ზურაბ ალავიძის კომფორტის ზონა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრის, ზურაბ ალავიძის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ამავე სამინისტროს ვებგვერდზე სრული ინფორმაციაა მოცემული, საიდანაც (ისედაც რომ არ ვიცოდეთ) თვალნათლივ ჩანს, _ იგი წინა ხელისუფლების დროს ასევე თანამდებობის პირი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, დიპლომი აქვს ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

მისი კარიერული წარსული „გაერთიანებული ქართული ბანკით“ იწყება, შემდეგ ACI _ საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაციით გრძელდება, შემდეგ მოდის „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის პრეზიდენტის მოადგილეობა,  შემდეგ „დარიალი ენერჯის“ გენერალური დირექტორობა; 2016 წლის ივნისიდან ამავე წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად; დაბოლოს, 2016 წლის 29 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

იგი თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

ზურაბ ალავიძის დეკლარაციაც იმ დროსაა შევსებული, როდესაც იგი, ჯერ კიდევ, მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა და არ იყო მინისტრი. 2016 წლის პირველი სექტემბრით დათარიღებული დეკლარაციის მიხედვით, მისი და მისი მეუღლის, ნინო ჟღენტის სახელზეა 5 ბინა, 3 არასაცხოვრებელი ფართი, 2 ავტოფარეხი და 1 მიწის ნაკვეთი. ამათგან, მეუღლის სახელზეა 3 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი.

ალავიძის სახელზეა 1353.50 კვ.მ. ფართობის მქონე არასაცხოვრებელი ფართი აკაკი წერეთლის გამზირზე, ასევე, 27.00 კვ.მ. ფართობის მქონე ავტოფარეხი ნუცუბიძის პლატოზე, 133 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა თაქთაქიშვილის ქუჩაზე, 12.50 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი ამავე ქუჩაზე; ასევე ალ. ყაზბეგის გამზირზე 83.08 კვ.მ. ფართობის ბინა, აქვე 9.22 და 93.14 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართები. მეუღლის, ნინო ჟღენტის სახელზე კი არის 71.40 კვ.მ. ფართობის ბინა დაბა ბაკურიანში, 270.80 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 282.56 კვ.მ. ფართობის ბინა ვარკეთილში და 938.00 კვ.მ. ფართობის მიწა მცხეთაში, სოფელ მუხრანში.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, აქაც მსუბუქი ავტომანქანა  Toyta Prado უფიქსირდება არა მინისტრს, არამედ მის მეუღლეს.

დეკლარაციის შევსების მომენტში მათ სახელზე არ ფიქსირდებოდა არც ერთი ფასიანი ქაღალდი, თუმცა როდესაც საბანკო ანგარიშებზეა საქმე, აქ გაცილებით სხვა სურათს ვიღებთ.

დეკლარაციის შევსების დროს მინისტრის დეპოზიტებზე არსებული თანხა, ჯამში, 75 000 აშშ დოლარს და 146000.00 ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება ანაბარს, „ვითიბი ბანკში“ 8000.00 აშშ დოლარის ანაბარი ჰქონდა მას, ასევე, ამავე ბანკში საკრედიტო ბარათზე  9805.00 ლარი და 4.00 აშშ დოლარი უფიქსირდებოდა.

ნინო ჟღენტს „ვითიბი ბანკში“ დეპოზიტზე 10000.00 აშშ დოლარი აქვს მითითებული, მიმდინარე 549.00 ლარი, საკრედიტოზე 148.00 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი და კვლავ  საკრედიტოზე, ამჯერად, „თიბისი ბანკში“ 749.00 ლარი, დებეტი(-) (როგორც ჩანს, ოჯახი „ვითიბი ბანკს“ „სწყალობს“).

გრაფაში, სადაც უნდა აღინიშნოს დეკლარაციის მესაკუთრის, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, ვხედავთ, რომ ზურაბ ალავიძის სახელზე 10000.00 ევრო და 6000.00 ლარი ფიქსირდება.

