„ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელს აღძრავს!

საქართველოს „ეროვნული ბანკი“ სკანდალში ეხვევა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პასუხისმგებლობის ფარგლებში „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის საკითხზე“ კვლევას აქვეყნებს, რომელიც საზოგადოებას აქამდე ბევრ უცნობ გარემოებაზე აწვდის ინფორმაციას.

როდის იცოდა სებ-მა კომპანიის თაღლითური საქმიანობის შესახებ? როდის უნდა ჩარეულიყო სამართლებრივად და ჰქონოდა რეაგირება? რამდენად დროული და ეფექტიანი აღმოჩნდა მომხმარებელთა გაფრთხილება? დააგვიანა თუ არა „ეროვნულმა ბანკმა“ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც შეამცირებდა დაზარალებული მოქალაქეების სიმრავლეს? ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და პირველად „ქრონიკა+“-ის მეშვეობით საჯარო გახდება „საქართველოს ეროვნული ბანკის“ სამართლებრივი უმოქმედობისა და სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელი მოამზადონ და სასამართლოში დაზარალებული მომხმარებლების სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართონ.

 

საკითხის შესწავლის მიზეზები

 

2016 წლის შემოდგომაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ ფაქტობრივი გაკოტრების თაობაზე, რამაც მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია. დაზარალებული მომხმარებლების საჯარო პროტესტი დღემდე გრძელდება. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პასუხისგებაშია მიცემული კომპანიის ფინანსურ მენეჯმენტზე პასუხისმგებელი პირები. სახელმწიფოს მხრიდან დაყადაღებულია კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა, დადგენილიყო სახელმწიფოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროულობის, ეფექტიანობისა და მართლზომიერების ფარგლები. ორგანიზაციამ ამ მიზნით წერილობითი კომუნიკაცია აწარმოა „საქართველოს ეროვნულ ბანკთან“, ვინაიდან „საქართველოს ეროვნული“ ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, „ეროვნულ ბანკს“ მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის ზედამხედველობა ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2016-2017 წლებში ორგანიზაციამ არაერთი წერილით მიმართა „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ და მიღებული გამოხმაურებების შედეგად, წარმოადგინა საკითხზე სამართლებრივი ანალიზი. სწორედ სებ-იდან მიღებული კორესპონდენციის საფუძველზე, ორგანიზაცია ასკვნის, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს სახელმწიფოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროულობის, ეფექტიანობისა და მართლზომიერების ფარგლები. სწორედ ამ ინტერესს ისახავდა მიზნად ორგანიზაცია, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გამოითხოვა „საქართველოს ეროვნული ბანკიდან“. ორგანიზაცია, შესწავლილი მასალის ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მხრიდან კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის ღონისძიებებისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებული აღმოჩნდა. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ეფექტიან და სწრაფ მოქმედებებს შეეძლო, კომპანიას ნაკლები დაზარალებული ჰყოლოდა. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, რაც გამომდინარეობს კანონის შემდეგი მოთხოვნებიდან და ბანკზე დაკისრებული უფლებამოსილებიდან.

 

რას ამბობს კანონი „ეროვნული ბანკის“ შესახებ“?!

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 481-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ ეკისრება შემდეგი სახის უფლებამოისლება:

 

  1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისგან, ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია „ეროვნულ ბანკში“ და დააკმაყოფილოს „ეროვნული ბანკის“ მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისთვის დადგენილი მოთხოვნები;
  2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას, ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისგან, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია „ეროვნულ ბანკში“ და დააკმაყოფილოს „ეროვნული ბანკის“ მიერ დადგენილი მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი „ეროვნული ბანკის“ მიერ საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა;
  3. „ეროვნული ბანკი“ უფლებამოსილია, განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობისა და დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
  4. თუ „ეროვნული ბანკი“ მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია, კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე „ეროვნული ბანკის“ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

რა დაადგინა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და რატომ მტკიცდება

„ეროვნული ბანკის“ მხრიდან კანონის დარღვევა?!

