დიალოგი დიალოგისთვის თუ დიალოგი შედეგისთვის?!

„ვენეციის კომისია“ და მისი პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმში გაცემულ დაპირებას ასრულებენ და საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიურად ჩარევას განაგრძობენ.

მას შემდეგ, რაც ბათუმში მყოფმა ბუკიკიომ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, განაცხადა, რომ ერთპარტიულ რეჟიმში დამტკიცებული კონსტიტუცია საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ მიიღებდა, „ქართული ოცნების“ სიჯიუტემ კლება დაიწყო.

გასულ კვირას პროცესი სტრასბურგში გაგრძელდა და ამჯერად უკვე ევროსაბჭოში ჩასულ საქართველოს დელეგაციას მკაცრი მოთხოვნების მოსმენა მოუწია კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, საქართველოს ახალგაზრდა და პოლიტიკურად გამოუცდელ პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს საერთაშორისო დელეგიტიმაცია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების პოზიცია ერთ დღეში შეიცვალა და „ოცნება“, რომელიც გაყოყოჩებული ირწმუნებოდა, რომ არავისთან საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევდა და ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა, უკვე დათმო, უეცრად სტრასბურგიდან გვიცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე და დიალოგზე თანახმაა. ფაქტია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ყურების ასაწევად.

მაღალი ალბათობით, მოლაპარაკებები დაიწყება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ეს იქნება მოლაპარაკებები შედეგის მისაღწევად, თუ მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის? თუმცა „ოცნებამ“ უცებ რომ განაცხადოს, აღარ მინდა კონსენსუსიო, არც ეგ გაუკვირდება ვინმეს. მათ ისეთი პოზიციები შეუცვლიათ და გადაუთქვამთ, რომ ეს იმასთან რა მოსატანია?.. თუმცა ჩვენ მაინც იმედი გამოვთქვათ, რომ ევროპაში აწეული ყურის სიმწარე იმდენად ძლიერი იყო, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე „ოცნების“ ლიდერებს არ დაავიწყდებათ.

 

დიალოგი დიალოგისთვის…

 

ასეთი დიალოგები საქართველოში არაერთხელ გვინახავს.

როცა ხელისუფლებას სიტყვა დიალოგი მხოლოდ პიარისთვის სჭირდება, ასეთ დროს, დიალოგს შედეგი არ მოჰყვება ხოლმე და ეს წინასწარვე ცნობილია. ხელისუფლება მილიონ არგუმენტს მოიმიზეზებს, რომ დიალოგი ან უშედეგოდ დასრულება, ან ჩაშლას ოპოზიციას გადააბრალებს. მაგალითად, იტყვის, რომ ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს და მათთვის ეს მიუღებელია; ან ოპოზიცია არარეალურ მოთხოვნებს აყენებს; ან მარგველაშვილის დაკრულზე დადის და ა. შ. მოკლედ, თუ ხელისუფლებას მზაობა და  პოლიტიკური ნება არ აქვს, რამე შეცვალოს, დიალოგი ყოველთვის დიალოგისთვის, ანუ უშედეგოდ სრულდება. რამდენად არსებობს ამის საფრთხე დღეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, რთული სათქმელია. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და, პირველ ყოვლისა, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან დიალოგი დღეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა. მას შემდეგ, რაც მათ მაჟორიტარული სისტემის დატოვება გადაწყვიტეს და ამისთვის ყველა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბრალოდ, გადააგდეს, დაჩქარებული წესით დაიწყეს საპარლამენტო მოსმენები და იმდენად აჩქარდნენ, რომ ორი მოსმენა და კენჭისყრა სამ დღეში ჩაატარეს, ეს კი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი დიალოგი ხელისუფლების გეგმებში არ შედიოდა. ესაა „ვენეციის კომისიის“ მიერ ხელისუფლების იძულება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთოს, რომ დიალოგი თავიდანვე ფორმალური და უშედეგო იყოს. იმავდროულად, ისრები ოპოზიციისკენ უნდა ისროლონ და თქვან, რომ ჩვენ კი გვინდოდა დიალოგი, მაგრამ ოპოზიცია საუბრობს ულტიმატუმით და მისი ბრალია, შედეგი რომ ვერ დგებაო. ასეთ დროს ბევრი რამეა დამოკიდებული ოპოზიციის მოქნილ პოზიციაზე. თუ ოპოზიცია შეძლებს და საკითხს ისე დააყენებს, რომ ხელისუფლებას ხელმოსაჭიდს არ დაუტოვებს, ამ უკანასკნელს გაუჭირდება არარსებული საბაბის მომიზეზება. შედეგად, მაგიდასთან დაჯდომა და დიალოგის პროცესში შესვლა მოუწევს.