როდესაც სამეწარმეო საქმიანობაში არსებულ წილზე გადადის დეკლარაცია, აქ ჩანს, რომ ზურაბ ალავიძე 20%-იანი წილის მფლობელია, პარტნიორია შპს „ქარავან თბილისის“, თუმცა ამ საქმიანობიდან მიღებული მოგება 0.00 ლარს უტოლდება.

შპს „გურამ თავართქილაძის სასწავლო ცენტრის“ (5%-იანი) პარტნიორია ნინო ჟღენტი, საიდანაც წელიწადში მიღებული მოგება 49400.00 ლარს უდრის. ჟღენტი 9.27%-იანი პარტნიორია შპს „მეგობრობა-ლენდის“, აქედან მიღებული მოგება 0.00 ლარია. 50%-იანი წილის მფლობელია ეს უკანასკნელი შპს „ზებრა ქიდსის“, აქაც 0 ლარს უტოლდება მოგება და ბოლოს, ზურაბ ალავიძეს „სს დარიალი ენერჯის“ დირექტორობისას 197414.00 ლარი ჰქონია მოგება.

ცარიელია შემდეგი გრაფები: საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა;

თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს;

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე.

ბოლოს, დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ზურაბ ალავიძეს თავისი კუთვნილი ფართის გაქირავებით 2012-2013-2016 წლებში 68980.00 ლარი მიუღია, ნინო ჟღენტს კი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შესრულებით _ 30515.00 ლარი.

ამით დეკლარაციის შევსებული ფურცლები მთავრდება და ახლა უშუალოდ მისი კომფორტის ზონის აღწერაზე გადავდივართ.

ვიდრე კომფორტის ზონის გასაცნობად წავედი, ცხადია, ის ეტაპები გავიარე, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო, რათა ჩვენი ინტერესის ობიექტი უკეთ გამეცნო და შემდეგ მისი ზუსტი საცხოვრებელი დამედგინა. მოკლედ, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ ორი შესაძლო და უფრო სარწმუნო ვარაუდი იყო, ერთი ალ. ყაზბეგის გამზირზე და მეორე თაქთაქიშვილის ქუჩაზე.

ვინაიდან უფრო დიდი ფართობის მქონე ბინა ავტოფარეხითურთ ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე უფიქსირდებოდა, გადავწყვიტე, პირველად სწორედ აქ მივსულიყავი.

კონკრეტული პირების „კომფორტის ზონის“ გასაგებად და თქვენთვის მოსაყოლად როდესაც მივდივარ, თითქმის ყოველთვის მიმართლებს და ამიტომაც, ხშირად, იღბლიანად მივიჩნევ თავს. ახლაც ასე მოხდა:

შორიდან რომ დავიწყო, თაქთაქიშვილის ქუჩა მდებარეობს ვაკეში, ცენტრალური, ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე. როგორც კი გასცდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩაუვლით ასევე „სდასუს“, ქუჩის ის მხარე უნდა დაიჭიროთ, რომელიც უკვე პირველად ხსენებული უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს უჭირავს და სწორედ ამ მხრიდან უნდა აუყვეთ გზას, რომელიც მაღლა, ვიწრო და ლამაზ ქუჩამდე აგიყვანთ, _ იგი, თავის მხრივ, საკმაოდ პატარაა, მაგრამ ვაკისთვის დამახასიათებელ კაფეებს, პატარა მაღაზიებს, ახალ და ძველაშენებულ და მშენებარე კორპუსებს იტევს. ქუჩას ქვემოდან თუ აუყვებით, ჯერ ფალიაშვილის ქუჩის კვეთას გაივლით და შემდეგ აბაშიძის ქუჩაზე აღმოჩნდებით.

პატარა, ვიწრო, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ქუჩა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის საცხოვრებელსაც იტევს.