 

მოცემულ შემთხვევაში, შესწავლილი მასალის საფუძველზე, დადგენილია, რომ შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 206332191) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 20 ივნისს, ხოლო შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 433101895) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 14 აგვისტოს. შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ გადაწყვეტილებები, აკრძალვები და რეგულაციები, ერთიანობაში, უნდა გავრცელებულიყო ზემო აღნიშნულ ორივე საფინანსო კომპანიის საქმიანობის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ საფრთხეების თაობაზე და დაფინანსების ბიზნესმოდელის შეცვლის თაობაზე პირველად გაუგზავნა 2016 წლის 14 აპრილს. ადრესატი გახდა 2008 წელს დაფუძნებული შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 206332191). წარმოდგენილი მასალის საფუძველზე უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, ექვსი თვის განმავლობაში, „საქართველოს ეროვნულ ბანკსა“ და ზემო აღნიშნულ კომპანიის მენეჯმენტს შორის მიმდინარეობდა და არ შედგა შედეგზე მიმართული კომუნიკაცია. შესაბამისად, 2016 წლის 19 სექტემბერს სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება ამ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების თაობაზე, ხოლო 2016 წლის 20 სექტემბრიდან კომპანიას დაუწესდა აკრძალვები და შეზღუდვები. რაც შეეხება 2013 წელს რეგისტრირებულ შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 433101895), უნდა ვივარაუდოთ, რომ კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად რეგისტრაცია გაიარა 2016 წლის 4 ოქტომბრიდან, ვინაიდან შესაბამის ბრძანებაში, რომელიც კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად კომპანიის რეგისტრაციას ეხება, იმ კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემით არის დასახელებული (კერძოდ, ს/კ 206332191), რომელი კომპანიაც სებ-ის მხრიდან 2016 წლის 19 სექტემბერს უკვე კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად უკვე გახლდათ აღიარებული. შესაბამისად, ორგანიზაციისთვის დღემდე დაუზუსტებელი დარჩა, რამ გამოიწვია საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი იურიდიული უსწორობა, როდესაც უკვე დარეგისტრირებული კომპანიის ხელმეორედ რეგისტრაცია მოხდა, ან რამედენად სიმართლეა აღნიშნული ფაქტი, როდესაც ყველა თვალსაზრისით, „საქართველოს ეროვნულ ბანკს“, 2016 წლის 4 ოქტომბერს, კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად 2013 წელს რეგისტრირებული შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 433101895) უნდა ეღიარებინა (აღსანიშნავია, რომ ორგანიაციის ხელთაა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება დასახელებული თარიღით და მიღების ნომრით. სებ-ის ორგანიზაციის მიმართ 2016 წლის 21 დეკემბრის წერილში შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ (ს/კ 433101895) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტის აღიარებისთვის მითითებულია #995-1კ განკარგულება და მიღების თარიღად 2016 წლის 4 ნოემბერი, რაც სებ-ს ორგანიზაციისთვის არ წარმოუდგენია).