 

დიალოგი შედეგისთვის…

 

ასეთი რამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ არავის ახსოვს, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ოდესმე მაინც ვნახავთ. შედეგზე ორიენტირებული დიალოგი გაცილებით რთული რამაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ყველა პოლიტიკურ ძალას განსხვავებული მდგომარეობა და, შესაბამისად, განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. განვიხილოთ ძირითადი მათგანი და გამოჩნდება, რამდენად შეიძლება შედგეს კონსენსუსი? საუბარია კონსენსუსზე არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ კონსენსუსზე თავად ოპოზიციაში.

 

„ოცნების“ კონსენსუსი

 

ხელისუფლებისთვის კონსენსუსის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც აწყობს მხოლოდ მას. ასე იყო ყველა სხვა ხელისუფლების დროს და ასეა დღესაც. როგორც უკვე არერთ სტატიაში აღვნიშნეთ, „ოცნებისთვის“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთ რეალურ საშუალებას წარმოადგენს დაუმსახურებელი მანდატების დიდი რაოდენობით მითვისება. ყველაზე მეტი ასეთი დაუმსახურებელი მანდატი კი შერეული მაჟორიტარული სისტემის პირობებში რჩება. ამიტომაც დაისხა თავს ლაფი ხელისუფლებამ და უტიფრად მოატყუა ყველა, ჯერ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო და უეცრად ისევ მაჟორიტარული სისტემა შემოგვაჩეჩა. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ყველა მცდელობა (სადამდეც გაუვათ) იქნება შერეული მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. და რადგან ოპოზიციის თანხმობის გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება, „ოცნება“ ოპოზიციისთვის ისეთი შეთავაზების გაკეთებას შეეცდება, რომლითაც მაჟორიტარული სისტემის ერთჯერადად, 2020-ში „გაპრავებაზე“ დაითანხმებს. რა შეიძლება იყოს ასეთი შეთავაზება? ერთი უკვე გაკეთდა, ესაა საარჩევნო ბარიერის, ასევე, ერთჯერადად, 3%-მდე ჩამოწევა. თუმცა, როგორც ვნახეთ, ამით ოპოზიცია არ დაიკერა.

მეორე, რითაც ხელისუფლება ოპოზიციის მოხიბვლას შეეცდება, ესაა ბლოკების შექმნის უფლების, ასევე, ერთჯერადად, 2020-ში დატოვება. ზევით აღვნიშნეთ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი ინტერესები და დღის წესრიგი აქვს, ბლოკების თემა კი ზოგიერთი პარტიისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ეს, ძირითადად, იმათ ეხებათ, რომლებიც ერთპროცენტიან რეიტინგს ფლობენ. ასეთი პარტიისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში, _ პროპორციული თუ მაჟორიტარული. ვერც ერთ შემთხვევაში ინდივიდუალურ რეჟიმში ბარიერს ის მაინც ვერ გადალახავს და ამიტომაც მისთვის მთავარია ლოკომოტივის მოძებნა და მასთან ბლოკში შესვლა. მიზანი კი პარლამენტში მოხვედრა თუ არა, კვალიფიციური პარტიის სტატუსის მოპოვება მაინც არის. ბუნებრივია, ხელისუფლება შეეცდება, ასეთი პარტიების ინტერესებზე ითამაშოს და ოპოზიციიდან, მართალია, წვრილფეხობა, მაგრამ მაინც, ვიღაც გადმოიბიროს. საინტერესოა, თავად ოპოზიციაში რამდენად აღმოჩნდებიან პარტიები, რომლებიც მზად იქნებიან, თავის ვიწრო ინტერესებს შესწირონ და ბლოკებზე დაახურადვონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა?