შუადღის 16:00 საათს გადაცილებული იყო, როდესაც ამ ქუჩისკენ ავიღე გეზი. მომატებული ტემპერატურის გამო დედაქალაქის ცენტრში მეტად ცხელოდა. თაქთაქიშვილის ქუჩაზე ტაქსით მივედი (თან მძღოლი 100-ქულიანი ახალი სისტემის გამო ისე ფრთხილად ატარებდა მანქანას, რომ ამ კანონის მართებულობაშიც დავრწმუნდი). სწორედ ამიტომ აბაშიძის ქუჩიდან მომიწია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ამ პატარა ქუჩის დასაწყისში ჩამოვედი და #1-ლიდან გავუყევი გზას. რადგან კენტი ნომერები მარცხენა მხარეს იყო განლაგებული, მეც ქუჩის ეს მხარე დავიჭირე. ალავიძეს დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა ამ ქუჩის #7/9. მეც მის ძებნაში უკვე #11 ნომერს მივადექი, სადაც აშკარად არ იყო საცხოვრებელი ბინა განთავსებული და ამიტომაც იმ შენობას დავუბრუნდი, რომლის პირველ სართულზეც ის ვაკისთვის შესაბამისი კაფეები იყო განთავსებული, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქსელის ფილიალია, მის გვერდით კი ავსტრიული ველოსიპედის წარწერით დიდი მინის ვიტრინა იყო, რომლის წინაც, სიმბოლურად, ველოსიპედი იდგა. თავიდან ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა, საიდან იყო აქ შესასვლელი, მაგრამ ტერიტორია როცა კარგად შევათვალიერე, მივხვდი, რომ ახალი, წითელი აგურით ნაგები ცხრასართულიანი ახალაშენებული კორპუსის წინ ვიდექი, რომელსაც ალაგ-ალაგ წინ წამოწეული და გამჭვირვალე შუშის აივნები ამშვენებდა.

მერე ვნახე, რომ შენობის პირველ სართულზე, სადაც უკვე ჩამოთვლილი ობიექტები იყო განთავსებული, მარცხენა კუთხეში ის მოწყობილობა გახლდათ მოთავსებული, ადრეც რომ არაერთხელ გადავყრილვარ, ვერცხლისფერ „ყუთში“ რომ კორპუსში მცხოვრები ადამიანების გვარები წერია და შესაბამისი ნომრების მიხედვით შეგიძლია მათთან დარეკო.

ამ ვერცხლისფერ „ყუთში“ (რომელიც რეალურად ყუთს არ წარმოადგენს) აღმოვაჩინე, რომ მე-9 ნომრად სწორედ ჩვენი ბ-ნი ალავიძე იყო განთესილი. ანუ დეკლარაციაში მითითებული ინფორცმაციაც სწორი ყოფილა და მის საცხოვრებელსაც, შესაბამისად, სწორად მოვაგენით.

ვინაიდან შესასველიდან ოდნავ მოშორებით ორი ახალგაზრდა იდგა, სწორედ მათ მივმართე დახმარების სათხოვნელად და ვკითხე, მიმდებარე ტერიტორიაზე, ან თუნდაც ამ კორპუსში ხომ არ ცხოვრობდნენ? უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ გადავწყვიტე, კვლავ იმ ვერცხლისფერ „სივრცეს“ მივბრუნებოდი და მეზობლებთან მაინც დამერეკა, რომ პირისპირ თუ არა, ამ „გრამაფონიდან“ მაინც ეთქვათ რაიმე. 2 უშედეგო ცდის შემდეგ კორპუსის წინ ტაქსი გაჩერდა, საიდანაც არაქართული აღნაგობის, კოხტად ჩაცმული და მაღალი, შუახნის მამაკაცი გადმოვიდა, რომელსაც მობილურთან შეერთებული ყურსასმენები ეკეთა და ნელ-ნელა კორპუსისკენ მოიწევდა. მას ყურადღება არ მივაქციე და ჩემი საქმე განვაგრძე. ვიგრძენი, როგორ დადგა ჩემ უკან და ალბათ იფიქრა, შიგნით შესვლა უნდა, მაგრამ არ პასუხობენ, ან კოდი დაავიწყდაო და კარი გამიღო. ინგლისურ ენაზე მითხრა, შეგიძლიათ, შებრძანდეთო, მეც ერთი ავხედე, _ იმან ჩამომხედა, მადლობა გადავუხადე და კორპუსში შევედი. აქაურობას აშკარად ეტყობოდა, რომ Hიგჰ Lეველ-ი იყო.