სწორედ „საქართველოს ეროვნულ ბანკსა“ და კომპანიის მენეჯმენტს შორის წერილობითი კომუნიაკაციის შედეგად არსებული მასალის საფუძველზე დაისმის საფუძვლიანი კითხვა, _ როდის გახდა ცნობილი „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის“ შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოსა“ (ს/კ 206332191) და შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 433101895) მხრიდან მომხმარებელთა დამაზიანებელი და რისკის მქონე საქმიანობის თაობაზე და როდის მიიღეს გადამწყვეტი ზომები? ორგანიზაციის მხრიდან დასმულ კითხვაზე: მოგვაწოდოთ ინფორომაცია, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ“ ორგანული კანონის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თქვენი შესწავლისა და მოკვლევის თანახმად, შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 206332191) მიერ მოზიდული სახსრები, როდის აღემატა (რიცხვი, თვე, წელი) ოთხასზე მეტ ფიზიკურ პირს ან/და ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა, როდის აღემატა ხუთ მილიონ ლარს? (რიცხვი, თვე, წელი), „საქართველოს ეროვნული ბანკის“ 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით აღნიშნულია, რომ სებ-მა ამის შესახებ ინფორმაცია მიიღო 2012 წლის 27 ივნისს. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ კიდევ ერთი, 2017 წლის 14 თებერვლის წერილის თანახმად, შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 206332191) 2012 წლის 27 ივნისიდან ექცეოდა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ“ ორგანული კანონის 481-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრებში და ნებისმიერი იურიდიული პირის კვალიფიციურ საკრედიტო ისნტიტუტად აღიარება წარმოადგენს ეროვნული ბანკის არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას. საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა უფლებამოსილი და არა ვალდებული, „საქართველოს ეროვნული ბანკი“ შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 206332191) ეღიარებინა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად, პასუხს იძლევა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 481-ე მუხლის 2-ე ნაწილი: იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას, ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისგან, ვალდებულია, „ეროვნული ბანკის“ მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია „ეროვნულ ბანკში“ და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი „ეროვნული ბანკის“ მიერ საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლისგანაც მოიზიდება სახსრები. შესაბამისად, ასეთი „ვალდებულება“ ეროვნულ ბანკს იმ მომენტიდან წარმოეშვა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული კანონის დასახელებული მუხლის პირველი პუნქტით დამდგარი გარემოება _ კომპანიის კლიენტი აღემატა 400 კლიენტს, ხოლო მოზიდული თანხები _ 5 მილიონს, რაც „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ არ მოუხდენია 2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობამდე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 206332191) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება არ მოხუდენია არც იმ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც ცნობილი გახდა აგრესიული სარეკლამო კამპანია და კომპანიამ არაერთი მიმართვის შედეგადაც არ შეცვალა დაფინანსების ბიზნესმოდელი, რომელიც პირველივე შემხებლობისთანავე, „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის“, მიუღებელი იყო. ის ფაქტი, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის“ უცნობი იყო კიდევ ერთი შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 433101895) საქმიანობის თაობაზე, დგინდება სებ-ის ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილი 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის გარემოება, რომ კომპანიას კრედიტორების მიმართ სწორედ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ (ს/კ 433101895) სახელით ჰქონდა სესხის ხელშეკრულებები გაფორმებული, აღნიშნული კომპანია კი 2013 წლიდან საქმიანობს და არსებობს. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, 2016 წლის აპრილიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პრეტენზიები რომელი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არსებობდა: 2008 წელს დაფუძნებული და 2013 წელს რეგისტრირებული ერთი და იგივე სახელწოდებით მოქმედი კომპანიის მიმართ რატომ არ გადაამოწმა „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ საკითხის შესწავლის პროცესში, თუ რომელი კომპანიის რეგულაციით შეძლებდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას?  არსებული მდგომარეობით, მომხმარებელი დააზარალა ორივე კომპანიამ, რომლის თავიდან აცილების ყველანაირი იურიდიული ბერკეტი „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა _ 2012 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 14 აპრილამდე, 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 19 სექტებრამდე, 2016 წლის 19 სექტებრიდან 2016 წლის 4 ოქტომბრამდე. შესაბამისად, ამ პერიოდებში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზისა და საფუძვლიანი შესწავლის მიხედვით, ორგანიზაციამ, აგრეთვე, შეისწავლა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მხრიდან საზოგადოების მიმართ პირველი საჯარო განმარტებების პერიოდიც. სებ-მა პირველი განცხადება საკითხზე გააკეთა 2016 წლის 5 ოქტომბერს. ორგანიზაცია აღნიშნავს, „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ მოსახლეობის ინფორმირება კანონით წინსწრებად არსებული ყველა გარემოების პროცესში უნდა მოეხდინა. ამასთან, „ეროვნულ ბანკს“ უნდა შეესწავლა და გაკეთებინა განცხადებები რეგისტრირებული ორივე სამეწარმეო კომპანიის თაობაზე, რაც არ გამოიწვევდა 2016 წლის 19 სექტემბრიდან 2016 წლის 4 ოქტომბრამდე შუალედში კომპანიასთან ახალი მომხმარებლების ხელშეკრულებების გაფორმებას და მათ განსაკუთრებულ ფინანსურ ზარალს.