არაა გამორიცხული და პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ  შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული სისტემის შესანარჩუნებლად მეტიც დათმოს და მაჟორიტარების შემცირებაზე წავიდეს, მაგალითად, 100 პროპორციულისა და 50 მაჟორიტარის ვარიანტით. ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. მას შემდეგ, რაც პარლამენტი 150-კაციანი გახდა, ანუ 2008 წლიდან, ამ თემაზე ოპოზიცია მუდმივად საუბრობს. ეს იყო ვარიანტი, რომლითაც უსამართლო, შერეული მაჟორიტარული სისტემა ოდნავ მაინც უნდა გაეკეთილშობილებინათ. ყოველივე ეს ეჭვებს აჩენს, რომ ხელისუფლება 2020 წელის საპარლამენტო არჩევნებზე თავის შესაძლებლობებს მხოლოდ 40%-ის ფარგლებში აფასებს. შეგახსენებთ: როცა პარლამენტის თავმჯდომარე ზედა ზღვრის დაწესებაზე საუბრობდა, იქვე აღნიშნავდა, რომ ქვედა ზრვარსაც დავაწესებთო, რაც, საშუალოდ, 40%-ით იყო განსაზღვრული. ანუ აშკარაა, რომ „ოცნებას“საპარლამენტო არჩევნებზე მეტის იმედი ნამდვილად არ აქვს. 100 პროპორციულისა და 50 მაჟორიტარულის შემთხვევაში, 40%-იანი მხარდაჭერით და ყველა მაჟორიტარის მითვისებით, ხელისუფლებას, საშუალოდ, 90 მანდატი ექნება, რაც, მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარაა, მაგრამ სტაბილური უმრავლესობა და ერთპარტიული მთავრობა გარანტირებულია.

კიდევ ერთი, ასევე კულუარებში გაჟღერებული ვარიანტი, მაჟორიტარების უფრო შემცირებას გულისხმობს. საუბარია, რომ 114 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩეს, ხოლო მაჟორიტართა რაოდენობა 36-ით განისაზღვროს. ოღონდ, ჯერჯერობით, უცნობია, ვინ არის ამ ვარიანტის ავტორი. ანუ ეს ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს შერეული მაჟორიტარული სისტემა, თუკი ოპოზიციის შეთავაზებაა, ხელისუფლების ინიციატივაზე 100/50. როგორც არ უნდა იყოს, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება კბილებით შეეცდება მაჟორიტარების შენარჩუნებას და მინიმუმ, 36 მანდატის მათი მეშვეობით მისაკუთრებას.

 

ოპოზიციის კონსენსუსი…

 

სრულიად სხვა პოლიტიკური მიზნები აქვთ ძირითად ოპოზიციურ ძალებს. ყველა მათი განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ მთავარი მიზანი საარჩევნო სისტემის ცვლილება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ღიად აფიქსირებს, რომ სისტემის ცვლილება მათთვის მთავარი წითელი ხაზია, რომელსაც არაფრის სანაცვლოდ არ დათმობენ. მათი თქმით, კონსენსუსისთვის დიალოგი მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება შედეგიანი, თუ მაჟორიტარიზმზე დარჩენა საერთოდ განხილვის თემა არ იქნება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ეს პოზიცია ხელისუფლების მხრიდან არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ულტიმატუმი, რადგან საუბარია, სწორედ, იმ ინიციატივაზე, რომელიც თავად ხელისუფლებამ გააჟღერა; ინიციატივაზე, რომელზეც ოთხი თვის განმავლობაში იმსჯელა და კენჭი უყარა საკონსტიტუციო კომისიამ; ინიციციატივაზე, რომელიც შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, იმავე ხელისუფლებამ, საჯარო განხილვის ფორმატში გააცნო მოსახლეობას; დაბოლოს, ეს ის ინიციატივაა, რომელსაც ერთი თვე განიხილავდა „ვენეციის კომისია“ და რომელთან დაკავშირებითაც ორი დასკვნა და უამრავი რეკომენდაცია მომზადდა. შესაბამისად, როგორ შეიძლება, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმი იყოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, როცა ეს ინიციატივა თავად ხელისუფლებას ეკუთვნის? შესაძლოა, ყოველივე ეს ცოტა კურიოზულად ჟღერს, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით.

ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უპირობოდ რომ დათანხმდეს, ოპოზიციას მაინც მოუწევს დათმობებზე წასვლა. ეს დათმობები კი, სულ მცირე, სამ თემას უნდა შეეხოს: გადაუნაწილებელ მანდატებს, ანუ ბონუსებს, ბლოკებსა და საარჩევნო ბარიერს. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა. როგორც აღვნიშნეთ, პატარა პარტიებისთვის ბლოკები ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამის საუკეთესო მაგალითია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი ბლოკი. პარლამენტში „პატრიოტების“ გარდა ვერავინ მოხვდა, სამაგიეროდ, ხუთი ერთკაციანი პარტია 2020 წლამდე ბიუჯეტიდან ასეულობით ათას ლარს მიიღებს. ამიტომაც, როცა საკითხი დადგება, რომ კონსენსუსისთვის ოპოზიციამაც უნდა დათმოს რამე, პატარა პარტიები უფრო მალე, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის ჩუქებასა და ბარიერის 5%-ზე დატოვებას  დათანხმდებიან, ვიდრე ბლოკების გაუქმებას. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ბლოკების სანაცვლოდ მათ  შესაძლოა, მაჟორიტარების ერთჯერადად, 2020-ში დატოვებაზეც მოაწერონ ხელი.

შედარებით მოზრდილებისთვის, ამ სამი თემიდან, მთავარი საარჩევნო ბარიერის  3%-მდე დაწევაა. მათთვის, ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 3 და მეტი პროცენტი მიიღო, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბარიერის დაწევა და გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებაა. ამ პარტიების მიზანი მხოლოდ კვალიფიციური სტატუსის შენარჩუნება არ არის. მათი ამბიციები უკვე პარლამენტში ადგილების მიღებას უკავშირდება. ასე რომ, თუ არჩევანის გაკეთებაზე მიდგა საქმე, შედარებით ძლიერები ბლოკების გაუქმებას უფრო დაუჭერენ მხარს, ვიდრე მანდატების არასამართლიანად გადანაწილებას. თან გასათვალისწინებელია, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით იქ, სადაც პოლიტიკური ბლოკების შექმნა აკრძალულია, ბარიერი საერთოდ არ არსებოს, ან ძალიან დაბალია. შედარებით ძლიერი პარტიებისთვის ეს შესანიშნავი არგუმენტი შეიძლება გახდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს. ანუ „დაგითმობთ ბლოკების თემას, ბარიერის დაწევის სანაცვლოდ“. იმ პარტიებისთვის, ვინც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია გადაუნაწილებელი  მანდატების სამართლიანად განაწილების წესი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ეს მანდატები მათაც ერგებათ. ასე რომ, მათი პოზიცია მოლაპარაკებებზე, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: მთავარია მანდატების სამართლიანი გადანაწილება და ბარიერის დაწევა, ბლოკები კი ხელისუფლების „ფეშქაში“ იყოს.

რაც შეეხება კიდევ უფრო მოზრდილ პარტიებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ყველანაირ ბარიერს გადალახავენ, მათთვის მთავარი, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესია. ასეთი პარტიების რიგს „ნაციონალების“ ორივე განაყოფი მიეკუთვნება. ერთადერთი, რისთვისაც ისინი რეალურად იბრძოლებენ  სავარაუდო მოლაპარაკებებზე, ესაა გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილება. თუ დააკვირდებით, იოლად შეამჩნევთ, რომ „ნაციონალების“ არც ერთი ფრთა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას ბლოკებსა და ბარიერის თემას საერთოდ არ ახსენებს. ძალიან მარტივია, _ ყველა საუბრობს იმაზე, რაც აწუხებს და რაც მათ პირად პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არაა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშანი. მთელ მსოფლიოში ასეა, იმიტომ რომ თავად პოლიტიკაა ინტერესების ხელოვნება. მთავარია, რომ პარტიების პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებსაც დაემთხვეს ხოლმე.