თეთრი ფერის კედლებს სპილოსძვლისფერი პრიალა იატაკი და დიდ, მაღალ, შავ ქოთნებში ჩარგული მწვანე ფოთლები ამშვენებდა. შესასვლელშივე, სანამ გზას მარჯვნივ გაუხვევთ, კედელთან კამერა აყენია; შემდეგ გზას მარჯვნივ აგრძელებთ, სადაც ბევრი მონიტორის გარემოცვაში მჯდომ შუახნის მამაკაცს დაინახავთ, ხელმარცხნივაა ლიფტი, მის გვერდით კარი, რომელსაც უკანა ეზოში გაჰყავხარ და კიბე, რომელიც მაღალ სართულებზე გიძღვება.

მონიტორებგარშემორტყმული მამაკაცის „ზონა“ გავიარე და კიბეებს მაღლა ავუყევი. ყველა სართულზე, თითქმის ყველა მხრიდან, კამერა იყო დამონტაჟებული, თან არაერთი. ბინის კარზე ნომრები პატარა ლურსმნების წყებით იყო „ამოქარგული“, რაც საკმაოდ კრეატიულად და ლამაზად მეჩვენა. ყველა კარი თითქმის ერთნაირი იყო. მუქი, დიდი, რკინის.

ყველა სართულზე თითო მაინც იყო ისეთი ბინა, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. ყველა სართულზე ხელმარჯვნივ იყო ლიფტი და კიბის პირდაპირ კვლავ იდო ის მაღალი, შავი და მწვანეფოთლებიანი ქოთანი. ზოგ ოჯახს თავისი ინიციატივით მიუმატებია კაქტუსები ბინის კარის გვერდით ან კუთხეში.

უკვე მოქმედებაზე გადავედი. პირველ სართულზე სამივე კარზე დავრეკე ზარი, თუმცა უშედეგოდ, მეორე სართულზე კი კარი გამიღო მაღალმა, შუახნის ასაკს გადაცილებულმა, ოდნავ ჭაღარაშერეულმა, გამხდარმა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილმა კაცმა. ჯერ თვითონ ფაქტი გამიხარდა, შემდეგ ის, რომ ეს მამაკაცი საკმაოდ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. როგორც კი კარი გამიღო, დავიწყე:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, ზურაბ ალავიძის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. მაინტერესებს, თუ იცნობთ?

_ (ამ კაცის ზურგს უკან ქალის მკაცრი ხმა გაისმა, ვინ არის?! _ ჟურნალისტი ვარო, ზურაბ ალავიძეზე აინტერესებს რაღაც).

_ „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, _ გავუმეორე კიდევ ერთხელ, _ მაინტერესებს, თუ იცნობთ, როგორი მეზობელია, რამდენად სალმიანი, ხშირად ხედავთ თუ არა და ა. შ.

_ აჰა, აქ, მეზობელი ზურაბ ალავიძე ზემოთ ცხოვრობს, გამახსენდა. კი, კი. ბატონ ზურას იმდენად არა, მაგრამ დედამისს უფრო ხშირად ვხედავთ. ძალიან დადებითად ვართ განწყობილები მათ მიმართ, მეზობლურები და ყურადღებიანები არიან. კარგი მეზობლობა გვაქვს ძალიან.

_ გმადლობთ, _ ვუთხარი და გზა გავაგრძელე.

შემდეგ სართულზე უკვე ბინა #9 იყო, _ ის, რომელსაც ვეძებდი(თ). კიბის პირდაპირ სწორედ ეს ბინა მდებარეობდა, რომლის გვერდითაც ისევ ის დიდი ქოთანი იდგა და ბინის კარის გვერდით კუთხეში ყვავილები ელაგა, რომელთაგანაც ერთი კაქტუსი იყო.

ბინას ფოტო დიდი წვალების შედეგად გადავუღე, არ მინდოდა, კამერებს ეს დაეფიქსირებინა, თან ყოველ წამს ველოდი, რომ ის „მონიტორების კაცი“ ამოვარდებოდა და ჩემს მოწმობას მომთხოვდა, რომელიც „ქრონიკა+“-ში მუშაობას ადასტურებდა (ზუსტად ისე, როგორც ნარმანიას „კომფორტის ზონის“ აღწერისას მოხდა, თუმცა ეს ჯერ არ განმეორებულა). ახლა ძალიან მინდოდა, რომ მინისტრის სართულზევე მცხოვრები მეზობლები გამომეკითხა, თუმცა ასე ვერ მოხდა, რადგან კარი არავინ გააღო.

