასილია გამართლდა, რაც დღეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მაშინდელი ხელისუფლება პროკურატურას პოლიტიკური დევნის იარაღად იყენებდა. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, თემურ ბასილიამ, თითქოსდა, შეიძინა სს „ინტელექტბანკის“ აქციები და აქციების ფორმალურ მესაკუთრეებად წარადგინა ნათესავები და მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები. ამასთან, თითქოსდა, თემურ ბასილიას დახმარებით, „ინტელექტბანკმა“ სესხის ხელშეკრულება გააფორმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რაც გულისხმობდა გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის მიღებას. ბრალდება ამბობდა, რომ ამით თემურ ბასილია სამსახურებრივ მფარველობას უწევდა „ინტელექტბანკს“ და აგვარებდა ბანკსა და საგადასახადო ორგანოებთან არსებული უთანხმოების საკითხებს. პროკურატურის მაშინდელი მესვეურების აზრით, თემურ ბასილიამ ასეთი „სამსახურებრივი მფარველობის“ გამო ბანკიდან, თითქოსდა, არაერთგზის აიღო დიდი ოდენობით ქრთამი, თითქოსდა, საბარათე ანგარიშზე სისტემატურად ღებულობდა თანხებს ქრთამის სახით და ბანკი, თითქოსდა, აფინანსებდა თემურ ბასილიას შვილის საზღვარგარეთ განათლებას. ამ ნაწილში სასამართლომ თემურ ბასილია ბრალდებულად ცნო, თუმცა დღეს, ახალი გამოძიების პირობებში, საქმეზე მოპოვებული ახალი მტკიცებულებებისა და მოწმეთა თავისუფალი ჩვენებების საფუძველზე, პროკურატურამ დაასკვნა, რომ თემურ ბასილიას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. წინა ხელისუფლების ბრალდება ემსახურებოდა პირის პოლიტიკურ დევნას. შესაბამისად, უკანონო ბრალდების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღეს.

_ თემურ ბასილიას მიმართ ბრალდებაში საუბარი იყო ერთ-ერთი პროექტის შესახებ, სადაც ისე გამოდიოდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაიდინეს დანაშაული, რომელზედაც, რატომღაც, არა მათ, არამედ ბასილიას უყენებდნენ ბრალს. რით ასაბუთებდნენ ამას?

_ საქართველოს მაშინდელი მთავრობა, მაშინდელი პროკურატურა და მაშინდელი სასამართლო სისტემა რომ საკმაოდ „არათანმიმდევრული“ აღმოჩნდა თემურ ბასილიას მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, ერთ-ერთი ეპიზოდიდანაც გამოჩნდა. კერძოდ, პროკურატურა აცხადებდა, რომ „მსოფლიო ბანკის“ პროექტების განმახორცილებელ ჯგუფში (შემდგომში პგრ) მათ „აღმოაჩინეს“ დარღვევები, არადა, პგრ-ის საფინანსო ზედამხედველობას ახორციელებდა ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ამ ჯგუფის ერთ-ერთ მიმართულებას _ სასამართლო რეფორმას _ ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო. ეს ორგანოები იყვნენ უშუალოდ პასუხისმგებელნი პგრ-ში დარღვევებზე. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი გახლდათ ზურაბ ნოღაიდელი, იუსტიციის მინისტრი _ მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა გიგი უგულავა. მიუხედავად ამისა, პროკურატურასა და სასამართლოს მათი ბრალეულობის შესახებ არაფერი უთქვამს. არანაკლებ საინტერესო ეპიზოდი უკავშირდება ფინანსთა სამინისტროს. პროკურატურის ბრალდების თანახმად, 2000-2002 წლებში ფინანსთა სამინისტრომ გაფლანგა 50 ათასი აშშ-ის დოლარი, როდესაც მან სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი პგრ-ში კონსულტანტებად გადაიყვანა. თემურ ბასილიას რა შემხებლობა და კავშირები უნდა ჰქონოდა ამ პროცესთან? _ არავითარი! არადა, საქართველოს ხელისუფლება ამ გარემოებას მას სამსახურებრივი უფლების „გადაჭარბებად“ უთვლიდა, მაშინ როდესაც არაფერს ამბობდა ფინანსთა სამინისტროს იმ ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ეს თანხები გახარჯეს.