ხელისუფლებამ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ოპოზიცია კი შიდა კონსულტაციებს მართავს, რომ, იქნებ, როგორმე ოპოზიციურ კონსენსუსამდე მივიდეს. ასეთი ერთიანი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში ოპოზიციური პარტიები ჯერ არ ყოფილან და ეს სიძლიერე მათმა ერთიანობამ უზრუნველყო. საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობამ გააერთიანა სრულიად განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული პარტიებიც კი. თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, ასეთი საყოველთაო ერთობა პირველად ფიქსირდება. ამ ერთიანობის გამო მიიღო ოპოზიციამ „ვენეციის კომისიის“ ასეთი უპირობო მხარდაჭერა. უნდა ვგვესმოდეს, რომ „ვენეციის კომისიას“ საერთოდ არ ადარდებს, საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუ მაჟორიტარული. მისთვის მთავარია, არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი. ანუ მაქსიმალურად ბევრი პოლიტიკური ძალა შეთანხმდეს და შეჯერდეს იმაზე, როგორი წესებით ჩაატარონ არჩევნები. ოპოზიციის ამ ერთიანობამ რეალურად შექმნა კონსენსუსისთვის ხელსაყრელი გარემო. „ვენეციის კომისიაც“ სწორედ ამას ჩაეჭიდა და ამიტომაც მოსთხოვა ხელისუფლებას დიალოგზე წასვლა. და თუ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ერთიანი პოზიციით ვერ წარდგება, ეს იქნება ყველაზე სასურველი საჩუქარი ხელისუფლებისთვის. ასევე ერთ წამში დაიკარგება „ვენეციის კომისიის“ ამხელა მხარდაჭერაც. თუ ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების პროცესში განსხვავებულ პოზიციებს დააფიქსირებენ, ზოგი ბლოკების დატოვებას მოითხოვს, ზოგი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ზოგიც ბარიერის დაწევას, მარცხი გადრაუვალი იქნება. ხელისუფლებას მაშინვე მიეცემა იმის თქმის საშუალება, რომ ხომ გეუბნებოდით, ოპოზიციას სისტემის სამართლიანობა კი არა, მხოლოდ საკუთარი თავის პარლამენტში ხილვა და საბიუჯეტო დაფინანსება ადარდებსო. ამდენწლიანი შრომა და ბრძოლა სულ წყალში ჩაიყრება. გარდა ამისა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების თემას ოპოზიცია კიდევ კარგა ხანს ვერ დაუბრუნდება.

რამდენადაც ცნობილია, ოპოზიციური პარტიები აქტიურად მართავენ შიდა კონსულტაციებს და ხელისუფლებასთან შესახვედრად ემზადებიან, რომელმაც მზაობა კი განაცხადა დიალოგში ჩართვაზე, მაგრამ ჯერ კიდევ გაუგებარია, დიალოგს რამე შედეგი რომც მოჰყვეს, რა ფორმით უნდა შევიდეს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში? როგორც გახსოვთ, „ოცნებამ“ თავპირის მტვრევით ორი მოსმენა სამ დღეში ჩაატარა, ხოლო მესამე მოსმენაზე ძირეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში რეგლამენტით აკრძალულია. გამოსავალი ორია, _ ან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გამოითხოვონ და პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ საკონსტიტუციო კომისია, საჯარო განხილვა და „ვერნეციის კომისიის“ დასკვნა კიდევ ერთხელ უნდა ვიხილოთ. ეს, ბუნებრივია, პროცესების ყველაზე დემოკრატიული განვითარება იქნება, მაგრამ საკმაოდ რთული, შრომატევადი და დროში გაჭიმული.

გაცილებით მარტივი გზაა მეორე მოსმენის ხელახლა ჩატარება, ანუ თუ კონსენსუსის პროდუქტი იარსებებს, მეორე კენჭისყრაზე, კანონპროექტში ძირეული ცვლილებები სრულიად კანონიერად შევა. მთავარია, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს და რომელსაც „ქართული ოცნების“ ერთპარტიული საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ჰქვია, უნდა შეჩერდეს.

ამ კვირაში ნანატრ დიალოგს ველოდებით.

 

დემნა ვეშაპიძე