შემდეგ სართულზე გადავედი, აქ უკვე ალავიძის პარალელური, ერთი სართულით ზემოთ მდებარე, #12 იყო, რომელმაც ასევე არ გააღო კარი, ან შესაძლოა, სახლში არ იყო. ამავე სართულზე ახალგაზრდა, ქერა გოგონამ გაიგონა ზარის დარეკვის ხმა და კარი გააღო, თუმცა როდესაც საქმეზე გადავედი, მითხრა, რომ იქ არ ცხოვრობდა და, შესაბამისად, არავისაც არ იცნობდა.

ახლა კიდევ უფრო მაღლა გადავინაცვლე. რამდენიმე ბინის კართან ველოსიპედი ეყენა და რამდენიმესთან _ ბავშვის სათამაშო ნივთები. აქაც დააიგნორეს ჩემ მიერ ზარის დარეკვის ხმა და შემდეგი, ვინც კარი გამიღო, მაღალი, მოვარდისფრო კუბოკრული პერანგჩაცმული უცხოელი იყო, რომელსაც ასევე ვკითხე ზურაბ ალავიძის შესახებ და ისიც ვუთხარი, რომ მინისტრი მისი ქვედა მეზობელი იყო, თუმცა ეს არაფრად მიიჩნია, _ არ ვიცნობ ასეთს არავისო, _ მითხრა. _ კარგი-მეთქი, _ მადლობა გადავუხადე და მაღლა გავაგრძელე სვლა. მაღლა ასვლისას კიდევ ერთი სართულით ზემოთ ვიღაც სულიერის ჭაჭანება გაისმა და გამიხარდა. ბოლო, მე-9 სართული იყო. როგორც კი ავედი, კარი დაკეტა, რაც მეწყინა, მაგრამ კართან დავდექი, ზარი უნდა დამერეკა. სწორედ იმ წამს გამოვიდა გარეთ დაბალი, ოდანავ ღიპიანი და ცისფერ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი და ცოტა შეშინდა კიდეც, არ მელოდა. მასაც მივესალმე, ჩემი თავი გავაცანი და ვუთხარი, რა „მისიითაც“ მივედი იქ.

_ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ არ ვიცნობ ასეთს არავისო. ბოლო სართულია ეს და ლიფტით ჩავიდეთ, თორემ, ძალიან ცხელა, რაც შენს შეფაკლულ სახეზეც აისახებაო, _ მითხრა. _ ჰო, ფეხით ამოვედი-მეთქი და ლიფტით ქვემოთ დავეშვით. ყველა სართულზე ვიყავი, მაგრამ ყველგან არ „მიმიღეს“. უკვე უკან გამოვედი.

გარეთ დავდექი და კორპუსს ფოტო გადავუღე, შემდეგ მაღაზიაში ცივი წყალი ვიყიდე და გამყიდველ გოგონასაც ვკითხე, თუ იცოდა ან თუ შემოდიოდა ალავიძე აქ. _ მე სახელით არ ვიცნობ, მაგრამ შეიძლება, სახეზე ვიცნოო, _ მითხრა.

სამწუხაროდ, ალავიძის ფოტო თან არ მქონდა, თორემ შეიძლებოდა, რაიმე სასარგებლო ეთქვა.

მოკლედ, მაღაზიიდანაც გამოვედი, ქუჩასა და კორპუსებს კვლავ გადავუღე ფოტო. გეზი სახლისკენ ავიღე და გზაში სწორედ იმ ადამიანმა ჩამიარა მანქანით, წეღან რომ ერთად ჩამოვედით ლიფტიდან. გაკვირვებით შემომხედა, ეტყობა, არ მოეწონა, კორპუსს ფოტოები რომ გადავუღე, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებდა, რადგან სახლისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი.

 

ნინო ტაბაღუა