 

უცნობი მიმოწერა, რომელიც სებ-მა კომპანიის მენეჯმენტს 2016 წლის აპრილიდან სექტებრამდე გაუგზავნა

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ მხრიდან ორგანიზაციის მიმართ მიწოდებული სებ-ისა და შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელთან (თამაზ ლობჟანიძე) წერილობითი კომუნიკაციის დოკუმენტაციის შესწავლად დგინდება შემდეგი სახის მოქმედებების განხორციელება: 2016 წლის 14 აპრილს „საქართველოს ეროვნული ბანკი“ წერილით მიმართავს საფინანსო კომპანიას და აღნიშნავს შემდეგს: „ვინაიდან სახსრების მოზიდვის მიზნით, აქტიურად აწარმოებთ სარეკლამო კამპანიას, თქვენდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობა ექცევა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ“ ორგანული კანონის 481-ე მუხლის მოქმედების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ არ შეცვლით ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნესმოდელს, რაც, პირველ რიგში, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს და აღნიშნულის თაობაზე არ გვაცნობებთ ა. წ. 20 აპრილამდე, ორგანული კანონის შესაბამისად, „ეროვნული ბანკი“ განიხილავს თქვენდამი რწმუნებული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების საკითხს და ინდივიდუალურად განგისაზღვრავთ საზედამხედველო მოთხოვნებს“.

კომპანიის დირექტორის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ 2016 წლის 21 აპრილის წერილით ირკვევა შემდეგი: „ბატონო თამაზ, გაცნობებთ, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის“ მიუღებელია თქვენი პოზიცია, ორგანიზაციის ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ფიზიკური პირების ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის უპირობო შეწყვეტას გულისხმობს. მიუღებელია, ასევე, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის არშეწყვეტის თქვენეული არგუმენტაცია“. სებ-ი ამავე წერილით კომპანიისგან მოითხოვს ინფორმაციის წარმოდგენას კომპანიის ფინანსური მაჩვენებლისა და ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების თაობაზე და მოქმედებისთვის განსაზღვრავს ვადას 2016 წლის 28 აპრილამდე.

2016 წლის 15 ივნისის კომპანიის დირექტორის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ წერილით ირკვევა შემდეგი: „საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ წარმოგედგინათ ინფორმაცია თქვენდამი რწმუნებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების თაობაზე, თუმცა „ეროვნული ბანკის“ არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციის დამუშავებისთვის და შესაბამისი ფორმატით სებ-ში წარმოდგენისთვის საჭირო დრო დაეთმო სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, რაც, ვფიქრობთ, დროის გაჭიანურებას უფრო ისახავდა მიზნად. „ეროვნული ბანკის“ პირველი წერილობითი მითითებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, ინფორმაციის წარმოსადგენად, დამატებით ითხოვეთ ვადა, თუმცა ამ ვადაშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა“.

2016 წლის 19 სექტემბრის „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის #927-1კ განკარგულების საფუძველზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 2063321191) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარეს. გადაწყვეტილების შესახებ სებ-ის მხრიდან ამავე დღეს ეცნობა კომპანიის მენეჯმენტს. 2016 წლის 20 სექტემბრის „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის #931-1კ განკარგულების საფუძველზე, შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 2063321191) დაუწესდა აკრძალვები და შეზღუდვები. გადაწყვეტილების შესახებ სებ-ის მხრიდან ამავე დღეს ეცნობა კომპანიის მენეჯმენტს. 2016 წლის 4 ოქტომბერს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის #954-1კ განკარგულების საფუძველზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (ს/კ 433101895) დარეგისტრირდა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. გადაწყვეტილების შესახებ სებ-ის მხრიდან ამავე დღეს ეცნობა კომპანიის მენეჯმენტს (აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ხელთაა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება დასახელებული თარიღით და მიღების ნომრით. სებ-ის ორგანიზაციის მიმართ 2016 წლის 21 დეკემბრის წერილში შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ (ს/კ 433101895) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტის აღიარებისთვის მითითებულია #995-1კ განკარგულება და მიღების თარიღად 2016 წლის 4 ნოემბერი, რაც სებ-ს ორგანიზაციისთვის არ წარმოუდგენია).

 

საქმეზე ამჟამად არსებული ვითარება

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილსიის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი შენატანი. თამაზ ლობჟანიძემ მერაბ ფერაძის ორგანიზებით, გამოძიების მტკიცებით, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე გასცა სესხები, როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაიცა კრედიტორთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ _ 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა, ამ დრომდე, დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს. გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძისა და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკი-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

 

თამარ ბატიაშვილი