_ როგორ მიიღო თემურ ბასილიამ ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი და რატომ არ მიანიჭა აშშ-მ პოლიტდევნილის სტატუსი?

_ წინა ხელისუფლება თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით რომ დევნიდა და სამართალდამცველ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას იყენებდა, როგორც პოლიტიკური მოტივით დევნის ინსტრუმენტებს, ასევე თემურ ბასილიას „დასჯა“ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე რომ გადაწყდა, ხოლო იმ პერიოდში ვერც პროკურატურა და ვერც სასამართლო ვერ აღუდგა წინ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას, თემურ ბასილიას მიმართ აშშ-ის მიერ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებამ ცხადყო. თემურ ბასილიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ამერიკის ხელისუფლებას მიმართა და მას ყველა სახის მტკიცებულება მიეწოდა, მათ შორის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს დოკუმენტები. ამ მასალების დეტალურად შესწავლის შემდეგ აშშ-ის საემიგრაციო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თემურ ბასილიას ბრალს სდებდა სერიოზული „დანაშაულის“ ჩადენაში, გამოცხადებული ჰქონდა მასზე „ძებნა“, მათ შორის, „ინტერპოლისა“ და დსთ-ს ქსელით და ქართულ სასამართლოს უკვე გამოტანილი ჰქონდა „გამამტყუნებელი განაჩენი“. აშშ-ს ხელისუფლება დარწმუნდა, რომ თემურ ბასილიას რაიმე სახის დანაშაული ეროვნულ დონეზე ჩადენილი არ ჰქონდა და რომ საქართველოს ხელისუფლება მას პოლიტიკური მოტივით დევნიდა, ამ მიზნით იყენებდა სამართალდამცველ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას. შესაბამისად, აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, საიმიგრაციო სასამართლომ თემურ ბასილიას მიანიჭა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარიც და პოლიტიკური დევნილის სტატუსიც.

_ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თემურ ბასილიას საქართველოში ჩამოსვლა ვერ ხერხდება. რა არის მიზეზი?

_ აღნიშნულის მიზეზი სამართლებრივი გარემოებებია. მას შემდეგ, რაც აშშ-ის საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა, დაიწყო იურიდიული პროცედურა საფრანგეთში, „ინტერპოლის“ ოფისთან, რათა თემურ ბასილია ძებნის სისტემიდან ამოღებულიყო, როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილი. 2012 წლის „ინტერპოლის“ წერილის საფუძველზე თემურ ბასილიას ეცნობა, რომ პირის ძებნილად გამოცხადება და მისი ძებნილთა სიიდან ამოღება იყო ქვეყნების კომპეტენცია და რომ მათ („ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს“) არ გააჩნდა ამის დამოუკიდებლად გაკეთების უფლება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება წინააღმდეგი იყო, თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან მოეღოთ. მიუხედავად ამისა, თემურ ბასილიას მიმართ გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფდა მის უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობას, რაზედაც თანხმობა გაიცა. უკვე 2016 წლის შემოდგომაზე თემურ ბასილიამ საქართველოს სამართალდამცველი უწყებებიდან შეტყობინება მიიღო, რომ „ინტერპოლის“ არხებით ძებნა შეწყდა. მას უკვე უპრობლემოდ შეეძლო საერთაშორისო მოგზაურობა, თუმცა არა _ საქართველოში. ამჟამად კანონიერ ძალაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც თემურ ბასილია სისხლის სამართლის დამნაშავედაა ცნობილი. შესაბამისად, კანონის თანხმად, საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები იძულებული იქნებიან, თემურ ბასილია დააკავონ. როგორც კი წინა ხელისუფლების დროს მიღებული უკანონო განაჩენი გადაიხედება, თემურ ბასილიას უფლება ექნება, თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

_ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს, აშშ-ში ვიზიტისას, იგი თემურ ბასილიას შეჰპირდა, რომ ბრალდების საქმეს გადახედავდა. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილიას საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რაზედაც მან უარი განაცხადა. როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლების პირობებში, რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება (ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში) _ საქმის არსაკმარისად შესწავლამ, თუ ძველი კადრების არსებობამ პროკურატურაში?

_ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში, 2014 წლის 26 თებერვალს, საქართველოს მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს, თემურ ბასილიამ მას ჰკითხა, თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ იმ ხალხმა, ვინც წინა რეჟიმის დროს პოლიტიკურად იდევნებოდა და ქვეყანა დატოვა, სამართალი დაიბრუნოს. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი თემურ ბასილიას საჯაროდ დაჰპირდა, რომ საქმის დაჩქარებული წესით გამოძიებაზე შესაბამის უწყებებს რეკომენდაციას მისცემდა. ჩემთვის ცნობილია ის გარემოება, რომ აშშ-ს ხელისუფლება და ქვეყნის სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ინტერესით აკვირდებიან სასამართლოებში დღეს მიმდინარე თემურ ბასილიას საქმის გადახედვის პროცესს. ამასთან, ვერ დაგიდასტურებთ საპროცესო შეთანხმების საკითხზე წინარე შესაძლო ურთიერთობებს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თემურ ბასილიას მიმართვის საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოების პროცესი, დაიკითხა არაერთი მოწმე, საქმეზე დადგინდა ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები, რამაც, მთლიანობაში, პროკურატურის ობიექტური და მიუკერძოებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება გამოიწვია. შესაბამისად, პროკურატურის დადგენილება თემურ ბასილიას საქმის გადახედვაზე არის მაღალი სტანდარტის აქტი, რომელიც თავისუფალი გამოძიების პირობებში შეიქმნა. ამდენად, პროკურატურაში რჩებიან ძველი კადრები თუ წარმატებით საქმიანობენ ახალი თანამშრომლები, ეს უნდა შევაფასოთ კონკრეტულ საქმეზე შედეგებით. თემურ ბასილიას საქმის გადახედვა უზრუნველყვეს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. როგორც ვიცით, აღნიშნული დეპარტამენტი სრულიად ახალი კადრებითაა დაკომპლექტებული. ამიტომაც 2015 წლიდან უშუალოდ ვმონაწილეობ და ვიცი, თუ რაოდენ კვალიფიციური და პროფესიული სტანდარტით მიუდგნენ ისინი საქმეს და სურდათ, დაედგინათ პირის უდანაშაულობის საკითხი.

_ თემურ ბასილიას მიმართ იარაღთან დაკავშირებით რატომ წამოაყენეს ბრალდება?

_ ეს უცნაური საქმეა, რომლის ისტორიაც ასეთია: 2013 წლის თებერვალში, აბანოთუბანში, ვიღაც პიროვნება ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. დაკავებისას აღნიშნულ ადამიანს იარაღი უპოვეს. როდესაც ეს იარაღი შეამოწმეს, ,,აღმოჩნდა“, რომ, თურმე, იგი თემურ ბასილიას ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, თემურ ბასილია პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელსაც, კანონის თანახმად, სრული უფლება ჰქონდა არა მხოლოდ იარაღის ფლობის, არამედ ტარების, თუმცა მას არც ერთხელ არ უსარგებლია კანონით მინიჭებული ამ უფლებით. 1995 წელს, შს მინისტრის ბრძანებით, პარლამენტის ყველა წევრის მიმართ რეგისტრირებული გახლდათ იარაღი, მიუხედავად იმისა, იყენებდნენ თუ არა ისინი მას. აღმოჩნდა, რომ 1997-1998 წლებში, მაშინდელი შს მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფოს მიერ გაცემული იარაღი ხელახალ აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყო, თემურ ბასილიას კი, თითქოსდა, ეს იარაღი აღრიცხვაზე არ გააჩნდა დაყენებული და 1998 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, მას ეძებდნენ, რათა იარაღი აღრიცხვაზე დამდგარიყო. საინტერესოა, თემურ ბასილია 2004 წლის ივლისამდე საქართველოში იმყოფებოდა და რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხის „მოგვარება“? ამდენად, 2013 წლის 20 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, თუმცა საქმე აღძრულია ფაქტზე და არა თემურ ბასილიას მიმართ.

 

თამარ როსტიაშვილი